ნეიმარი ფოკუსში - იყო ერთი, გახდა ორი

AutoSharing Option
მისი ტრანსფერი ესპანური ფეხბურთის ისტორიაში შესაძლოა, ერთ-ერთი ყველაზე გაჭიანურებული გამოდგა, მაგრამ თავად 21 წლის ნეიმარი "ბარსელონაში" საქმეს პირველივე ტურებში ბრწყინვალედ შეუდგა.

სამშაბათს ბრაზილიელმა ფეხბურთელმა თავისი პირველი გოლი გაიტანა ლა ლიგაში. ეს იყო პირველი ძალიან ბევრიდან, ჩვენ ამაში ეჭვი უკვე აღარ გვეპარება.

სიმბოლურია, რომ ნეიმარმა თავისი პირველი გოლი სწორედ "რეალ სოსიედადის" წინააღმდეგ გაიტანა, რადგან მისმა დიდმა თანამემამულეებმა და წინამორბედებმა "ბარსელონაში", რომარიომ და რივალდომ ასევე ბასკურ კლუბთან გამოიჩინეს პირველად თავი. სწორედ ეს გოლი აკლდა ნეიმარის ბრწყინვალე დასაწყისს "ბარსელონაში".

თავმდაბალი, შრომელი
აქამდე ბრაზილიელმა
თავი მადრიდის "ატლეტიკოსთან" სუპერთასის მატჩში გამოიჩინა, თუმცა მან "ბარსაში" თავის დამკვიდრება უფრო სხვა კუთხით დაიწყო - სახეზეა ნეიმარის არაეგოისტური თამაში - ლა ლიგაში მის ანგარიშზე 4 საგოლე პასია, სულ კი 5 (ჩემპიონთა ლიგის მატჩის მითვლით), თანაც ზედიზედ გამართულ შეხვედრებში.

რაც ყველაზე მთავარია, 3 საგოლე პასი ნეიმარმა იმ ფეხბურთელს მიაწოდა, რომელზეც ამბობდნენ, ბრაზილიელთან ერთად მოედანზე ყოფნა გაუჭირდებაო - ლიონელ მესის!

ყველაზე დიდი ფაქტორი მესის და ნეიმარის დუეტის წარმატების სწორედ ბრაზილიელის დამოკიდებულებაა საქმისადმი, თანაგუნდელებზე ორიენტირებული, დაუღალავი. ყველაზე უკეთ ეს მაშინ ჩანს, როცა ნეიმარი უბურთოდაა. ეს კი ძალზე მნიშვნელოვანი ფაქტორია "ბარსელონას" ნებისმიერი ახალწვეულისთვის.

უბურთოდ მოძრაობას, აგრესიას, კოორდინაციას ძალიან დიდ ყურადღებას უთმობენ "ბარსას" აკადემიაში, "ლა მასიაში" სწავლებისას. "ბარსელონას" სკოლაგამოვლილები ამას მოფერებით "პირველ სამ წამს უბურთოდ" უწოდებენ.

და ეს ყველაფერი პლანეტის მეორე ნაწილიდან მოსულ ბიჭს უკვე აქვს შესისხლხორცებული!

მოვუსმინოთ ხერარდო მარტინოს:
"ნეიმარის ადაპტაცია გუნდში უსწრაფესი იყო, ის მალევე მოერგო გუნდს, როგორც დაცვაში თამაშით, ისე - შეტევაში და ეს ერთიორად მახარებს".


სტატისტიკა არ ტყუის
"რეალ სოსიედადთან" თამაში ნეიმარის ჯერ ხანმოკლე ბარსელონურ კარიერაში ყველაზე სრულყოფილი იყო. ამიტომაც მან სტატისტიკურ-ანალიტიკურ საიტ Whoscore.com-ისგან მესის მერე ყველაზე მაღალი შეფასება - 8,55 ბალი დაიმსახურა.

ზედიზედ მესამე თამაშია, ნეიმარი შეტევის მარცხენა ფრთიდან ერთვება იერიშებში. ნეიმარი საკმაოდ ღრმად დახეულია უკან, მას ხშირად ბურთის მოპოვება და "ბარსას" მარცხენა მცველის დახმარებაც ევალება.

"რეალ სოსიედადთან" მან 4-ჯერ წარმატებით განახორციელა დრიბლინგი, გააკეთა ორი მნიშვნელოვანი პასი, კარისკენ სამჯერ დაარტყა, აქედან ორჯერ ზუსტად.

აღსანიშნავია, რომ ნეიმარმა ფლანგიდან 3-ჯერ ჩააწოდა. ყველამ იცის, რომ ჟორდი ალბას ჩაწოდებები რაიმეთი განსაკუთრებული არაა, ამიტომაც ნეიმარის ეს ნიჭი კარგი საპირწონე იქნება მარჯვენა ფლანგიდან დანი ალვეშის ჩაწოდებებისთვის და ამან შეიძლება სეზონში მნიშვნელოვანი როლიც ითამაშოს.

ნეიმარი, მესის მეხამრიდი
21 წლის ნეიმარზე ლა ლიგაში ყველაზე ხშირად ჯარიმდებიან (საშუალოდ 4,3-ჯერ თამაშში), ეს კი მესის კარგ შანსს და გამოთავისუფლებულ წამებს აძლევს. მესიზე ახლა 1,6-ჯერ ჯარიმდებიან თამაშში. ეს მაინც მაღალი მაჩვენებელია, მაგრამ რა შედარებაა შარშანდელთან.

ნეიმარმა ლა ლიგაში უკვე გააკეთა 12 მნიშვნელოვანი პასი, ამდენივე აქვს მესის; ბრაზილიელი საშუალოდ 2,5 დრიბლინგს ასრულებს თამაშში, მესი მეტს, თუმცა ცხადია, რომ "ბარსას" მეტოქეებს თუკი აქამდე ერთ სამხრეთამერიკელთან უჭირდათ გამკლავება და ამას ძირითადად ვერ ახერხებდნენ, ახლა ორ სამხრეთამერიკელთან მოუწევთ საქმის დაჭერა.

პირველი სალა
თუკი "რეალ სოსიედადთან" თამაში ნეიმარისთვის ყველაზე სრულყოფილი იყო, "სევილიასთან" პირველი ტაიმი ყველაზე შთამბეჭდავი გამოდგა. "კამპ ნოუ" აღფრთოვანებული დარჩა, ბევრმა რონალდინიო გაიხსენა. ნეიმარმა ფანების გულები დაიპყრო.

ნეიმარმა იმ თამაშში 6-ჯერ შეასრულა წარმატებული დრიბლინგი. ანდალუსიელებს სხვა გზა არ ჰქონდათ და ბრაზილიელი 7-ჯერ წააქციეს! და, რა თქმა უნდა, ნეიმარმა საგოლე პასიც მიითვალა.

45 წუთის განმავლობაში ნეიმარმა ლათინური დარბაზის ფეხბურთის - სალას - მასტერკლასი ჩაატარა.

ნეიმარისთვის ყველაზე დიდ პრობლემად რჩებოდა ეპიზოდის დასრულება, ის დაძაბული იყო მეტოქის კარის სიახლოვეს. ლა ლიგის მატჩებში საშუალოდ 2,4-ჯერ ურტყამდა კარში და უშედეგოდ, მაგრამ ყველა ხვდებოდა, რომ "მშრალი" სერიის დასრულება მხოლოდ დროის საკითხი იყო და რომ ცდა დიდხანს არ დაგვჭირდებოდა.

თუკი ის დარჩება მშვიდი და ბუნებრივი, გააგრძელებს ამ სტილში თამაშს, სეზონში 20-ზე მეტი გოლის გატანა არ უნდა გაუჭირდეს.

მთავარ კითხვაზე პასუხი გაცემულია
საკითხი, რად უნდოდა "ბარსას" კიდევ ერთი მეგავარსკვლავი, დღის წესრიგიდან ამოვარდა.

ნეიმარისთვის კი ყველაფერი გაცილებით მარტივადაა - მან იპოვა გუნდი, რომელიც მას აწყობს ყველანაირად, როგორც მოედანზე, ისე - მის გარეთ.

"ბარსა" მისთვის იდეალური ტრამპლინია მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელობამდე ასაფრენად. რატომაც არა...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
გუტი: რონალდო და ბეილი მირჩევნია მესის და ნეიმარს
მკითხველის კომენტარები / 1 /
მესი ბჭობდა, რიბერი იცინოდა
Bayern
16:08 27-09-2013
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული