დუელიანტები - ”რეალი”-”ბარსელონა”

AutoSharing Option
გვაპატიონ "ვალენსიას", "ატლეტიკოს", "ბილბაოსა" და სხვათა გულშემატკივრებმა, ტურის წყვილთა ჩამონათვლის გარდა მათზე არაფერს დავწერთ - დღეს ხომ "ელ კლასიკოა"?!

დღეს უკვე არსებობს საკლუბო მსოფლიოს ჩემპიონატი და ის სულ სხვა ტურნირია, თუმცა მადრიდის "რეალისა" და "ბარსელონას" დაპირისპირებას მთელს მსოფლიოში ისეთი დაინტერესება აქვს, როგორიც კლუბებს შორის მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალს შეეფერება და წარმოიდგინეთ, დღეიდან 3 მაისამდე ეს ფინალი ოთხჯერ გვექნება "მენიუში"!

და რატომ დუელიანტები? დღევანდელი "ელ კლასიკო" ერთი დიდი და რამდენიმე მიკროდუელისგან შედგება. ყველაზე მთავარი, რა თქმა უნდა, "რეალისა" და "ბარსას" დაპირისპირებაა, თუმცა
ჟოზე მოურინიოსა და ხოსეპ გვარდიოლას დაპირისპირებაზე რას იტყვით? ლეო მესი vs კრიშტიანო რონალდო - როგორია? ანდა იკერ კასილიასი და ვიქტორ ვალდესი, ორი მსოფლიოს ჩემპიონი გოლკიპერი აქეთ-იქით.

ჩამონათვლის გაგრძელება შეგვიძლია მისხლის-მისხლამდე, დიახ, ასეთი მაგარი "კლასიკო" გველის - არადა, თითქოს, ეს მატჩი ლა ლიგის გამარჯვებულის ვინაობას ვეღარ შეცვლის.

"პრაიმ თაიმ სპორტსმა" გამოითვალა და გამოაქვეყნა, რომ ოთხივე "კლასიკოს" ჯამში 350-მილიონიანი ტელეაუდიტორია ეყოლება. მათივე ინფორმაციით, გულშემატკივართა დაინტერესების პიკი ჩემპიონთა ლიგის საპასუხო ნახევარფინალზე მოვა - მოკლედ, ფეხბურთის გულშემატკივრებს ახლავე შეუძლიათ ხელები სიამოვნებისგან მოიფშვნიტონ.

ჟოზე მოურინიოს ცუდად ახსოვს ბოლო "კლასიკო", გვიანი ნოემბრის დაპირისპირება "კამპ ნოუზე" - მან კარიერაში ყველაზე მწარე მარცხი აქ იწვნია, 0:5 წააგო. "სამეფო კლუბის" რბევას ნიშანი მესიმ მისცა, როცა ბურთი ძელს გაარტყა. შესვენებამდე "ბარსა" ჩავის და პედროს გოლებით იგებდა, მეორე ტაიმში "რეალი" მუხლებზე დააჩოქეს, ორი გოლი დავიდ ვილიამ გაიტანა, ერთიც ჟეფრენმა. სერხიო რამოსმა კი წითელი ბარათი დაიმსახურა.


იცით, თუ არა რომ...
ბოლო 6 მატჩში "რეალმა" ყოჩაღად დაიწყო "კლასიკოები", - პირველ 15 წუთში 4 გოლი გაიტანა (6 მატჩში).

"რეალი" ამ სეზონში ყველაზე ძლიერია ლიგაში პირველ 15 წუთში - 11-ჯერ შეძლო მატჩის დასაწყისში ანგარიშის გახსნა

მატჩის პირველ 15 წუთში "ბარსას" ჯერ გოლი არ გაუშვია ამ სეზონში

"რეალის" ესპანელმა ფეხბურთელებმა სულ ორი გოლი გაიტანეს ამ სეზონში - ერთხელ ჩაბი ალონსომ, ერთხელაც ესტებან გრანერომ.
ქვეყნის 31-გზის ჩემპიონმა ამ სეზონში ყველაზე ნაკლები გოლი გაუშვა სტანდარტული მდგომარეობიდან - 3. ასევე ყველაზე ნაკლები ბურთი გაუშვა, როცა მეტოქე ცაციათი ურტყამდა - 3.

"ბარსა" ლა ლიგაში ყველაზე ცუდად ურტყამს თავით, გოლების რიცხვით მხოლოდ "ხეტაფესა" და "ესპანიოლს" უსწრებს. სამაგიეროდ, "ბარსამ" ყველაზე მეტი გოლი გაიტანა საჯარიმოს გარედან - 14.

"ბარსელონამ" ბოლო 5 "კლასიკო" მოუგო "რეალს", რაც ამ გუნდების დაპირისპირებაში ყველაზე დიდი მოგებათა სერიაა.

პედრო ერთადერთი ფეხბურთელია, რომელმაც ბოლო ორ "კლასიკოზე" გაიტანა. ლეო მესიმ გაიტანა ბოლო 2 მატჩში "ბერნაბეუზე".


სკანდალი
სადაც მოურინიოა სკანდალიც იქვეა, გუშინ პორტუგალიელმა ესპანური მედიის დიდი რისხვა დაიმსახურა. აი, რა მოხდა: "რეალის" წინასამატჩო პრესკონფერენციაზე მწვრთნელს უამრავი რეპორტიორი ელოდა. ჟოზე ასისტენტ აიტორ კარანკასთან ერთად გამოცხადდა, თუმცა დარბაზში მისვლის შემდეგ იქ ასისტენტი დატოვა, თავად კი გაუჩინარდა. ეს კი ვეღარ მოითმინა ადგილობრივმა მედიამ და როცა კარანკამ კითხვებზე პასუხის გაცემა დაიწყო, ყველა ესპანელმა ჟურნალისტმა პროტესტის ნიშნად დატოვა პრესკონფერენცია. იქ მხოლოდ უცხოელები დარჩნენ.

პირველი კითხვა, რაც კი კარანკას დაუსვეს, მოურინიოს უჩვეულო სიჩუმეს ეხებოდა: "როდესაც მწვრთნელი რაიმე საკითხზე ლაპარაკობს, პრესაში ეს არასწორი აქცენტებით იბეჭდება. სწორედ ეს მგონია, მიზეზი, რის გამოც არ ინება მოურინიომ პრესკონფერენციაზე დარჩენა. ჩვენ არ გვსურს ბევრი ხმაური - ჩვენ ხომ პირველად არ ვაკეთებთ ასე, ბილბაოშიც მე ვპასუხობდი შეკითხვებს. ეს ჩვენს თამაშზე ნამდვილად არ აისახება."

ამის შემდეგ უცხოელმა ჟურნალისტებმა ბასკ სპეციალისტს ჰკითხეს, ხომ არ ფიქრობს, რომ ამით მოურინიომ შეურაცხყოფა მიაყენა "რეალის" გულშემატკივრებს. კარანკა მათ კატეგორიულად არ დაეთანხმა: "რას ფიქრობენ ფანები, ეს სტადიონზე და ქუჩებში გამოჩნდება. ფანებს სურთ მწვრთნელი, რომელიც ყოველი ქულისთვის გააფთრებით იბრძვის." კარანკამ არ ისურვა ესპანური მედიის ბოიკოტის შეფასება.

მოკლედ, მეტი ეს თითქმის ჩაშლილი პრესკონფერენცია არც გაგრძელებულა. სამაგიეროდ, კლუბების პრეზიდენტებმა, სანდრო როსელმა და ფლორენტინო პერესმა მაგალითი მისცეს სხვებს და სასტუმრო "ვესტინ პალასში" ერთობლივი შეხვედრა მოაწყვეს მედიასთან.

ჟოზე მოურინიომ თამაშისთვის 19 ფეხბურთელი შეარჩია, დღეს მათ ერთ-ერთ მეკარეს (ადანს ან დუდეკს) გამოაკლებს და 18 კაცს განაცხადში შეიყვანს. ტრავმა მოიშუშა ბენზემამ, გრიპი მოირჩინა ხედირამ, გრანერო "კლასიკოს" დისკვალიფიკაციის გამო დააკლდება, ხოლო პედრო ლეონი და კანალესი, ჟოზემ არ შეიყვანა სიაში, ტრავმების გამო თამაშს ლასანა დიარა და გაგო გამოტოვებენ.


ოთხი კლასიკო ერთად... 95 წლის წინათ
ეს პირველი შემთხვევა სულაც არ არის, როცა ევროპული ფეხბურთის ეს ორი გრანდი ერთმანეთს დროის მოკლე მონაკვეთში 4-ჯერ ხვდება. თუმცა ანალოგიური შემთხვევის მოსანახავად 95 წლის წინანდელი ამბები უნდა გავიხსენოთ - 1915-16 წლების სეზონში "რეალი" და "ბარსელონა" ზედიზედ ოთხჯერ გაეჯიბრა ერთმანეთს. სწორედ მაშინ მომხდარმა ამბებმა დაუდო სათავე ამ ორი გუნდის მტრობას.

მაშინდელმა "ბარსამ" ესპანეთის ჩემპიონატში თამაშის უფლება კატალონიის პირველობაზე ყველა თამაშის მოგებით მოიპოვა. კარს იცავდა ლუის ბრუ, ნახევარდაცვის ლიდერი იყო რამონ ტოლარბა, ხოლო შეტევაში ვისენჩ მარტინესი (29 მატჩში 32 გოლი) და პაულინო ალკანტარა (24 მატჩში 33 გოლი) ბრწყინავდნენ.

მადრიდულმა გუნდმა მოიგო ცენტრალური ჩემპიონატი და იმ გუნდში ყველაზე გამორჩეული ფეხბურთელი სანტიაგო ბერნაბეუ იყო, რომელიც შემდგომში სიკვდილამდე "სამეფო კლუბის" პრეზიდენტი იყო (1943 წლიდან 1978 წლამდე).

მაშ ასე, ეს ორი გუნდი პირველად 1916 წლის მარტის ბოლოს "კარერ მონტანერზე" (რომელიც "ესპანიოლის" სტადიონი იყო) შეხვდნენ ჩემპიონატის პირველ ნახევარფინალურ მატჩში. "ბარსამ" ეს თამაში მარტინესისა და ალკანტარას გოლებით 2:1 მოიგო, შეხვედრა ძალზე უხეში გამოდგა. შედეგად მასპინძელი ბაონსა დაამტვრიეს, თუმცა მაშინ შეცვლები არ არსებობდა. აპრილის დასაწყისში საპასუხო მატჩი ო'დონელის სტადიონზე (რომელითაც "ატლეტიკო" სარგებლობდა) გაიმართა. "ბარსელონას" ორმა ფეხბურთელმა მატარებლის გამო ვერ ჩამოუსწრო დროულად მატჩს, ამიტომ გუნდმა 9 კაცით დაიწყო და მხოლოდ ნახევარი საათის შემდეგ ითამაშა სრული შემადგენლობით. მართალია, მარტინესმა ანგარიში გახსნა, მაგრამ ბერნაბეუმ ჰეთ თრიკი შეასრულა, ერთი გოლიც პეტიტმა გაიტანა, "რეალმა" 4:1 მოიგო. მაშინ ბურთების სხვაობას მნიშვნელობა არ ჰქონდა, დაინიშნა დამატებითი მატჩი.

11 დღის შემდეგ იმავე სტადიონზე მე-3 თამაში გაიმართა - ეს იყო ეპიკური მატჩი, რომელიც დამატებით დროში 6:6 მორჩა. ეს თამაში "რეალის" ყოფილმა ფეხბურთელმა და იმ დროს კლუბის წევრმა იმსაჯა, ალკანტარამ ჰეთ თრიკი შეასრულა, მეკარე ბრუმ სამიდან 2 პენალტი მოიგერია, ერთ-ერთი თავით!

15 აპრილს ისევ იქ მეოთხე მატჩი დაინიშნა. მარტინესმა დააწინაურა სტუმართა გუნდი, მაგრამ ბერნებეუმ გაათანაბრა. მეორე ტაიმშიც გაცვალეს გუნდებმა გოლები. თამაში სრულდებოდა, როცა მსაჯმა პენალტი დანიშნა კატალონიელთა კარში, ბრუმ ისევ იყოჩაღა. დამატებით დროში რეალელმა სოტერო არანგურენმა დუბლი შეასრულა, მაგრამ სტუმართა გუნდმა პროტესტის ნიშნად დატოვა მოედანი, ისინი თამაშგარესა და შემდეგ მეკარეზე ჯარიმას აპროტესტებდნენ. სხვათა შორის, ფინალი "რეალმა" 0:4 წააგო "ბილბაოსთან".


თუ წავაგებთ...
ამ ძალიან საინტერესო ისტორიის შემდეგ ისევ დღევანდელობას დავუბრუდეთ - ხოსეპ გვარდიოლას არ ეყოლება ხავიერ მასკერანო, რომელიც დისკვალიფიცირებულია. ტრავმა ბოლომდე მოირჩინა კარლეს პუიოლმა, მაგრამ ათამაშებს კი მას პეპი, საკითხავია. თუ მწვრთნელი გარისკავს, ბუსკეტსი თავის ჩვეულ პოზიციაზე ითამაშებს, თუ არადა ორი ვარიანტია, დაცვაში ან ბუსკეტსი იქნება (და შუახაზში კეიტა), ან კიდევ პიკეს გაბრიელ მილიტო შეუწყვილდება.

სხვათა შორის, გვარდიოლამ დაპირისპირების ფავორიტად "რეალი" დაასახელა: "თუ ამ თამაშს წავაგებთ ლა ლიგის ჩემპიონის საკითხი ღიად დარჩება", - აცხადებს "ბლაუგრანას" თავკაცი.






.
მკითხველის კომენტარები / 1 /
დღეს თამაში ბარსელონას უპირატესობით წარიმართება და რეალს "დ ა ა ნგ რეეე ვ ეეენ" თუნდაც ფრე, რეალისთვის წაგების ტოლფასია და ერთი ქულის შემთხვევაში შეგვიძლია გვარდიოლას ჩემპიონობა მივულოცოთ, ხოლო რეალს საშვილიშვილოოდ მოეჭრება თავიიიიიი..:)
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული