ესპანური ბაზარი: რას ველოდოთ იანვარში ლა ლიგაში

AutoSharing Option
ესპანეთის ჩემპიონატში საახალწლო სიესტის პერიოდია. ლა ლიგა 4 იანვარს განახლდება, იქამდე კი გუნდები სატრანსფერო საქმიანობაზე იფიქრებენ. 1-ელი იანვრის დადგომისთანავე, ევროპაში ზამთრის სატრანსფერო ფანჯარა გაიხსნება და ბევრ გუნდში დაგეგმილი თუ ჯერ დაუგეგმავი ცვლილება მოხდება. საინტერესოა, რა გეგმები და მიზნები აქვს ჩემპიონატის სამ ლიდერს და კიდევ რამდენიმე გამორჩეულ ესპანურ გუნდს...

"ბარსელონა": საჭიროა ახალი ლარსონი!
2014 წელი "ბარსელონასთვის" კარგად იწყება - ანდრეს ინიესტამ ახალი კონტრაქტი გააფორმა, ლიონელ მესი კი გამოჯანმრთელდება და გუნდს დაუბრუნდება. მოსაგვარებელი არის საკონტრაქტო საკითხებიც - მარკ ბარტრას ხელშეკრულებას ვადა ზაფხულში
გასდის და არც მარტინ მონტოიას მომავალია ბოლომდე გარკვეული. ამ უკანასკნელის სამსახურის მიმართ დაინტერესებას "ლივერპული" იჩენს. კატალონიელებს ახალგაზრდა მცველების დაკარგვა არ სურთ და მათი შენარჩუნებისთვის იანვარში ყველაფერს გააკეთებენ.

"ბარსელონას" მთავარ მწვრთნელ ხერარდო მარტინოს ფორვარდის შეძენაც სურს. პრესაში არაერთხელ გაიჟღერა რობერტ ლევანდოვსკის და სერხიო აგუეროს გვარებმა, მაგრამ ეს ფორვარდები სათადარიგო თავდამსხმელის როლზე ნამდვილად არ დათანხმდებიან. კატალონიელებს კი ისეთი ფორვარდი სურთ, რომელიც გუნდს ისევე დაეხმარება, როგორც ეს ჰენრიკ ლარსონმა გააკეთა ფრანკ რაიკარდის ეპოქაში.

გასათვალისწინებელია ისიც, რომ პედრო, სესკ ფაბრეგასი და ალექსის სანჩესი ძალიან კარგ ფორმაში არიან. დაუმატეთ ამას ნეიმარი და გამოჯანმრთელებული მესი და თამამად შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ფორვარდის შესაძენად "ბარსას" ხელმძღვანელები დიდად არ იაქტიურებენ.

სამაგიეროდ, სპორტულ დირექტორ ანდონი სუბისარეტას მეკარის საკითხზე მოუწევს მუშაობა. ვიქტორ ვალდესის კონტრაქტი იწურება და მას შემცვლელი სჭირდება. მარკ-ანდრე ტერ შტეგენი და პეპე რეინა უკვე დიდი ხანია, "ბარსას" ინტერესთა სფეროში არიან. არ არის გამორიცხული, კლუბმა ორივე მეკარე შეიძინოს და ამით გუნდში კონკურენცია გაზარდოს. თანაც, გავრცელდა ხმები, რომ "ბარსადან" წასვლას პინტოც აპირებს.

რაც შეეხება წამსვლელებს: ერთადერთი ფეხბურთელი, ვინც შეიძლება კლუბი დატოვოს, ალექს სონგი გახლავთ, მაგრამ ისიც იანვარში მხოლოდ იმ შემთხვევაში წავა, თუ "ბარსელონას" კამერუნელ ნახევარმცველში დიდ თანხას შესთავაზებენ.

"რეალი": ჩაბი შესანარჩუნებელია
"სამეფო კლუბში" ახალი ფეხბურთელის გამოჩენის შანსი გაცილებით ნაკლებია. მადრიდული კლუბის ხელმძღვანელობის მთავარი მიზანი ჩაბი ალონსოს შენარჩუნებაა, რომლის კონტრაქტსაც ვადა სეზონის ბოლოს ეწურება. კარლო ანჩელოტი იმედოვნებს, რომ 32 წლის ფეხბურთელი გუნდში დარჩება. რამდენიმე კვირის წინ ბასკის წასვლა თითქოს გარდაუვალი იყო, მაგრამ ახლა მადრიდში გაცილებით ოპტიმისტურად არიან განწყობილნი.

ოპტიმიზმის ერთ-ერთი მიზეზი კი ალონსოს ოჯახია - ფეხბურთელს ცოტა ხნის წინ შვილი შეეძინა და "რეალში" იმედოვნებენ, რომ ახალი თავგადასავლების ძებნას ჩაბი სტაბილურ გარემოში დარჩენას ამჯობინებს.

თუ ალონსო მაინც წავა, ანჩელოტის მის შემცვლელად დორტმუნდის "ბორუსიას" საყრდენის, ილქაი გიუნდოგანის ხილვა სურს.

ესპანეთის დედაქალაქში ახალ ფორვარდსაც ეძებენ, თუმცა იანვარში ახალი ფეხბურთელის გადაბირება ნაკლებად სავარაუდოა, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ლუის სუარესმა "ლივერპულთან" ახალი კონტრაქტი გააფორმა.

საუბრობდნენ ანხელ დი მარიას "მონაკოში" წასვლაზეც, მაგრამ იტალიელ სპეციალისტს არგენტინელის გაშვება არ სურს და თავად დი მარიამაც განაცხადა, რომ ამ სეზონს ნამდვილად "რეალში" დაასრულებს.

"ატლეტიკო": რომ არა ვალები
"ატლეტიკოს" ვალები აქვს და ამის გამო კლუბი ხელმომჭირნე ცხოვრებას ეწევა. ნაკლებად სავარაუდოა, რომ დიეგო სიმეონეს იანვარში გუნდის გასაძლიერებლად სერიოზული თანხა გამოუყონ და ეს მიუხედავად იმისა, რომ "როხიბლანკო" 1995/96 წლების სეზონის შემდეგ პირველად იბრძვის ჩემპიონობისთვის.

არგენტინელს გუნდის ყველა ლიდერის შენარჩუნება მინიმუმ სეზონის ბოლომდე სურს. მოგეხსენებათ, "ატლეტიკო" 17 ტურის შემდეგ "ბარსელონასთან" ერთად პირველ ადგილს იყოფს და კატალონიურ გუნდს მხოლოდ ბურთების უარესი სხვაობის გამო ჩამორჩება.

შესანიშნავი ასპარეზობის გამო რამდენიმე წამყვანმა ფეხბურთელმა სხვადასხვა გუნდის ყურადღება მიიპყრო. მაგალითად: დიეგო კოშტას ლონდონის "არსენალი" ეპატიჟება, კოკეს - "მანჩესტერ იუნაიტედი", რაულ გარსიას სამსახურით კი "ინტერია" დაინტერესებული.

მადრიდულ კლუბს განსაკუთრებით დიდ თანხას კოშტას გაყიდვა მოუტანს, მაგრამ "ჩოლო" სიმეონემ იცის, რომ ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირთან გამოთხოვება კლუბის საჩემპიონო ამბიციებზე სერიოზული დარტყმა იქნება.

რადამელ ფალკაოსგან განსხვავებით, რომლის გუნდიდან წასვლაც დიდი ხნის წინ იყო გადაწყვეტილი, "ატლეტიკოში" დარწმუნებულნი არიან, რომ დიეგო კოშტას შენარჩუნებას ზაფხულშიც მოახერხებენ. დედაქალაქური კლუბის ხელმძღვანელობა ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ფინანსური მდგომარეობა მკვეთრად გამოსწორდეს და "როხიბლანკომ" სხვა ლიდერებიც შეინარჩუნოს.

დანარჩენები: ახალი სისხლი "ვალენსიაში"
ლა ლიგის სხვა კლუბებშიც დაახლოებით ანალოგიური სიტუაციაა - ხმაურიანი ტრანსფერები მოსალოდნელი არაა, რადგან ესპანურ კლუბებს არც ისე დალხენილი ეკონომიკური მდგომარეობა აქვთ.

ბილბაოს "ატლეტიკმა" იბაი გომესთან ახალი ხელშეკრულება გააფორმა. ბასკები ყველაფერს გააკეთებენ იმისთვის, რომ კლუბში მინიმუმ სეზონის ბოლომდე დარჩეს ანდერ ერერა, რომლის შეძენაც უკვე რა ხანია, "მანჩესტერ იუნაიტედს" სურს.

გაჭირვებაში მყოფი "ბეტისი" სპორტულ დირექტორ ვლადა ტოშიჩს დაემშვიდობა და ამის გამო ჯერ კიდევ გაურკვეველია, აპირებს თუ არა სევილიური კლუბი სატრანსფერო ბაზარზე აქტიურობას.

დიდი შანსია, "მალაგადან" წავიდეს კარლოს კამენი, რომელიც ვილი კაბალიეროს შემცვლელია და სათამაშო პრაქტიკის გარეშეა დარჩენილი. კამერუნელს მუდმივად თამაში სურს იმისთვის, რომ ზაფხულში ეროვნული ნაკრების რიგებში მუნდიალზე იასპარეზოს.

ცვლილებები არ იგეგმება "რეალ სოსიედადშიც". ერთადერთი სიახლე ისაა, რომ ბასკებს ნიჭიერ ხოსება სალდუასთან 2016 წლამდე სურთ კონტრაქტის გახანგრძლივება.

დაბოლოს, "ვალენსია": კლუბში ახალ ინვესტორს, პეტერ ლიმს ელიან, რომელმაც "ღამურების" ვალები უნდა დაფაროს, რაც "მესტალიაზე" ახალი, გაცილებით უზრუნველყოფილი და ნათელი ცხოვრების დასაწყისი უნდა გახდეს, მაგრამ საკლუბო ადმინისტრაციაში სერიოზული ცვლილებების გამო "ვალენსიას" მომავალი სატრანსფერო გეგმები ჯერ კიდევ გაურკვეველია.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
მოსალოდნელი ტრანსფერები: საით მიდის მათი გზა?
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული