შემდეგი გაჩერება "ელ კლასიკო"

AutoSharing Option


ზედმეტი ბურთები: მოედანზე და ვილიარეალის კარში
ესპანეთის ჩემპიონატის სრულ მიმოხილვას, ტრადიციულად, ორშაბათის მატჩით დავიწყეთ, რომლითაც არაგონელებმა ოდნავ გამოიკეთეს მდგომარეობა "ხეტაფეს" 2:1 მოუგეს და გავარდნის ზონას ზუსტად 3 ქულით დაშორდნენ. ყველა გოლი პირველ ტაიმში, თავიდან "სარაგოსას" 29 წლის არგენტინელმა ნახევარმცველმა ლეონარდო პონსიომ წამოიღო ბურთი ცენტრიდან და შორიდან დაარტყა, ეპიზოდს მეკარე უსტარის შეცდომაც დაერთო და ანგარიში გაიხსნა.

"ხეტაფემ" შეუტია და... კონტრშეტევა გაეპარა, ბუტაჰარმა ბერტოლო მოძებნა - 2:0. ტაიმის მიწურულს კაპიტანმა კასკერომ მეტოქის საჯარიმოში არეულობით ისარგებლა და ერთი ბურთი გაქვითა. მეორე ტაიმში მიჩელის
გუნდმა ერთხელ "უჩხვლიტა" მწარედ მასპინძლებს, შემდეგ კი უპირატესობა "სარაგოსასი" იყო და ხავიერ აგირეს გუნდმაც დამსახურებულად გაიმარჯვა.

ბოლო წუთებზე, როცა თამაში მიმდინარეობდა, "სარაგოსას" სათადარიგოთა სკამიდან ვიღაცამ მეორე ბურთი შეაგდო, მეორეს კიდევ ერთი მოჰყვა... რამაც სტუმართა ბანაკში აღშფოთება გამოიწვია. მატჩის შემდეგ ხავიერ აგირეს ბოდიშის მოხდაც მოუწია ამის გამო.

"სარაგოსას" შეტევები დიდად ტრიოს, პონსიო-გაბი-ანდერის შემოქმედებაზეა დამოკიდებული. ძალიან კარგად შეეწყო პრიმერას 22 წლის მარცხენა მცველი ივან ობრადოვიჩი, სერბი დღითიდღე "იზრდება".

ხავიერ აგირე (სარაგოსა): "წინასწარ ზეიმი არ შეიძლება, რომელ შემობრუნებაზე ლაპარაკი, როცა ჩვენ ისევ მე-17 ადგილზე ვართ, როგორც ერთი კვირის წინ... როგორც სამი თვის წინ. კალენდარიც რთული გვაქვს, მომავალ ორშაბათს ისეთ გუნდს ვხვდებით, რომელიც ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის იბრძვის".


ლეო VS რონალდო... დუბლი 31
როგორც იქნა, "დუელი" ისევ ვიხილეთ, ორივემ ითამაშა (მესიმ 90 წუთი, რონალდო მეორე ტაიმში შევიდა), ორივემ გაიტანა. ვინ, როგორ ითამაშა?

მესი: "ალმერიასთან" ოთხმატჩიანი უგოლო სერია შეწყვიტა, თანაც დუბლი შეასრულა. არგენტინელმა ჯერ ვილიას მოპოვებული პენალტი გამოიყენა, შემდეგ კუთხურიდან ტიაგო ალკანტარას დაასვა ბურთი თავზე, ბოლოს კი მეტოქის მცველის შეცდომით ისარგებლა და დიეგო ალვეში ხახამშრალი დატოვა. 2 გოლი და საგოლე პასი.

რონალდო: 61-ე წუთზე გამოჩნდა და 9 წუთში გოლი გაიტანა - მან გრანეროსგან შორეული პასი მიიღო, სან ხოსეს თავბრუ დაახვია და ანგარიში გამანადგურებელი გახადა.

მესი რონალდო
გოლები 2 1
დარტყმა 4 (2) 2 (1)
საგოლე პასი 1 0
დაკარგვა 15 6
მოპოვება 1 3
goal.com 7,5 6,5


შემდეგი შეხვედრა "ელ კლასიკო"!
მესი რონალდო
ასაკი 23 26
სიმაღლე 170 185
წონა 65 75
კასტროლის რეიტინგი 1 2
ქულები 1239 986
რეალის (ბარსას) წინ. 9 6
გოლები 7 0
პასები 5 0
მოგება 6 1
წაგება 2 4
გაფრთხილება 3 3


პირველი... გოლი სეზონში
"ბარსელონას" შემტევმა ნახევარმცველმა ამ სეზონში პირველი გოლი გაიტანა პრიმერადივიზიონში და ეს მან ერთი დღით ადრე მოახერხა, ვიდრე 20 წლის გახდებოდა. ტიაგოზე უკვე ბევრი დაწერილა: ის მსოფლიოს ჩემპიონ მაზინიოს ვაჟია, თუმცა ესპანეთისა და იტალიის (დედით იტალიელია და იტალიაშია დაბადებული) მოქალაქეა, თამაშობს ესპანეთის ახალგაზრდულ ნაკრებში. 2008/09 წლების სეზონში მან პირველად მოირგო "ბარსას" ფორმა, მაისში "მალიორკასთან" მატჩის ბოლო წუთებზე ეიდურ გუდიონსენი შეცვალა. შემდეგ სეზონშიც მხოლოდ ერთხელ ითამაშა ტიაგომ, მაგრამ სწორედ იმ შეხვედრაში გაიტანა პირველი გოლი ესპანეთის ჩემპიონატში. ამ სეზონში მან უკვე 8 თამაში ითამაშა.


ტურის სიმბოლური ნაკრები
(გოლ.კომ. 3-4-3)
მეკარე
ხუან კალატაიუდი (ერკულესი): რომ არა ის, სტუმარი "ესპანიოლი" აუცილებლად შეძლებდა უამრავი მომენტიდან ერთის გამოყენებას მაინც.
მცველები
რაულ ალბიოლი (რეალი): ფერნანდო ლორენტეს აჯობა.
ლორა (სპორტინგი): "ოსასუნას" ფორვარდები "სპორტინგის" საჯარიმოს არ გააკარა.
ფილიპე ლუიში (ატლეტიკო): გაიტანა სუპერგოლი, აიკლო მარცხენა ფლანგი.
ნახევარმცველები
ტიაგო ალკანტარა (ბარსელონა): გაიტანა გადამწყვეტი გოლი, ძალზე სწრაფად მკვიდრდება გუნდში.
კაკა (რეალი): მართალია, ორივე გოლი პენალტით გაიტანა, თუმცა ხანდხან ის სწორედ ძველ კაკას გვაგონებდა.
ჯონათან დე გუზმანი (მალიორკა): შუახაზი დაიპყრო, გაიტანა ბრწყინვალე გოლი "სევილიას" კარში.
ანხელ დი მარია (რეალი): ბასკეთში შეუდარებელი იყო.
თავდამსხმელები
ხუან მატა (ვალენსია): "ვილიარეალის" კარში დუბლი შეასრულა, მოედანზე საუკეთესო იყო. ტურის გმირი.
რობერტო სოლდადო (ვალენსია): 2 თამაშში 6 გოლი! აი, შედეგიანობაც ამას ჰქვია.
ლეო მესი (ბარსელონა): 2 გოლი და საგოლე პასი. მერე რა, რომ "ალმერიაა"...


ტურის ფრაზები
"მეტოქის ყველა ფეხბურთელს ბოდიშს ვუხდი. აუცილებლად გავარკვევ ვინ ისროლა ბურთი ჩვენი სათადარიგოთა სკამიდან და დავსჯი. მართალია, ფეხბურთი კეთილშობილ ქალთა პანსიონატი არ არის, მაგრამ სამართლიანი თამაშის პრინციპი უნდა შევინარჩუნოთ", - ხავიერ აგირე "ხეტაფესთან" მატჩის შემდეგ პრესკონფერენციაზე.

"მადლობა ღმერთს, ამ საშინელი კუნძულიდან ქულა მაინც მიგვაქვს შინ", - გრეგორიო მანსანო "მალიორკასთან" 2:2-ის შემდეგ.

"ეჭვიც არ შეგეპაროთ, "ბერნაბეუზე" მოსაგებად მივდივართ", - ხოსეპ გვარდიოლა "ალმერიასთან" მატჩის შემდეგ.

"ჩვენ ცდა არ დაგვიკლია, მაგრამ არის რაღაც, რაც ვერ ამიხსნია რაა, რაც "რეალმა" უკეთ შეძლო" - "ბილბაოს" ფეხბურთელი პაბლო ორბაისი.

"ძალიან გამიჭირდა ფორლანის სათადარიგოთა სკამზე დატოვება, მაგრამ ეს საჭირო იყო", - კიკე ფლორესი "რეალ სოსიედადთან" მატჩის შემდეგ.

"ბიჭებმა სადღაც დაკარგეს თავიანთი ნაქები მებრძოლი ხასიათი. კიდევ კარგი, არ წავაგეთ", - მარსელინო "ლევანტესთან" 1:1-ის შემდეგ.

"ფანებს სწორედ ასეთი თამაშები სჭირდებათ" - უნაი ემერი ვალენსიურ დერბიში 5:0 გამარჯვების შემდეგ.


ტურის მსხვერპლნი
"რასინგის" ფორვარდმა ივან ბოლადომ სწორედ ის მარცხენა მუხლი დაიზიანა, რომელზეც ახლახან ოპერაცია გადაიტანა.

ხოსე მანუელ პინტოს გმირობა ძვირი დაუჯდა, მან ტრავმირებული კოჭით ითამაშა "ალმერიასთან" მატჩში და დაზიანება კიდევ უფრო გაიმიზეზა.

როისტონ დრენტე "ესპანიოლთან" მატჩში მიღებული დაზიანების მეორე დღეს ჩვეულებრივად გამოცხადდა ვარჯიშზე, თუმცა მოედანზე გასვლა ვეღარ შეძლო.
ბოიან კრკიჩი "ალმერიასთან" ისე დაშავდა, რომ სეზონი ნაადრევად დაასრულა.


ტურის სტატისტიკა
25 გოლი, 2,5 გოლი მატჩში
მასპინძლებმა მოიგეს 5 შეხვედრა, 4 ფრედ დასრულდა, 1 კი სტუმრებმა მოიგეს.
53 ყვითელი ბარათი და 1 გაძევება
ყველაზე მეტი დარტყმა კარისკენ: 20 - ატლეტიკო
ყველაზე მეტი დარტყმა (ზუსტი): 11 - ატლეტიკო
ყველაზე მეტი ჯარიმა: 23 - სარაგოსა
ყველაზე მეტი კუთხური: 13 - ვალენსია
ყველაზე მეტი თამაშგარე: 9 - სარაგოსა
ყველაზე მეტი ბურთის ფლობის პროცენტი: 73% - ბარსელონა
ყველაზე მეტი მაყურებელი: 80 452 - კამპ ნოუ
ყველაზე ცოტა მაყურებელი: 15 000 - ონოესტადი


TOP-10 "დონ ბალონის" მიხედვით
1. მესი ბარსელონა 211 (28) 7,54
2. რონალდო რეალი 200 (28) 7,14
3. როსი ვილიარეალი 205 (29) 7,07
4. ინიესტა ბარსელონა 217 (31) 7,00
5. ბ. ვალერო ვილიარეალი 201 (29) 6,93
6. კასორლა ვილიარეალი 207 (30) 6,90
7. დ. ალვეში ალმერია 212 (31) 6,84
8. რეიესი ატლეტიკო 190 (28) 6,79
9. დ. ალვეში ბარსელონა 189 (28) 6,75
10. ჩავი ბარსელონა 174 (26) 6,69


გეპატიჟებით ყველას!
შაბათს, საქართველოს დროით შუაღამე, რომ დადგება, "სანტიაგო ბერნაბეუზე" სეზონის მეორე "ელ კლასიკო" დაიწყება. დაე, თქვან, რომ ლა ლიგაში ყველაფერი გადაწყვეტილია, ჩვენ კი მაინც გვჯერა, რომ დიდი მატჩი გველის...

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული