სესკ ფაბრეგასი: 16 წლისას ლონდონში ისე არ გამჭირვებია, როგორც 24 წლისას ბარსელონაში

AutoSharing Option
10 წელი და სულ რამდენიმე დღე გავიდა მას შემდეგ, რაც ფრანსესკ ფაბრეგასს პროფესიულ ასპარეზზე დებიუტი ჰქონდა. ეს 2003 წლის 23 ოქტომბერს, ლიგის თასზე "როტერჰემთან" მოხდა. შესაძლოა, მაშინ ვინმეს ეფიქრა, რომ "ბარსელონამ" 16 წლის ყმაწვილის სანაცვლოდ უჩვეულოდ უხვი კომპენსაცია მიიღო - 700 ათასი ფუნტი და ჰოლანდიის ნაკრების ფეხბურთელი ჯოვანი ვან ბრონკჰორსტი. საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით, მას "გარდიანმა" ინტერვიუ სთხოვა.

- სესკ, 16 წლისას ალბათ ძალიან გაგიჭირდათ, როცა "არსენალში" პირველად ითამაშეთ.
- 24 წლისას ბარსელონაში დაბრუნება უფრო გამიჭირდა, ვიდრე 16-ისას ლონდონში საცხოვრებლად გადასვლა.
ხალხი ფიქრობდა, მესისთან მიდის სათამაშოდ და ტიტულების მოსაგებადო. რეალურად კი, ძირითადში თამაშის უფლების მოსაპოვებლად ორჯერ მეტი შრომა მიწევდა. როცა ლონდონში მოვდიოდი, "ჟუვენილ B"-ს მოთამაშეს დასაკარგი არაფერი მქონდა. "არსენალმა" კი ძირითად გუნდთან ვარჯიში, ენის სწავლა და ახალ კულტურასთან გაცნობა შემომთავაზა. ეს ყოველივე უფრო მიზიდავდა, ვიდრე მაშინებდა.

- გაქვთ თუ არა ისეთი საფეხბურთო ღირსება, რაც "ბარსელონაში" არ გქონდათ და "არსენალში" შეიძინეთ?
- დარწმუნებული არ ვარ, თუმცა ერთი ნამდვილად ვიცი, რომ 16 წლისა ანრის, ბერგკამპის, პირესისა და ვიეირას გვერდით ვთამაშობდი, 17-ისას უკვე 50 მატჩი მქონდა ჩატარებული, 18-ისამ ჩემპიონთა ლიგის ფინალში ვითამაშე, 21 წლისამ ევროპის ჩემპიონატი მოვიგე, ორი წლის მერე კი - მსოფლიო. "არსენალმა" ჩემს პროგრესს ხელი შეუწყო. 18 წლისას უკვე უზარმაზარი ტვირთი მქონდა მხრებზე. 21-ის ვიყავი, როცა კაპიტნად ამირჩიეს.

- "არსენალმა" რატომ ვერაფერი მოიგო?
- არ ვიცი, რთულია თქმა. მიზეზი ბევრი იყო, ყოველთვის რაღაც ხდებოდა. "იუნაიტედს" ბოლომდე ვებრძოდით, მერე კი მოულოდნელად ჩავარდნა გვეწყებოდა. ბრძოლაში ჩაბმული იგებდი, რომ ვიღაც იმტვრეოდა, ვიღაც წასვლას აპირებდა.

- პრობლემა ფსიქოლოგიური ხომ არ იყო?
- შესაძლოა. "ბირმინგემთან" თასის ფინალში წაგება, თანაც ისე, როგორც ეს ჩვენ მოვახერხეთ... წარმოდგენაც კი ძნელია. ამის შემდეგ ახალგაზრდებს გონზე მოსვლა გვიჭირდა.

- იქნება ვენგერს პროცესები უფრო მეტად უნდა ეკონტროლებინა?
- არა, რადგან ჩვენისთანა ახალგაზრდულ გუნდში ძნელად გამოჩნდებოდა ვინმე, ვინც წინ გაგვიძღვებოდა. მუდმივად გვქონდა განცდა, რომ მომდევნო ჯერზე გამოგვივიდოდა. ფანები კი ჩვენზე მაშინაც ხმამაღლა მღეროდნენ, როცა ცუდად ვთამაშობდით.

ჩემი აზრით, "არსენალი" სწორედ ახლაა იდეალურად დაბალანსებული. გუნდში არიან ზეგამოცდილი ფეხბურთელები, მაგალითად, მერტეზაკერი და პოდოლსკი. იმედია, რომ ბოლოს და ბოლოს ისევ დადგა ამ გუნდის დრო. ამ ეტაპზე ის სოლიდურად გამოიყურება. ვნახოთ, ფინიში რამდენად გამოვა.

- იოზილის ტრანსფერზე რას ფიქრობთ?
- ბრწყინვალე ნაბიჯი იყო, რადგან იოზილის ყიდვის შანსი თუკი ჩნდება, ხელიდან მისი გაშვება არ შეიძლება. "არსენალში", მესუთის გარდა, სხვებიც არიან მსგავსი სტილის ფეხბურთელები, მაგალითად, უილშირი, რემსი, კასორლა და როსიცკი. ცოტა განსხვავებულია უოლკოტი, თუმცა გუნდისთვის თეოც აუცილებელია, ის შეტევას განსაკუთრებულ სიღრმეს მატებს. ამიტომაც იყო, რომ გერმანელი იოლად ჩაეწერა გუნდში.

- რომელი ჩემპიონატი უფრო რთულია, ინგლისის თუ ესპანეთის?
- რთული სათქმელია. პრემიერლიგაში მოგება უფრო ძნელია, ინდივიდუალურად სხვების ფონზე გამორჩევა კი იოლი. ყოველთვის მიმაჩნდა, რომ ინგლისური ფეხბურთის ყურებას არაფერი სჯობს.

- რამდენად წარმატებულები შეიძლება იყვნენ რემსი და უილშირი?
- გააჩნია, თავად რამდენად მოინდომებენ. რემსი ფიზიკური მომზადებით მაოცებს. არადა, ვუყურებ და ვერ ვხვდები, რა აქვს განსაკუთრებული; თუმცა, მეორე მხრივ, ის ყველაფერს უმაღლეს დონეზე აკეთებს. მან გატანაც აქტიურად დაიწყო და საგოლე გადაცემების შესრულებაც. რაც მთავარია, აარონს სჯერა საკუთარი თავის.

უილშირი არატიპური ინგლისელია. ის არც ჯერარდია და არც ლემპარდი. მას უფრო მოკლე პასებით თამაში ეხერხება.

- რემსის საკუთარ თავს არ ამსგავსებთ?
- ხშირად ვუყურებ მის თამაშს და საკუთარ თავს ვეკითხები, იქნება ეს მე ვაფერხებდი მის პროგრესს? ხანდახან ნამდვილად საჭიროა ვიღაცის წასვლა, რათა ახალგაზრდა ფეხბურთელმა ხმამაღლა თქვას: "ჰეი, მე აქ ვარ". რემსიმაც და უილშირმაც უკვე მოასწრეს უმძიმესი ტრავმების გადატანა. წინ ორივეს დიდი მომავალი აქვს.

- "იუნაიტედის" პრობლემების გათვალისწინებით, "მეთოფეებს" საუკეთესო შანსი აქვთ ჩემპიონატის მოსაგებად?
- "ეშმაკებზე" ყოველთვის ამტკიცებენ, რომ ისინი კრიზისში არიან. შედეგად, ისინი ყოველთვის იქ აღმოჩნდებიან ხოლმე, სადაც არ ელიან. გათვლა, დამყარებული იმაზე, რომ "იუნაიტედი" კრიზისშია, თავიდანვე მცდარია. როცა მეუბნებიან ხოლმე, შეხედე, "მანჩესტერი" ის აღარ არისო, ჩემი პასუხი ყოველთვის ერთია, რომ ეს გუნდი ჯერ კიდევ დაგვიმტკიცებს საკუთარ პოტენციალს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
სესკ ფაბრეგასი: "ბარსელონა" მხოლოდ ნეიმარი და მესი არაა
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული