ესპანეთი. ლა ლიგა. X ტური: "ელ კლასიკო" სხვა მოქმედი გმირებით [VIDEO]

AutoSharing Option
სეზონის პირველი "ელ კლასიკო" ისეთი სანახაობრივი არ გამოდგა, როგორსაც მივეჩვიეთ და არც ფეხბურთელებს შორის გაწევ-გამოწევა თუ ჩხუბი გვინახავს; სამაგიეროდ, იყო საკამათო ეპიზოდები და მადრიდელთა უკმაყოფილება.

ხერარდო მარტინოს და კარლო ანჩელოტის დაპირისპირება არგენტინელის გამარჯვებით დასრულდა და "ბარსელონამ" "რეალს" ექვსი ქულით გაასწრო...

ანჩელოტის ექსპერიმენტი
პირველი, რაც გულშემატკივარს თვალში მოხვდებოდა, "რეალის" უცნაური ტაქტიკა გახლდათ. არა, ზოგადად, 4-3-3-ში უცნაური არაფერია, უბრალოდ, ზოგიერთი ფეხბურთელი მისთვის შედარებით უჩვეულო პოზიციაზე თამაშობდა.

კარლო ანჩელოტიმ ნომინალურ ფორვარდზე უარი თქვა და შეტევაში გარეთ ბეილის, კრიშტიანო რონალდოს და ანხელ დი მარიას
ტრიო გაამწესა.

ფეხბურთელები ბევრს მოძრაობდნენ და პოზიციებს ხშირად იცვლიდნენ, თუმცა "ქაღალდზე" უელსელი მარჯვენა გარემარბი იყო, რონალდო ცენტრფორვარდი, დი მარია კი მარცხნიდან უტევდა.

ასევე, გასაკვირი იყო ნახევარდაცვის ცენტრში სერხიო რამოსის გამოჩენა - ესპანეთის ნაკრების მცველი ლუკა მოდრიჩთან და სამი ხედირასთან ერთად მოქმედებდა.

მარტინოს ველოსიპედის გამოგონება არ უცდია - ერთადერთი ფეხბურთელი, ვის გამოჩენასაც სპეციალისტები არ ელოდნენ, სესკ ფაბრეგასი გახლდათ, რომელმაც ალექსის სანჩესის ადგილი დაიკავა. ამის გამო ლიონელ მესი, ძირითადად, მარჯვენა ფლანგზე მოქმედებდა, ნეიმარი კი მარცხნიდან უტევდა.

რიკოშეტი, ხარიხა და შედევრი
შეხვედრამ, მთლიანობაში, თანაბარ ბრძოლაში ჩაიარა. მატჩის პერიპეტიებზე ბევრს არ ვისაუბრებთ, უბრალოდ, იმ საკვანძო ეპიზოდებს გავიხსენებთ, რომლებმაც თამაშის შედეგზე გავლენა მოახდინა.

პირველ ტაიმში უპირატესობას "ბარსელონა" ფლობდა. კატალონიელთა ერთ-ერთი შეტევა ანდრეს ინიესტას გადაცემით და ნეიმარის დარტყმით დასრულდა - ბურთი დანი კარვახალს მოხვდა, მიმართულება ოდნავ იცვალა და დიეგო ლოპესის კარში აღმოჩნდა.

"რეალს" შეტევაში აშკარად უჭირდა; რონალდო არ ჩანდა, ბეილს კი ეტყობოდა, რომ მოსამზადებელი ეტაპის გამოტოვების გამო ფორმაში არ გახლდათ.

მეორე ტაიმში უპირატესობა მადრიდელთა მხარეს გადავიდა. ანჩელოტიმ რამოსის ნაცვლად ბენზემა გამოიყვანა და ფრანგმა კინაღამ გაიტანა - მისი შორიდან დარტყმული ხარიხამ აისხლიტა.

მოგვიანებით კი შეხვედრის ყველაზე საკამათო ეპიზოდს ჰქონდა ადგილი: საჯარიმოში ხავიერ მასკერანოს და კრიშტიანო რონალდოს შეჯახება პორტუგალიელის დაცემით დასრულდა. სტუმრები პენალტს ითხოვდნენ, მაგრამ უნდიანო მალიენკომ 11-მეტრიანი არ დანიშნა და ძალიან გააბრაზა რონალდო, რომელმაც მოგვიანებით, არბიტრისგან ამ ეპიზოდზე კამათისთვის ყვითელი ბარათიც მიიღო.

მატჩის ბედი კი ალექსის სანჩესის შესანიშნავმა თამაშმა გადაწყვიტა. ჩილელმა საჯარიმოს გარედან ლოპესს ბურთი თავზე გადაუგდო და "ბარსას" უპირატესობა გაზარდა. ახალგაზრდა ხესეს გოლს არაფერი შეუცვლია - "ბარსელონამ" მეტოქესთან 5-მატჩიანი მოუგებელი სერია დაასრულა, 2:1.

მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად ბევრმა ნეიმარი დაასახელა, რომელმაც გოლის გარდა, საგოლე პასიც მიითვალა.

ყველა ლიონელ მესის და კრიშტიანო რონალდოს დაპირისპირებას ელოდა, მაგრამ გუნდების ლიდერებმა ისე ვერ ითამაშეს, როგორც ამას ქომაგია მიჩვეული.

დამაჯერებელი გახლდათ ვიქტორ ვალდესი, ვინც რამდენიმე რთული ბურთი მოიგერია.

აი, რაც შეეხება გარეთ ბეილს: მსოფლიოს ყველაზე ძვირად ღირებული ფეხბურთელი შეუმჩნეველი იყო და ერთ ეპიზოდს თუ არ ჩავთვლით, როდესაც უელსელმა შორიდან დაარტყა, არც არაფერი გაუკეთებია.

მატჩის შემდეგ
შეხვედრის შემდეგ მადრიდელები არბიტრის გადაწყვეტილებაზე აპელირებდნენ:

სერხიო რამოსი (რეალი):
"არის სიტუაციები, როდესაც ვერაფერს გააწყობ - დღეს ორი 100-პროცენტიანი პენალტი არ დანიშნეს. მატჩის ბედი მსაჯმა გადაწყვიტა, მაგრამ "რეალის" ქომაგებს შეუძლიათ საკუთარი გუნდით იამაყონ, რადგან ჩვენ ბოლომდე ვიბრძოლეთ და მეტოქეს არაფერი დავუთმეთ".


კარლო ანჩელოტი (რეალი):
"მეორე ტაიმი საკმაოდ კარგი იყო. ჩვენ თამაშს ვაკონტროლებდით და რამდენიმე კარგი შანსიც გვქონდა. 11-მეტრიანი აშკარა იყო, ეს ყველამ დაინახა, მსაჯის გარდა".

მარსელო (რეალი):
"დღეს ჩვენი მიზანი გამარჯვება იყო, მაგრამ არბიტრის გადაწყვეტილებას ვერ შევცვლით. მსაჯი ვალდებული იყო, მეტოქის კარში ორი პენალტი დაენიშნა. ახლა მხოლოდ მომდევნო შეხვედრაზე ("სევილიასთან") ვფიქრობთ".

კატალონიელთა მხრიდან მადრიდელებს სერხიო ბუსკეტსმა უპასუხა:
"მსაჯზე მარცხის გადაბრალება ძალიან იოლია. ისინი ყოველი წაგების შემდეგ ასე იქცევიან".

ხერარდო მარტინომ კი არბიტრსა და მის გადაწყვეტილებებზე საუბარი არ ისურვა:
"აქამდეც ასე ვიქცეოდი და მსაჯობაზე კომენტარს არც ამჯერად გავაკეთებ, მით უმეტეს, რომ ჩემმა კოლეგამ საკუთარი მოსაზრება უკვე გამოთქვა".

გარდა ამისა, მარტინომ ინიესტას შეცვლასა და გუნდზე საკუთარ გავლენაზე ისაუბრა:
"სონგი დაცვის გაძლიერების მიზნით გამოვიყვანე. არ მოგატყუებთ და არ გეტყვით, რომ სონგი მსოფლიოში საუკეთესო 10 ნომერია. ზოგადად, ჩემი საქმიანობის ეფექტი ჯერ მინიმალურია - მეტი უნდა ვიფიქრო, უფრო აქტიურად ვიმოქმედო და ფეხბურთელები უკეთ გავიცნო. გასაკეთებელი კიდევ საკმაოდ ბევრია".
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

სხვა მატჩები
სხვა შეხვედრებიდან უნდა გამოვარჩიოთ "სელტას" შესანიშნავი გამოსვლა და ვალენსიური დერბი, რომელიც "ღამურების" განადგურებით დასრულდა.

ბერნდ შუსტერის გუნდი "სელტას" სამი ფეხბურთელის შესანიშნავმა გამოსვლამ წალეკა - ალექს ლოპესმა ორი გოლი გაიტანა და ერთი საგოლე პასი მიითვალა, აუგუსტო ფერნანდესმა და შარლესმა კი თავი გოლით და საგოლე პასით გამოიჩინეს.

ამ გამარჯვებით "სელტამ" წაგებათა 4-მატჩიანი და 7-მატჩიანი მოუგებელი სერია დაასრულა. მსგავსი ანგარიშით სტუმრად გალისიურ გუნდს მხოლოდ ერთხელ, 1941 წელს, "ერკულესთან" ჰქონდა მოგებული.

ვალენსიური დერბის გმირი კი ჯოვანი დოს სანტოსი გახდა. მექსიკელმა ფეხბურთელმა დუბლი შეასრულა, მე-17 წუთზე კი იკეჩუკვუ უჩეს გაატანინა. გარდა ამისა, 24 წლის შემტევმა პენალტიც ვერ გაიტანა, თუმცა გუაიტას მიერ მოგერიებულ 11-მეტრიანს კუთხური მოჰყვა და დოს სანტოსმაც შეცდომა უმალ გამოასწორა.

"ყვითელი წყალქვეშა ნავი" აგრძელებს წარმატებით გამოსვლას და რაც დრო გადის, თანდათან მტკიცდება, რომ მარსელინიოს გუნდს ოთხეულისთვის ბრძოლა ნამდვილად შეუძლია.

მორიგი გამარჯვება მოიპოვა მადრიდის "ატლეტიკომ", რომელმაც "ბეტისი" მიწასთან გაასწორა. როგორც იქნა, გაიბრწყინა დავიდ ვილიამ - ასტურიელმა ფორვარდმა დუბლს საგოლე პასიც მიუმატა.

თავი გამოიჩინა დიეგო კოშტამაც, რომელმაც ჩემპიონატში თავისი მე-11 გოლი გაიტანა; ანგარიში კი პირველივე წუთზე უნიჭიერესმა ოლივერ ტორესმა გახსნა. 18 წლის ფეხბურთელმა პროფესიულ კარიერაში თავისი სადებიუტო გოლი გაიტანა.

ესპანეთი. ლა ლიგა. X ტური
ვალეკანო-ვალიადოლიდი 0:3
გოლები: 0:1 ებერტი (31), 0:2 ხავი გერა (39), 0:3 დ. ლარსონი (48)
ვალეკანო (4-2-3-1): რუბენი - ტიტო, გალვესი, არბილია, მოხიკა - რაულ ბაენა (46. ლარივეი), ტრაშორასი - ა. პერეა (46. ა. ბანგურა), ხ. ვიერა, იაგო ფალკე - ნ. კასტილიო (63. ა. ბუენო)
ვალიადოლიდი (4-4-2): დიეგო მარინიო - რუკავინა, მარკ ვალიენტე, ხესუს რუედა, პენია - ებერტი (46. დ. ლარსონი), ბარახა (79. ა. რუბიო), ფ. როსი, რამა - ხავი გერა (74. გ. გარსია), მანუჩო
გაფრთხილება: გალვესი, ა. ბანგურა - ბარახა, მანუჩო
კუთხური: 8-1; ჯარიმა: 7-27; თამაშგარე: 3-4; კარში დარტყმა: 17-9 (4-6); ბურთის ფლობა: 71%-29%
მაყურებელი: 7 000

მალაგა-სელტა 0:5
გოლები: 0:1 ალექს ლოპესი (6), 0:2 ა. ფერნანდესი (23), 0:3 ალექს ლოპესი (64), 0:4 ნოლიტო (73), 0:5 შარლესი (81)
მალაგა (4-4-2): ვ. კაბალიერო - ხესუს გამესი, ჩენი, ველიგტონი, ანტუნეში - პორტილიო, ტისონე, ი. კამაჩო (46. პ. მორალესი), დუდა (65. პავლოვსკი) - ელ ჰამდაუი (46. ბ. ანდერსონი), სანტა კრუსი
სელტა (4-3-2-1): იოელი - უგო მალიო, კაბრალი, ფონტასი, აურტენეჩე - ა. ფერნანდესი (78. დ. როდრიგესი), ბორხა ოუბინია, ალექს ლოპესი (74. მადინდა) - სანტი მინა (65. ფ. ორელიანა), ნოლიტო - შარლესი
გაფრთხილება: ხესუს გამესი, პავლოვსკი -
კუთხური: 5-6; ჯარიმა: 14-11; თამაშგარე: 3-1; კარში დარტყმა: 7-16 (1-9); ბურთის ფლობა: 47%-53%
მაყურებელი: 30 377

ბარსელონა-რეალი 2:1
გოლები: 1:0 ნეიმარი (19), 2:0 ა. სანჩესი (78), 2:1 ხესე (90)
ბარსელონა (4-3-3): ვალდესი - დანი ალვეში, პიკე, მასკერანო, ადრიანო - ჩავი, ბუსკეტსი, ინიესტა (77. ა. სონგი) - მესი, ფაბრეგასი (70. ა. სანჩესი), ნეიმარი (84. პედრო)
რეალი (4-3-3): დიეგო ლოპესი - დანი კარვახალი, ვარანი, პეპე, მარსელო - ხედირა, სერხიო რამოსი (56. ილიარამენდი), მოდრიჩი - ბეილი (61. ბენზემა), კრიშტიანო რონალდო, დი მარია (76. ხესე)
გაფრთხილება: ბუსკეტსი, ადრიანო - სერხიო რამოსი, ბეილი, ხედირა, მარსელო, კრიშტიანო რონალდო
კუთხური: 4-3; ჯარიმა: 19-16; თამაშგარე: 3-1; კარში დარტყმა: 12-10 (5-6); ბურთის ფლობა: 55%-45%
მაყურებელი: 98 761

ელჩე-გრანადა 0:1
გოლი: 0:1 იტურა (26)
ელჩე (4-2-3-1): მანუ ერერა - დ. სუარესი, ბოტია, ლომბანი, მანტეკონი - რუბენ პერესი (74. კ. სანჩესი), ხავი მარკესი (82. აარონ ნიგესი) - კარლეს ხილი, მანუ დელ მორალი, ფიდელი (56. ბოაკი) - კორომინასი
გრანადა (4-3-3): რობერტო - ნიომი, მაინსი, მურილიო, ფულკიე - რესიო, იტურა, ფრან რიკო - ბრაჰიმი (86. კოეფი), იგალო (74. რიკი), მ. პერეირა (79. ბ. ანგულო)
გაფრთხილება: ხავი მარკესი, დ. სუარესი - იტურა, რობერტო ნიომი
კუთხური: 5-4; ჯარიმა: 12-8; თამაშგარე: 2-1; კარში დარტყმა: 8-14 (1-3); ბურთის ფლობა: 57%-43%
მაყურებელი: 24 800

ლევანტე-ესპანიოლი 3:0
გოლები: 1:0 ელ ჟარი (25-პენ), 2:0 ბ. დიავარა (27), 3:0 ელ ჟარი (51)
ლევანტე (4-2-3-1): კ. ნავასი - პედრო ლოპესი (84. ვინტრა), დ. ნავარო, ე. როდასი, ხუანფრანი - პ. დიოპი (61. ელ ადუა), სიმაო ჟუნიორი - ჩუმეტრა, რუბენ გარსია (46. ივანშიტცი), ელ ჟარი - ბ. დიავარა
ესპანიოლი (4-2-3-1): კასილია - ხავი ლოპესი, სიდნეი, ე. მორენო (59. კოლოტო), ხუან ფუენტესი - ვიქტორ სანჩესი, დ. ლოპესი - სტუანი (67. ლანსაროტე), პიცი, სიმაო საბროსა (46. ჯ. კორდობა) - სერხიო გარსია
გაფრთხილება: კ. ნავასი, ელ ადუა - ვიქტორ სანჩესი, ე. მორენო, სერხიო გარსია, ლანსაროტე, პიცი
კუთხური: 3-11; ჯარიმა: 14-23; თამაშგარე: 1-0; კარში დარტყმა: 6-20 (3-6); ბურთის ფლობა: 36%-64%
მაყურებელი: 13 100

სევილია-ოსასუნა 2:1
გოლები: 1:0 რაკიტიჩი (55), 2:0 ხაირო სამპერიო (72), 2:1 ორიოლ რიერა (87)
სევილია (4-4-2): ბეტუ - დ. ფიგეირაში, კარიკო, პარეხა, ა. მორენო - ხაირო სამპერიო, მბია (76. კრისტოფორო), რაკიტიჩი, ვიტოლო - ბაკა (83. რუსესკუ), გამეირო (64. პეროტი)
ოსასუნა (4-2-3-1): ანდრეს ფერნანდესი - მარკ ბერტრანი, ლოტიე, არიბასი, დამია - ლოლო (82. ოიერი), პუნიალი - დე ლას კუევასი, ფ. სილვა (50. ორიოლი), რ. ტორესი (71. მანუელი) - ორიოლ რიერა
გაფრთხილება: რაკიტიჩი — ფ. სილვა, პუნიალი, ოიერი, ორიოლ რიერა
გაძევება: დამია (35. ოსასუნა)
კუთხური: 9-3; ჯარიმა: 11-11; თამაშგარე: 2-0; კარში დარტყმა: 23-7 (4-3); ბურთის ფლობა: 64%-36%
მაყურებელი: 30 582

ვილიარეალი-ვალენსია 4:1
გოლები: 1:0 ი. უჩე (17), 2:0 ე. პერესი (22), 3:0 ჯოვანი დოს სანტოსი (50), 3:1 რ. კოშტა (63), 4:1 ჯოვანი დოს სანტოსი (84)
ვილიარეალი (4-4-2): ასენხო - მარიო, მუსაჩიო, დორადო, ხაუმე კოსტა - ე. პერესი (85. ხ. პერეირა), ტრიგეროსი, ბრუნო, კანი (67. პინა) - ი. უჩე (73. ხ. აკინო), ჯოვანი დოს სანტოსი
ვალენსია (4-4-2): გუაიტა - ჟოაო პერეირა, რ. კოშტა, მატიო, ხუან ბერნატი - კარტაბია, ხავი ფუეგო, ბანეგა (57. პარეხო), პაბონი (80. ფეგული) - ჟონასი (75. ელდერ პოშტიგა), კანალესი
გამოუყენებელი პენალტი: ჯოვანი დოს სანტოსი (49. ვილიარეალი)
გაფრთხილება: ხაუმე კოსტა, დორადო, პინა - ხავი ფუეგო, კანალესი
კუთხური: 6-9; ჯარიმა: 14-13; თამაშგარე: 1-2; კარში დარტყმა: 15-16 (8-8); ბურთის ფლობა: 36%-64%
მაყურებელი: 22 531

სოსიედადი-ალმერია 3:0
გოლები: 1:0 გრიზმანი (13), 2:0 გრიზმანი (50), 3:0 ხოსე ანხელი (85)
სოსიედადი (4-2-3-1): ბრავო - კ. მარტინესი, მ. გონსალესი, ი. მარტინესი, ხოსე ანხელი - ბერგარა (70. ხავი როსი), რუბენ პარდო - გ. კასტრო (81. ველა), ჩაბი პრიეტო, გრიზმანი (76. სეფეროვიჩი) - აგირეჩე
ალმერია (4-2-3-1): ესტებანი - რაფიტა, ტირსილიერი, ტრუხილიო, რაულ გარსია (54. ოსკარ დიასი) - აზიზი, ვერსა - ალექს ვიდალი, სორიანო (73. ტებარი), დუბარბიერი - როდრი (54. ელდერ ბარბოსა)
გაფრთხილება: რუბენ პარდო - როდრი, ტორსილიერი, რაფიტა
კუთხური: 3-7; ჯარიმა: 10-14; თამაშგარე: 3-5; კარში დარტყმა: 10-15 (3-4); ბურთის ფლობა: 49%-51%
მაყურებელი: 25 086

ატლეტიკო-ბეტისი 5:0
გოლები: 1:0 ოლივერ ტორესი (1), 2:0 ვილია (53), 3:0 ვილია (56), 4:0 დიეგო კოშტა (65), 5:0 გაბი (90)
ატლეტიკო (4-4-2): კურტუა - ხუანფრანი, მირანდა, გოდინი, ფილიპე ლუიში - კოკე (68. კ. როდრიგესი), ტიაგო, გაბი, ოლივერ ტორესი (60. ადრიანი) - ვილია, დიეგო კოშტა (77. რაულ გარსია)
ბეტისი (4-2-3-1): სარა (46. ს. ანდერსენი) - ხუანფრანი, პერკისი, ხორდი ფიგერასი, დიდაკ ვილა - მატილია, ლ. რეიესი (46. ხორხე მოლინა) - სედრიკ მაბვატი, ნოსა იგიებორი, ვადილიო (62. ნონო) - ჩული
გაფრთხილება: - ნოსა იგიებორი, სედრიკ მაბვატი
კუთხური: 6-5; ჯარიმა: 14-7; თამაშგარე: 2-1; კარში დარტყმა: 16-9 (12-1); ბურთის ფლობა: 46%-54%
მაყურებელი: 45 000

28 ოქტომბერი
ხეტაფე-ბილბაო 01:00

ბომბარდირები: 11 - დიეგო კოშტა (ატლეტიკო); 8 - მესი (ბარსელონა), კრიშტიანო რონალდო (რეალი); 5 - ხავი გერა (ვალიადოლიდი), რაკიტიჩი (სევილია), როდრი (ალმერია), პედრო (ბარსელონა), ა. სანჩესი (ბარსელონა)

მომდევნო ტური
29 ოქტომბერი:
ესპანიოლი-მალაგა, სელტა-ბარსელონა

30 ოქტომბერი:
ვალიადოლიდი-სოსიედადი, ვალენსია-ალმერია, რეალი-სევილია, ოსასუნა-რაიო ვალეკანო

31 ოქტომბერი:
ვილიარეალი-ხეტაფე, გრანადა-ატლეტიკო, ბილბაო-ელჩე, ბეტისი-ლევანტე

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული