მესი vs მოურინიო

AutoSharing Option
იცით თუ არა, რომ ლეო მესის ჯერ არასოდეს გაუტანია იმ გუნდისთვის, რომელსაც ჟოზე მოურინიო წვრთნიდა? თანაც, მას საამისო 8 ოფიციალური და ერთიც არაოფიციალური შანსი მიეცა, რაც ასეთი კაშკაშა ვარსკვლავისთვის არცთუ ცოტაა.

არადა, საუბარია ფეხბურთელზე, რომელმაც ახლახან "დონბას არენაზე" საკლუბო რეკორდი დაამყარა - ერთ სეზონში 48 გოლი გაიტანა, თანაც სეზონის დასრულებამდე თვეზე მეტი რჩება. სხვათა შორის, სწორედ მესი და მოურინიო არიან თავიანთ საქმეში ყველაზე მაღალანაზღაურებადი პირები: პორტუგალიელი მწვრთნელთა შორის ყველაზე მაღალი შემოსავლით დაიკვეხნის, არგენტინელი - ფეხბურთელებში.

მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი მიუახლოვდა კარიერაში
200-გოლიან ნიშნულს. ის უკვე მეოთხეა "ბარსელონას" ყველა დროის ბომბარდირთა შორის. თუკი ორ გოლსაც გაიტანს, ის ესპანეთში პირველი იქნება, ვინც სეზონში 50-გოლიან ნიშნულს მიაღწევს. მაგრამ, ვაგლახ, "ლა პულგას" გოლთა "გალერეადან" ერთიც არაა ჟოზე მოურინიოს გუნდის კარში გატანილი. ლეო მესი დიდი ენთუზიაზმით ელის ხვალინდელ "ელ კლასიკოს", რათა ეს "გაუგებრობა" აღმოფხვრას.

მესი და მოურინიო ერთმანეთისთვის უცხოები სულაც არ არიან. ბოლოს და ბოლოს პორტუგალიელი ერთი ხანობა ბობი რობსონისა და ლუის ვან გაალის ასისტენტად მუშაობდა "კამპ ნოუზე". თუმცა მაშინ მათი გზები არ გადაკვეთილა - 13 წლის "ლა პულგა", რომ "ბარსელონაში" მიიყვანეს, "განსაკუთრებული" იქიდან 2 თვის წასული იყო.

პირველად მათი გზები სამნახევარი წლის შემდეგ გადაიკვეთა: აი, საოცარი დამთხვევაც ლეომ სულ პირველად "ბარსას" ძირითადი გუნდის ფორმა "პორტუსთან" ამხანაგურ მატჩში მოირგო. იმ "პორტუსთან", რომელსაც ჟოზე მოურინიო წვრთნიდა. თამაში "დრაგაუზე" ჩატარდა და "პორტუმ" 2:0 მოიგო. სხვათა შორის, იმ თამაშში მესიმ ყველას (მათ შორის, ჟოზესაც) მოაწონა თავი. ის შეცვლაზე შევიდა და კინაღამ გაიტანა. თითქმის ცარიელი კარის წინ 16 წლის არგენტინელმა გადაწყვიტა ბოლო მცველის მოტყუებაც და ამისთვის დაისაჯა. ეს იყო ამხანაგური თამაში და მას მესის ცდაში არ "ჩავუთვლით". ამის შემდეგ კი მესისა და მოურინიოს გზები 8-ჯერ გადაიკვეთა. ვნახოთ, როგორ განვითარდა მოვლენები.


1. 2006 წლის თებერვალი: "ჩელსი"-"ბარსელონა" 1:2
ჟოზე მაშინ "ჩელსის" წვრთნიდა, არგენტინელი კი პირველი გუნდის უცვლელი წევრი იყო. მესი ამ თამაშის ნამდვილი ვარსკვლავი იყო, დააწიოკა "ჩელსის" დაცვა, კარში 5-ჯერ დაარტყა და ხუთჯერვე - ზუსტად. გოლის გატანასთან ლეო ყველაზე ახლოს ბოლოსკენ იყო, როცა მისი "გასროლა" ინგლისელთა კარის ხარიხამ უკუაგდო. ამ თამაშში მან შეტევის მარჯვენა ფლანგზე ითამაშა. სწორედ ამ თამაშში მოხდა ინციდენტი, რამაც საბოლოოდ "ბარსას" მოუტანა წარმატება - ბასკი ასიერ დელ ორნო დაიღალა მესის დევნით და ისე ეუხეშა მას, რომ მოედნიდან მიაბრძანეს.


2. 2006 წლის მარტი: "ბარსელონა-"ჩელსი" 1:1
საპასუხო მატჩის დასაწყისში მესი ძალზე აქტიური იყო, მაგრამ 25-ე წუთზე ის ატირებული სტოვებდა მოედანს - ლეომ მარჯვენა ფეხის კუნთი გაიწყვიტა. ამ ტრავმამ ლეოს მთელი დარჩენილი სეზონი გაუცდინა.


3. 2006 წლის ოქტომბერი: "ჩელსი"-"ბარსელონა" 1:0
"ჩელსი" და "ბარსელონა" ახლა ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე მოხვდნენ ერთად. მესიმ ამ თამაშში ორი ძალიან კარგი შანსი გაუშვა ხელიდან, ჯერ მისი დარტყმული მეკარე ილარიომ აიღო, შემდეგ კი თავით ააცილა ბურთი კარს. დიდიე დროგბამ გაიტანა და მოურინიოს "ბარსაზე" შური აძიებინა.


4. 2006 წლის ოქტომბერი: "ბარსელონა"-"ჩელსი" 2:2
ალბათ, ყველას ეს თამაში ფრენკ ლემპარდის უზადო დარტყმით და დროგბას მიერ ბოლო წუთზე შეგდებული გოლით ახსოვს. მესი შედარებით უკანა პლანზე იყო, ერთხელ ძალიან კარგი პასი მისცა რონალდინიოს, ილარიო კი არ შეუწუხებია. "ბარსასგან" გოლები სულ სხვებმა, დეკუმ და გუდიონსენმა გაიტანეს.


5. 2009 სექტემბერი: "ინტერი"-"ბარსელონა" 0:0
სამი წლის შემდეგ ჟოზე მოურინიო ისევ გადაეყარა მესის, ახლა "ინტერთან" ერთად. ეს გუნდები ლიგის ერთ ჯგუფში მოხვდნენ. მესის ორჯერ შეეძლო გატანა - პირველ ტაიმში მას სასწაულებრივ (ცალი ხელით) აუღო ჟულიო სეზარმა, მატჩის მიწურულს კი ბოლო მომენტში კრისტიან კივუმ იყოჩაღა. ნოემბერში უკვე "ბარსამ" 2:0 მოიგო, მაგრამ იმ შეხვედრაში მესის მონაწილეობა არ მიუღია - ის მთლად ჯანზე არ იყო და სათადარიგოთა სკამიდან უყურა თამაშს.


6. 2010 წლის აპრილი: "ინტერი"-"ბარსელონა" 3:1
ჩემპიონთა ლიგის პირველი ნახევარფინალური მატჩი. კატალონიელები აშკარა ფავორიტები იყვნენ, მაგრამ მოურინიოს გუნდისგან მოულოდნელი მარცხი იწვნიეს. წინა რაუნდში ლეომ 4 გოლი გაუტანა "არსენალს", მილანურ შეხვედრასაც მაგარ ფორმაში შეხვდა, მაგრამ მილანში არაფერი გამოუვიდა. არ დაგვავიწყდეს ერთი დეტალი, თუმცა მნიშვნელოვანი - იმ დროს ევროპის ცა ვულკანურ ფერფლს ჰქონდა დაფარული და ფრენები არ იყო, "ბარსელონას" იტალიაში ავტობუსით მოუწია ჩასვლა.


7. 2010 წლის აპრილი: "ბარსელონა"-"ინტერი" 1:0
მოგება, რომელიც მარცხის ტოლფასი იყო, ჟოზემ ორი მატჩის ჯამში დაამარცხა "ბარსა" და "ინტერი" ფინალში გაიყვანა, შემდეგ კი ლიგა მოაგებინა. პირველ ტაიმში მესი დაახლოებით 15 მეტრიდან ურტყამდა სახიფათოდ. "ბარსა" უტევდა, "ინტერი" კი მონდომებით შლიდა კატალონიელთა შეტევებს, პიკეს გოლი კი საკმარისი არ აღმოჩნდა.


8. 2010 წლის ნოემბერი: "ბარსელონა"-"რეალი" 5:0
ეს იყო მესისა და ჟოზეს პირველი დაპირისპირება ესპანეთის ჩემპიონატის მატჩში. ეს დაპირისპირება "ბარსას" სრული ტრიუმფით, ხოლო "განსაკუთრებულის" სრული კრახით კი დასრულდა, მაგრამ მესის არც ამ თამაშში გაუტანია გოლი. უკვე მე-4 წუთზე მან "რეალის" კარის ძელს მოარტყა ბურთი, ისედაც, სტუმართა მცველებს მესის ფინტები "ყელში ეჩხირებოდათ", მაგრამ საქმე არგენტინელის გოლამდე არ მისულა.






.
მკითხველის კომენტარები / 2 /
ამ ტრადიციას ბოლო მოეღება. დგეს თუ არა უახლოეს ელკლასიკოებში უეჭველი გაუტანს მე სი რეალს
0
მესი უეჭველი დაარღვევს ამ უსიამოვნო ტრადიციას , მგონია რომ ეს დღეს მოხდება
tornike_zugdidi
13:58 16-04-2011
0

სიახლეები პოპულარული