ესპანეთი. ლა ლიგა. VI ტური: "ბარსელონა" და "ატლეტიკო" უდანაკარგოდ [VIDEO]

AutoSharing Option
ლა ლიგის მე-6 ტური 26 სექტემბერს სამი მატჩით დასრულდება, რომელთაგანაც ყველაზე დიდ ინტერესს ორი დაუმარცხებელი გუნდის, "ვილიარეალის" და "ესპანიოლის" შეხვედრა იწვევს, თუმცა, სანამ ამ მატჩებზე ვისაუბრებდეთ, იქამდე რამდენიმე სიტყვა სამშაბათს გამართულ შეხვედრებზე ვთქვათ...

მესი რაულს გაუტოლდა
"ბარსელონამ" "რეალ სოსიედადს" უმასპინძლა და წინა სეზონში მეოთხე ადგილზე გასულ გუნდთან ყველაფერი მე-8 წუთისთვის დაამთავრა. ამ დროისთვის კატალონიელები უკვე ორბურთიანი სხვაობით იგებდნენ.

ანგარიში მეხუთე წუთზე ნეიმარმა გახსნა - ლა ლიგაში თავისი პირველი გოლი გაიტანა, რამდენიმე წუთში კი ბრაზილიელმა უკვე საგოლე გადაცემა გააკეთა, ბურთი თავზე
დაასვა ლიონელ მესის, რომელმაც ახლო მანძილიდან არ ააცილა - 2:0.

აღსანიშნავია, რომ სტუმართა დამრიგებელმა იაგობა არასატემ მინდორზე შერეული შემადგენლობა გაიყვანა, რის გამოც მალე დაისაჯა. როგორც ჩანს, ბასკთა დამრიგებელი მარცხს თავიდანვე შეგუებული იყო და ამიტომ რამდენიმე ლიდერს დასვენების საშუალება მისცა.

"ბარსელონა" ძალიან დიდ უპირატესობას ფლობდა და საოცარ კომბინაციებს ათამაშებდა. ერთ-ერთი მორიგი ლამაზი შეტევის დროს მესი ვალდებული იყო, გაეტანა, მაგრამ არგენტინელმა ჯერ ქუსლით ვერ შეაგდო, შემდეგ კი ბურთი ხარიხას მოარტყა, თუმცა დამატებაზე ყველას სერხიო ბუსკეტსმა აჯობა და კარიერაში მე-9 (პრიმერაში მე-5) გოლი გაიტანა.

მეორე ტაიმში თავი მარკ ბარტრამაც გამოიჩინა, რომელიც პირველივე ტაიმში ხავიერ მასკერანოს ნაცვლად გამოვიდა - არგენტინელს ტრავმა ბუსკეტსმა მიაყენა.

მატჩის დასრულებამდე ხერარდო მარტინომ ნეიმარი და მესი შეცვალა. არგენტინელი უკმაყოფილი ჩანდა და პრესაში უმალ დაიწყეს ამ საკითხზე სპეკულირება, რაზეც "პულგამ" პასუხი სოციალური ქსელის მეშვეობით გასცა:

"მწვრთნელის მიმართ უპატივცემულობა არ გამომიხატავს და ამაზე ერთი წამითაც არ მიფიქრია. მოედნიდან გასვლა არავის მოსწონს, მაგრამ ეს კარგია ჩვენი გუნდისთვის და როტაცია ყველასთვის მისაღებია. სამაგიეროდ, მიუღებელია ზოგიერთი გამოცემის ქმედება, რომელიც ჩემ შესახებ ხშირად ტყუილს წერს," - დაწერა მესიმ "ფეისბუქის" ოფიციალურ გვერდზე.

განცხადება "ტატა" მარტინომაც გააკეთა: "მესის მოედნის დატოვება არასდროს სურს, მაგრამ ჩემი მოვალეობაა, რომ მას მოვუარო და ტრავმები ავარიდო. ჩვენ ის ჯანმრთელი და ძლიერი გვჭირდება".

სხვათა შორის, მესის "ბარსელონაში" (ყველა ტურნირზე) უკვე 323 გოლი აქვს გატანილი, რაც ზუსტად იმდენია, რამდენიც "რეალში" რაულმა გაიტანა.

იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

"ატლეტიკო" დერბის კარგი განწყობით ხვდება
"ბარსას" არ ჩამორჩა მადრიდის "ატლეტიკო" და მანაც მეექვსე გამარჯვება მოიპოვა. "როხიბლანკოს" მორიგი მეტოქე აუტსაიდერი "ოსასუნა" იყო, რომელმაც მასპინძლებს ჯეროვანი წინააღმდეგობა გაუწია, მაგრამ მაინც დამარცხდა. მომავალ ტურში "ატლეტიკოს" მადრიდული დერბი ელის, რის გამოც დიეგო სიმეონემ პამპლონელებთან რამდენიმე წამყვანი ფეხბურთელი სათადარიგოთა სკამზე დატოვა.

მორიგი შთამბეჭდავი მატჩი ჩაატარა დიეგო კოშტამ, რომელმაც დუბლი შეასრულა და გოლების რაოდენობა 7-მდე გაზარდა. "ატლეტიკოს" ფორვარდი მესის წამოეწია და არგენტინელთან ერთად ლა ლიგის ბომბარდირთა დავაში გალიდერდა. აღვნიშნოთ კოკეს მორიგი საგოლე პასიც - ახალგაზრდა ფეხბურთელის ანგარიშზე უკვე 5 საგოლე გადაცემაა, რაც მთელი ლიგის მასშტაბით საუკეთესო შედეგია.

ამ გამარჯვების წყალობით "ატლეტიკომ" საკუთარი რეკორდი გაიმეორა. სეზონის სტარტზე ზედიზედ ექვსი გამარჯვების მოპოვება "როხიბლანკომ" აქამდე სულ ორჯერ, 1964/65 და 1991/92 წლების სეზონში მოახერხა. იმისთვის, რომ რეკორდი დაამყარონ, მადრიდელებმა ერთი საკმაოდ ხანგრძლივი და უსიამოვნო სერია უნდა დაასრულონ: დაამარცხონ "რეალი", რაც "ატლეტიკოს" ჩემპიონატში 1999 წლის შემდეგ არ გაუკეთებია.

საკუთარი შეგირდების გარჯით კმაყოფილი იყო დიეგო სიმეონე: "2:1 სახიფათო ანგარიში კი არის, მაგრამ დღეს ჩვენ კარგად ვითამაშეთ, განსაკუთრებით, პირველ ტაიმში. მართალია, წინ დერბი გველის, მაგრამ დღეს ბიჭები მხოლოდ ამ შეხვედრაზე ფიქრობდნენ".

არგენტინელმა დიეგო კოშტაზეც ისაუბრა: "დიეგო ძალიან ჭკვიანი და ამბიციური ფეხბურთელია. ის შესანიშნავ ფორმაშია, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ ის კიდევ მოუმატებს - მხოლოდ მას შეუძლია, რომ საკუთარი შესაძლებლობების ზღვარი დააწესოს".

"მალაგას" მორიგი გამარჯვება
პირველ ორ ტურში განცდილი ორი მარცხის შემდეგ "მალაგას" უკვე 4 მატჩია, არ წაუგია, სამშაბათს კი ბერნდ შუსტერის გუნდმა ანდალუსიურ დერბიში იმარჯვა.

"ალმერიასთან" შეხვედრაში ანგარიში არგენტინელმა ფერნანდო ტისონემ გახსნა და ბოლო 2 წლის განმავლობაში პირველი გოლი გაიტანა. "ალმერიამ" ამ სეზონში პირველად ვერ შეძლო გოლის გატანა, თუმცა მასპინძლები კი ანერვიულა. შეხვედრას წერტილი არბიტრის მიერ დამატებულ პირველ წუთზე ახალგაზრდა პორტილიომ დაუსვა და საკუთარ გუნდს სამი ქულა გაუნაღდა.

წაუგებლების დუელი
სამი მატჩიდან ყველაზე დიდ ინტერესს "ვილიარეალის" და "ესპანიოლის" შეხვედრა იწვევს. პრიმერაში დაბრუნებულმა "ყვითელმა წყალქვეშა ნავმა" ბევრისთვის მოულოდნელი სტარტი აიღო და 5 ტურში 11 ქულა მოაგროვა. ასევე მოულოდნელია ის, რომ კატალონიის მეორე გუნდი კვლავ წაუგებელია და მასაც 11 ქულა აქვს.

ბოლო ტურში ხავიერ აგირეს გუნდმა ბილბაოს "ატლეტიკი" დაამარცხა, "ვილიარეალმა" კი ვიგოდან ქულა წამოიღო. ისტორიულად, ამ გუნდების მატჩები ძალიან მწირგოლიანი გამოდის. თავად განსაჯეთ - ბოლო ორი მატჩი 0:0 დასრულდა, ხოლო უკანასკნელი მატჩი, როდესაც გოლის გატანა ორივე გუნდმა მოახერხა, 2007 წელს გაიმართა.

"ესპანიოლს" მეტოქის კარში ბურთი უკვე 5 წელი (!) და 9 მატჩია, არ გაუტანია. ამ 9 შეხვედრიდან ვალენსიელებმა 4 მოიგეს, 5 მატჩი კი 0:0 დასრულდა (ბურთების სხვაობა: 8:0 "ვილიარეალის" სასარგებლოდ).

"ვილიარეალისგან" ძლეული ბილბაოს "ატლეტიკი" კი "ბეტისს" უმასპინძლებს, რომელთანაც, ტრადიციულად, ძალიან უჭირს. ამ გუნდების ბოლო 4 მატჩიდან 3 სევილიელებმა მოიგეს, ერთი კი ფრედ დასრულდა. გამარჯვების შემთხვევაში ბასკები მინიმუმ ერთი ადგილით დაწინაურდებიან და სატურნირო ცხრილში მეხუთე პოზიციაზე გადაინაცვლებენ.

ლა ლიგა. VI ტური
გრანადა-ვალენსია 0:1
გოლი: 0:1 ჟონასი (90+4)
გრანადა (4-4-1-1): რობერტო - ნიომი, დიახატე, მურილიო, ანგულო - მ. პერეირა (85. ალვარო გარსია), იტურა, რესიო, ბრაჰიმი - ბუონანოტე (80. იგალო) - ელ-არაბი (69. რიკი)
ვალენსია (4-2-3-1): დიაგო ალვეში - ჟოაო პერეირა, ვიქტორ რუისი, მატიო, გუარდადო - ხავი ფუეგო, ბანეგა - პაბონი (65. ბერნატი), ჟონასი, კარტაბია (74. ფეგული) - ელდერ პოშტიგა (71. კანალესი)
გაფრთხილება: ბუონანოტე, ნიომი, მ. პერეირა, ანგულო - ხავი ფუეგო, ჟონასი
კუთხური: 5-5; ჯარიმა: 19-15; თამაშგარე: 5-0; კარში დარტყმა: 13-14 (4-3); ბურთის ფლობა: 49%-51%
მაყურებელი: 13 060

სევილია-ვალეკანო 4:1
გოლები: 1:0 რაკიტიჩი (17-პენ), 2:0 რაკიტიჩი (53), 2:1 ადრიანი (55), 3:1 ბაკა (81), 4:1 ბაკა (88)
სევილია (4-2-3-1): ბეტუ - კოკე, კალა, პარეხა, ა. მორენო - მბია, რაკიტიჩი - ხაირო სამპერიო (77. რაბელიო), მარინი (70. ბაკა), ჩერიშევი (16. ტროხოვსკი) - გამეირო
ვალეკანო (4-2-3-1): რუბენი - არბილია, რაულ ბაენა (73. ლარივეი), გალვესი, მოხიკა - ტრაშორასი, საულ ნიგესი - ლ. ბანგურა, ადრიანი, ხ. ვიერა - ა. ბუენო (73. სება ფერნანდესი)
გაფრთხილება: კალა, მარინი, ტროხოვსკი - არბილია, გალვესი, საულ ნიგესი, მოხიკა, ლ. ბანგურა
გაძევება: გალვესი (66. რაიო ვალეკანო), ხ. ვიერა (82. რაიო ვალეკანო)
კუთხური: 4-2; ჯარიმა: 14-18; თამაშგარე: 7-0; კარში დარტყმა: 16-10 (7-4); ბურთის ფლობა: 39%-61%
მაყურებელი: 27 943

ელჩე-რეალი 1:2
გოლები: 0:1 კრიშტიანო რონალდო (51), 1:1 ბოაკიე (90), 1:2 კრიშტიანო რონალდო (90+6-პენ)
ელჩე (4-3-2-1): მანუ ერერა - დ. სუარესი, ბოტია, ლომბანი, ედუ ალბაკარი - კ. სანჩესი, რუბენ პერესი, ხავი მარკესი (62. ბოაკიე) - კარლეს ხილი, მანუ დელ მორალი (59. ფიდელი) - კორომინასი (81. აარონ ნიგესი)
რეალი (4-2-3-1): დიეგო ლოპესი - არბელოა, პეპე, სერხიო რამოსი, ფ. კოენტრაო - ხედირა, მოდრიჩი (81. დანი კარვახალი) - დი მარია (89. მორატა), ისკო (70. ილიარამენდი), კრიშტიანო რონალდო - ბენზემა
გაფრთხილება: მანუ დელ მორალი, ბოტია, დ. სუარესი, კორომინასი, ფიდელი, მანუ ერერა, რუბენ პერესი, კ. სანჩესი - სერხიო რამოსი, კრიშტიანო რონალდო
გაძევება: კ. სანჩესი (90+8. ელჩე, თამაშის შემდეგ)
კუთხური: 3-4; ჯარიმა: 17-7; თამაშგარე: 3-5; კარში დარტყმა: 8-12 (3-5); ბურთის ფლობა: 36%-64%
მაყურებელი: 28 754

იხილეთ ვიდეო

Sportall.Ge



26 სექტემბერი
ბილბაო-ბეტისი 22:00
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: ბალენსიაგა, კიკე სოლა, ეკისა - ხუან კარლოსი, ედერ ვილარჩაო
ურთიერთშეხვედრები
სულ 34 თამაში: +8 =14 -12 (34:40)

ხეტაფე-სელტა 00:00
დისკვალიფიკაცია: მიჩელი (ხეტაფე)
ტრავმა: ლასენი - სამუელ ლორკა, ბერმეხო
ურთიერთშეხვედრები
სულ 6 თამაში: +2 =1 -3 (7:7)

ვილიარეალი-ესპანიოლი 00:00
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: ფარინოსი - ვიქტორ ალვარესი
ურთიერთშეხვედრები
სულ 26 თამაში: +9 =13 -4 (33:19)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ესპანეთი. ლა ლიგა. VI ტური: ანდალუსია, ვალენსია და მადრიდი [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული