მადრიდის "ატლეტიკოს" ხელმძღვანელობამ პირველად ოფიციალურად აღიარა, რომ 20 წლის დავიდ დე ხეას შეძენა "მანჩესტერ იუნაიტედსა" და "ჩელსის" სურთ, თუმცა ამავე წყარომ კატეგორიულად უარყო ხმები, თითქოს, უკვე გადაწყვეტილია ნიჭიერი გოლკიპერის ტრანსფერი "ნისლიან ალბიონზე".
სამშაბათს რადიო "ონდა სერომ" გაავრცელა ცნობა, რომ, თითქოს, დე ხეას აგენტი ხორხე მენდესი "იუნაიტედის" ბოსებს შეხვდა და "წითელ ეშმაკებთან" 20-მილიონიანი (ევროებში) ტრანსფერი შეათანხმა. მოკლედ, ზაფხულში ედვინ ვან დერ სარი კარიერას ასრულებს და ესპანელი მას შეცვლისო. "ატლეტიკოს" მენეჯერმა ხილ მარინმა ეს ცნობა უარყო: "მენდესი ინგლისშია, თუმცა არა დე ხეას
მეკარის მამამ ხოსე დე ხეამ ასევე უარყო ხმები, თითქოს, მისმა ვაჟმა უკვე მიაღწია შეთანხმებას "მანჩესტერ იუნაიტედთან. შეგახსენებთ, რომ დე ხეა კონტრაქტით 2013 წლის ზაფხულამდე ეკუთვნის "ატლეტიკოს". სხვათა შორის, "ატლეტიკოს" უკვე შეგულებული ჰყოლია დე ხეას შემცვლელი, "სელტას" გოლკიპერი ისმაელ გომეს ფალკონი.
მატაც მიდის?
"მარკას" ახალი ცნობა ერთობ დაამწუხრებს "ვალენსიას" ქომაგებს - ზაფხულში "ღამურები" კიდევ ერთ ვარსკვლავს დაკარგავენ, ხუან მატა გუნდიდან წავა. მისი საბაზრო ფასი 30 მილიონი ევროა, ამხელა თანხის გადამხდელი კი პრემიერლიგური "ჩელსი" ყოფილა. "ვალენსიას" შემტევით "მანჩესტერ იუნაიტედი" და "არსენალიც" ყოფილა დაინტერესებული. შეგახსენებთ, რომ შარშან კლუბი დავიდ ვილიამ და დავიდ სილვამ დატოვეს, მაგრამ მატა მაშინ დარჩა.
რასინგის მეპატრონე ვალს არ იხდის
"რასინგის" მეპატრონის ინდოელი ბიზნესმენის ალი საიედის ქმედითუნარიანობა კიდევ ერთხელ დააყენეს ეჭვქვეშ. კლუბის ახალ მეპატრონეს ჯერ კიდევ არ გაუსტუმრებია 11 ფეხბურთელის ვალი, რომლის ჯამი 1,7 მილიონ ევროს შეადგენს. ალი საიედი ამ ფეხბურთელებს შეჰპირდა ვალის გასტუმრებას, გავიდა დრო, მაგრამ სხვა ქვეყნებში კორუფციაში დადანაშაულებულმა ბიზნესმენმა პირობა ჯერ არ შეასრულა. 3 აპრილს ალი საიედი ბარსელონაში "ესპანიოლისა" და "რასინგის" მატჩს დაესწრო და მაშინაც შეაგულიანა ფეხბურთელები და უთხრა, რომ სულ მალე გაისტუმრებდა ვალებს.
გარაი ლისაბონში მიდის
მადრიდის "რეალის" არგენტინელი მცველის, ესეკიელ გარაის აგენტმა განაცხადა, რომ მისი კლიენტია ახლოსაა ლისაბონის "სპორტინგში" გადასვლასთან. გარაის 2014 წლის ზაფხულამდე აკავშირებს ხელშეკრულება "სამეფო კლუბთან", მაგრამ ჟოზე მოურინიო მას ნაკლებად ენდობა - მთელ სეზონში გარაიმ სულ 292 წუთი ითამაშა. სავარაუდოდ, გარაი ლისაბონურ კლუბს 15 მილიონი ევრო დაუჯდება.
ერთი ბურთი 602 ევრო დაუჯდათ
"სარაგოსა"-"ხეტაფეს" მატჩის 85-ე წუთზე მასპინძელთა გუნდის სათადარიგოთა სკამიდან მოედანზე მეორე ბურთი შეაგდეს და ამით ჩაშალეს სტუმართა შეტევა. ამ საქციელის გამო თამაშის შემდე "სარაგოსას" მექსიკელი მწვრთნელი ხავიერ აგირე ბოდიშებს იხდიდა და დამნაშავის დასჯას ჰპირდებოდა მეტოქეს. სანამ აგირე გაარკვევს, თუ სათადარიგო ფეხბურთელთაგან რომელმა იმაიმუნა, ლიგამ "სარაგოსა" ფულადი ჯარიმით დასაჯა, თუმცა ჯარიმა სიმბოლურია - 602 ევრო.
ხესუს, მომავალ სეზონამდე
"სევილია" სეზონის ბოლომდე დაემშვიდობა ლიდერ ხესუს ნავასს. მან მარცხენა ფეხი ისე დაიზიანა, რომ, ექიმთა თქმით, 4-6 კვირას მოედანს ვერ გაეკარება. საუკეთესო შემთხვევაშიც კი ნავასს მხოლოდ ბოლო ტურში შეუძლია თამაში. მოკლედ, "სევილიას" ევროთასების საგზურისთვის ბრძოლა ულიდეროდ მოუწევს.