ესპანეთის პრიმერადივიზიონი მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული და ძლიერი ტურნირია, უეფას რეიტინგში ის მხოლოდ ინგლისურ პრემიერლიგას ჩამორჩება. თანაც, ესპანეთის ჩემპიონატი ტრადიციულად ძლიერია, ამიტომაც, როგორც წესი, იბერიელი ფეხბურთელები იშვიათად მიდიოდნენ საზღვარგარეთ სათამაშოდ. მაგრამ ნელნელა ვითარება შეიცვალა და ახლა ესპანელებს სად აღარ ნახავთ. დიდი ხანია, რაც "ფურია როხაშიც" გამოჩნდნენ ლეგიონერები.
დავიწყოთ "ნისლიანი ალბიონით" ევროპის საუკეთესო ლიგაში ესპანური ლეგიონი რიცხვით მესამეა ირლანდიელების და ფრანგების შემდეგ - პრემიერლიგაში 22 ესპანელი ირიცხება! ამათგან ერთი კარგი ესპანური გუნდიც კი შეკოწიწდებოდა, ისეთი, რომელიც "ბარსელონასა" და "რეალს" ჩემპიონობისთვის კონკურენციას
დავანებოთ თავი მომავლის ვარსკლავებს, ინგლისში მეწინავე პოზიციებზე არიან: სესკ ფაბრეგასი (არსენალი), დავიდ სილვა (მანჩესტერ სიტი), პეპე რეინა (ლივერპული), ფერნანდო ტორესი (ჩელსი), მანუელ ალმუნია (არსენალი), მიკელ არტეტა (ევერტონი), კარლოს კუელიარი (ასტონ ვილა) და სხვები.
იბერიულ ლეგიონზე მოთხოვნილება მხოლოდ დიდ კლუბებში არ არის. "უიგანი" ლიგაში ადგილის შენარჩუნებისთვის ესპანელთა დახმარებით იბრძვის, ერთ-ერთი საკვანძო ფიგურაა საყრდენი ნახევარმცველი ხორდი გომესი, ახლახან პრემიერლიგაში დებიუტი ჰქონდა მცველ ადრიან ლოპესს (იგივე პისკუ), რიგშია კიდევ ერთი ესპანელი ტალანტი, ტანმაღალი მცველი რომან გოლობარტი. ჯერ მხოლოდ თასის თამაშებში აჩვევენ "არსენალის" ხელმძღვანელები 193 სმ სიმაღლის მცველ იგნასი მიგელს. "ვესტ ბრომვიჩის" დაცვის ხაზის ლიდერი პაბლო იბანიესია, მადრიდის "ატლეტიკოს" ყოფილი წევრი. ინგლისურ პრემიერლიგას ლამის მშობლიურად მიიჩნევს "ნიუკასლის" მარცხენა მცველი ხოსე ენრიკე, რომელიც 2007 წლიდან "კაჭკაჭია", არადა, ჯერ 25 წლისაა. "ბოლტონში" თამაშობენ ბრაზილიური წარმოშობის ესპანელი ფორვარდი როდრიგო და მარკოს ალონსო, ჩაბის უმცროსი ძმა. "ბლექბერნში" ასრულებს კარიერას "რეალის" ყოფილი ვარსკლავი მიჩელ სალგადო. ამ კლუბმა ახლახან ერთი ახალგაზრდა ესპანელი მცველიც შეიძინა, რუბენ როჩინას, "ბარსელონას" სარეზერვო კლუბის ყოფილ წევრს პრემიერლიგაში დებიუტი მარტის დასაწყისში ჰქონდა. ტრავმის გამო თვეებია ვერ თამაშობს საყრდენი ნახევარმცველი ვალეს პრატი ("ბირმინგემი").
ინგლისის რანგით მეორე ლიგაში, ჩემპიონშიპში 8 ესპანელი ირიცხება, აქედან ხუთი "სუონსიშია" (ხორდი, ორლანდი, პინტადო, რანგელი და სერანი). ამათგან, ხორდი მერაბ ჟორდანიას "ვიტესში" გადავიდა იჯარით.
ბუნდესლიგაში სულ სამი ესპანელია, სამივე "შალკეში" - აქედან ორი ნაღდი ვარსკვლავი რაულ გონსალეს ბლანკო და ხოსე მანუელ ხურადო, "ხუმარების" რიგებშია აგრეთვე მარცხენა მცველი სერხიო ესკუდერო. ამით ბუნდესლიგის ესპანური ლეგიონი ამოიწურება.
10 ესპანელი ირიცხება სერია ა-ში. ისინი არ არიან აპენინებზე მთავარ როლებში, თუმცა არც სიტუაციას აფუჭებენ. "ნაპოლიმ" ამ ზამთარში "ესპანიოლიდან" მიიწვია მცველი ვიქტორ რუისი და არც ნანობს. "მილანმა" სამომავლოდ შეიგულა ესპანეთის ახალგაზრდული ნაკრების მცველი დიდაკ ვილა, რომელიც ალბათ ახალ სეზონში სასტარტოსთვის იბრძოლებს. 21 წლის დიდაკი ძალზე ნიჭიერია, მარცხენა ფრთაზე მას ესპანეთის ნაკრებში კაპდევილას შემცვლელად მოიაზრებენ. თავიანთ გუნდებში სათამაშო პრაქტიკას არ უჩივიან: ხაიმე რომერო (ბარი), მანუ გავილანი (ბოლონია), ჩიკო (ჯენოა), ხავიერ გარიდო (ლაციო). "პარმელები" ფერნანდო მარკესი და ანტონიო კალვო კი ტრავმების გამო ვერ თამაშობენ. სერია ბ-ს "პადოვაში" თამაშობს "სევილიას" ყოფილი მცველი ხოსე ანხელ კრესპო.
ლიგა 1-ის ჩემპიონის რიგებში თამაშობს სესარ ასპილიკუეტა, "ოსასუნას" ყოფილმა მარჯვენა მცველმა ნოემბერში მუხლი ისე დაიზიანა, ამ სეზონში თამაში აღარ მოუწევს. აუტსაიდერ "არლში" "რეალის" ორი ყოფილი ფეხბურთელი იყო, ფრანსისკო პავონი ახლაც ცდილობს ამ კლუბის ხსნას გავარდნისგან, ხოლო ალვარო მეხია იანვარში თურქულ "კონიასპორში" გადაბარგდა.
პორტუგალიურ ლიგა საგრეშშიც მოიძებნებიან ესპანელი ლეგიონერები. ჩემპიონ "ბენფიკას" კარს მეკარე რობერტო იცავს, აქვეა ნახევარმცველი ხავი გარსია, ყოფილი რეალელი. ლისაბონის "სპორტინგში" თამაშობს 25 წლის ნახევარმცველი ალბერტო საპატერი, "აკადემიკაშია" ყოფილი სევილიელი ენრიკე კარენო.
უეფას კოეფიციენტით ამ ლიგების შემდეგ ევროპაში ყველაზე ძლიერი ახლახან დაწყებული რუსული პრემიერლიგაა. გგონიათ აქ მაინც არ იქნებიან მსოფლიოს ჩემპიონატის მომგები ქვეყნის შვილები? ცდებით - "ვოლგაში" ქართველთა მხარდამხარ ირჯება "ბარსელონას", "ლიონისა" და "სელტიკის" ყოფილი ფეხბურთელი მარკ კროსასი, რომელიც სულ რაღაც 23 წლისაა. სერხიო როდრიგესმა "ერკულესი" მოსკოვის "სპარტაკზე" გაცვალა, ხოლო სესარ ნავასი უკვე "რუბინის" ძირძველი მცველია. ორი ესპანელია უკრაინულ პრემიერლიჰაშიც - სეგუნდადივიზიონის ლიდერი "რაიო ვალეკანო" "კარპატიზე" გაცვალეს ლუკას პერესმა და ბორხა გომესმა.
ჰოლანდიურ ერედივიზიეში 2008 წლიდან ამსტერდამის "აიაქსის" ღირსებას იცავს, 31 წლის მარჯვენა მცველი ოლეგერი, რომელიც, როცა იწვევდნენ, ესპანეთის ნაკრებში თამაშს ყოველთვის უარობდა (კატალონიელი ვარო), ფეიენოორდში" ირიცხება (მაგრამ იშვიათად თამაშობს) დანი ფერნანდესი, ასევე "ბარსას" აღზრდილი. მერაბ ჟორდანიას გუნდში არიან ხორდი ლოპესი და მარტი რივეროლა.
ერთ დროს "რეალის" კაშკაშა ვარსკვლავი თამაშობს თურქეთში - გუტი "ბეშიქთაშშია", ყოფილი მალიორკელი ფერნანდო ვარელა კი "კასიმფაშას" ღირსებას იცავს.
ესპანელ ლეგიონერთა სავანედ საბერძნეთი იქცა, ელადაში 21 იბერიელი თამაშობს! მარტო 6 ესპანელი "არისს"ჰყავს (ხავიტო, ხუანმა, კოკე, ორიოლი, პორტილია, ტონი კალვო), 4 "ოლიმპიაკოსს" (რაულ ბრავო, ფუსტერი, მოისესი და რიერა), "პანათინაიკოსში" არიან ხოსუ სარიეგი და ლუის გარსია. როგორც ხედავთ, საბერძნეთის ესპანური ლეგიონი არა მარტო მრავალფეროვანია, არამედ ხარისხიანიც - ჩამონათვალში ბევრი ცნობილი ფეხბურთელია.
ჩვენ ევროპის მოწინავე 10 ჩემპიონატი ჩამოვთვალეთ. ესპანელი ლეგიონერები სხვაგანაც არიან, თუმცა ყველას ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს. მაგალითად, 11 ესპანელი თამაშობს კვიპროსის უმაღლეს დივიზიონში, რომელYთა შორისაა ყოფილი ბარსელონელი ხოსე მანუელ რუედა.