უვერტიურა "ელ კლასიკოსთვის"

AutoSharing Option
ერთი კვირის შემდეგ ლა ლიგა, მიუხედავად სატურნირო მდგომარეობისა, საყოველთაო ყურადღების ცენტრში იქნება - 17 აპრილს "სანტიაგო ბერნაბეუზე" "ელ კლასიკოა". მანამდე კი პრიმერას 31-ე ტურის წინათქმას კლასიკოს უვერტიურას ვარქმევთ, რადგან "ბარსელონაშიც", "რეალშიც", გულშემატკივრებსა და ჟურნალისტებშიც უმრავლესობა უკვე ამ დიდ დაპირისპირებაზე ფიქრობს.

რით არის გამორჩეული "უვერტიურა"? საყურებელი და დამაინტრიგებელი საკმაოდ ბევრია - "სამეფო კლუბი" "საფეხბურთო კათედრალზე" სათამაშოდ ბასკთა ქვეყანაში ჩადის და თუ ვერ მოიგო, ვფიქრობთ, ჟოზე მოურინიოს გუნდის საჩემპიონო შანსებზე ლაპარაკი მანდ უნდა დავასრულოთ. სხვათა შორის, ჟოზეს ასისტენტმა აიტორ კარანკამაც (სხვათა შორის,
ბასკმა) იგივე თქვა - ბილბაოში თუ მოვიგებთ, ჩემპიონობის შანსი კიდევ გვექნება, თუ არადა, ადიოს ტიტულოო.

მხოლოდ ამით არ არის გამორჩეული ტური - დღეს "კამპ ნოუზე" ჩემპიონატის პირველი გუნდი ბოლოს დაუპირისპირდება, "ბარსელონას" მეტოქეს დებიუტანტი მწვრთნელი ჰყავს - რობერტო ოლაბე (კიდევ ერთი ბასკი). "ალმერიას" ძალიან გაუჭირდება ამ სიტუაციაში სახის შენარჩუნება, მით უფრო, რომ კლუბს შინ 0:8 აქვს წაგებული ჩემპიონთან.

ყველაზე საინტერესო დაპირისპირება კი "მესტალიაზე" გველის - ვალენსიური დერბი, თანაც "6-ქულიანი", "ვალენსია" და "ვილიარეალი" ხომ მე-3 ადგილისთვის იბრძვიან. მასპინძელი სამი ქულით წინაა და გამარჯვების შემთხვევაში უნაი ემერის გუნდი ალბათ მიაღწევს საწადელს. არადა, სეზონის წინ მსოფლიოს 3 ჩემპიონის, დავიდ ვილიას, დავიდ სილვას და კარლოს მარჩენას დამკარგავი გუნდისგან იმავე შედეგის გამეორებას ნაკლებად ელოდნენ. მეტოქე "ვილიარეალი" ევროპის ლიგის მეოთხედფინალური მატჩის ნამდვილი ტრიუმფატორია, მაგრამ - გადაღლილიც.

სხვა ყველა შეხვედრაში ერთ-ერთი გუნდი (თუ ორივე არა) პრიმერადივიზიონში დარჩენისთვის იბრძვის და ეს დაპირისპირებები ამ მხრივაა დამაინტრიგებელი. ტრავმებმა და დისკვაკიფიკაციებმა კი ყველაზე მეტად მესამე ვალენსიური კლუბი "ლევანტე" (2011 წლის აღმოჩენა) დააზარალა. ლუის გარსიას 7 ფეხბურთელი ტრავმის გამო აკლია, 4 კი დისკვალიფიკაციის გამო - არადა, გუნდს სანტანდერში სერიოზული გამოცდა ელის. მოკლედ, ესპანური ფეხბურთის გულშემატკივრები არც ამ ტურში მოიწყენენ, შემდეგში ხომ ეს საერთოდ გამორიცხულია...

ბილბაოში ჩასვლის წინ პრესაში კიდევ ერთხელ ატყდა ერთი ამბავი, რომ "სამეფო კლუბი" "ატლეტიკის" ფორვარდ ფერნანდო ლორენტეს უმიზნებს. საქმე იქამდე მივიდა, რომ თვით მსოფლიოს ჩემპიონს მოუწია ამ ხმების უარყოფა და აღნიშვნა, რომ მისი მომავალი "ბილბაოს" უკავშირდება (უკვე მერამდენედ).

ჟოზეს ბილბაოში 20 ფეხბურთელი მიჰყავს. ყველაზე დიდი სიახლე ისაა, რომ ბრაზილიელი კაკა კვლავ მწყობრშია, ის ბასკთა ქვეყანაში მიდის და შესაძლოა თამაშიც მოუწიოს. ასევე განაცხადში არიან მარსელო და კრიშტიანო რონალდო, დისკვალიფიკაცია გაუვიდა ჩაბი ალონსოს, მაგრამ ლაზარეთს ერთი კაცი მაინც შეემატა - პედრო ლეონს, ბენზემას და გაგოს გვერდით გერმანელი სამი ხედირა მიუჯდა. ხედირას ტრავმა არ აწუხებს, გაცივდა და გუნდს ამიტომ ვერ წაჰყვა. ქარიმ ბენზემამ გუნდთან ერთად ვარჯიში კი დაიწყო, მაგრამ მოურინიომ გარისკვა არ ინება, ფრანგს ჟოზე "ელ კლასიკოსთვის" შეინახავს.

ბასკთა ბანაკში ვარჯიში კი დაიწყეს იონ აურტენეჩემ და იბაი გომესმა, მაგრამ მათი თამაში "რეალთან" გამორიცხულია, ასევე ვერ შეძლებს თამაშს ვარჯიშზე დაშავებული ფერნანდო ამორებიეტა. საეჭვო იყო თინეიჯერი იკერ მუნიაინის თამაში, თუმცა ესპანეთის ახალგაზრდული ნაკრების წევრმა წინა ტურში მიღებული დაზიანების მორჩენა მოასწრო.

მატჩის წინათქმა იმით დავასრულოთ, რომ ნოემბერში პირველი წრის შეხვედრაში "რეალმა" "ბილბაოს" 5:1 მოუგო. ბასკთა რბევას სათავე გონსალო იგუაინმა დაუდო, რონალდომ კი ჰეთ თრიკი შეასრულა.

"ბარსელონას" მთავარი პრობლემა "ალმერიასთან" მატჩისთვის ვიქტორ ვალდესის დისკვალიფიკაციაა. სხვათა შორის, "ბლაუგრანას" პირველმა გოლკიპერმა უკვე 14 მატჩი გამოტოვა, აქედან 2-ში დამარცხდა მისი გუნდი. ხოსეპ გვარდიოლას მის ადგილზე სამი ვარიანტი აქვს, გამოცდილი პინტო, და ორი მეკარე სარეზერვო გუნდიდან, მინიო და ოიერი. თუმცა პეპს მაინც თავის ტკივილად ექცა მეკარის საკითხი - პინტო ტრავმირებულია და თუ დროულად გამოჯანმრთელება ვერ მოასწრო, მწვრთნელს მინიოს ან ოიერის ნდობა მოუწევს.

ხოსეპ გვარდიოლა: "ლა ლიგა სეზონის ყველაზე მნიშვნელოვანი ტურნირია. ჩემპიონთა ლიგა უფრო რეკლამირებული ტურნირია, მაგრამ სწორედ ჩემპიონატში ვლინდება წლის საუკეთესო გუნდი ქვეყანაში. ყველას ვთხოვ, მოვიდეს "კამპ ნოუზე", რადგან ეს ჩვენთვის გადამწყვეტი თამაშია - "ალმერიასთან" სამი ქულა აუცილებლად უნდა ავიღოთ."

ვალდესის გარდა პეპს დისკვალიფიკაციის გამო არ ეყოლება სერხიო ბუსკეტსი და რადგან კარლოს პუიოლი ჯერ არ გამოჯანმრთელებულა (თავისთავად, არც აბიდალი) პიკეს გაბრიელ მილიტოსთან მოუწევს შეწყვილება. მოკლედ, "ალმერიას" რომ მასირებული შეტევების თავი ჰქონდეს, ვიტყოდით, რომ გვარდიოლას გუნდს დაცვაში პრობლემები აქვსო. "ბარსა" დღეს დილით ბოლოჯერ ივარჯიშებს და პეპიც მაშინ გაარკვევს სასტარტო შემადგენლობას.

"ვალენსიამ" გუშინ თითქმის სრული შემადგენლობით ივარჯიშა (თუ იმათ არ ჩავთვლით, ვინც დიდი ხანია აკლია გუნდს), ვარჯიში მზიან ამინდს დაემთხვა, ამიტომაც ტრიბუნებზე ათასამდე გულშემატკივარი იჯდა. დერბის წინ "ღამურების" რიგებში შესანიშნავი განწყობაა.


დღეს
ბილბაო-რეალი 20:00
ტრავმა: რამალიო, ამორებიეტა, აურტენეჩე, ი. გომესი - გაგო, ბენზემა, პედრო ლეონი, ხედირა

ბარსელონა-ალმერია 22:00
დისკვალიფიკაცია: ვალდესი, ბუსკეტსი (ბარს)
ტრავმა: მაქსველი, პუიოლი, აბიდალი - ნიეტო

მალიორკა-სევილია 00:00
დისკვალიფიკაცია: მიშელ პერეირა, ვებო (მალ)
ტრავმა: ნადალი, ენრიხი, ვიქტორი - აკოსტა, გუარენტე, ჩიგარინი

ხვალ
სპორტინგი-ოსასუნა 19:00
დისკვალიფიკაცია: სერხიო (ოს)
ტრავმა: სასტრე, კარმელო, ბილიჩი, კუელიარი, მორანი, ხიმენესი - არანდა, რობერტო, რუპერი, მასუდი, პანდიანი, ოიერი

ერკულესი-ესპანიოლი 19:00
ტრავმა: გომესი, ფრიტცლერი, ტრეზეგე, ტოტე, პამარო, ალბა - ფორლინი, ბაენა, ალვარესი, პენია, ს. გარსია, მატიონი, დატოლო

მალაგა-დეპორტივო 19:00
ტრავმა: ასენხო, ხუანმი, ბაპტიშტა, კალა - ურეტა, კასტრო, დეზმარე

რასინგი-ლევანტე 19:00
დისკვალიფიკაცია: ხუანფრანი, იბორა, მუნუა, ბალესტეროსი (ლევან)
ტრავმა: როდრი, ციოლისი, სერანო, ფრანსისი - კაისედო, პერესი, ლარეა, გონსალესი, დელ ორნო, სერხიო, კოლომერი

ატლეტიკო-რეალ სოსიედადი 21:00
ტრავმა: პერესი, პულიდო - დემიდოვი, ხ. ლორენტე

ვალენსია-ვილიარეალი 23:00
ტრავმა: ნავარო, მიგელი, დომინგესი, ალბელდა, ვისენტე - ოლივა, ა. ლოპესი, სენა, გონსალო

ზეგ
სარაგოსა-ხეტაფე 23:00
დისკვალიფიკაცია: იაროშიკი (სარ)
ტრავმა: ლაფიტა, ლაგუარდია, ლანსარო, ბუტაჰარი, ედმილსონი - კოლუნგა, გავილანი, ლოპესი, მარიო, ალბინი




თ მ ფ წ ბ ქ
1. ბარსელონა 30 26 3 1 82-15 81
2. რეალი 30 23 4 3 69-22 73
3. ვალენსია 30 17 6 7 46-35 57
4. ვილიარეალი 30 16 6 8 48-31 54
5. ბილბაო 30 14 3 13 47-42 45
6. სევილია 30 13 6 11 46-44 45
7. ესპანიოლი 30 14 1 15 38-43 43
8. ატლეტიკო 30 12 6 12 45-41 42
9. ლევანტე 30 11 5 14 33-40 38
10. მალიორკა 30 11 5 14 31-40 38
11. რასინგი 30 9 9 12 30-44 36
12. ოსასუნა 30 9 8 13 36-36 35
13. სპორტინგი 30 8 11 11 28-35 35
14. სოსიედადი 30 11 2 17 40-51 35
15. ხეტაფე 30 9 7 14 41-49 34
16. დეპორტივო 30 8 10 12 25-40 34
17. სარაგოსა 30 7 9 14 29-43 30
18. ერკულესი 30 8 5 17 28-48 29
19. მალაგა 30 8 5 17 39-62 29
20. ალმერია 30 5 11 14 31-51 26.






.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული