ესპანეთი. ლა ლიგა. VIII ტურის წინ: მადრიდის "რეალის" რთული გასვლა

AutoSharing Option
პრიმერას მერვე ტური პარასკევს ორი მატჩით დაიწყო, "ბარსელონა" და "რეალი" თავიანთ მატჩებს შაბათს ჩაატარებენ, "ატლეტიკო" კი კვირას დილით ითამაშებს.

ტურის ბოლო შეხვედრა საკმაოდ დიდ ინტერესს იწვევს - ბილბაოში, "ატლეტიკი" "ვალენსიას" უმასპინძლებს...

"რეალს" რთული მატჩი ელის

მადრიდის "რეალი" სტუმრად "ლევანტეს" შეხვდება. ვალენსიელები საკმაოდ კარგ ფორმაში არიან - "ბარსელონასთან", პირველ ტურში განადგურების შემდეგ (0:7), ხოაკინ კაპაროსის გუნდს უკვე 6 მატჩია, არ წაუგია.

უკანასკელ ტურში "ბაყაყებმა" "ოსასუნას" სძლიეს და სატურნირო ცხრილში მე-9 ადგილზე გადაინაცვლეს.

ზოგადად, "ლევანტე" საშინაო გუნდად ითვლება, მაგრამ აქვე უნდა ვთქვათ,
რომ ვალენსიელებს საკუთარ მოედანზე უკვე 8 მატჩია (წინა სეზონის ჩათვლით) არ უმარჯვიათ, თანაც ამ პერიოდში გუნდმა შინ მხოლოდ 4 გოლი გაიტანა.

შარშან, "სიუდად დე ვალენსიაზე" "რეალმა" 2:1 მოიგო, გადამწყვეტი გოლი კი ალვარო მორატამ გაიტანა, რომელიც დღეს, შესაძლოა, ძირითად შემადგენლობაში იყოს. მსგავსი მოსაზრება თავად კარლო ანჩელოტიმ გააჟღერა, რომელმაც პრესკონფერენციაზე შემდეგ რამ განაცხადა:

"გუნდის პირველი ფორვარდი უდავოდ ქარიმ ბენზემაა, თუმცა "ლევანტესთან" შეიძლება მორატამ ითამაშოს. ვალენსიელები შინ საკმაოდ კარგად თამაშობენ და ჩვენ რთული მატჩის მოლოდინში ვართ. "ვილიარეალთან" და "ელჩესთან" სერიოზული პრობლემები შეგვექმნა და დარწმუნებული ვარ, რომ იოლი გასეირნება არც "ლევანტესთან" გველის".

"რეალმა" "კოპენჰაგენთან" საკმაოდ დამაჯერებლად იმარჯვა. შესანიშნავი მატჩი ჩაატარა ანხელ დი მარიამ, ვინც იტალიელმა სპეციალისტმაც შეაქო.

გარდა ამისა, გუნდს დაუბრუნდა რაფაელ ვარანი, რაც კარლოს დაცვაში კიდევ უფრო დიდი არჩევნის საშუალებას მისცემს. საეჭვოა პეპეს ასპარეზობა - პორტუგალიელმა ჩემპიონთა ლიგის შეხვედრაში თავის ტრავმა მიიღო.

არ იქნება გარეთ ბეილიც, რომელსაც მცირე ტრავმა აქვს და მადრიდელები სარეკორდო თანხად შეძენილ ფეხბურთელს დასვენების საშუალებას აძლევენ.

მოიგებს "ბარსა" მერვეს?
"ბარსელონა" "ვალიადოლიდს" უმასპინძლებს და ეცდება, რომ მოგებათა სარეკორდო სერია რვა მატჩამდე გაზარდოს. ამ გუნდების ბოლო 7 მატჩიდან ყველა "ბარსას" გამარჯვებით დასრულდა, "ნოუ კამპზე" კი "ვალიადოლიდმა" ბოლოს 1997 წელს იმარჯვა.

მასპინძლებს არ ეყოლებათ ლიონელ მესი, სამაგიეროდ, შესაძლოა დაბრუნდეს კარლეს პუიოლი, რომელსაც პროფესიულ ფეხბურთში დებიუტი სწორედ "ვალიადოლიდთან", 14 წლის წინ ჰქონდა. ძირითადში იქნება სესკ ფაბრეგასი, ვინც შუა კვირაში "სელტიკის" კარში გაიტანა და გუნდს გამარჯვება მოუტანა.

ხუან იგნასიო მარტინესის გუნდმა სეზონში ერთადერთი გამარჯვება 31 აგვისტოს, საკუთარ მოედანზე, "ხეტაფესთან" მოიპოვა.

"ატლეტიკო" დილით ითამაშებს
დიეგო სიმეონეს გუნდმა სეზონი მართლაც საოცრად დაიწყო. "როხიბლანკომ" საკლუბო რეკორდი დაამყარა და პრიმერაში ზედიზედ 7 გამარჯვება მოიპოვა, შუა კვირაში კი "ატლეტიკომ" "დრაგაოზე" იმარჯვა და ჩემპიონთა ლიგის ჯგუფს სათავეში ჩაუდგა.

აი, ასეთ მეტოქესთან მოუწევს თამაში "სელტას", რომელსაც უკვე 5 მატჩია არ უმარჯვია, ბოლო სამ შეხვედრაში კი გოლიც არ გაუტანია - ლუის ენრიკეს გუნდს უმძიმესი შეხვედრა ელის.

ჩემპიონთა ლიგაში დისკვალიფიცირებული დიეგო კოშტა ძირითად შემადგენლობაში იქნება და ეცდება, რომ შედეგიანი სერია 5 მატჩამდე გაზარდოს.

შარშანდელ სეზონში "ატლეტიკომ" "სელტას" ორივე მატჩი მოუგო და თუ რამე სასწაული არ მოხდა, ამ სეზონის პირველ დაპირისპირებაშიც გამარჯვება მადრიდელებს უნდა დარჩეთ.

გალისიურ კლუბს კვლავ არ ეყოლება სამუელ ლორკა და მარიო ბერმეხო, მასპინძლებს კი ადრიანის და მარიო სუარესის იმედი არ უნდა ჰქონდეთ.

"ღამურები" ახალ "სან მამესზე"
"ვალენსიას" ბილბაოს "ატლეტიკისთვის" საკმაოდ უხერხული მეტოქეა. ამ გუნდების ბოლო მატჩი ბასკების გამარჯვებით კი დასრულდა, მაგრამ იქამდე ჩატარებული 8 მატჩიდან 7 "ვალენსიას" ჰქონდა მოგებული, ერთი შეხვედრა კი ფრედ დასრულდა.

იმის გათვალისწინებით, რომ ერნესტო ვალვერდეს გუნდი შინ შესანიშნავად თამაშობს, ხოლო "ღამურებს" სტუმრად უჭირთ, ფავორიტად "ბილბაო" უნდა მივიჩნიოთ, თუმცა "ვალენსიამ" ბოლო დროს გამოიღვიძა, პრიმერაში ზედიზედ სამი მატჩი მოიგო, რასაც ევროპა ლიგაზე "ყუბანის" ძლევაც მიაყოლა.

მასპინძლებს კიკე სოლა და ეკისა არ ეყოლებათ, მიროსლავ ჯუკიჩს კი სერიოზული დანაკლისი აქვს - ელდერ პოშტიგა, იგნასიო პიატი, ვისენტე გუაიტა და რიკარდო კოშტა ტრავმირებულნი არიან და კვირას მათი ასპარეზობა დიდი კითხვის ნიშნის ქვეშაა.

ესპანეთი. ლა ლიგა. VIII ტური
ვილიარეალი-გრანადა 3:0

მალაგა-ოსასუნა 0:1


5 ოქტომბერი
ლევანტე-რეალი 22:00
სავარაუდო შემადგენლობები:
"ლევანტე" (4-2-3-1): კ. ნავასი - ლელი, ექტორ როდასი, დ. ნავარო, ხუანფრანი - პ. დიოპი, სიმაო - პედრო ლოპესი, ელ ჟარი, რუბენ გარსია - ბ. დიავარა
"რეალი" (4-2-3-1): დიეგო ლოპესი - კარვახალი, ვარანი, სერხიო რამოსი, მარსელო - მოდრიჩი, ილიარამენდი - დი მარია, ისკო, რონალდო - მორატა

დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: - ჩაბი ალონსო, ბეილი

ბოლო 6 მატჩი
+2 =4 -0 (6-4) +4 =1 -1 (12-6)

ურთიერთშეხვედრები
სულ 14 თამაში: +3 =1 -10 (11:39)

ელჩე-ესპანიოლი 18:00
დისკვალიფიკაცია: ბოტია (ელჩე)
ტრავმა: საპუნარუ, სერხიო პელეგრინი - ხუან ფუენტესი, ვიქტორ ალვარესი
ბოლო 6 მატჩი
+1 =3 -2 (6-7) +2 =2 -2 (7-8)
ურთიერთშეხვედრები
არ უთამაშიათ

ვალეკანო-სოსიედადი 20:00
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: სება ფერნანდესი, ტიტო, იაგო ფალკე, ხოსე კარლოსი - ჩაბი პრიეტო, დანი ესტრადა, სურუტუსა, გრანერო, ელუსტონდო, იფრანი
ბოლო 6 მატჩი
+1 =0 -5 (5-16) +0 =4 -2 (4-8)
ურთიერთშეხვედრები
სულ 23 თამაში: +9 =5 -9 (35:37)

ბარსელონა-ვალიადოლიდი 00:00
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: მასკერანო, ალბა, კუენკა, აფელაი - ალვარო რუბიო, ოსკარი, დ. ლარსონი, ვიქტორ პერესი, სასტრე
ბოლო 6 მატჩი
+6 =0 -0 (23-5) +1 =3 -2 (5-7)
ურთიერთშეხვედრები
სულ 30 თამაში: +22 =5 -3 (74:23)

6 ოქტომბერი
ატლეტიკო-სელტა 14:00
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: მარიო სუარესი, ადრიანი - ბელვისი, სამუელ ლორკა, ბერმეხო
ბოლო 6 მატჩი
+6 =0 -0 (16-4) +1 =2 -3 (5-8)
ურთიერთშეხვედრები
სულ 26 თამაში: +12 =6 -8 (40:34)

სევილია-ალმერია 19:00
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: ჩერიშევი, მბია, ფ. ნავარო, ვიტოლო, კარიკო, რეიესი, სისინიო
ბოლო 6 მატჩი
+1 =2 -3 (11-13) +0 =3 -3 (8-14)
ურთიერთშეხვედრები
სულ 8 თამაში: +5 =0 -3 (10:11)

ხეტაფე-ბეტისი 21:00
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: ლაფიტა, ვალერა - რუბენ კასტრო, ხუან კარლოსი, სერხიო როდრიგესი, ედერ ვილარჩაო
ბოლო 6 მატჩი
+3 =1 -2 (9-8) +2 =2 -2 (6-5)
ურთიერთშეხვედრები
სულ 18 თამაში: +4 =7 -7 (18:24)

ბილბაო-ვალენსია 23:00
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: საბორიტი, ბალენსიაგა, კიკე სოლა, ეკისა - ელდერ პოშტიგა, გუაიტა, რ. კოშტა, პიატი
ბოლო 6 მატჩი
+3 =0 -3 (10-11) +3 =0 -3 (9-10)
ურთიერთშეხვედრები
სულ 40 თამაში: +11 =9 -20 (48:68)

ბომბარდირები: 8 - მესი (ბარსელონა), დიეგო კოშტა (ატლეტიკო); 6 - კრიშტიანო რონალდო (რეალი); 5 - პედრო (ბარსელონა)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული