XXX ტური მოურინიოსთვის და შამათი პიკეს შესრულებით

AutoSharing Option
ასე ერთი ხელის მოსმით, 90 წუთში განადგურდა ყველაფერი - რეკორდი, რომელიც 9 წელზე მეტ ხანს გრძელდებოდა და 150 მატჩს ითვლიდა, დამხობილია. ჟოზე მოურინიო, როგორც იქნა, მისსავე მოედანზე დაამარცხეს.

პორტუგალიელმა ოთხი გუნდი და ამდენივე ლიგა (პორტუგალია, ინგლისი, იტალია და ესპანეთი) შეიცვალა, ამ ხნის განმავლობაში ფეხბურთელთა ერთი თაობა გამოიცვალა, მაგრამ "განსაკუთრებული" ჩემპიონატის მატჩს შინაურ კედლებში არ აგებდა (125 მოგება, 25 ფრე). და ეს ყველაფერი მანუელ პრესიადომ და მისმა "სპორტინგმა" დაამხო. კაცმა, რომელსაც ჟოზე I წრეში ცუდად გადაეკიდა, შური ასე იძია.

აქამდე ჟოზეს
"სანტიაგო ბერნაბეუზე" ყველა თამაში მოგებული ჰქონდა, ახლა კი კრიშტიანო რონალდოს, ქარიმ ბენზემას, მარსელოს, ჩაბი ალონსოსა და კაკას გარეშე დარჩენილმა უკბილოდ მოთამაშე გუნდმა ასტურიელებთან 0:1 წააგო და... საჩემპიონო რბოლა ამით დასრულდა. ამ ამბიდან ორიოდე საათის შემდეგ "ბარსელონამ" კუთხური მოაწოდა, ბუსკეტსმა თავით ბურთი შორეული კუთხისკენ გადაგზავნა, რომელიც ჟერარდ პიკემ თავით ჩამოიღო და ფეხით "ვილიარეალის" კარში მოათავსა. შესაძლოა, პიკემ სეზონის უმნიშვნელოვანესი გოლი გაიტანა, გოლი, რომელმაც "ბარსას", სავარაუდოდ, ჩემპიონობა მოუტანა...

მართლაც, პრიმერას დასრულებამდე 8 ტურით ადრე "ბარსელონა" 8 ქულით უსწრებს "რეალს" და მერე რა, რომ დარჩენილია "ელ კლასიკო", რომელიც მადრიდში გაიმართება. ფაქტია, "კლასიკოს" მოგება "რეალს" ვეღარაფერს მოუტანს პრესტიჟის გარდა.

ვერავინ იფიქრებდა, რომ "ვილიარეალი"-"ბარსელონას" მატჩი ჩრდილში მოექცეოდა. თუმცა საჩემპიონო ინტრიგამ იქამდე ვერ მიაღწია, "სანტიაგო ბერნაბეუზე" "სამეფო კლუბის" ყოფილმა ვარსკლავმა რონალდომ (ბრაზილიელი რონალდო) ბურთი სიმბოლურად შეიყვანა და სეზონში "რეალის" უარესი თამაშიც დაიწყო. გუნდს ძალზე აკლდა რონალდო, ბენზემა და მარსელო, წინ ვერაფერს ახერხებდა ემანუელ ადებაიორი, საქმეს ვერც გონსალო იგუაინის დაბრუნებამ უშველა - არგენტინელმა ოთხთვიანი პაუზის შემდეგ პირველად ითამაშა, თავიდან (როცა შეცვლაზე გრანერო შეცვალა) ძალზე სახიფათოდაც დაურტყა ხუან პაბლოს, მაგრამ სულ ეს იყო.

78-ე წუთზე კი დრამა ტრაგედიად იქცა - "სპორტინგის" იშვიათი შეტევისას მიგელ დე ლას კუევასმა, მადრიდის "ატლეტიკოს" ყოფილმა ფეხბურთელმა ბურთი ნაჩო კასესთან გაითამაშა და კასილიასის კარი ძელის მოშველიებით აიღო. მატჩის ბოლო წუთები ფეხბურთს ნაკლებად ჰგავდა, "რეალი" მეტოქის საჯარიმოში დასახლდა, მაგრამ ხუან პაბლომ და კომპანიამ გაძლო, მოუს რეკორდი დაემხო.

ჟოზე მოურინიო (რეალი): "ჩვენ ვიცოდით, საკუთარი შესაძლებლობების ზღვრის შესახებ, ფეხბურთელები მკვდრებივით იყვნენ, დღეს ბედი არ გვწყალობდა. არადა, ფორტუნა ფეხბურთის შემადგენელი ნაწილია. ციფრები გვეუბნება, რომ ლიგა ჯერ არ არის წაგებული, თუმცა სიმართლეს თვალებში ჩავხედოთ, თუკი "ბარსა" დღეს სხვაობას 8 ქულამდე აიყვანს, შანსი აღარ გვაქვს."

მარსელო პრესიადო (სპორტინგი): "ამ სეზონში ფრედ ვეთამაშეთ "ვილიარელსა" და "ბარსელონას", მოვუგეთ "ატლეტიკოსა" და "რეალს". ვფიქრობ, ამდენი სენსაცია შემთხვევით არ მოხდებოდა. ამ ბიჭების ნაწილი 2-3 თვის წინ უბრალოდ სარეზერვო გუნდში თამაშობდა, ახლა კი მათ "რეალი" დაამარცხეს. მინდა აღვნიშნო მოურინიოს ღირსეული საქციელი - ის ჩვენს გასახდელში მოვიდა და თითოეულ ჩემ ფეხბურთელს მიულოცა გამარჯვება."

"ალფონსო პერეს კოლისეუმზე" ძალზე თვალსასეირო მატჩი შედგა, თუმცა თავიდან არავის ეხუმრებოდა - "ვალენსიას" გოლკიპერ ვისენტე გუაიტას მამა თამაშამდე ინფარქტით გარდაიცვალა და მატჩი წუთიერი დუმილით დაიწყო. "ღამურებმა" გამარჯვებით გაამხნევეს ახალგაზრდა გოლკიპერი - "ვალენსიამ" "ხეტაფე" 4:2 რობერტო სოლდადოს წყალობით დაამარცხა - ფორვარდს სულ რაღაც ნახევარი საათი დასჭირდა პოკერის შესასრულებლად! არადა, გოლების გატანა რომ დაიწყო, "ხეტაფე" მანუ დელ მორალის გოლის წყალობით იგებდა. ამ გამარჯვებით "ვალენსიამ" მე-3 ადგილზე გადაინაცვლა, რადგან მოგვიანებით "ვილიარეალმა" წააგო. მომავალ ტურში ჩვენ ბრწყინვალე ვალენსიური დერბი გველის, ნამდვილი ბრძოლა მე-3 ადგილისთვის.

გუაიტა, მამა რომ არ გარდაცვლოდა, მაინც ვერ ითამაშებდა, მას მაჯა სტკივა. "ვალენსიას" კარში სესარ სანჩესი ჩადგა და ლიგის ისტორიაში ყველაზე ასაკოვანი მეკარეც გახდა - 39 წლისა და 212 დღის. სესარმა აჯობა არგენტინელ კარლოს ფენოის, რომელიც 39 წლისა და 199 დღის იდგა ბოლოს ლა ლიგის მატჩის კარში. თითქოს, "ვალენსიას" სატკივარი აკლდა და თამაშის შემდეგ ახალიც დაემატა - ფრანგი მცველი ჟერემი მატიო თამაშის დასრულების შემდეგ ჰოსპიტალში გააქანეს, გულმკერდის არეში მწვავე ტკივილის გამო.

ვფიქრობთ, სასტარტო შემადგენლობა ხოსეპ გვარდიოლამ ტურის მატჩში "რეალის" მარცხის გათვალისწინებით დააყენა - მან აღარ გარისკა და სკამზე დატოვა ლეო მესი. სასტარტოში მოხვდნენ იბრაჰიმ აფელაი და ტიაგო ალკანტარა.

პირველი მომენტი "ვილიარეალს" შეექმნა, მაგრამ იტალიელ ჯუზეპე როსის ვიქტორ ვალდესმა აუღო. პირველი ტაიმი ამავე სცენარით გაგრძელდა - როსი ყველაზე სახიფათო ფეხბურთელი იყო მოედანზე. მეორე ტაიმში პეპი იძულებული გახდა ლეო მესი შეეყვანა მოედანზე, რადგან "ბარსას" ძალიან უჭირდა "შემოქმედებითი" კუთხით. შემდეგ კი დანი ალვეშის კუთხური და პიკეს გოლი ვიხილეთ - 0:1.

ხოსეპ გვარდიოლა (ბარსელონა): "თუკი თავს ჩემპიონად ნაადრევად ჩათვლი, აუცილებლად დაკარგავ ტიტულს. ჯერ კიდევ ბევრი ქულაა გასანაწილებელი და ბევრი მძიმე მატჩი გველის წინ. თქმა არ უნდა, პიკეს გოლმა ძალზე წინ წაგვწია, უკვე სოლიდური უპირატესობა გვაქვს. ჩემი გუნდიდან აფელაისა და ტიაგოს კარგ თამაშს გამოვყოფ."

გუშინ "ერკულესმა" სან სებასტიანში 3:1 დაამარცხა "რეალ სოსიედადი". გოლები მატჩის მიწურულს გავიდა და ალიკანტეელთაგან თავი ხავიერ პორტილიომ და როისტონ დრენტემ (დუბლი) გამოიჩინეს. ბასკებს უკვე 6 ტურია არ მოუგიათ. ვალენსიური "ლევანტე" დიდებულ ფორმაშია, "მალაგას" 3:1 დამარცხების შემდეგ გუნდი 10-ეულშიც კი შევიდა. კრისტიან სტუანიმ დუბლი შეასრულა, ერთი გოლიც რუბენ სუარესის ანგარიშზეა.

ბარსელონაში მოულოდნელობა დაფიქსირდა, "ესპანიოლი" 1:2 დამარცხდა "რასინგთან". არადა, თავიდან კატალონიელები დაწინაურდნენ, 37-ე წუთზე დომინგო სისმამ საჯარიმოში ხელით ითამაშა და პაბლო ოსვალდომ პენალტი გაიტანა, მაგრამ მეორე ტაიმში გონსალო კოლსამ და მექსიკელმა ჯოვანი დოს სანტოსმა კანტაბრიელებს გაამარჯვებინეს. "რიასორზე" გადარჩენისთვის მებრძოლმა "დეპორტივომ" 2:1 მოუგო "მალიორკას". თავიდან აქაც დამარცხებულები დაწინაურდნენ - პიერ ვებომ ანგარიში ანგარიში გახსნა. ამის შემდეგ "დეპორს" ხისკომ და ლასადმა მოაგებინეს. ბოლოს, ვებომ მეორე ყვითელი ბარათი მიიღო და მოედანი დაატოვებინეს.

მომდევნო ტური
9 აპრილი: ბილბაო-რეალი, ბარსელონა-ალმერია.
10 აპრილი: მალიორკა-სევილია, სპორტინგი-ოსასუნა, ერკულესი-ესპანიოლი, რასინგი-ლევანტე, მალაგა-დეპორტივო, ატლეტიკო-რეალ სოსიედადი, ვალენსია-ვილიარეალი.
11 აპრილი: სარაგოსა-ხეტაფე.


რეალი-სპორტინგი 0:1
რეალი (4-2-3-1): კასილიასი - სერხიო რამოსი, ალბიოლი, რიკარდო კარვალიო, არბელოა (70. პეპე) - ლ. დიარა, ხედირა - იოზილი, გრანერო (56. იგუაინი), დი მარია (70. კანალესი) - ადებაიორი.
სპორტინგი (4-2-3-1): ხუან პაბლო - ლორა, ბოტია, ი. ერნანდესი, კანელია (5. ხოსე ანხელი) - რივერა, ნაჩო კასესი - ნაჩო ნოვო, ანდრე კაშტრო (58. ეგურენი), დე ლას კუევასი - დ. ბარალი (76. სანგოი).
გოლი: 0:1 დე ლას კუევასი (78)
გაფრთხილება: რამოსი, დი მარია, დიარა, ალბიოლი - ანხელი, პაბლო, ნოვო
კუთხური: 10-1; ჯარიმა: 16-14; თამაშგარე: 1-3; კარში დარტყმა: 33-4 (13-1); ბურთის ფლობა: 67%-33%.
მაყურებელი: 70 000

ხეტაფე-ვალენსია 2:4
ხეტაფე (4-2-3-1): უსტარი - მ. ტორესი, კატა დიასი, მარკანო, მანე - ბორხა (72. სარდინერო), პარეხო - არისმენდი (65. ვ. სანჩესი), მოსკერა (65. პ. რიოსი), მანუ - მიკუ.
ვალენსია (4-2-3-1): სესარი - ბრუნო, რიკარდო კოშტა (56. სტანკევიჩიუსი), დეალბერტი, მატიო (80. ხორდი ალბა) - მ. ტოპალი, ტ. კოსტა - პ. ერნანდესი, ჟონასი (78. მადურო), მატა - სოლდადო.
გოლები: 1:0 მანუ (12), 1:1 სოლდადო (46), 1:2 სოლდადო (63), 1:3 სოლდადო (70), 1:4 სოლდადო (77), 2:4 სარდინერო (87)
გაფრთხილება: დიასი - დეალბერტი, ჟონასი
კუთხური: 8-6; ჯარიმა: 11-11; თამაშგარე: 4-1; კარში დარტყმა: 13-12 (6-5); ბურთის ფლობა: 44%-56%.
მაყურებელი: 12 000

ვილიარეალი-ბარსელონა 0:1
ვილიარეალი (4-4-2): დ. ლოპესი - მარიო, გონსალო, მუსაჩიო, კატალა - ბ. ვალერო, მარჩენა (69. კანი), ბრუნო, კასორლა - მ. რუბენი (56. ნილმარი), როსი.
ბარსელონა (4-3-3): ვალდესი - დანი ალვეში, პიკე, ბუსკეტსი, ადრიანო - ტ. ალკანტარა, მასკერანო, კეიტა (52. მესი) - აფელაი (83. ჯონათან დოს სანტოსი), ვილია (70. კრკიჩი), ინიესტა.
გოლები: 0:1 პიკე (67)
გაფრთხილება: ბრუნო, მარჩენა - პიკე, ალვეში, ვალდესი, ბუსკეტსი
კუთხური: 3-8; ჯარიმა: 11-14; თამაშგარე: 0-4; კარში დარტყმა: 7-10 (3-6); ბურთის ფლობა: 33%-67%.
მაყურებელი: 22 000

რეალ სოსიედადი-ერკულესი 1:3
რეალ სოსიედადი (4-2-3-1): ბრავო - კ. მარტინესი, ანსოტეგი, მ. გონსალესი, დე ლა ბელა (27. ლაბაკა) - რივასი (73. იფრანი), არანბურუ - ჩაბი პრიეტო, ზურუტუზა, გრიზმანი (73. სარპონგი) - ტამუდო.
ერკულესი (4-2-3-1): კალატიუდი - კორტესი, პასი, ხუანრა, პენია - ფარინოსი (55. სენდოა), აგილარი - კიკო (76. რუფეტე), ნ. ვალდესი, დრენტე - პორტილიო (83. კრისტიანი).
გოლები: 0:1 პორტილიო (69), 0:2 დრენტე (84), 0:3 დრენტე (89), 1:3 იფრანი (93)
გაფრთხილება: ტამუდო, იფრანი - კიკო, აგილარი, ხუანრა, ფარინოსი, კალატაიუდი
კუთხური: 8-3; ჯარიმა: 13-13; თამაშგარე: 6-1; კარში დარტყმა: 19-13 (5-8); ბურთის ფლობა: 47%-53%.
მაყურებელი: 24 000

ლევანტე-მალაგა 3:1
ლევანტე (4-2-3-1): მუნუა - ვენტა, ბალესტეროსი, ნანო, ხუანფრანი (46. დელ ორნო) - იბორა, პალიარდო - ვალდო, რ. სუარესი (62. ხისკო ნადალი), ხუანლუ - სტუანი (83. რაფა ხორდა).
მალაგა (4-2-3-1): კაბალიერო - გამესი, სტადსგაარდი, დემიკელისი, ელიზეუ - აპონიო (72. სანდრო სილვა), რესიო (61. მარესკა) - პორტილიო (68. ქუინსი), ს. ფერნანდესი, დუდა - რონდონი.
გოლები: 1:0 სტუანი (5), 2:0 რ. სუარესი (8), 2:1 ს. ფერნანდესი (60), 3:1 სტუანი (70)
გაფრთხილება: ხუანფრანი, იბორა, დელ ორნო, ბალესტეროსი, პალიარდო - ელიზეუ, აპონიო, ფერნანდესი, რონდონი
კუთხური: 2-8; ჯარიმა: 28-7; თამაშგარე: 2-1; კარში დარტყმა: 9-18 (5-4); ბურთის ფლობა: 36%-64%.
მაყურებელი: 12 000

ესპანიოლი-რასინგი 1:2
ესპანიოლი (4-2-3-1): კამენი - ჩიკა, ამატი, გალანი, დ. გარსია (33. დუშერი) - ხ. ლოპესი, ხ. მარკესი - ლ. გარსია (78. ა. ვასკესი), ვერდიუ (78. ი. ალონსო), კალეხონი - ოსვალდო.
რასინგი (4-4-2): ტონიო - პინილიოსი, ენრიკე, ტორეხონი, სისმა - მუნიტისი, ლასენი, კოლსა, ადრიანი (62. კენედი) - ჯოვანი დოს სანტოსი (81. დიოპი), ბოლადო (69. როზენბერგი).
გოლები: 1:0 ოსვალდო (37-პენ), 1:1 კოლსა (50), 1:2 ჯოვანი დოს სანტოსი (75)
გაფრთხილება: დუშერი - ადრიანი, სისმა, პინილიოსი
კუთხური: 7-1; ჯარიმა: 11-26; თამაშგარე: 4-4; კარში დარტყმა: 8-7 (4-5); ბურთის ფლობა: 62%-38%.
მაყურებელი: 27 000

დეპორტივო-მალიორკა 2:1
დეპორტივო (4-2-3-1): არანსუბია - ლაურე, ლოპო, კოლოტო, მ. პაბლო - რ. პერესი, ხ. როდრიგესი - პ. ალვარესი (46. ვალერონი), ლასადი (78. ადრიანი), გუარდადო - ხისკო (64. რიკი).
მალიორკა (4-2-3-1): ავატე - სენდროსი, ნუნიეში, რამისი (71. რუბენი), კევინი - ჟოაო ვიქტორი, მარტი - ნსუე, ტეხერა (65. კასტრო), პერეირა (76. ვიქტორი) - ვებო.
გოლები: 0:1 ვებო (26), 1:1 ხისკო (54), 2:1 ლასადი (66)
გაფრთხილება: არანსუბია, გუარდადო, ლასადი - პერეირა
გაძევება: ვებო (90)
კუთხური: 6-1; ჯარიმა: 14-17; თამაშგარე: 1-5; კარში დარტყმა: 16-4 (5-2); ბურთის ფლობა: 56%-44%.
მაყურებელი: 20 000

სევილია-სარაგოსა 3:1
სევილია (4-4-2): ვარასი - კასერესი, ფასიო, ესკუდე, ფ. ნავარო - ხესუს ნავასი, მედელი (77. ზოკორა), რაკიტიჩი (88. რომარიკი), პეროტი - კანუტე (59. რენატო), ნეგრედო.
სარაგოსა (4-2-3-1): ლეო ფრანკო - დიოგო, იაროშიკი, კონტინი (), პარედესი - პონსიო, გაბი - ნდავი (46. ბრაულიო), ანდერი (69. ხ. ლოპესი), ბერტოლო - უჩე.
გოლები: 1:0 პეროტი (43), 1:1 იაროშიკი (47), 2:1 კანუტე (56-პენ), 3:1 ნეგრედო (93-პენ)
გაფრთხილება: ნავასი - პონსიო, იაროშიკი, პარედესი, და სილვა (სათადარიგოთა სკამზე)
კუთხური: 8-5; ჯარიმა: 12-17; თამაშგარე: 0-0; კარში დარტყმა: 20-15 (10-5); ბურთის ფლობა: 56%-44%.
მაყურებელი: 36 000

ალმერია-ბილბაო დღეს

თ მ ფ წ ბ ქ
ბარსელონა 30 26 3 1 82-15 81
რეალი 30 23 4 3 69-22 73
ვალენსია 30 17 6 7 46-35 57
ვილიარეალი 30 16 6 8 48-31 54
სევილია 30 13 6 11 46-44 45
ესპანიოლი 30 14 1 15 38-43 43
ბილბაო 29 13 3 13 44-41 42
ატლეტიკო 29 11 6 12 42-39 39
ლევანტე 30 11 5 14 33-40 38
მალიორკა 30 11 5 14 31-40 38
რასინგი 30 9 9 12 30-44 36
ოსასუნა 29 9 8 12 34-33 35
სპორტინგი 30 8 11 11 28-35 35
სოსიედადი 30 11 2 17 40-51 35
ხეტაფე 30 9 7 14 41-49 34
დეპორტივო 30 8 10 12 25-40 34
სარაგოსა 30 7 9 14 29-43 30
ერკულესი 30 8 5 17 28-48 29
მალაგა 30 8 5 17 39-62 29
ალმერია 29 5 11 13 30-48 26

ბომბარდირები: 27 - ლეო მესი (ბარსელონა), კრიშტიანო რონალდო (რეალი); 17 - დავიდ ვილია (ბარსელონა); 15 - ფერნანდო ლორენტე (ბილბაო), ჯუზეპე როსი (ვილიარეალი); 13 - პედრო (ბარსელონა); 12 - ხოსე რონდონი (მალაგა), სერხიო აგუერო (ატლეტიკო).





.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული