"მარკა": გარეთ ბეილმა მადრიდის "რეალთან" კონტრაქტი შეათანხმა

AutoSharing Option
23 ივლისს ხერარდო მარტინო "ბარსელონას" თავკაცი გახდა. გგონიათ ეს იყო გაზეთ "მარკას" მთავარი თემა? არა, მადრიდში გამომავალი გაზეთი სენსაციურ ცნობას გვთავაზობს - გარეთ ბეილის ტრანსფერი "რეალში" ფინიშის სწორზე გავიდა, პირადი კონტრაქტი კი უკვე შეათანხმა.

ოპერაცია "ბეილი"
როგორც წესი, "მარკა" სავარაუდო ტრანსფერებში არ ცდება ხოლმე. ამის დასადასტურებლად შეიძლება ნახვა, თუ ჯერ კიდევ როდის ვარაუდობდა გაზეთი კრიშტიანო რონალდოს ტრანსფერს, ანაც კაკას "მილანიდან" "რეალში" გადაბარგებას, "ტოტენჰემიდან" ლუკა მოდრიჩის მადრიდულ კლუბში წასვლას. მოკლედ, როცა "მარკა" ასეთი დონის ტრანსფერზე წერს, ამას წყალი არ გაუვა. ვნახოთ,
რას წერს "მარკა"...

გარეთ ბეილი მადრიდის "რეალის" მთავარი და უცილობელი სამიზნე 26 მაისს გახდა. რა მოხდა ამ დღეს? "სანტოსის" 21 წლის ვარსკვლავბიჭუნა ნეიმარმა მადრიდს ბარსელონა არჩია და "ბარსასთან" კონტრაქტს დათანხმდა. ამის შემდეგ ფლორენტინო პერესმა მტკიცედ გადაწყვიტა, აუცილებლად განახორციელოს ტოპ-ტრანსფერი - გარეთ ბეილი "სამეფო კლუბში" დააბინავოს. უნივერსალი უელსელის შეძენა "სამეფო კლუბს" დიდი ხანია, სურს. "მარკა" ამტკიცებს, რომ ვარსკვლავს, რომელიც 16 ივლისს 24 წლის გახდა, პერესის კლუბი ამ ზაფხულსვე იყიდის.

ბეილის ტრანსფერს სკეპტიკურად შეხვდა "რეალის" გენერალური დირექტორი ხოსე ანხელ სანჩესი. მისი აზრი ასეთი იყო: ბეილი არ არის კომერციულად ისეთი მომგებიანი სპორტსმენი, როგორიც ნეიმარია. გუნდის საჭიროებას სულაც არ წარმოადგენს მაინცდამაინც ბეილის შეძენა. ამ ორი პირობის შემდეგ უელსელში სავარაუდოდ გადასახდელი 100 მილიონი ფუნტი სტერლინგი (116 მილიონი ევრო!) ძალიან, ძალიან ბევრია.

თუმცა ფლორენტინო პერესმა არ დაუჯერა სანჩესს და დაუჯერა ზინედინ ზიდანს.
ბეილი ის ფეხბურთელია, რომელმაც გასულ სეზონში 44 ოფიციალურ მატჩში 26 გოლი გაიტანა და 15 საგოლე პასი გააკეთა. ბეილმა ერთდროულად პრემიერლიგის საუკეთესო ფეხბურთელის და ახალგაზრდა ფეხბურთელის პრიზები მოიგო. ეს კი აქამდე მხოლოდ ორმა შეძლო: 1977 წელს ენდი გრეიმ, 2007 წელს - კრიშტიანო რონალდომ.

ზიდანი: ბეილი ნომერ პირველია
ფლორენტინო პერესი ზიდანის გამონათქვამებს და ფრანგის თავდაჯერებულობას ეყრდნობა, რომლის აზრითაც, გარეთ ბეილი აუცილებლად საყიდელია. ჯერ კიდევ თებერვალში მადრიდულმა კლუბმა ზინედინი ლიონში "ოლიმპიკისა" და "ტოტენჰემის" ევროპალიგის მატჩზე მიავლინა. "ზიზუს" დასკვნა იყო საოცარი:

"ის ნომერ პირველია. ისეთი ფეხბურთელია, რომელიც ჩემპიონთა ლიგას მოგვაგებინებს. ბეილი არა მარტო ზესწრაფი და ფიზიკურად უნაკლოა, ის მოედანზე ჭკუით თამაშობს".

რამდენიმე კვირის შემდეგ ზინედინმა საჯაროდაც განაცხადა, რომ ბეილის ფეხბურთზე შეყვარებულია: "ბეილი ისეთი ფეხბურთელია, რომელიც გადამწყვეტი ფაქტორია ტიტულებისთვის ბრძოლაში. ამ სეზონში ლეო მესის და კრიშტიანო რონალდოს შემდეგ სწორედ მან აღმაფრთოვანა". დაგვეთანხმებით, "ზიზუს" ქების სიტყვები ბევრს ნიშნავს.

ივნისში კიდევ ერთხელ შეეხო ზიდანი ბეილის თემას, მისი ტონი უკვე მკაცრი იყო: "პირველ რიგში, ბეილმა უნდა გადაწყვიტოს, სურს თუ არა "სამეფო კლუბში" თამაში. თუ სურს, მაშინ უნდა თქვას და ჩვენ ვიმოქმედებთ", - საჯაროდ ნათქვამ მესიჯს მაშინ საჯაროდვე არ გამოხმაურებია უელსელი. როგორც ჩანს, ეს არც იყო საჭირო.

100 მილიონი... ფუნტი
დავუბრუნდეთ "ოპერაცია ბეილს" - ზუსტად ერთი თვის წინ ბეილის ტრანსფერზე პირველი მოლაპარაკება შედგა ფლორენტინო პერესსა და "ტოტენჰემის" ბოს დენიელ ლევის შორის. ამ ორმა ერთი ტრანსფერი უკვე გაჩარხა წარსულში - ლუკა მოდრიჩი ლონდონიდან მადრიდში გადაბარგდა. ეს იყო სატელეფონო ლაპარაკი, რომლის ბოლოსაც ლევიმ ცხადად თქვა: თუ თქვენ გსურთ ბეილი, გადაიხადეთ მასში 100 მილიონი ფუნტი სტერლინგი!

მხოლოდ შეგახსენებთ, რომ მსოფლიოს რეკორდი ტრანსფერებში ეკუთვნის მადრიდის "რეალს" - 2009 წელს ფლორენტინომ "მანჩესტერ იუნაიტედს" 94 მილიონი ევრო გადაუხადა. 22 მილიონი ევროთი მეტი ბეილში?

პერესმა ლევის შესთავაზა, გარიგებაში "რეალის" ფეხბურთელი ჩავრთოთო და ანხელ დი მარია დაასახელა. არგენტინელის გვარის გაგონებაზე ლევის პასუხი უარყოფითი იყო, თუმცა კონტრწინადადებაც იქვე წარმოიშვა: მადრიდის "რეალში" არის ერთი ახალგაზრდა ფეხბურთელი, რომელიც ძალიან გვაინტერესებს - ხესე როდრიგესიო! საუბარიც აქ დასრულდა, რადგან იმ დროისათვის ფლორენტინო კლუბის მთავარი მარგალიტის გაყიდვას, უბრალოდ, გამორიცხავდა.

ამას მოჰყვა ფორმალური შეთავაზება, რომელიც ლევიმ საჯაროდ უარყო.

"რეალის" შეთავაზება
ახლახან "რეალმა" კიდევ ერთხელ მოუსინჯა კბილი ტრანსფერს. სავარაუდოდ, "რეალმა" ბეილში 85 მილიონი ევრო, პლუს ფაბიო კოენტრაო შესთავაზა "ტოტენჰემს". ინგლისელთა პასუხი უარყოფითია, თუმცა აღარ არის ძველებურად მკვეთრი. კოენტრაოს წასვლა სურს, მისით "ბენფიკა", პსჟ და "ჩელსი" არიან დაინტერესებულნი; პორტუგალიელი მოსწონს ანდრე ვილაშ-ბოაშსაც.

"რეალის" წინადადება იმდენად არ არის "ტოტენჰემისთვის" სასურველი, რამდენადაც თავად ლონდონურ კლუბში შეიცვალა ვითარება.

"მარკამ" გამოიკვლია, რომ გასულ კვირაში ლევის თავად ბეილი შეხვდა და განუცხადა, რომ მტკიცედ გადაწყვიტა "რეალში" გადასვლა და ამ გადაწყვეტილებას აღარ შეცვლის, გამორიცხულია.

უელსელი ამჟამად სეზონში 4,5 მილიონ ევროს იღებს ხელფასის სახით. "ტოტენჰემის" ხელმძღვანელობა მას გაორმაგებას სთავაზობს, მაგრამ ეს წინადადება უკვე აღარ ხიბლავს უელსელს. ამიტომ მან კონტრაქტის გაგრძელებაზე (რომელიც 2016 წელს მთავრდება) უარი განაცხადა.

6 წელი, 10-10 მილიონი
"რეალმა" კარგად იმუშავა ფეხბურთელის აგენტ ჯონათან ბარნეტთან. პირველი შეხვედრა მადრიდში 25 ივნისს შედგა, რომელიც სატელეფონო საუბრებს მოჰყვა. ფეხბურთელის აგენტმა "რეალთან" პირადი კონტრაქტის დეტალები უკვე შეათანხმა. პირობები ასეთია: 6-წლიანი კონტრაქტი, ხელფასი სეზონში 9-10 მილიონი ევრო, რომელიც 11 მილიონ ევრომდე შეიძლება გაიზარდოს და ჩვენ შეიძლება ამ ზაფხულშივე ვიხილოთ გარეთ ბეილი "რეალის" 11-ნომრიანი მაისურით. რა თქმა უნდა, ამ მოლაპარაკების ამბავი გარკვეულ დრომდე საიდუმლოდ დარჩა.

ბეილი და "რეალის" მაისურა
ბარნეტი ამბობს, რომ ბეილი ჯერ კიდევ ბავშვობიდან ოცნებობს "რეალში" თამაშზე. მან ის ფოტოც წარადგინა, სადაც 10 წლის გარეთი "რეალის" მაისურით ვარჯიშობს. ეს ბიჭი "გალაქტიკოს" გაბრწყინების ეპოქაში გაიზარდა, მისი კუმირები ზიდანი, დევიდ ბექჰემი, რონალდო და ლუიშ ფიგუ იყვნენ.

ბარნეტი ამბობს, რომ ბეილი ნებისმიერ სხვა კლუბს უარით გაისტუმრებს, თუნდაც "მანჩესტერ იუნაიტედს", რომელიც ასევე ძალიან მოწადინებულია მისი ყიდვით, მაგრამ "იუნაიტედი" გარეთისგან მხოლოდ ასეთ პასუხს მიიღებს: "არა, გმადლობთ".

კომპენსაცია - რობერტო სოლდადო
ანდრე ვილაშ-ბოაში ძველებურად უარყოფს გუნდიდან ბეილის წასვლის შესაძლებლობას. სამაგიეროდ, პორტუგალიელი მოწადინებულია, "ვალენსიადან" რობერტო სოლდადო დაიმატოს. ესპანეთის ნაკრების 28 წლის ფორვარდში ლონდონური კლუბი 18 მილიონ ევროს იხდის და როგორც ჩანს, არც ესპანური მხარეა უარზე. აზიაში პრესკონფერენციაზე ვილაშ-ბოაშმა ისიც აღნიშნა, რომ "სანდერლენდთან" ამხანაგურ მატჩში ბეილი ვერ ითამაშებს, მას მცირე ტრავმა აქვს, რამაც კიდევ უფრო მეტი კითხვა გააჩინა.

შეხვედრა ლოს ანჯელესში
ახლა "ტოტენჰემი" აზიურ ტურნეშია ჩართული, სადაც "სანდერლენდს" და "მანჩესტერ სიტის" ამხანაგურად გაეჯიბრება. ამიტომაც ამ ორ გუნდს შორის მთავარი და გადამწყვეტი მოლაპარაკება მოგვიანებით, თვის ბოლოს გაიმართება. 29-დან 4 აგვისტომდე "რეალი" ამერიკულ ტურნეში მიიღებს მონაწილეობას. სწორედ ლოს ანჯელესში შეხვდება ლევის ფლორენტინო პერესი.

ზუსტად ერთი წლის წინ ლოს ანჯელესში ლევიმ და პერესმა ხელი ხელს მოდრიჩის ტრანსფერზე დაჰკრეს. ძალიან ძნელია პროგნოზირება, როცა ისეთ ჯუჯღუნა კაცზეა საუბარი, როგორიც ლევია, მაგრამ ერთი რამ ცხადია - "რეალი" ბრწყინვალე წინადადებას ამზადებს (შესაძლოა, მსოფლიო რეკორდსაც), ხოლო ფეხბურთელი უკვე აღარ აპირებს უკან დახევას.

"ოპერაცია ბეილი" ფინიშის სწორზე გავიდა...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
"მარკა": ოპერაცია "გარეთ ბეილი" ფინალურ ეტაპზეა
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული