ამ ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარა რაც გაიხსნა, ესპანეთის პრიმერადივიზიონმა 19 ვარსკვლავი დაკარგა ინგლისური, გერმანული, იტალიური და სხვა ლიგების სასარგებლოდ.
"მარკას" მიაჩნია, რომ ამის ორი უმთავრესი მიზეზია - ეკონომიკური კრიზისი ესპანეთში და ესპანელ ფეხბურთელთა მაღალი რენომე ევროპაში.
ოთხშაბათს ალვარო ნეგრედო... სამშაბათს ტიაგო ალკანტარა... წინა კვირებში ხესუს
გასულ სეზონში ესპანეთს გარეთ 212 ესპანელი პროფესიონალი ფეხბურთელი თამაშობდა, მათ კიდევ 21 დაემატა. ახლახან დასრულებულ კონფედერაციათა თასზე "ფურია როხას" 23 წევრიდან 9 ლეგიონერი იყო (ან უკვე გაფორმებული ჰქონდა კონტრაქტი უცხოურ კლუბთან) და ეს სია იზრდება. ესპანური დიასპორა გაცილებით სწრაფი ტემპებით იზრდება კიდევ უფრო დაბალ დონეზე.
ხინეს კარვახალს ესპანეთში ყველა იცნობს, როგორც რაულისა და კასილიასის აგენტს, თუმცა ის კიდევ ბევრი ცნობილი ფეხბურთელის წარმომადგენელია. სწორედ კარვახალი მიიჩნევს, რომ ესპანეთის ნაკრების თავბრუდამხვევმა წარმატებებმა ესპანელ ფეხბურთელებზე მოთხოვნა არნახულად გაზარდა. რა თქმა უნდა, ვის თუ არა კარვახალს, დაეჯერება.
"ესპანური ფეხბურთი ყველგან ჭრის, იმიტომ რომ ყველას სურს ისე ითამაშოს, როგორც ამას ესპანეთის ნაკრები ახერხებს", - ამბობს კარვახალი, რომელიც სხვებთან ერთად ჟერარდ დეულოფეუს აგენტიცაა, "ბარსელონას" ერთ-ერთი ყველაზე ნიჭიერი ფეხბურთელის, რომელიც ახლახან ინგლისურ "ევერტონში" გაანათხოვრეს.
"არ გამოვრიცხავ, რომ არცთუ დიდი ხნის მერე "ფურია როხა" ძირითადად ლეგიონერებით იქნება დაკომპლექტებული. ნაკრების ყველა ის წევრი, ვინც "რეალში" ან "ბარსელონაში" არ თამაშობს, თავისუფლად შეიძლება აღმოჩნდეს ლა ლიგის მიღმა".
თქმა არ უნდა, რომ ესპანური საფეხბურთო კლუბების დელიკატური ეკონომიკური მდგომარეობაც დიდ როლს თამაშობს ფეხბურთელთა გადინებაში. ამის გამო ლა ლიგა უცხოელ სკაუტთა სათევზაო გუბურად იქცა. "მარკას" ცნობით, უცხოელი სკაუტები მრავლდებიან, როგორც სოკოები წვიმის შემდეგ. "რეალის" და "ბარსელონას" თამაშები საშუალოდ 25 უცხოელ აგენტს იზიდავს, მათ ხელისგულზეა ყველა ესპანელი ვარსკვლავი. "რეალს" და "ბარსელონას" რა უჭირს - ამ ორ კლუბს შეუძლია ნებისმიერი წინადადების გაძლება და ფეხბურთელის შენარჩუნება. აი. სხვებს კი შანსი არ აქვთ ფინანსურად ჯანსაღ გერმანულ კლუბებთან თუ უმდიდრესი მფლობელების პატრონ ინგლისელებთან - არავითარი შანსი.
სწორედ ამიტომ იყო, რომ ახლახან "ბეტისის" ფეხბურთელმა ადრიანმა თავის გუნდს ხელშეკრულების გაგრძელებაზე უარი უთხრა. სევილიური კლუბი ევროპალიგაზე ითამაშებს, ის კი არაფრით გამორჩეულ "ვესტ ჰემში" გადავიდა, რომელიც პრემიერლიგაში მე-10 ადგილზე გავიდა.
ეკონომიკურმა სიტუაციამ ესპანეთი აქცია ფეხბურთელთა ექსპორტიორ ქვეყანად და ის ამას უნდა შეეგუოს.
თუმცა ბევრი სპეციალისტი სულაც არ ფიქრობს, რომ პესიმიზმის დროა, მონეტას ორი მხარე აქვს:
"ესპანური საფეხბურთო საბადო ამოუწურავია და უცხოელი სკაუტები მას ვერ დალევენ. ესპანელებს ყველაზე მეტი კარგი ფეხბურთელი ჰყავთ ევროპაში, რომელთა ნაწილისთვის უცხოური კარიერა ის შანსია, რომელიც მათ სამშობლოში არ ექნებოდათ".
ინგლისში წავიდნენ:
ფერნანდო ამორებიეტა (ბილბაო-ფულჰემი); ადრიანი (ბეტისი-ვესტ ჰემი); ხოსე კანიასი (ბეტისი-სუონსი); ალეხანდრო პოსუელო (ბეტისი-სუონსი); იაგო ასპასი (სელტა-ლივერპული); ხორდი ამატი (ესპანიოლი-სუონსი); ხოსე კამპანია (სევილია-კრისტალ პალასი); ხესუს ნავასი (სევილია-მანჩესტერ სიტი); ალვარო ნეგრედო (სევილია-მანჩესტერ სიტი); ხავი ვენტა (ვილიარეალი-ბრენტფორდი); ლუის ალბერტო (სევილია-ლივერპული); მარკ მუნიესა (ბარსელონა-სტოკ სიტი).
იტალიაში წავიდნენ:
ფერნანდო ლორენტე (ბილბაო-იუვენტუსი); ხოაკინ სანჩესი (მალაგა-ფიორენტინა); რაულ ალბიოლი (რეალი-ნაპოლი); ხოსე კალეხონი (რეალი-ნაპოლი);
გერმანიაში წავიდნენ:
ტიაგო ალკანტარა (ბარსელონა-ბაიერნი); ანდრეს პალოპი (სევილია-ლევერკუზენი);
სხვა ქვეყნებში წავიდნენ:
მანე (ხეტაფე-მაკაბი); ინიგო ლოპესი (გრანადა-პაოკ); მარკოს სენა (ვილიარეალი-კოსმოსი);
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
პრიმერას ტრანსფერები: ეს უკვე ტენდენციაა, ესპანეთიდან გარბიან!