ესპანეთის ჩემპიონატი ვარსკვლავებისგან იცლება

AutoSharing Option
1 ივნისს დასრულდა ესპანეთის რიგით 82-ე ჩემპიონატი ფეხბურთში. "ბარსელონამ" 25-ქულიანი უპირატესობით აჯობა "რეალს" და ჩემპიონი გახდა. ლა ლიგა ერთ-ერთი საუკეთესო პირველობაა და იქ უამრავი ვარსკვლავი თამაშობს, მაგრამ სახიფათო ტენდენციაც შეიმჩნევა...

ბოლო წლებში ესპანური პირველობა თავის ვარსკლავებს კარგავდა, განსაკუთრებით ეს ესპანეთის ეროვნულ ნაკრებში დამკვიდრებულ ფეხბურთელებს შეეხებოდა (დავიდ სილვა, ხუან მატა, ფერნანდო ტორესი). წლეულს, ეს ტენდენცია უფრო მკვეთრი გახდა და ესპანელების გარდა ლეგიონერებიც მოიცვა.

ამ სეზონის შემდეგ მადრიდის "ატლეტიკო" დატოვა რადამელ ფალკაომ, ის ფრანგულ "მონაკოში" გადავიდა. არადა, ლეო მესის და კრიშტიანო რონალდოს
შემდეგ ყველაზე მეტი გოლი კოლუმბიელმა გაიტანა ჩემპიონატში - 28. მან კი ესპანეთი ლიგა 2-დან დაწინაურებულ კლუბში თამაში არჩია, სადაც მეტი ფულია.

"სევილიამ" ვერ შეინარჩუნა ლიდერები ხესუს ნავასი და ალვარო ნეგრედო, სავარაუდოდ ორივე ნისლიან ალბიონზე მიდის, პირველი თითქმის შეუთანხმდა "მანჩესტერ სიტის". ბილბაოს "ატლეტიკიდან" "იუვენტუსში" გადავიდა ფერნანდო ლორენტე, მის გზას დაადგა "რეალის" ფორვარდო გონსალო იგუაინიც. დავიდ ვილიამაც ბოლო მატჩი ითამაშა "ბარსელონაში" და ისიც ინგლისში მიდის.

შესაძლოა, რიკარდო კარვალიო "რეალის" დონეს ვეღარ აკმაყოფილებს, მაგრამ სხვა ესპანურ კლუბში თამაშს, პორტუგალიელმა "მონაკო" არჩია. "მალაგას" ნახევარმცველი ხოაკინ სანჩესი იტალიაში გადადის სათამაშოდ. დიდი შანსია, ისკომაც სხვაგან მოძებნოს ნავსაყუდელი, თუ მას "რეალი" არ იყიდის, სხვა ესპანურ კლუბში ეს ახალგაზრდა ნახევარმცველი ნამდვილად არ გადავა და არც ანდალუსიაში აპირებს დარჩენას.

წვრილ-წვრილ ვარსკლავებს აღარ ჩამოვთვლით, რომლებიც ასევე ტოვებენ ლა ლიგას (მაგალითად, პედრო ლეონი "ხეტაფედან", ჯოვანი დოს სანტოსი "მალიორკადან"), რომლებმაც შესაძლოა, მერე ისე გაიბრწყინონ, როგორც ეს "სუონსიში" ლამის უფასოდ გადასულმა მიჩუმ შეძლო.

მიდის საუბრები კიდევ ერთი პლეიმეიქერის, ბენიატ ეჩებარიას ინგლისში გადასვლაზე. მოკლედ, ლა ლიგა თვალსა და ხელს შუა ღარიბდება საინტერესო ფეხბურთელებისგან.

და რას მიიღებს ესპანური ფეხბურთი სანაცვლოდ? "ბარსელონამ" 21 წლის ნეიმარი "სანტოსიდან" გადმოიყვანა. ეს არის და ეს. დანარჩენი ან მხოლოდ ჭორის დონეზე "გაჩარხული" ტრანსფერია (გარეთ ბეილი, ლუის სუარესი, ტიაგო სილვა) ან სულაც არაფერი არ ისმის. როგორ ფიქრობთ, შეძლებს "ატლეტიკო" რადამელ ფალკაოს დონის ვარსკლავის დამატებას სხვა ლიგებიდან, რა თქმა უნდა ვერა!

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
პელეს მემკვიდრე "ბარსელონაში"
"მანჩესტერ სიტი" ხესუს ნავასს შეუთანხმდა
გონსალო იგუაინი "იუვენტუსს" უახლოვდება
"ტოტენჰემი" და "ატლეტიკო" დავიდ ვილიას სანაცვლოდ 12 მილიონ ევროს იხდიან
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული