შაბათს ლეო მესიმ ბრაზილიელი რონალდოს რეკორდი გაიმეორა ერთ სეზონში გატანილი გოლების რაოდენობით - "ალმერიას" კარში შეხვედრის ბოლო წუთზე გატანილი მისთვის 47-ე იყო ამ სეზონში ყველა საკლუბო მატჩში (29 ლა ლიგაში, 7 კოპაზე, 8 ჩემპიონთა ლიგაში და 3 ესპანეთის სუპერთასზე. ის, რომ არგენტინელი რონალდოს რეკორდს დაამხობს კიდეც ეჭვიც კი არავის ეპარება - სეზონის ბოლომდე თვეზე მეტი რჩება.
მატჩისწინა პრესკონფერენციაზე ლეომ თქვა, რომ რონალდოს რეკორდმა ის მოაჯადოვა და ამიტომ ვეღარ გაჰქონდა გოლები (მართლაც, მას შემდეგ, რაც "
შემდეგ ტურში ერთმანეთის წინააღმდეგ ლა ლიგის ორი საუკეთესო მეგოლე წარდგება მესი (29 გოლი) კრიშტიანო რონალდოს (28 გოლი, ზოგიერთი წყაროს მიხედვით, 29) უშუUალოდ მოედანზე გაეჯიბრება, რაც "კლასიკოს" კიდევ უფრო მეტ ხიბლს მატებს.
ამასობაში გაირკვა, ზუსტად რამდენ ხანს იუქმებს იძულებით "ალმერიასთან" დაშავებული ბოიან კრკიჩი. მან პირველ ტაიმში მარჯვენა მუხლის ჯვარედინი იოგები ნაწილობრივ დაიზიანა. ექიმთა თქმით, ახალგაზრდა ფორვარდის გამოჯანმრთელებას 6-დან 8 კვირამდე დასჭირდება. ასე რომ, პირველადი დასკვნა, რომ ბოიანისთვის სეზონი დასრულებულია, დადასტურდა.
არგენტინელი ხავიერ მასკერანო კი დაუფიქრებლად მოიქცა, მე-17 წუთზე, ისე რომ ამის აუცილებლობა არ იყო, ყვითელი ბარათი "აიკიდა", რომელიც მისთვის მეხუთეა სეზონში. ეს კი ესპანეთში ავტომატურად ერთმატჩიან დისკვალიფიკაციას ნიშნავს. ასე დააკლდა ხავიერი "კლასიკოს".
ხოსეპ გვარდიოლა თამაშამდე აფრთხილებდა ყველას, რომ "ალმერიასთან" სამი ქულის დაკარგვა არაფრით არ შეიძლებოდა, ამ სამი ქულის მოპოვება კი გაჭირდებოდა. და მართლაც, აუტსაიდერმა მებრძოლი ხასიათი გამოავლინა და მეორე ტაიმში დაწინაურდა კიდეც, მაგრამ "ბარსას" ფეხბურთელებმა საოცარი შემართება გამოავლინეს და მალევე აღკვეთეს სეზონის სენსაცია. მოკლედ, ყველაფერი ისე მოხდა, როგორც მწვრთნელი მატჩის წინ ამბობდა.
"დღეს მეტოქე ძალიან მომეწონა. მათი დაცვის ხაზი სოლიდური იყო. სულ მცირე, 15 წუთი დაგვჭირდა, სანამ თამაშის რიტმში ჩავჯდებოდით. ამის შემდეგ სიტუაციას სულ ჩვენ ვაკონტროლებდით. მაშინაც კი, როცა გაგვიტანეს, ჩვენ კარგად ვთამაშობდით. ასეთი ტიპის თამაშები ხშირად ძნელად მოსაგებია და ამ სეზონში ანალოგიურს ველი "რეალ სოსიედადთან", "ოსასუნასთან" და "ესპანიოლთან".
ბუნებრივია, გვარდიოლას თამაშზე მეტად მომავალ "კლასიკოზე" უსვამდნენ კითხვებს, "ბლაუგრანას" ახალგაზრდა თავკაცს ამ კითხვებისთვის თავი არ აურიდებია: "ჩინებული შანსი გვაქვს, ლიგის მოგების სერიოზული განაცხადი გავაკეთოთ. "ბერნაბეუზე" ფრეზე თამაში ჩვენი მხრიდან დიდი შეცდომა იქნება. რომც წავაგოთ, უნდა შევუტიოთ "რეალს", რადგან ამ შემთხვევაშიც კი ჩემპიონობის მოგების უკეთესი შანსი გვექნება, ხოლო თუ მეტოქეს "კლასიკოზე" დავჯაბნით, ვფიქრობ, ჩემპიონის ვინაობაც გაირკვევა. ამ ორი გუნდის თამაში არასოდეს არ არის იოლი, "რეალი" ძალზე სახიფათო გუნდია, განსაკუთრებით, როცა კონტრშეტევებზე თამაშობს", - განაცხადა ხოსეპ გვარდიოლამ.
სხვათა შორის, "ალმერიასთან" მატჩის დაწყებამდე 1-2 საათით ადრეც კი არ იცოდა პეპმა ვის ჩააყენებდა კარში. ვიქტორ ვალდესი დისკვალიფიკაციის გამო სტოვებდა ამ თამაშს, ხოსე მანუელ პინტოს კი ტრავმა აწუხებდა. თუმცა გამოცდილმა გოლკიპერმა "ბარსა" გასაჭირში არ დატოვა და კარში მაინც ჩადგა: "ეს სამი დღე კოჭი ძალიან მაწუხებდა, თუმცა თამაშის წინ შვება ვიგრძენი და გავრისკე თამაში. რაც მთავარია, 90 წუთი გავძელი. ისე, კი შესაძლოა, ღამე კოჭმა არც კი დამაძინოს. ლა ლიგაში ყველა გაორმაგებული ძალებით გვეთამაშება და "ალმერიას" საამისოდ სწრაფი და ტექნიკური ბიჭები ჰყავდა შეტევაში. მე გამაოცა მათმა შემართებამ", - განაცხადა პინტომ თამაშის შემდეგ.
ანდრეს ინიესტა: "ალმერიასთან" მატჩი ძალზე დაძაბული იყო, ასეთივე იქნება ყველა დარჩენილი მატჩი ჩვენთვის. როცა აგებ, ყოველთვის უფრო ძნელია, მაგრამ ჩვენ ერთი წუთითაც არ დაგვიკარგავს სიმშვიდე და მიზანს მივაღწიეთ. 8 ქულა ძალზე კარგი ჰანდიკაპია, მაგრამ ახლა "შახტართან" მატჩზე ვფიქრობ, მხოლოდ ამის შემდეგ ვიფიქრებთ, როგორ დავამარცხოთ "რეალი" "ბერნაბეუზე".
ბუნებრივია, ყველაზე დასამახსოვრებელი ეს საღამო ტიაგო ალკანტარასთვის იყო, რომელმაც თინეიჯერობის ბოლო დღეს (მეორე დღეს 20 წლის გახდა) თავით გადამწყვეტი გოლი გაიტანა. ბრაზილიელი მსოფლიოს ჩემპიონი მაზინიოს ვაჟი ორშაბათს "ბარსა ტვ-ის" პოპულარულ გადაცემა "ელ მარკადორში" მიიწვიეს. ტიაგო ამბობს, რომ მისთვის და მისი თანაგუნდელებისთვის სარეზერვო გუნდიდან, პირველ გუნდში გატარებული დრო საჩუქარივითაა, რომელიც მათ კარგი თამაშისთვის დაიმსახურეს. "სარეზერვო გუნდის ბიჭები მზად ვართ, ნებისმიერ დროს შევასროლოთ მწვრთნელის მითითებები: "თავური გოლების სპეციალისტი ნამდვილად არ ვარ, ამ ეპიზოდში უფრო გამიმართლა", - განაცხადა ბრაზილიური წარმოშობის ესპანელმა.
დაბოლოს, საინტერესო ციფრები "ალმერიასთან" თამაშიდან:
29 მატჩია, რაც "ბარსელონა" ლა ლიგაში არ დამარცხებულა, 11 სექტემბრის არ წაუგია - სამი წაუგებელი ტურიც და "ბარსა" "რეალ სოსიედადის" ისტორიულ მიღწევას გაიმეორებს, რომელიც 1979/80 წლების სეზონით თარიღდება.
ჩემპიონატში "ბარსამ" სულ 3 პენალტი გაიტანა, მანამდე პენალტი დაინიშნა "ოსასუნას" და "რასინგის" კარში.
ტიაგო ალკანტარამ სეზონში მე-2 გოლი გაიტანა, პირველი გოლიც მან "ალმერიას" შეუგდო (ესპანეთის თასზე).
"ბარსელონამ" და "ალმერიამ" ერთმანეთში 4-ჯერ ითამაშეს (2-2ჯერ თასზე და ჩემპიონატზე) ბურთების სხვაობა ასეთია: 19-1.
"ბარსას" ბურთის ფლობის პროცენტი 73-ის ფარგლებში იყო, გუნდმა გააკეთა 678 პასი (200 "ალმერიამ"), ამ მხრივ კვლავ ბადალი არ ჰყავდა ჩავის 115 პასიდან 104 ზუსტი იყო!
დანი ალვეშმა 14-ჯერ აართვა მეტოქეს ბურთი, მეტჯერ, ვიდრე მოედანზე მყოფმა სხვა ფეხბურთელმა.
"ბარსამ" კარისკენ 18-ჯერ დაარტყა, "ალმერიამ" კი მხოლოდ - სამჯერ.