ესპანეთი. სუპერთასი. I მატჩი: ნეიმარი რომ არა... [VIDEO]

AutoSharing Option
თამაში
"ვისენტე კალდერონზე" მიმდინარე მატჩის 66-ე წუთზე, ცვლილებაზე შემოსულმა ნეიმარმა თავური დარტყმით ანგარიში გაათანაბრა და "ბარსელონასთვის" უმნიშვნელოვანესი გოლი გაიტანა.

კატალონიელებს საკმაოდ გაუჭირდათ და კაცმა არ იცის, რომ არა ბრაზილიელი ახალწვეულის ეს გოლი, მოახერხებდა თუ არა "ბარსელონა" ანგარიშის გათანაბრებას.

კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ დიეგო სიმეონე ძალიან ჭკვიანი მწვრთნელია. სუპერთასის პირველ შეხვედრაში "ატლეტიკომ" ძალიან კარგად ითამაშა, მეტოქეს სახიფათო მომენტების მინიმალური რაოდენობა შეაქმნევინა, თავად კი საკმაოდ კარგი კონტრშეტევები განახორციელა.

ერთ-ერთი ასეთი კონტრშეტევის შედეგად ანგარიშიც გაიხსნა - დავიდ ვილიამ იერიში წამოიწყო, გააგრძელა და დაასრულა.
ასტურიელმა ფორვარდმა ულამაზესი გოლი გაიტანა და კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ მისი 5 მილიონად გაყიდვა დიდი შეცდომა იყო.

მთელი პირველი ტაიმის განმავლობაში ბურთს "ბარსელონა" ფლობდა, მაგრამ მასპინძლები თავს ძალიან კარგად იცავდნენ. რამდენჯერმე იაქტიურა ლიონელ მესიმ, თუმცა მის გარჯას შედეგი არ მოჰყოლია.

მესის ტრავმა
მეორე ნახევარი კი დაიწყო ცვლილებით - მინდვრიდან სწორედ არგენტინელი გავიდა და მის ნაცვლად სესკ ფაბრეგასი გამოჩნდა.

როგორც მოგვიანებით გაირკვა, მესიმ ტრავმა მიიღო და მისი შეცვლის მიზეზიც სწორედ ეს გახდა. არგენტინელს პრობლემები 2 აპრილს, პსჟ-სთან შეხვედრაში დაეწყო და საინტერესოა, რომ იქიდან მოყოლებული, არგენტინის ნაკრების და "ბარსელონას" მიერ გამართული 27 მატჩიდან, მესიმ მოედანზე 90 წუთი მხოლოდ ერთხელ გაატარა.

22 აგვისტოს ჩატარებულმა სამედიცინო ტესტმა დაადგინა, რომ მესის მარცხენა ბარძაყის კუნთზე ჰემატომა აქვს. ამის გამო კვირას "მალაგას" წინააღმდეგ მისი თამაში ეჭვის ქვეშ არის.

არბიტრი
შეხვედრის მთავარი მსაჯი ალბერტო უნდიანო მალენკო გახლდათ. მალენკო ერთ-ერთი ყველაზე გამოცდილი ესპანელი მსაჯია, თუმცა "კალდერონზე" არბიტრი მაინცდამაინც დამაჯერებელი ვერ იყო.

ესპანელი ჟურნალისტები მას განსაკუთრებით ერთი გადაწყვეტილების გამო აკრიტიკებენ - სერხიო ბუსკეტსმა, რომელსაც ყვითელი ბარათი ჰქონდა, არდა თურანის წინააღმდეგ იუხეშა და მეორე გაფრთხილებას იმსახურებდა, თუმცა მსაჯმა კატალონიელი ფეხბურთელი დაინდო. არადა, ამ მომენტში ანგარიში 1:0 იყო და 10-კაციან "ბარსას" წონასწორობის აღდგენა ძალიან გაუჭირდებოდა.

იხილეთ ვიდეო

Sportall.Ge



მატჩის შემდეგ
ხერარდო მარტინო (ბარსელონა):
"მადრიდელები თავს ძალიან კარგად იცავდნენ. პირველ ტაიმში "ატლეტიკომ" უკეთ ითამაშა, თუმცა მეორე ტაიმში უკეთესი გუნდი ჩვენ ვიყავით. შეხვედრა ძალიან დაძაბული და ფიზიკურად რთული გამოდგა. საბოლოო ჯამში, ვფიქრობ, ფრე ლოგიკური შედეგია".

დიეგო სიმეონე (ატლეტიკო):
"ჩვენი მეტოქე მსოფლიოს საუკეთესო გუნდი იყო, რომელსაც უდიდესი რესურსი აქვს. ნეიმარი ცვლილებაზე გამოვიდა და გოლიც გაიტანა, რაც ადასტურებს იმას, რომ "ბარსას" მსოფლიო დონის უამრავი მოთამაშე ჰყავს. პირველ ნახევარში შესანიშნავად ვითამაშეთ, შეიძლება ეს "ატლეტიკოს" საუკეთესო თამაშიც კი იყო".

სიმეონემ კომენტარი არბიტრის გადაწყვეტილებაზეც გააკეთა:

"ახლაც გაოცებული ვარ. თუ იმ დარღვევისთვის ფეხბურთელი ყვითელ ბარათს არ იმსახურებდა, მაშინ საერთოდ გაურკვეველია, რა უნდა მოიმოქმედოს მოთამაშემ, გაფრთხილება რომ მიიღოს".

სუპერთასის საპასუხო შეხვედრა 28 აგვისტოს, ბარსელონაში გაიმართება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
"ახლაც გაოცებული ვარ. თუ იმ დარღვევისთვის ფეხბურთელი ყვითელ ბარათს არ იმსახურებდა, მაშინ საერთოდ გაურკვეველია, რა უნდა მოიმოქმედოს მოთამაშემ, გაფრთხილება რომ მიიღოს". განაცხადა სიმეონემ.----------------------------------ატლეტიკოს ფეხბურთელების ყველა ქმედება ყვითელს იმსახურებდა,ხელებს ფეხებზე კარგად ხმარობდნენ და პირდაპირ სახეში ურტყავდნენ მოწინააღმდეგეს. ყველაზე სამარცხვინო იყო მათი მცველის,თუ არ ვცდები გოდინის ქმედება,როცა დაინახა მესიმ კოჭლობა დაიწყო და მარცხენა ფეხის შეზელვა,და მიხვდა მესის ტრავმა გაუმიზეზდა, მირანდას ანიშნა(რომელიც მესის ეთამაშებოდა) რაც აწუხებდა მესის,ანუ მტკივნეული ადგილი სად უნდა ეუხეშა, ამაზე საზიზღრობა მე არ მინახია. ეს ვიდეო გოდინის მითითებებით ესპანურ საიტზე მარკა.კომ.ზე ვნახე.
giorgi
17:31 23-08-2013
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული