ლა ლიგა. მწვრთნელები: ახლები და პრიმერა

AutoSharing Option
ლა ლიგაში 20-დან 12 კლუბში მწვრთნელი შეიცვალა. ოღონდ ცვლილებათა დიდი ნაწილი სეზონის დაწყებამდე მოხდა, ორ გუნდს კი ცვლილება ორ-ორჯერ შეეხო. "ჩემპიონები" "ბეტისი" და "ვალენსია" არიან.

ზაფხული: ცვლილება "სამეფო კარზე"
ახალი სეზონი ერთბაშად 10-მა კლუბმა დაიწყო შეცვლილი მწვრთნელით (შედარებისთვის, ინგლისში 4-მა). მათ შორის კი მთავარი "სამეფო კარზე" განხორციელებული ცვლილება იყო. ჟოზე მოურინიომ, რომელმაც რეალურად ბევრი ვერც ვერაფერი მოიგო "რეალის" მესაჭეობისას, "ნისლიან ალბიონს" მიაკითხა, ხოლო მის ნაცვლად მსოფლიო ფეხბურთის გრანდმა პარიზელთაგან კარლო ანჩელოტი გამოისყიდა.

გაამართლა თუ არა ამ ცვლილებამ? რთული სათქმელია ჯერაც
- ფაქტია, გუნდი ჯერჯერობით ყველა ფრონტზე მოსაგებად იბრძვის, ჟოზეს კი ნელ-ნელა ფეხბურთელებთანაც ეძაბებოდა ურთიერთობა. თუმცა ამ კითხვაზე პასუხს მხოლოდ მაისში შევიტყობთ, ჯერ კი მხოლოდ პლუს-მინუსების გარჩევა შეგვიძლია.

ახალი მწვრთნელით დაიწყო ჩემპიონმა "ბარსელონამ". ამ შემთხვევაში მიზეზი სამწუხაროა - ტიტო ვილანოვამ ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ვეღარ შეძლო მუშაობა და მის ნაცვლად ხერარდო მარტინო დაინიშნა, არგენტინელი სპეციალისტი. მოერგო "ბარსელონას" უპრობლემოდ, რთულია, თუმცა ტატა მარტინომ კარგად გაართვა საქმეს თავი.

უცნაური ცვლილება (თუმცა არა მოულოდნელი) განხორციელდა სანსებასტიანურ კლუბში - ჩემპიონთა ლიგაზე "რეალ სოსიედადის" გამყვანმა ფილიპ მონტანიემ მშობლიურ საფრანგეთს მიაშურა და "რენში" მოეწყო. ამით მწვრთნელმაც წააგო და ესპანურმა კლუბმაც - 35 წლის ხაგობა არასატემ ჩემპიონთა ლიგაზე ვერაფერს მიაღწია, ხოლო ლა ლიგაში ლიგის საგზურის კიდევ ერთხელ მომტან მე-4 ადგილს "რეალ სოსიედადი" 6 ქულით ჩამორჩება.

49 წლის ბასკ სპეციალისტ ერნესტო ვალვერდეს "ვალენსიასთან" კონტრაქტის ვადა დაუსრულდა და ის ბილბაოს "ატლეტიკის" მწვრთნელი გახდა. "ვალენსიაში" კი სერბი მიროსლავ ჯუკიჩი მივიდა. თუ როგორი კრახით დასრულდა ეს ყველაფერი "ღამურებისთვის", ქვემოთ ვიტყვით. ბილბაოში მარსელო ბიელსას ნაცვლად მისული ვალვერდე კი აშკარად ამართლებს - გუნდი მე-4 ადგილზეა და ამ პოზიციის შენარჩუნების კარგი შანსიც აქვს.

კიდევ ერთი მწვრთნელი, რომელსაც გულმა "ნისლიან ალბიონზე" გაუწია, ჩილელი მანუელ პელეგრინია - მან ფინანსურად შეჭირვებული "მალაგა" დატოვა და "მანჩესტერ სიტის" ჩაუდგა სათავეში. ამით მხოლოდ ინგლისელებმა მოიგეს. "მალაგას" გერმანელი ბერნდ შუსტერი ხელმძღვანელობს და ანდალუსიური კლუბი მე-14 ადგილზეა. ამით კი ყველაფერია ნათქვამი.

კიდევ 4 ცვლილებაზე მოკლედ: "ლევანტეში" ხუან იგნასიო მარტინესის ნაცვლად ხოაკინ კაპაროსი მივიდა, "სელტაში" აბელ რესინო ლუის ენრიკემ შეცვალა, "ვალიადოლიდში" ჯუკიჩის წასვლის შემდეგ მარტინესი დაინიშნა, "ალმერიამ" ხავი გრასიას ადგილზე ფრანსისკო მიიწვია.

შემოდგომა: მხოლოდ ერთი მსხვერპლი
მოკლედ, გუნდების ნახევარმა ისედაც შეცვლილი მწვრთნელებით დაიწყო ლა ლიგა. მიუხედავად ამისა, პირველი სისხლი ლა ლიგაში მალევე დაიღვარა - 3 სექტემბერს "ოსასუნა" ხოსე ლუის მენდილიბარს გამოეთხოვა და "ალმერიადან" წასული ხავი გრასია მიიწვია. "ოსასუნა" 22 ქულით მე-13 ადგილზეა. არადა, ერთი პერიოდი მის მდგომარეობას უიმედო ერქვა. როგორც ჩანს, გრასია მართლაც საინტერესო სპეციალისტია, ბოლო-ბოლო, "ალმერია" პრიმერაში მისი გადმოყვანილია.

ზამთარი: ბეტისიადა
სამთვიანი პაუზის შემდეგ მოხსნები განახლდა - მაჩანჩალა "ბეტისმა" გაუშვა პეპე მელი (რომელსაც მალე ინგლისში დაუძახეს). სევილიური კლუბის საჭე ხუან კარლოს გარიდოს ჩააბარეს, რომელსაც 5 ტური ადროვეს და ისიც გაუშვეს! 19 იანვარს გარიდო არგენტინელმა გაბრიელ კალდერონმა შეცვალა. სანამ "ბეტისი" ხელთათმანებივით იცვლის მწვრთნელებს, გუნდი სავალალო მდგომარეობაშია, 8 ქულა სჭირდება, რომ გავარდნის ზონიდან ამოყვინთოს.

შუალედში კი მიროსლავ ჯუკიჩი მოხსნეს - "ვალენსია" ამბიციური კლუბია და ვერაფრით შეეგუებოდა იმ მე-9 ადგილს და არაფრითგამორჩეულ თამაშს, რომელიც სერბის გუნდს ახასიათებდა. ამიტომ ცვლილება, უბრალოდ, აუცილებელი იყო - "ღამურები" კი არგენტინელმა ხუან ანტონიო პიციმ ჩაიბარა. "ვალენსია" ისევ მე-9 ადგილზეა, თუმცა ვიმეორებთ, ჯუკიჩის გაჩერება აღარ შეიძლებოდა...

კლუბები, რომელთაც სეზონის წინ შეცვალეს მწვრთნელები:
10 - "ბარსელონა", "რეალი", "რეალ სოსიედადი", "ვალენსია", "მალაგა", "ბილბაო", "ლევანტე", "სელტა", "ალმერია", "ვალიადოლიდი".

კლუბები, რომელთაც სეზონში შეცვალეს მწვრთნელები:
3 - "ვალენსია", "ბეტისი", "ოსასუნა".

მწვრთნელები, რომელთაც მოხსნა ემუქრებათ:
პაკო ხემესი ("რაიო ვალეკანო", მე-19 ადგილი); ლუის გარსია ("ხეტაფე", მე-12 ადგილი), ხუან იგნასიო მარტინესი ("ვალიადოლიდი", მე-18 ადგილი).

მწვრთნელები, რომელთაც თავი ქუდში აქვთ:
დიეგო სიმეონე ("ატლეტიკო", მე-2 ადგილი), ერნესტო ვალვერდე ("ბილბაო", მე-5 ადგილი), მარსელინო ("ვილიარეალი", მე-5 ადგილი).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
განახევრებული ქარავანი: როდის დადგება მოიესის განკითხვის დღე
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული