დაბრუნებული ღიმილი - ინტერვიუ იკერ კასილიასთან

AutoSharing Option
2012/13 წლების სეზონი ყველაზე უცნაური იყო 32 წლის იკერ კასილიასის კარიერაში. ზამთარში მან ხელი მოიტეხა, დაბრუნებულმა კი აღმოაჩინა, რომ ადგილისთვის ბრძოლა მოუწევდა.

ასე დარჩა "რეალის" კაპიტანი და ლეგენდა თითქმის 5 თვე უთამაშებელი. აქამდე არასოდეს შეპარვიათ ეჭვი, რომ კარში იკერი უნდა მდგარიყო.

ესპანეთი-იტალიის ნახევარფინალური მატჩის წინ მას ფიფას ოფიციალურმა საიტმა ჩამოართვა ინტერვიუ, რომელშიც იკერმა სხვა საკითხებთან ერთად, მისი კარიერის ყველაზე ბნელ დროებაზეც ილაპარაკა.

- რა გრძნობა დაგეუფლათ, როცა ამდენი ხნის შესვენების შემდეგ ისევ კარში ჩადექით? მართლა ხელახალი დებიუტივით იყო?
- ეს,
რა თქმა უნდა, არ იყო ზუსტად ის შეგრძნება, რაც დებიუტისას მქონდა, მაგრამ ძალიან კი ჰგავდა. როდესაც 5 თვე არ თამაშობ, ძნელია, საჭირო დროს საჭირო ფიქრებს მოუყარო თავი. ამ დროს გეხმარება, როცა გვერდში ვინმე დაგიდგება - მე კი გამიმართლა, რომ ასეთი კარგი მწვრთნელი და თანაგუნდელები მყავს ნაკრებში. მათ ძალიან გამიადვილეს. მეკარეს თავდაჯერებას მხოლოდ თამაში მატებს, როცა ხედავ, რომ გენდობიან, ეს ძალიან გეხმარება.

- ამიტომაც თქვენთვის განსაკუთრებული იქნებოდა ურუგვაისთან მატჩში ბურთთან პირველი შეხება...
- მე მჯერა, რომ ბურთთან პირველი შეხება თითქმის ყოველთვის განსაზღვრავს, როგორ წარიმართება ის შეხვედრა. საბედნიეროდ, ყველაფერი კარგად წარიმართა. ვიცოდი, რომ ჩემ მიმართ ინტერესი დიდი იყო. ამიტომ გადავწყვიტე, არაფერზე არ მეფიქრა, მხოლოდ კარგად მეთამაშა.

- ესპანეთის ნაკრების ყოველ ტრიუმფს ამშვენებს თქვენი ფოტო კაპიტნის სამკლავურით და თასით ხელში. ბოლო დროს არ გაგიჩნდათ შიში, რომ მსგავსი აღარ განმეორდებოდა?
- როცა გოლკიპერს ექიმი ეტყვის, რომ ხელი მოიტეხა, ასეთი ეჭვი ბუნებრივად ჩნდება. საბედნიეროდ, რეაბილიტაციის პროცესმა მოსალოდნელზე ცოტა დრო წაიღო. კარგად ვიცოდი, რომ კლუბში უთამაშებლობა ჩემს სანაკრებო შანსებსაც ამცირებდა, მაგრამ ვისენტე დელ ბოსკე მუდმივად ინტერესდებოდა ჩემი მდგომარეობით. საბედნიეროდ, მოტეხილობაც საოცრად კარგად შეხორცდა, მგონი, ხელს ახლა უკეთ ვხმარობ.

- დაბრუნდით და თავი სათადარიგოთა სკამზე აღმოაჩინეთ. როგორ გაძელით ეს პერიოდი?
- მხოლოდ გუნდზე ფიქრით და გუნდისთვის საუკეთესოს სურვილით გავძელი. არადა, ჩემთვის ვტიროდი, ვიტანჯებოდი, ცუდად ვიყავი და ცუდად მეძინა, ხანდახან ღამეებს ვათენებდი, მაგრამ მე ვარ "მადრიდისტა" და ყველაფრის წინ მწვრთნელის, პრეზიდენტის, დირექტორების, თუნდაც საკუთარი თავის, ვაყენებ "რეალს".

- იმ პერიოდში ბევრმა გამოხატა თქვენი მხარდაჭერა...
- ტრავმაც ჩემთვის ახალი გამოცდა იყო. ამიტომ ძალიან მსიამოვნებდა, როცა ხალხი ჩემ მხარდაჭერას გამოხატავდა. როცა არ თამაშობ, სხვა გამოსავალი არაა - უნდა კიდევ უფრო მეტი იშრომო, ივარჯიშო და დაამტკიცო, რომ თამაშის ღირსი ხარ.

- ოდესმე თუ გიფიქრიათ "რეალის" დატოვებაზე?
- მე მინდა კარიერის "რეალში" დასრულება, მაგრამ ვერ გამოვრიცხავ, რომ ერთხელაც მოვა მწვრთნელი, რომელსაც არ დავჭირდები. მხოლოდ ამის შემდეგ დავფიქრდები სხვაგან გადასვლაზე. ვიმეორებ, "რეალი" ჩემთვის პირველია. ამ კლუბმა ყველაფერი მომცა ცხოვრებაში, თუნდაც ის, რომ ახლა ეროვნული ნაკრების მაისურა მაცვია და თქვენ წინაშე ვდგავარ.

- რას ნიშნავს თქვენთვის კონფედერაციათა თასი?
- ძალზე მნიშვნელოვანი ტურნირია. ფინალში რომ ვერ გავიდეთ, კრიტიკოსები იტყვიან, რომ ძველი გუნდის ჩრდილიღა ვართ; გავალთ და ჩაგვითვლიან ჩვეულებრივ სამუშაოდ, თითქოს, ვალდებულებიც კი ვიყოთ, მაგრამ ეს ზეწოლა ჩვენვე შევქმენით წლების განმავლობაში მაღალი მიზნების მიღწევით. ერთი შემიძლია გითხრათ, რომ ესპანეთის ნაკრები არ იღლება ფეხბურთისგან და ყოველთვის მოგება სურს. თუმცა, ალბათ, ის დროც მოვიდა, როცა ზენიტზე ყოფნა მუდმივად ძალიან ძნელი შესანარჩუნებელია.

- როგორ ფიქრობთ, შეიძლება თუ არა, რომ 2014 წლის მუნდიალზე ესპანური ფეხბურთის ერა დასრულდეს მსოფლიო ფეხბურთში?
- ჩვენი მომდევნო თაობა ტიტულს ტიტულზე იგებს. დელ ბოსკე მუდმივად აძლევს შანსს ახალგაზრდა ფეხბურთელებს ეროვნულ ნაკრებში. ისიც მართალია, რომ გუნდის ნაწილი უკვე ასაკშია და ნაწილს წასვლა მოგვიწევს, მაგრამ ესპანურ ფეხბურთს საფრთხე არ ემუქრება: ძალიან კარგი თაობები მოდიან.

- დაბოლოს, ახლა ისევ ბედნიერი ხართ?
- დიახ, ჩემი ღიმილი დავიბრუნე. ყოველთვის ძნელია, როცა ცხოვრებაში მანამდე უცნობ სერიოზულ პრობლემას გადაეყრები, მაგრამ ეს უკვე გადავლახე და შემიძლია გითხრათ, რომ უკვე სულ სხვა იკერ კასილიასი ვარ.

მინი-დოსიე
იკერ კასილიასი
ასაკი: 32
სიმაღლე: 184 სმ
კლუბი: რეალი
ნაკრებში: 146 მატჩი (იტალიასთან მატჩამდე)
დებიუტი: შვედეთი-ესპანეთი, 2000 წლის 3 ივნისი

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 3 /
მოაშორე აქედან პენალტების სერისას დებილივით იდგა რეაქცია არ ქონია ესპანელებს გუშინ უბრალოდ გაუმართლა
0
არა ბიჯო და ბუფონი გახდა გუშინ საუკეთEსო:D:D სულ იტალიას კი არ გაუმართლებს:D
giiii
18:50 28-06-2013
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული