"ვალენსიას" არგენტინელი გაწვრთნის?

AutoSharing Option
ესპანურ პრესაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, "ვალენსიას" მთავარი მწვრთნელის პოსტზე დანიშვნის უმთავრესი კანდიდატი ხუან ანტონიო პიცი გახლავთ, რომელმაც რამდენიმე დღის წინ სამწვრთნელო კარიერაში პირველი ტიტული მოიპოვა, როდესაც "სან ლორენსოს" არგენტინის ჩემპიონატი მოაგებინა.

"მარკას" ცნობით, პრეზიდენტი ამადეო სალვო და სპორტული დირექტორი ფრანსისკო რუფეტე ესპანეთის ნაკრების ყოფილ ფეხბურთელზე უკვე რამდენიმე კვირაა ფიქრობენ, მაგრამ არგენტინის ჩემპიონატის დამთავრებამდე პიცისთან სერიოზული საუბარი არ გამართულა.

ახლა, როდესაც სეზონი დასრულდა, "ღამურების" ხელმძღვანელებს თავისუფლად მოქმედების საშუალება აქვთ, თუმცა პრობლემას "სან ლორენსოს" პოზიცია ქმნის - რომის პაპის საყვარელ გუნდში არ
სურთ გაუშვან ის მწვრთნელი, რომელმაც გუნდი ჯერ გავარდნისგან იხსნა, შემდეგ კი გააჩემპიონა.

45 წლის პიცის, რომელიც არგენტინელი გახლავთ, მაგრამ თამაში ესპანეთის ნაკრებში არჩია (22 თამაში, 8 გოლი), კლუბთან კონტრაქტი 2015 წლამდე აქვს გაფორმებული. აღსანიშნავია, რომ სხვა კლუბებთან ერთად ("ბარსელონა", "ვილიარეალი", "რივერი", "ტენერიფე", "როსარიო"...), პიცის ერთი სეზონი "ვალენსიაშიც" აქვს გატარებული, სადაც 1993-94 წლების სეზონში 19 შეხვედრაში სულ 4 გოლი გაიტანა.

"სან ლორენსოს" დამრიგებლის გარდა, პრესაში მარსელო ბიელსას სახელმაც გაიჟღერა, თუმცა "ლოკოს" დანიშვნა ნაკლებად სავარაუდოა, რადგან "ვალენსიას" ხელმძღვანელებს პოსტზე ახალგაზრდა სპეციალისტის ხილვა სურთ, რომელიც გუნდს ისევე გამოაღვიძებს, როგორც ეს მადრიდის "ატლეტიკოში" დიეგო სიმეონემ გააკეთა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
"ვალენსიამ" მიროსლავ ჯუკიჩი დაითხოვა
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული