არშემდგარი ლოკაუტი

AutoSharing Option

ამ შაბათ-კვირის ტური ესპანურ პრიმერადივიზიონში კალენდრის მიხედვით ჩატარდება - მადრიდის სასამართლომ ესპანეთის პროფესიული ფეხბურთის ლიგას (LFP) გაფიცვის უფლება არ მისცა. ამას წინათ "სევილიას" ბოსები მედიასთან საუბარში ამობდნენ, რომ სიტუაცუა ესპანურ ფეხბურთში მხოლოდ სატირალი აღარ არის, უკვე ძალზე სასაცილოცაა და მთელი ევროპა დაგვცინის კიდეცო. მართლაც, წარმოიდგინეთ, ორგანიზაცია, რომელიც ჩემპიონატის ორგანიზატორია, თავად არის გაფიცვის წამომწყები, მას კი... კლუბები უჩივიან, ნუ იფიცებითო.

შეგახსენებთ, რომ LFP-ს დადგენილება 30-ე ტურის ივნისში გადადების შესახებ, მადრიდის სასამართლოში 6-მა კლუბმა, "ვილიარეალმა", "ბილბაომ", "რეალ სოსიედადმა", "სარაგოსამ", "ესპანიოლმა" და "სევილიამ",
გააპროტესტა. "მარკა" წერს, რომ სასამართლომ სწორედ "მეამბოხეთა" მხარი დაიჭირა. მოკლედ შეგახსენებთ საქმის არსს - კლუბებში უკმაყოფილებაა იმის გამო, რომ სატელევიზიო ტრანსლაციებიდან შემოსული თანხები ძალზე არათანაბრად ნაწილდება - უდიდესი ნაწილი თანხისა "რეალისა" და "ბარსელონას" სალაროებში შედის, სხვა კლუბებს კი გროშებს აძლევენ. ამას ემატება კანონი, რომლის თანახმადაც კვირაში ერთი თამაში აუცილებლად უნდა გადაიცეს უფასო ტელევიზიით და ამ თამაშიდან შემოსავალს კლუბები და ლიგა ვერ ნახულობენ. LFP სწორედ ამ მეორე კანონის წინააღმდეგ გამოვიდა ჯერ კიდევ თებერვალში. მაშინვე გადაწყდა, რომ ლიგა გაიფიცებოდა, თუკი მთავრობა არ დათმობდა - შეთანხმებას ვერ მიაღწიეს და 29-ე ტურის შემდეგ LFP-მ ერთტურიანი ლოკაუტი გამოაცხადა, მაგრამ ახლა კლუბებმა უჩივლეს...

ამ ტურში ყველაზე საინტერესო მატჩი ვალენსიის მხარეში, "ელ მადრიგალზე" შედგება, სადაც მესამეადგილოსანი "ვილიარეალი" ჩემპიონ "ბარსელონას" უმასპინძლებს. თუკი იქ "ბარსას" ფეხი დაუცდება, საჩემპიონო რბოლა უკიდურესად დაიძაბება, ახლა კი კატალონიელები "რეალს" 5 ქულით უსწრებენ.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული