მსოფლიოს რეკორდი: 28 მატჩი წაუგებლად!

AutoSharing Option
კონფედერაციათა თასის ჯგუფური ეტაპის ბოლო მატჩში ვისენტე დელ ბოსკეს ესპანეთის ნაკრებმა 3:0 დაამარცხა ნიგერია, ნახევარფინალში იტალიასთან რანდევუ დაიბევა და დაამყარა მსოფლიოს ახალი რეკორდი...

ვინ გაიმეორებს ჰიტცფელდის გმირობას?
სამი წლისა და 10 დღის წინ, მსოფლიოს 2010 წლის ჩემპიონატის პირველ მატჩში ესპანეთის ნაკრები შვეიცარიას შეხვდა. დურბანში (სამხრეთი აფრიკა) შეკრებილმა 62 ათასმა ადამიანმა სენსაცია იხილა - ოტმარ ჰიტცფელდის გუნდმა "ფურია როხას" 1:0 მოუგო. გამარჯვების გოლი იკერ კასილიასის კარში ჟელსონ ფერნანდესმა გაიტანა.

მას მერე "ფურია როხამ" 28 ოფიციალური მატჩი გამართა და ჯერ ერთხელაც არ
წაუგია. ეს არის მსოფლიოს ახალი რეკორდი. შვეიცარიასთან წაგების შემდეგ ესპანელებმა მუნდიალის დარჩენილ 6 მატჩში, შემდეგ ევროპის ჩემპიონატის 8 შესარჩევ შეხვედრაში, ევრო 2012-ის 6 მატჩში, მუნდიალის 5 შესარჩევ დაპირისპირებაში (მათ შორის, საქართველოსთან თბილისში) და კონფედერაციათა თასის 3 მატჩში აღარ წააგეს.

წინა რეკორდი ეკუთვნოდა საფრანგეთის ეროვნულ ნაკრებს, რომელიც გასული საუკუნის ბოლოს დამყარდა. ფრანგებმა ზედიზედ 27 ოფიციალურ მატჩში არ წააგეს. მათი რეკორდული სვლა ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ მატჩში რუსებმა შეწყვიტეს, როცა სტუმრად 3:2 დაამარცხეს "მამლები". იმ შეხვედრაში სერია ვალერი კარპინის გოლმა შეწყვიტა 86-ე წუთზე.

შვეიცარიასთან მარცხის შემდეგ ვისენტე დელ ბოსკეს შეგირდები ოთხჯერ დამარცხდნენ, მაგრამ ოთხივე დაპირისპირება ამხანაგური იყო: არგენტინასთან (1:4), პორტუგალიასთან (0:4), იტალიასთან (1:2) და ინგლისთან (0:1). ინგლისელებთან წაგების შემდეგ "ფურია როხას" არ წაუგია ზედიზედ 25 შეხვედრაში (როგორც ოფიციალურში, ასევე ამხანაგურში). რომელ წაგებაზეა ლაპარაკი, როცა ამ 25 მატჩიდან ესპანელებმა 21 მოიგეს და მხოლოდ 4 დაასრულეს ფრედ. მსოფლიოს ფეხბურთში ესპანეთის ნაკრების დომინაცია აშკარაა.

8 ბლაუგრანა სასტარტოში
ვისენტე დელ ბოსკემ ნიგერიასთან შეხვედრაში 11 ფეხბურთელიდან 8 "ბარსელონას" წევრი გამოიყვანა. ასეთი რამ ისტორიაში აქამდე მხოლოდ ერთხელ მოხდა - პოლონეთთან მატჩში... 54 წლის წინათ!

სასტარტო შემადგენლობიდან მხოლოდ ორი მცველი და ფორვარდი არ იყო ბარსელონელი - ალვარო არბელოა და სერხიო რამოსი - მოგეხსენებათ, მადრიდის "რეალის" წევრები არიან, ხოლო რობერტო სოლდადო "ვალენსიას" შემტევია. დელ ბოსკეს რეკორდის დამყარებაც შეეძლო - თუკი შეტევის ხაზში სოლდადოს ნაცვლად დავიდ ვილიას დააყენებდა.

კონფედერაციათა თასზე 23-კაციან განაცხადში "ბარსელონას" წარმომადგენელი 9 ფეხბურთელია (ნაკრებს "ბარსას" სასტარტო შემადგენლობიდან მხოლოდ ლეო მესი და დანი ალვეში აკლია ობიექტური მიზეზის გამო), მაშინ, როცა "რეალს" 4 ფეხბურთელი წარადგენს. ამათ გარდა, პრიმერა დივიზიონის წარმომადგენელი მხოლოდ სოლდადოა, 9 ფეხბურთელი კი ლეგიონერია, რომელთაგანაც ხავი მარტინესის (ბაიერნი) გარდა, ყველა ინგლისურ პრემიერლიგაში თამაშობს: 3 "ჩელსიში" (ტორესი, მატა, ასპილიკუეტა), 2 "მანჩესტერ სიტიში" (სილვა, ნავასი), 2 "არსენალში" (კასორლა, მონრეალი) და ერთიც "ლივერპულში" (რეინა).

როცა სისტემა კარგად მუშაობს...
ნიგერიელებთან მატჩის შემდეგ დელ ბოსკე ყველაფრით კმაყოფილი ჩანდა. მას არც ჟორდი ალბას დუბლი გაკვირვებია, მიუხედავად იმისა, რომ მარცხენა მცველისთვის ეს პირველი დუბლი იყო კარიერაში.

"როცა სისტემა კარგად მუშაობს, როცა სიტუაცია მატჩში საშენოდაა, ყველას შეუძლია თავი გამოიჩინოს: სიტყვაზე, ალბა წავიდეს წინ, შეუტიოს და თან ამით გუნდის ბალანსი არ დაირღვეს. ეს ის ფეხბურთია, რომელიც მე მომწონს, რომელიც ჩვენ მოგვწონს. ჩვენ ყველანი ვართ მცველები, ნახევარმცველები და თავდამსხმელები".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ნიგერია-ესპანეთი 0:3 - ახალი მსოფლიო რეკორდი! [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული