როცა წიწილებს გაზაფხულზე ითვლიან

AutoSharing Option
ისევე როგორც დანარჩენ ევროპაში, ესპანურ ფეხბურთშიც სანაკრებო პაუზაა. შესანიშნავი დროა, მცირე ანალიზისთვის. მით უფრო, რომ ჩემპიონატის დასრულებამდე ბევრიც არაფერი რჩება - სულ 9 ტური. დღევანდელი თემა კი მადრიდის "რეალი", მისი სატრანსფერო პოლიტიკაა, გაამართლა თუ არა "სამეფო კლუბის" ბოსების საზაფხულო საქმიანობამ.

როცა სატრანფერო სეზონი იხსნება, ბევრი ელის ხოლმე მადრიდელთაგან შოკისმომგვრელ ტრანსფერებს და "რეალიც", როგორც წესი, არ ღალატობს საკუთარ პოლიტიკას - საზაფხულო ფანჯრის გახსნიდან დახურვამდე "სამეფო კლუბმა" 75 მილიონი ევრო გაიღო. ნებისმიერი სხვა კლუბის თავკაცს შეშურდებოდა ამ რიცხვის გაგონებაზე, მაგრამ ფლორენტინო პერესის
მეორე ერა "რეალში" უფრო შთამბეჭდავად დაიწყო და "რეალმა" 2010 წლის ზაფხულში გაცილებით ნაკლები დახარჯა, ვიდრე წინა წელს. ის კი არა, პერესის "ხელმომჭირნეობამ" ჟოზე მოურინიო საჯაროდ აწუწუნა, რომელსაც ძალიან უნდოდა კიდევ ერთი ფორვარდის შეძენა.

მაშ ასე, კლუბმა დაიმატა: სერხიო კანალესი (რასინგი), რიკარდო კარვალიო (ჩელსი), ანხელ დი მარია (ბენფიკა), სამი ხედირა (შტუტგარტი), პედრო ლეონი (ხეტაფე), მესუთ იოზილი (ვერდერი) და ემანუელ ადებაიორი (სიტი, ზამთარში). "სამეფო კლუბი" დატოვეს: როისტონ დრენტემ (ერკულესი), გუტიმ (ბეშიქთაში), კრისტოფ მეტცელდერმა (შალკე), რაულმა (შალკე), რაფაელ ვან დერ ვაარტმა (ტოტენჰემი), მაჰამადუ დიარამ (მარსელი, ზამთარში) და მატეოსმა (აეკ, ზამთარში). მივიდა 7 და წავიდა ზუსტად ამდენი ფეხბურთელი. კინაღამ დაგვავიწყდა, რომ თვით ჟოზეც "რეალის" ახალწვეულია.

მოდი, ვნახოთ ვინ გაამართლა და ვინ ვერა.


კლასი A+
მესუთ იოზილი (გერმანია)
22 წლის
15 მილიონი ევრო
მთელ სეზონში: 41 თამაში, 10 გოლი

მთელ ევროპაში ერთ-ერთი საუკეთესო შენაძენი ზაფხულში, თუ საუკეთესო არა. არავის, არასოდეს შეჰპარვია ეჭვი იოზილის დიდ საფეხბურთო ნიჭში, მით უფრო, მუნდიალზე ნაჩვენები ბრწყინვალე ფეხბურთის შემდეგ, მაგრამ ბევრს მაინც არ ეგონა, რომ გერმანელი ასე უცებ და ასე კარგად შეეწყობოდა "სამეფო კლუბს". თუ არ ჩავთვლით საწყის ტურებს და "ნოუ შოუს" "ელ კლასიკოზე", იოზილმა ბრწყინვალედ ითამაშა თითქმის ყოველ ტურში. სეზონში (ყველა ოფიციალურ მატჩში) მან 10 გოლი გაიტანა და 15 საგოლე პასი მიითვალა. რაც მთავარია, გერმანელმა "სანტიაგო ბერნაბეუს" გული მოიგო, ამას კი მხოლოდ გოლებით და საგოლე პასებით ვერ შეძლებ.


კლასი A
ანხელ დი მარია (არგენტინა)
23 წლის
25 მილიონი
43 თამაში, 8 გოლი

მასში 25 მილიონი გადაიხადეს, თუმცა თუკი დი მარია რეგულარულად ითამაშებს (და ასეცაა) არგენტინელის ფასი 36 მილიონ ევრომდე გაიზრდება. დი მარია "რეალის" ყველაზე ძვირი შენაძენია ამ სეზონში. მან მალევე გაამართლა და გულშემატკივართა ფავორიტი გახდა. სეზონში ანხელმა 8 გოლი გაიტანა და 18 საგოლე პასი გააკეთა, თან ჯერ ხომ ორი თვე დარჩა სეზონის დასრულებამდე. "ფიდეო" ბრყინვალე სოლო-რეიდებს აწყობს, აკეთებს დიდებულ შორეულ პასებს. ყველას ახსოვს, დი მარიას მიერ თებერვალში ქარიმ ბენზემას მისამართით გაკეთებული საგოლე პასი, როცა ჯერ "ლევანტეს" სამ მცველს გაცდა.


კლასი A
რიკარდო კარვალიო (პორტუგალია)
32 წლის
8 მილიონი
37 თამაში, 3 გოლი

როცა ზაფხულის მიწურულს მოურინიომ პერესს დაჩქარებული წესით პორტუგალიელი მცველი აყიდინა (მანამდე მაიკონის ტრანსფერი ჩაეშალა), ბევრმა მიიჩნია, რომ "ჩელსიმ" იხეირა, "რეალს" კი 32 წლის ჩამოწერილი ფეხბურთელი შეხვდა, ამ ასაკისთვის მიუღებლად დიდი ფასით. და რა მივიღეთ? ახლა სერიოზულად არჩევენ, რომ "რიკი" ბოლო დეკადაში "რეალის" ყველაზე საუკეთესო შენაძენია ცენტრალურ მცველთა შორის. რიკარდო კარვალიო ჩინებულად "კითხულობს" თამაშს, ორთაბრძოლებში შესვლას მას ვერავინ ასწრებს, ძალზე გამოცდილია. ყველა ამ თვისებას ის ყოველ ტურში ავლენს, პლუს სეზონში სამი გოლიც გაიტანა.


კლასი B
სამი ხედირა (გერმანია)
23 წლის
12 მილიონი
35 თამაში

იოზილის არ იყოს, ხედირაც იოლად მოერგო "რეალს", თუმცა, თქმა რად უნდა, იოზილივით ვერ ბრყინავს და ეს ასეც უნდა ყოფილიყო - ხედირას კონკრეტული მიზნებით დაუძახეს "სამეფო კლუბში" და ის ამართლებს მოურინიოს იმედებს. კარგად უგებს მოედანზე ჩაბი ალონსოს, მოუგო კონკურენცია ორივე დიარასა და გაგოს. სხვათა შორის, ბოლოს ისე გაუშინაურდა "რეალს", რომ შეტევებშიც თამამად ერთვება და ბოლო ტურში დიდებული საგოლე პასიც მიითვალა.


კლასი B-
ემანუელ ადებაიორი (ტოგო)
27 წლის
იჯარა
12 თამაში, 3 გოლი

ზამთარში ფლორენტინო პერესი დარწმუნდა, რომ გუნდში ახალი ფორვარდი საჭირო იყო - რომანტიკოსებს მადრიდში ისევ რუდ ვან ნისტერლოის ხილვა სურდათ, საბოლოოდ კი მაღალი აფრიკელის იჯარით ჩამოყვანა მოხერხდა. ბევრს ახლაც მიაჩნია, რომ ადებაიორი გუნდს ვერ მოერგება და მისი თამაშის სტილი ლა ლიგაში თავის გამოჩენისთვის არ არის საუკეთესო, თუმცა ადებაიორი "რეალში" მხოლოდ ერთი მიზნით მიიყვანეს - გაიტანოს გოლები. ფეხბურYთელისთვის, რომელიც თითქმის სულ სათადარიგოთა სკამიდან იწყებს, დაახლოებით 500 წუთში 3 გოლი, არცთუ ურიგო შედეგია.


კლასი C-
პედრო ლეონი (ესპანეთი)
24 წლის
10 მილიონი
13 თამაში, 2 გოლი

"ხეტაფეში" ისეთი ბრწყინვალე სეზონი ჰქონდა, რომ "რეალის" ბოსებს წამითაც არ უყოყმანიათ - ახალგაზრდა გარემარბში 10 მილიონი ევრო გადაიხადეს და სიამოვნებით იფშვნეტდნენ ხელებს წინასწარ. მაგრამ სრული გულაცრუება ელოდათ - ვიცით, რომ, როცა ფლანგებზე რონალდო და დი მარია ნავარდობენ, პედრო ლეონს შანსი ნაკლებად აქვს, მაგრამ ფაქტია, როცა ეს შანსი მას მიეცა, თითქმის, ყოველთვის ცუდად ითამაშა. პრობლემები ჰქონდა მწვრთნელთანაც, "განსაკუთრებული" მას დაცვაში თამაშს უწუნებდა. ერთადერთი "ჰაილაითი" ამ სეზონში "მილანის" კარში გატანილი ძალზე საჭირო გოლი იყო ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე.


კლასი D
სერხიო კანალესი (ესპანეთი)
20 წლის
4,5 მილიონი
12 თამაში

"ესპანური ფეხბურთის პრინცს" ეს სეზონი ისევ "რასინგში" უნდა ეთამაშა (იჯარით), თუმცა კლუბებს შორის შეთანხმების თანახმად, მას წინასასეზონო შეკრება "რეალში" უნდა გაევლო. იქ კი კანალესი ერთ-ერთი საუკეთესო იყო და მოურინიომაც გადაწყვიდა - კანალესს ამ სეზონშივე შეუძლია "რეალში" თამაში. ვისაც, სერხიოს შარშანდელი თამაში ახსოვს, დაგვეთანხმება, ამ გადაწყვეტილებით ესპანურმა ლიგამ (იმედია, მხოლოდ ერთი სეზონით) კაშკაშა ვარსკვლავი დაკარგა. ახალგაზრდა ვარსკვლავი ცოტა ტრავმებმა გააწამეს, ცოტა თავად ვერ მოიქცა კარგად მწვრთნელთან, იქით მისი უშუალო კონკურენტი (იოზილი) "დაფრინავდა" და სეზონიც თითქმის გაილია.
და ბოლოს, კლასი ა - 48 წლის ჟოზე მოურინიო: ა-ს პლუსი "ელ კლასიკოს" გამო აკლია...


ქარიმ პირველმეგოლე
ბოლო ხანებში ქარიმ ბენზემას თამაში "რეალის" ფანებს ძალიან ახარებს. როგორც იქნა, ფრანგმა იპოვნა თავისი ადგილი გუნდში და გოლების გატანაც რეგულარულად დაიწყო. ქარიმი მართლაც ძალზე საჭირო წევრია გუნდის, ამაზე კი სტატისტიკაც მეტყველებს - ცნობილია, რომ განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს პირველ გოლს, ფრანგმა კი ამ სეზონში 10-ჯერ გახსნა "სამეფო კლუბის" გოლთა ანგარიში. მან სულ სეზონში 21 გოლი გაიტანა და აქედან 10 გუნდისთვის პირველი იყო. პირველად ეს ბენზემამ ნოემბერში მოახერხა "აიაქსთან" ჩემპიონთა ლიგის მატჩში, ბოლოს კი ახლახან "ატლეტიკოსთან" დერბიში.


და ცარიელი ბაზა
სანაკრებო პაუზამ "სამეფო კლუბის" ბაზა გაამეჩხერა. ის კი არა, თვით მოურინიომ იხელთა დრო და ინგლისში ჩავიდა. ჯამში, ეროვნულ ნაკრებებში "რეალის" 15 ფეხბურთელი გამოიძახეს: კასილიასი, სერხიო რამოსი, არბელოა, ალბიოლი, ჩაბი ალონსო (ესპანეთის ნაკრები), კანალესი (ესპანეთი უ-21), მარსელო (ბრაზილია), დი მარია, გარაი (არგენტინა), რონალდო, რიკარდო კარვალიო, პეპე (პორტუგალია), ბენზემა (საფრანგეთი) ხედირა და იოზილი (გერმანია). მოგეხსენებათ, ესპანური გუნდის საჩემპიონატო განაცხადში 24 ფეხბურთელი უნდა იყოს. და ვინ დარჩა? დუდეკი, ადანი, ლასანა, კაკა, გრანერო, პედრო ლეონი, გაგო, იგუაინი და ადებაიორი. ამათგან იგუაინი და კაკა ტრავმირებულნი არიან, დუდეკი 38 წლის იუბილეს ზეიმობს, დანარჩენებს კი თავიანთ ნაკრებებში არ იწვევენ.

გამოძახებულთა რიგებში კრიშტიანო რონალდოს მოხსენიება გეუცნაურებოდათ - საქმე იმაშია, რომ ბოლო დროს პორტუგალიის ფეხბურთის ფედერაციასა და "რეალს" შორის დაიძაბა ვითარება (ისევ და ისევ, რონალდოს გამო) და ლისაბონურ ოფისში მადრიდელებისა აღარ სჯერათ. რონალდო, პეპე და კარვალიო ჩავლენ პორტუგალიაში და მხოლოდ ადგილზე, ნაკრების ექიმები გადაწყვეტენ, მართლა აქვთ თუ არა ტრავმები კრიშტიანოსა და "რიკის". "რეალს" ლა ლიგის მომავალი მატჩი 2 აპრილს ელის ხიხონის "სპორტინგთან".


რეალი 2010/11. მიმდინარე სტატისტიკა
ფეხბურთელი ას. წთ. თ. სტ. გვ. შვ. გან. გ. ყვ. 2 ყვ. წ.
1. კასილიასი	29	G	2520	28	28	0	0	0	0	2	0	1
13. ადანი 23 G 176 2 1 1 0 14 0 0 0 0
25. დუდეკი 38 G 0 0 0 0 0 15 0 0 0 0
12. მარსელო 22 D 2340 27 27 0 4 0 2 6 0 0
2. რ. კარვალიო 32 D 2249 26 25 1 2 1 3 9 1 0
4. ს. რამოსი 24 D 2073 24 23 1 0 1 1 8 0 1
3. პეპე 28 D 1606 18 18 0 1 1 1 7 1 0
17. არბელოა 28 D 1312 19 14 5 1 13 0 4 1 0
18. ალბიოლი 25 D 704 13 8 5 3 13 0 2 0 0
19. გარაი 24 D 94 2 1 1 0 9 0 0 0 0
34. ხორხე 21 D 0 0 0 0 0 1 0 0 0 0
14. ჩ. ალონსო 29 M 2217 27 24 3 1 4 0 10 0 0
23. იოზილი 22 M 2149 29 26 3 20 3 6 2 0 0
22. დი მარია 23 M 1967 29 25 4 15 4 6 4 0 0
24. ხედირა 23 M 1656 23 18 5 4 6 0 7 0 0
10. ლ. დიარა 26 M 1277 21 14 7 5 11 0 7 0 0
8. კაკა 28 M 356 8 5 3 5 5 2 0 0 0
11. გრანერო 23 M 349 12 3 9 3 21 1 4 0 0
16. კანალესი 20 M 148 7 1 6 1 11 0 2 0 0
21. პ. ლეონი 24 M 116 5 0 5 0 21 0 1 0 0
5. გაგო 24 M 95 4 1 3 1 7 0 0 0 0
26. ხ. კარლოსი 20 M 12 1 0 1 0 1 0 0 0 0
30. ალექსი 18 M 0 1 0 1 0 1 0 0 0 0
7. რონალდო 26 A 2412 27 27 0 1 0 27 2 0 0
9. ბენზემა 23 A 1395 26 14 12 8 15 10 1 0 0
20. იგუაინი 23 A 988 12 12 0 9 1 7 1 0 0
6. ადებაიორი 27 A 479 9 4 5 1 5 2 0 0 0
29. მორატა 18 A 1 1 0 1 0 5 0 0 0 0
შენიშვნა: წთ - წუთი სეზონში; თ - თამაში; სტ - სასტარტოში; გვ - გავიდა; შვ - შევიდა; გან - განაცხადში იყო; გ - გოლი; ყვ - ყვითელი ბარათი; 2 ყვ - 2 ყვითელი ბარათი; წ - წითელი ბარათი.


საგოლე პასი
საგოლე პასები სულ ვის (რამდენი)
დი მარია	11	4 ბენზემა, 3 იგუაინი, 1 რონალდო, ადებაიორი, მარსელო, იოზილი
იოზილი 10 8 რონალდო, 1 ადებაიორი, დი მარია
რონალდო 7 3 იგუაინი, 2 რ. კარვალიო, 1 კაკა, მარსელო
ჩ. ალონსო 5 2 რონალდო, 1 დი მარია, იოზილი, ბენზემა
მარსელო 4 2 იოზილი, 1 დი მარია, ბენზემა
იგუაინი 3 1 დი მარია, რონალდო, იოზილი
ბენზემა 3 2 რონალდო, 1 გრანერო
ლ. დიარა 2 1 ბენზემა, რონალდო
კაკა 1 1 რონალდო
ხედირა 1 1 ბენზემა
გრანერო 1 1 ბენზემა
კანალესი 1 1 რონალდო
არბელოა 1 1 ბენზემა












მკითხველის კომენტარები / 1 /
ოზილი და ხედირა A კლასია ორივე :)
FCBM
15:27 24-03-2011
0

სიახლეები პოპულარული