ჟორდი როურა - ვინ არის "ბარსელონას" დროებითი მწვრთნელი?

AutoSharing Option
20 დეკემბერს "ბარსელონას" 44 წლის თავკაც ტიტო ვილანოვას ყელ-ყურის სიმსივნის ხელმეორე ოპერაცია ჩაუტარეს.

ექიმთა მტკიცებით, ყველაფერმა წარმატებით ჩაიარა. ტიტო კიდევ 3-4 დღეს დარჩება ჰოსპიტალში, შემდეგ კი შინ გაწერენ და თვენახევრის განმავლობაში ქიმიოთერაპიის და დასხივების კურსებზე მოუწევს სიარული.

ჯერჯერობით ძალიან რთულია თარიღზე საუბარი, როდის შეძლებს ან შეძლებს კი ვილანოვა მთავარი მწვრთნელის მოვალეობის შესრულებას.

ოპერაციამდე ტიტო გუნდს შეხვდა და ხუთწუთიანი სიტყვითაც მიმართა. მედიასთან საუბარში კი "ბ
არსელონას" თავკაცმა აღნიშნა, რომ პირველი შემთხვევისგან განსხვავებით, არც ისე რთულადაა საქმე.

სიმსივნე სულ სხვა ადგილზეა და ოპერაციაც არ გაჭირდება. შეგახსენებთ, რომ სიმსივნე "ბარსას" თავკაცს შარშან, შემოდგომით დაუდგინეს (მაშინ ის ხოსეპ გვარდიოლას ასისტენტი იყო) და ოპერაციაც გაუკეთეს, მაგრამ სიმსივნე ავთვისებიანი აღმოჩნდა და ვილანოვას ხელმეორე ოპერაცია დასჭირდა.

ამასობაში ანდონი სუბისარეტა უარყოფს ხმებს, თითქოს "ბარსელონამ" ხოსეპ გვარდიოლას მიმართა.

"გუნდის თავკაცი არის ტიტო ვილანოვა და მომავალშიც ასე იქნება. გვარდიოლასთვის არ მიგვიმართავს და არც ვაპირებთ", - განაცხადა სუბისარეტამ.

კარლეს პუიოლი ("ბარსელონას" კაპიტანი): "ძალიან მძიმე დღე იყო, მაგრამ ტიტომ აქეთ გაგვამხნევა და ძალები შეგვმატა. სასიხარულოა, რომ ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა".

ვილანოვას ოქროს შემოდგომა
ტიტო ვილანოვამ "ბარსელონადან" წასული გვარდიოლა 16 ივლისს შეცვალა. გვარდიოლას საოცარი ხანის შემდეგ ბევრი ეჭვობდა, რომ მისი ყოფილი ასისტენტი ასე წარმატებული ვერ იქნებოდა.

თავიდან "ბარსამ" ესპანეთის სუპერთასი ორრაუნდიან ბრძოლაში დათმო ჟოზე მოურინიოს "რეალთან" და ამით ეჭვები უფრო გაძლიერდა.

სკეპტიკოსთა საპასუხოდ, ვილანოვამ ლა ლიგის ყველა დროის რეკორდი მოხსნა - 16 ტურში 15 გამარჯვება და ერთადერთი ფრე ("რეალთან").

"ბარსა" მეორეადგილოსან "ატლეტიკოს" 9 ქულით, ხოლო მადრიდის "რეალს" 13 ქულით, უსწრებს. ტიტოს გუნდი იოლად გაუმკლავდა მეტოქეებს ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე (წააგო მხოლოდ სტუმრად "სელტიკთან") და პირველი ადგილით გავიდა პლეი ოფში (სადაც "მილანი" შეხვდება).

"ბარსა" იოლად გავიდა ესპანეთის თასის მერვედფინალშიც, სადაც პირველი მატჩი სტუმრად აქვს მოგებული და თითქმის გადაწყვეტილი აქვს მეოთხედფინალში გასვლის ამოცანაც.

შაბათს გუნდი 2012 წლის ბოლო მატჩს გამართავს, პრიმერადივიზიონის მე-17 ტურში "ვალიადოლიდს" ესტუმრება.

ტიტო ჰოსპიტალში ტელევიზორით თუ უყურებს ამ თამაშს. "ბარსას" მოედანზე მისი ასისტენტი ჟორდი როურა გაიყვანს.

ვინ არის ჟორდი როურა
45 წლის როურა ტიტო ვილანოვას ასისტენტია და გუნდს მანამდე გაუძღვება, სანამ ტიტო გამოჯანმრთელდება. ის "ბარსელონას" ყოფილი ფეხბურთელია.

კლუბის ხელმძღვანელობა ენდობა როურას, ისევე, როგორც ტიტო, ეს ორი ხომ "ლა მასიაში" ერთად იზრდებოდა.

სანამ ასისტენტად დააწინაურებდნენ, როურას სკაუტობა და მომავალი მეტოქეების დაზვერვა ევალებოდა.

ჟირონელ როურას 2 სეზონის განმავლობაში სულ 10 მატჩი აქვს ნათამაშები "ბარსელონაში". 1988-89 წლების სეზონში მისი დებიუტი იოჰან კრუიფის მწვრთნელობის დროს შედგა.

მაგრამ როურას კარიერას ხაზი მუხლის სერიოზულმა ტრავმამ გადაუსვა - ეს ევროპის სუპერთასზე "მილანთან" დაიმტვრა. რაოდენ სიმბოლურია, რომ 20 დეკემბერს სწორედ "მილანი" ერგო "ბარსას" მეტოქედ.

ამის შემდეგ როურამ მაღალ დონეზე თამაში ვერ შეძლო. 1991 წელს ის "ბარსამ" გაუშვა. დაბალი დონის გუნდებში 3 სეზონის გატარების მერე როურამ 26 წლის ასაკში მწვრთნელობა გადაწყვიტა.

1996 წელს კარლოს რექსაჩმა ის იაპონურ "იოკოჰამა ფლიუგელსში" წაიყვანა ასისტენტად. მისი პირველი გუნდია (მთავარი მწვრთნელის რანგში) კატალონიური "ოსპიტალეტი".

2009 წლიდან გვარდიოლას ეხმარებოდა მეტოქე გუნდების ანალიზში, მისი წასვლის მერე კი ტიტო ვილანოვას ასისტენტი გახდა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული