ისევ სიმსივნე - ტიტო ვილანოვა "ბარსელონას" მთავარი მწვრთნელის თანამდებობიდან წავიდა!

AutoSharing Option
19 ივლისს, "ბარსელონას" პრეზიდენტმა სანდრო როსელმა საგანგებო პრესკონფერენცია გამართა, რომელზეც შოკისმომგვრელი ინფორმაცია გაავრცელა:

"ბარსას" 44 წლის მთავარ მწვრთნელ ტიტო ვილანოვას ისევ ყელის სიმსივნე დაუდგინდა. 19 ივლის საღამოს გავრცელებული ცნობები პრესკონფერენციაზე ოფიციალურად დადასტუდა: ვილანოვამ "ბარსელონას" თავკაცის თანამდებობა დატოვა. მას ამ პოსტზე ასისტენტი ჟოან ფრანსესკ ფერერი შეცვლის.

ამრიგად, ტიტო ვილანოვას დრამატული ერა "ბარსელონაში" ახლა უკვე საბოლოოდ დასრულებულია. უმძიმესმა დაავადებამ უკვე მესამედ იჩინა თავი და ვილანოვას სიცოცხლე ისევ საფრთხეშია, რის გამოც ტიტო "ბარსელონაში" ვეღარ იმუშავებს.

"უახლესმა გამოკვლევებმა ცხადყო, რომ ტიტომ ისეთი სამკურნალო კურსი
უნდა ჩაიტაროს, რომელთან ერთად მწვრთნელის ფუნქციების შესრულებას ვერ შეძლებს, - განაცხადა "ბარსას" პრეზიდენტმა სანდრო როსელმა პრესკონფერენციაზე, - ახლა საშინელ ხასიათზე ვარ! არ მინდოდა, რომ ოდესმე ასეთი ინფორმაცია გამევრცელებინა. ეს "ბარსელონასთვის" უდიდესი დარტყმაა. თუმცა წარსულში არაერთი მძიმე დარტყმა გადაგვიტანია."

ტიტო ვილანოვას სიცოცხლისთვის საშიში დაავადება პირველად 2011 წლის შემოდგომაზე აღმოაჩნდა, თუმცა მაშინ, სამწვრთნელო საქმიანობას ოპერაციის შემდეგ მალევე დაუბრუნდა. 2012 წლის დეკემბერში ჩატარებულმა გამოკვლევამ ცხადყო, რომ სიმსივნემ კვლავ იჩინა თავი, რის შემდეგად ვილანოვა აშშ-ში მკურნალობდა და კატალონიურ გრანდს თვეების განმავლობაში დააკლდა.

სწორედ ამ პერიოდში გაუფუჭდა მას ურთიერთობა "ბარსას" ყოფილ თავკაც ხოსეპ გვარდიოლასთან - შეგახსენებთ, რომ სამშაბათს ვილანოვამ "მარკასთვის" მიცემულ ინტერვიუში თქვა, გვარდიოლაც ნიუ იორკში იყო, მაგრამ ერთხელაც არ მომინახულაო.

ვილანოვა ესპანეთში მარტის ბოლოს დაბრუნდა და მოგვიანებით, "ბარსელონასთან" ერთად ესპანეთის ჩემპიონობა იზეიმა.

რაც შეეხება ტიტოს შემცვლელს: ეს საკითხი საბოლოოდ ჯერ არ გადაწყვეტილა. გაირკვა მხოლოდ ის, რომ ლეო მესის, ნეიმარსა და კომპანიას დროებით ჟოან ფრანსესკ ფერერი, იგივე "რუბი" უხელმძღვანელებს. ეს უკანასკნელი 43 წლის სპეციალისტია, რომელმაც "ჟირონა" პლეი ოფში გაიყვანა და იქ "ალმერიასთან" დამარცხდა.

"ბარსელონას" "ლეგიასთან" ამხანაგური მატჩი ჰქონდა დაგეგმილი, მაგრამ ეს შეხვედრა აღარ შედგება. მომავალ ოთხშაბათს კი კატალონიური გრანდი სწორედ პეპ გვარდიოლას "ბაიერნს" უნდა ესტუმროს...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
შოკი "ბარსელონაში: ტიტო ვილანოვა ისევ მიდის!
მკითხველის კომენტარები / 1 /
მთელი გულით და სულით ვისურვებ გამოჯანმრთელებას ტიტოს!
Temo
12:22 20-07-2013
0

სიახლეები პოპულარული