პიკემ არ იცის, ხელით ითამაშა თუ არა
გთავაზობთ ესპანეთის პრიმერადივიზიონის 30-ე ტურის სრულ მიმოხილვას. ტურისას, რომელმაც, ვფიქრობთ, მთავარ კითხვას უპასუხა - ვინ გახდება ჩემპიონი. სეზონის დასრულებამდე 8 ტურით ადრე ხოსეპ გვარდიოლას გუნდი არ ჰგავს იმ კოლექტივს, რომელიც 8-ქულიან უპირატესობას გაანიავებს, თუნდაც მდევარი "რეალი" იყოს...
ოლტრა ზვარაკად შესწირეს
ჩვენს მიმოხილვას, ტრადიციულად, ორშაბათის მატჩით დავიწყებთ - ქვეყნის უკიდურესი ჩრდილოეთის გუნდი ბილბაოს "ატლეტიკი" უკიდურეს სამხრეთში ჩავიდა და "ალმერიას" 3:1 მოუგო. ამით ბასკებმა ევროთასებისთვის ბრძოლა განაგრძეს. არადა, თავიდან აუტსაიდერი პაბლო პიატის გოლის წყალობით დაწინაურდა.
ეს მატჩი ბოლო გამოდგა ხოსე ლუის ოლტრას ალმერიულ კარიერაში - ნოემბერში დანიშნული თავკაცი (მან მაშინ ხუან მანუელ ლილო შეცვალა) "ბილბაოსთან" წაგებისთვის მოხსნეს. ოლტრამ 18 თამაშში 4 მოგებას მიაღწია და "ალმერიას" "ყულაბა" 17 ქულით შეავსო. მისი ყველაზე დიდი მიღწევა გუნდის ესპანეთის თასის ნახევარფინალში გაყვანაა. "ალმერიას" "კამპ ნოუზე" ვიზიტამდე ახალი მწვრთნელი ეყოლება.
ტურის სიმბოლური ნაკრები
გოლ.კომ (3-4-3)
მეკარე
ხუან პაბლო (სპორტინგი, 1): "სანტიაგო ბერნაბეუზე" კარის "მშრალად" შენახვა ძალზე რთული საქმეა. ალბათ, გახსოვთ, თუ რა ხდებოდა ხუან პაბლოს კართან ბოლო წუთებში, ასტურიელთა გოლკიპერის არ შეგშურდებოდათ - გაცოფებული "რეალი" შტურმზე გადავიდა, მაგრამ მეკარემ გაძლო, ისევე როგორც მთელმა "სპორტინგმა".
მცველები
სერხიო ბალესტეროსი (ლევანტე, 3): ვეტერანი მცველი ლოგიკას ებრძვის, ისევე როგორც მისი გუნდი 2011 წელში - ის შესაძლოა ვეღარ დარბის სათანადოდ, წონის პრობლემაც აწუხებს (აშკარად), მაგრამ ბალესტეროსი "ლევანტეს" სული და გულია. ის ნამდვილი ლიდერი და დაცვის ხაზის შემდუღაბებელია. "მალაგას" 3:1 დამარცხების შემდეგ, "ლევანტემ" ჩემპიონატის ზედა ნახევარში აინაცვლა.
ალბერტო ბოტია (სპორტინგი, 2): "ბარსელონას" ყოფილმა ფეხბურთელმა დიდი წვლილი შეიტანა მისი საჩემპიონო შანსების გაზრდაში. ბოტია კედელივით იდგა დაცვაში, ბოლო წუთზე კი კარის ხაზიდან გამოიტანა ბურთი და მოურინიოს 9-წლიანი რეკორდის დამხობა გაუფორმა.
ჟერარდ პიკე (ბარსელონა, 3): "ბარსას" ფეხბურთელებმა იცოდნენ, რომ "რეალის" წაგების შემდეგ "ვილიარეალთან" გამარჯვება მათ თითქმის მოუტანდა ჩემპიონობას. ეს კი ჟერარდ პიკემ შეძლო, მცველმა გოლი გაიტანა, რომელიც, შესაძლოა, ჩემპიონატში გადამწყვეტი გახდეს.
ნახევარმცველები
როისტონ დრენტე (ერკულესი, 3): დრენტე "ერკულესში" ხელახლა დაიბადა. გუნდში მწვრთნელის გამოცვლა წაადგა ჰოლანდიელს, მას უკვე ენდობიან. ბასკთა ქვეყნის შიგ გულში, სან სებასტიანში დრენტემ 2 გოლი გაიტანა და "ერკულესს" პრიმერაში ადგილის შენარჩუნების შანსი გაუზარდა.
ხუან მატა (ვალენსია, 1): მართალია, "ხეტაფესთან" მატჩში ოვაციები მისმა თანაგუნდელმა რობერტო სოლდადომ დაიმსახურა, მაგრამ რომ არა მატა, სოლდადოს გაბრწყინება არ შედგებოდა - მის ანგარიშზე ორი საგოლე პასი და კრეატიული თამაშია.
ხავიერ მასკერანო (ბარსელონა, 3): არგენტინელს წაადგა ბუსკეტსის დაცვაში დახევა, ის სასტარტოში ხვდება და ამტკიცებს, რომ "ბარსელონას" მისი იმედი ტყუილად არ აქვს. კარგი იყო ართმევაში და შეტევების წამოწყებაშიც.
ხუანფრანი (ატლეტიკო, 1): ის პირველად არის ჩვენს სიმბოლურ ნაკრებში - ყოფილი გუნდის წინააღმდეგ (ზამთრამდე ხუანფრანი "ოსასუნაში" თამაშობდა) დიდებულად გაისარჯა. დიეგო კოშტას ორი საგოლე პასი მიაწოდა.
თავდამსხმელები
იკერ მუნიაინი (ბილბაო, 2): "ბილბაომ" "ალმერიასთან" შემტევი ტაქტიკით ითამაშა, ახალგაზრდა გარემარბიც წინ წაწიეს. სწორედ მისმა გოლმა შემოატრიალა შეხვედრის ჩარხი. მუნიაინმა სეზონი ცუდად დაიწყო, თუმცა ახლა უკვე ბრწყინვალედ ათამაშდა.
რობერტო სოლდადო (ვალენსია, 3): პოკერის შემსრულებელს სიმბოლურში ადგილი ავტომატურად ეკუთვნის. ამიტომ ბევრი არც გვიფიქრია. აღსანიშნავია, რომ სოლდადო ადრე სწორედ "ხეტაფეში" თამაშობდა, ვის კარშიც შეასრულა კარიერაში პირველი პოკერი. ვფიქრობთ, ამით მან საბოლოოდ დაიმკვიდრა "ვალენსიას" სასტარტოში ადგილი.
დიეგო კოშტა (ატლეტიკო, 1): "ვალიადოლიდის" ყოფილმა ფორვარდმა პამპლონაში ჰეთ თრიკი შეასრულა. ერთადერთი რაც ბრაზილიელს აკლია, სტაბილურობაა.
ტურის გმირი
რობერტო სოლდადო - 30 წუთი და 20 წამი დასჭირდა "ხეტაფეს" ყოფილ ფორვარდს მისი ყოფილი გუნდის კარში 4 გოლის გასატანად. ეს მან მეორე ტაიმში გააკეთა, როცა "ვალენსია" აგებდა. შეტევის წვერზე სოლდადომ მაღალი კლასის ცენტრფორვარდივით იმოქმედა. წლევანდელ პრიმერაში მას სულ 6 გოლი ჰქონდა გატანილი, ნახევარ საათში კი კიდევ 4 დაამატა. "ვალენსიას" ბოლო ფეხბურთელი, რომელმაც 3 გოლზე მეტის გატანა ერთ თამაშში შეძლო იყო ლეგენდარული არგენტინელი მარიო კემპესი (1977/78 წლების სეზონში).
აქვე შეგახსენებთ ამ სეზონში ერთი პოკერი უკვე იყო - კრიშტიანო რონალდომ "მალაგას" გაუტანა 7:0 დასრულებულ შეხვედრაში.
ტურის ფრაზები
"რეალს" თასის ფინალშიც 5:0-ს მოვუგებთ", - სანდრო როსელი ("ბარსელონას" პრეზიდენტი).
"მე შემეძლო მეთქვა, რომ 5:0-ს კი არა, 60:0-ს მოვუგებთ, მას კი არა", - ხოსეპ გვარდიოლა როსელის გამონათქვამზე.
"ჩვენ არ გვსურდა ვინმესთვის შეურაცხყოფა მიგვეყენებინა. ბოდიში, ასე არ უნდა მეთქვა" - ისევ სანდრო როსელი.
"ეს ჩემი პირველი პოკორია კარიერაში. სამწუხაროდ, ეს "ხეტაფესთან" მატჩში მოხდა" - რობერტო სოლდადო "ხეტაფესთან" (მის ყოფილ გუნდთან) 4:2 მოგების შემდეგ.
"მადრიდში უხარიათ, პამპლონაში კი იგინებიან - აი, ერთადერთი, რასაც აქვს მნიშვნელობა" - ხოსე ლუის მენდილიბარი (P"ოსასუნა") "ატლეტიკოსთან" 2:3 მარცხის შემდეგ.
"ჩვენ წავაგეთ პრიმერას სეზონის მეორე ნახევრის საუკეთესო გუნდთან, "ბარსასა" და "რეალის" შემდეგ" - "მალაგას" მწვრთნელი მანუელ პელეგრინი "ლევანტესთან" მარცხის შემდეგ.
"არასოდეს ცხოვრებაში არ მილაპარაკია შესვენებაზე გასახდელში ასე ცოტა, როგორც დღეს" - "რასინგის" თავკაცი მარსელინო "ესპანიოლთან" 2:1 გამარჯვების შემდეგ (შესვენებისთვის "რასინგი 0:1-ს აგებდა).
"ჩვენ რაკიტიჩი გვყავს, ჩვენ უკვე ვოცნებობთ მე-4 ადგილზე", - გრეგორიო მანსანო ("სევილია"), მას შემდეგ, რაც ივან რაკიტიჩმა "სარაგოსასთან" მატჩში მასტერკლასი ჩაატარა.
"ყველაფერი ისე სწრაფად მოხდა, რომ არ ვიცი, წავალ და ტელევიზორში ვნახავ", - ჟერარდ პიკე, მას შემდეგ, რაც ჰკითხეს, შემთხვევით, ხელით ხომ არ ჩამოიღე ბურთი გოლის გატანისასო.
ტურის მსხვერპლნი
ჟერემი მატიო: "ვალენსიას" ფრანგმა მცველმა გულ-მკერდში მწვავე ტკვილი იგრძნო და ის სასწრაფოდ ჰოსპიტალში გააქანეს, სადაც მთელი ღამე გაატარა.
დავიდ გარსია: "ესპანიოლის" მცველმა "რასინგთან" ბარძაყის მე-2 კატეგორიის დაზიანება მიიღო და 6 კვირას გამოტოვებს.
მარკუს როზენბერგი: "რასინგის" შვედი ფორვარდი თამაშის შემდეგ ვარჯიშზე დაშავდა და 1 თვეს დაისვენებს.
პირველად... 2008 წლის შემდეგ
"ერკულესის" ფორვარდმა ხავიერ პორტილიომ 2008 წლის შემდეგ პირველად გაიტანა პრიმერადივიზიონის მატჩში. მან "რეალ სოსიედადს" გაუტანა. სხვათა შორის, მიროსლავ ჯუკიჩის გუნდმა სექტემბრის შემდეგ სტუმრად პირველად გაიტანა. ხავიერ პორტილიო 29 წლისაა, ის "რეალის" აკადემიის აღზრდილია. სხვათა შორის, იქ მან რაულის რეკორდი დაამხო და 150-ზე მეტი გოლი გაიტანა, მაგრამ დიდ "რეალში" პორტილიომ ვერ გაამართლა, ჯამში სულ 6 გოლი გაიტანა. "რეალის" გარდა პორტილიოს "ფიორენტინაში", "ბრიუგეში", "ხიმნასტიკში" და "ოსასუნაში" უთამაშია.
პირველად... სასტარტოში
19 წლის ტიაგო ალკანტარამ ლა ლიგაში პირველად ითამაშა სასტარტო შემადგენლობაში, თანაც როგორ მატჩში! ტიაგო "ვილიარეალთან" გასვლით შეხვედრაში დისკვალიფიცირებულ ჩავის ცვლიდა. მან 136 პასი გააკეთა, ყველაზე მეტი მინდორზე მყოფთა შორის. ვინც არ იცის ვეტყვით, სხვებს შევახსენებთ - ტიაგო ალკანტარა ბრაზილიელი მსოფლიოს ჩემპიონის, მაზინიოს ვაჟია. ის იტალიის ქალაქ ბარიში დაიბადა, სადაც იმ დროისთვის მაზინიო თამაშობდა. მისი უმცროსი ძმა რაფინია "ბარსას" სარეზერვო გუნდის ფეხბურთელია, ორივე ესპანეთის მოქალაქეა და ესპანეთის ახალგაზრდულ ნაკრებებში თამაშობს. ასე რომ, ტიაგო ალკანტარა ოთარ გაბელიას გუნდის მეტოქეა.
ლეო ვს რონალდო დუბლი 30
...კი არ შედგა.
ტურის სტატისტიკა
35 გოლი, 3,5 გოლი თამაშში
3 მატჩი მოიგეს მასპინძლებმა, 7 სტუმრებმა (ფრე არ ყოფილა)
52 ყვითელი ბარათი, 2 წითელი ბარათი
ყველაზე მეტი მაყურებელი: სანტიაგო ბერნაბეუ, 77 000
ყველაზე ნაკლები მაყურებელი: მედიტერანეო, 10 564
ყველაზე მეტი დარტყმა კარში: 13 - რეალი
ყველაზე მეტი დარტყმა კარისკენ: 33 - რეალი
ყველაზე მეტი ჯარიმა: 26 - რასინგი
ყველაზე მეტი კუთხური: 10 - რეალი
ყველაზე მეტი თამაშგარე: 6 - რეალ სოსიედადი
ყველაზე დიდი ბურთის ფლობის %: 72 - რეალი
ტოპ-10 "დონ ბალონის" მიხედვით
1. ლეო მესი ბარსელონა 203 (27) 7,52
2. კრიშტიანო რონალდო რეალი 194 (27) 7,19
3. ჯუზეპე როსი ვილიარეალი 200 (28) 7,14
4. ანდრეს ინიესტა ბარსელონა 210 (30) 7,00
5. ბორხა ვალერო ვილიარეალი 196 (28) 7,00
6. სანტი კასორლა ვილიარეალი 202 (29) 6,97
7. დიეგო ალვეში ალმერია 206 (30) 6,87
8. დანი ალვეში ბარსელონა 183 (27) 6,78
9. ხოსე რეიესი ატლეტიკო 182 (27) 6,74
10. ჩავი ბარსელონა 167 (25) 6,68