ესპანეთი. ლა ლიგა. VIII ტურის შეჯამება და სიმბოლური: უნაკლო "ბარსა" და "ატლეტიკო"

AutoSharing Option
ლა ლიგის მორიგი ტურის შეჯამება "ბილბაოს" და "ვალენსიას" მატჩით დავიწყოთ. ეს შეხვედრა ყველაზე გვიან დასრულდა და წინა ნომერში მასზე არაფერი გვითქვამს...

ვალვერდემ ყოფილ გუნდს ვერ მოუგო
ერნესტო ვალვერდე "ვალენსიაში" 2012 წლის დეკემბერში მივიდა და გუნდში სეზონის დასრულებამდე იმუშავა.

მეხუთე ადგილის დაკავების შემდეგ გასაგები გახდა, რომ ბასკის ადგილი "ღამურებში" არ იყო და "ოლიმპიაკოსის" ყოფილი თავკაცი სათავეში ბილბაოს "ატლეტიკს" ჩაუდგა.

ბასკებმა "სან მამეს ბარიაზე" მესამე შეხვედრა ჩაატარეს და 3 ქულის აღება პირველად ვერ შეძლეს. მასპინძლები მოედანზე თავდამსხმელის გარეშე გამოვიდნენ - ნომინალური ცენტრფორვარდის
პოზიციაზე ოსკარ დე მარკოსი თამაშობდა, რომელიც ამპლუით ცენტრალური ნახევარმცველია. დაახლოებით ანალოგიური გადაწყვეტილება მიიღო მიროსლავ ჯუკიჩმაც, ვინც ძირითადში 20 წლის პაკო ალკასერი გაამწესა, ელდერ პოშტიგა კი სკამზე დატოვა.

საბოლოოდ, შეხვედრა არც ისე სანახაობრივი გამოდგა, გუნდებმა კი თითო ტაიმში თითო გოლი გაიტანეს. ანგარიში ევერ ბანეგამ 11-მეტრიანით გახსნა, მეორე ნახევარში კი წონასწორობა მიკელ რიკომ აღადგინა და "ატლეტიკში" თავისი პირველი გოლი გაიტანა.

მატჩის დროს მცირე ინციდენტსაც ჰქონდა ადგილი, როდესაც გურპეგიმ და ბანეგამ რამდენიმე "ტკბილი" სიტყვა გაცვალეს, მაგრამ ყველაფერი ამით დასრულდა.

გუნდებმა ჩემპიონატში პირველი ფრე ითამაშეს და სატურნირო ცხრილში თითო ადგილით დაქვეითდნენ, ორივეს კი "ხეტაფემ" გადაასწრო.

კოშტა, კორო, ალექსისი და ლეონი
ამ ტურში დუბლის შესრულება ოთხმა ფეხბურთელმა მოახერხა. მორიგი გოლები გაიტანა დიეგო კოშტამ, ვის ანგარიშზეც უკვე 10 ბურთია. "ატლეტიკოს" ფორვარდმა მატჩის დასაწყისში პენალტი ვერ გამოიყენა, თუმცა მოგვიანებით თავის გამოჩენა მაინც შეძლო.

ბრაზილიელმა საკუთარი რეკორდი გაიმეორა - სეზონში 10-ზე მეტი გოლი 24 წლის ფორვარდს არასდროს გაუტანია, ამდენი ბურთი კი კოშტამ ბოლო ორ სეზონში ჯერ "რაიოს", შემდეგ კი "როხიბლანკოს" რიგებში შეაგდო.

ფერან კორომინას ტელეჩეა, იგივე "კორო", "ელჩეს" ფეხბურთელია, რომელმაც პროფესიული კარიერა კატალონიურ "ესპანიოლში" დაიწყო და ამ გუნდის რიგებში 8 წლის განმავლობაში ითამაშა. მე-8 ტურში კორომინასის გუნდი სწორედ "ესპანიოლს" დაუპირისპირდა და "ელჩეს" შემტევმა ყოფილ გუნდს ორი გოლი გაუტანა. 30 წლის ფეხბურთელმა პრიმერას შეხვედრაში დუბლის შესრულება პირველად შეძლო.

ორი გოლით და საგოლე პასით გამოირჩა ალექსის სანჩესი, რომელიც "ბარსელონა"-"ვალიადოლიდის" მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს. ჩილელმა განსაკუთრებით კარგად პირველი გოლის ეპიზოდში ითამაშა - "ბარსა" 0:1-ს აგებდა, როდესაც სანჩესმა საჯარიმოს გარედან გაისროლა და ტურის ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი გოლი გაიტანა.

ყველაზე ლამაზი ბურთი კი პედრო ლეონის ანგარიშზე იყო. "ხეტაფეს" ნახევარმცველმა მოედნის ცენტრიდან საჯარიმო დარტყმით გამოიჩინა თავი და საკუთარ გუნდს მორიგი გამარჯვების მოპოვებაში დაეხმარა.

მადრიდის "რეალის" ყოფილმა ფეხბურთელმა ასევე დუბლი შეასრულა, მეორე გოლიდან რამდენიმე წუთში კი ტრავმა მიიღო და მოედანი დატოვა.

სხვათა შორის, "მარკამ" საკუთარ ვებგვერდზე მკითხველის გამოკითხვა ჩაატარა. შეკითხვა ასე ჟღერდა: "პედრო ლეონის გოლი შემთხვევითობა იყო თუ ფეხბურთელმა ასე განზრახ დაარტყა?" გამოკითხულთა 56,7-მა პროცენტმა მიიჩნია, რომ ფეხბურთელმა ყველაფერი გათვალა და კარში დაარტყა, 43,3 პროცენტის აზრით კი, ლეონი საჯარიმოში აწვდიდა და გოლი შემთხვევით გავიდა.

ხესე და მორატა
მადრიდის "რეალს" ძალიან გაუჭირდა და "ლევანტეს" 90-ე წუთის შემდეგ გატანილი ორი ბურთით მოუგო. "სამეფო კლუბის" რიგებში ალვარო მორატამ და ხესე როდრიგესმა ითამაშეს. 20 წლის მორატამ გოლიც გაიტანა და ანგარიში გაათანაბრა, ხესემ კი ამ საგოლე კომბინაციაში მონაწილეობა მიიღო და კარგი შთაბეჭდილებაც დატოვა.

მიმდინარე სეზონში მორატამ ლა ლიგაში სულ 80 წუთი ითამაშა, ქარიმ ბენზემამ კი მოედანზე 646 წუთი გაატარა. სტატისტიკის მიხედვით, ესპანეთის 21-წლამდელთა ნაკრების წევრი გაცილებით პროდუქტიულია. ნათამაშებ წუთებს თუ გავითვალისწინებთ, მორატა ბენზემაზე ხშირად ურტყამს კარში, უფრო მეტ სახიფათო მომენტს ქმნის, მეტ ორთაბრძოლას იგებს და გუნდისთვის მეტი სარგებელი მოაქვს.

სწორედ ამის გამო ესპანელი ჟურნალისტები მიიჩნევენ, რომ მომდევნო ტურში ძირითად შემადგენლობაში სწორედ ახალგაზრდა ფეხბურთელი უნდა იყოს და არა ბენზემა.

ხესემ "ლევანტესთან" სულ 17 წუთი ითამაშა და მიუხედავად მცირე დროისა, საგოლე კომბინაციაში მონაწილეობის გარდა, რამდენიმე სახიფათო გადაცემაც შეასრულა.

"სოსიედადი" კრიზისშია
იაგობა არასატე რთულ სიტუაციაშია - "სოსიედადის" ახალგაზრდა დამრიგებელმა გუნდი ფილიპ მონტანიესგან სეზონის დაწყების წინ ჩაიბარა. "რენში" წასულმა სპეციალისტმა არასატეს ლა ლიგის მეოთხე და ჩემპიონთა ლიგის მონაწილე კლუბი დაუტოვა.

35 წლის მწვრთნელმა კარგად დაიწყო - "ლა რეალმა" ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის საგზური მოიპოვა და პრიმერას პირველ ორ ტურში 4 ქულა დააგროვა, თუმცა ამის შემდეგ გუნდს ჩავარდნა დაეწყო. ესპანეთის ჩემპიონატში "სოსიედადს" უკვე 6 ტურია არ მოუგია, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფში კი ორივე შეხვედრაში დამარცხდა.

ბოლო გამარჯვება გუნდმა 28 აგვისტოს, "ლიონთან" მოიპოვა, იქიდან მოყოლებული კი 3 მატჩი ფრედ დაასრულა და 5 წააგო.

ბასკებმა სიტუაცია დროულად უნდა გამოასწორონ, თორემ შეიძლება "ვილიარეალის" ბედი გაიზიარონ. შეგახსენებთ, რომ 2010/11 წლების სეზონში "ყვითელმა წყალქვეშა ნავმა" ჩემპიონთა ლიგის ჯგუფში 6-ივე თამაში წააგო, სეზონის ბოლოს კი პრიმერადანაც გავარდა.

ბომბარდირები
10 - დიეგო კოშტა (ატლეტიკო)
8 - ლიონელ მესი (ბარსელონა)
7 - კრიშტიანო რონალდო (რეალი)
5 - პედრო (ბარსელონა), როდრი (ალმერია)

ასისტენტები
6 - კოკე (ატლეტიკო), სესკ ფაბრეგასი (ბარსელონა)
5 - ნეიმარი (ბარსელონა)
4 - პატრიკ ებერტი (ვალიადოლიდი), კანი (ვილიარეალი)

უდისციპლინო ფეხბურთელები
1. ხუან კალა (სევილია) - 4 ყვითელი და 1 წითელი
2. ალბერტო ბოტია (ელჩე) - 5 ყვითელი
3. მიჩელი (ხეტაფე) - 2 ყვითელი და 1 წითელი
4. ვიქტორ სანჩესი (ესპანიოლი) - 2 ყვითელი და 1 წითელი
5. ალეხანდრო გალვესი (რაიო ვალეკანო) - 2 ყვითელი და 1 წითელი

VIII ტურის სიმბოლური ნაკრები, "ლელოს" ვერსიით
მეკარე: იოელი (სელტა)
მცველები: დ. ფიგეირაში (სევილია), ს. რამოსი (რეალი), ბარტრა (ბარსელონა), რ. ლაგო (ხეტაფე)
ნახევარმცველები: პედრო ლეონი (ხეტაფე), ბორხა (ხეტაფე), ბრუნო (ვილიარეალი), ნეიმარი (ბარსელონა)
თავდამსხმელები: დიეგო კოშტა (ატლეტიკო), ა. სანჩესი (ბარსელონა)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ესპანეთი. ლა ლიგა. VIII ტური: ვალენსიური სასწაული [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული