ესპანეთი. სამეფო თასის 1/4-ფინალი. პირველი მატჩები: აგირემ რობენი გაიხსენა [VIDEO]

AutoSharing Option
სამეფო თასის მეოთხედფინალური ეტაპი კატალონიის დედაქალაქში, "ესპანიოლის" და "რეალის" შეხვედრით დაიწყო. ეს გუნდები ერთმანეთს ცოტა ხნის წინ, ჩემპიონატის ეგიდით დაუპირისპირდნენ და მაშინ, მძიმე ბრძოლაში 3 ქულა "სამეფო კლუბს" დარჩა. კარლო ანჩელოტის შეგირდებმა "კორნელია ელ პრატი" ამჯერადაც გამარჯვებულებმა დატოვეს, თანაც ეს მატჩიც 0:1 მორჩა, ოღონდ ამჯერად გოლი არა პეპემ, არამედ ქარიმ ბენზემამ გაიტანა.

"რეალი" უპირატესობას მთელი შეხვედრის განმავლობაში ფლობდა და მეტის გატანაც შეეძლო, მაგრამ ორმატჩიან დეულში სტუმრად, თუნდაც მინიმალური სხვაობით გამარჯვება საკმაოდ კარგი შედეგი რომ არის, აბა, ამას რა თქმა უნდა.
ზოგადად, "ესპანიოლს" ცუდი შთაბეჭდილება არ დაუტოვებია, მაგრამ გუნდებს შორის კლასში სხვაობა აშკარა იყო.

მიუხედავად ამისა, მასპინძლებს რამდენიმე კარგი მომენტი ჰქონდათ და ანგარიშის გათანაბრებაც შეეძლოთ, მაგრამ ხან თავად სცოდავდნენ, ხან კი შესანიშნავად თამაშობდა იკერ კასილიასი, რომელმაც ერთ ეპიზოდში აქტიურ ჯონ კორდობას საკმაოდ რთული ბურთი აუღო. სხვათა შორის, იკერის მშრალი სერია უკვე 592 წუთია, გრძელდება, რაც "რეალის" კარის დარაჯისთვის პირადი რეკორდია.

შეხვედრის შემდეგ თავისი შეგირდი კარლო ანჩელოტიმაც შეაქო: "მინდა კასილიასს მივულოცო, რადგან ის ძალიან კარგად გამოიყურება და ეს რეკორდი დაიმსახურა. მან კორდობას ურთულესი ბურთი აუღო და თითოეულ შეხვედრაში, რომელშიც ის თამაშობს, ძალიან კარგად გამოიყურება. იკერიც და დიეგო ლოპესიც შესანიშნავ ფორმაში არიან. ისინი სხვადასხვა ტურნირში თამაშობენ, რაც ნიშნავს იმას, რომ ორივე პირველი არჩევანია".

"მეორე ტაიმში კარგად ვითამაშეთ, მაგრამ ბედნიერი ვერ ვიქნები, ვინაიდან წავაგეთ. ჩემი აზრით, ყველაფერი მაინც "სანტიაგო ბერნაბეუზე" გადაწყდება. კორდობას ეპიზოდს რაც შეეხება: კასილიასის "სეივმა" არიენ რობენის იკერთან პირისპირ გასვლა გამახსენა,
" -ეს უკვე "ესპანიოლის" მთავარი მწვრთნელის, ხავიერ აგირეს სიტყვებია, რომელსაც კორდობა-კასილიასის დუელმა 2010 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალი გაახსენა.

ესპანიოლი-რეალი 0:1
გოლი: 0:1 ბენზემა (25)
ესპანიოლი (4-2-3-1): კასილია -რაულ როდრიგესი, სიდნეი, ე. მორენო, კაპდევილა -ვიქტორ სანჩესი, აბრაჰამი -ტორიე (76. ჯ. კორდობა), პიცი (89. სტუანი), ლანსაროტე (46. ალექსი) -სერხიო გარსია
რეალი (4-2-3-1): კასილიასი -არბელოა, პეპე, სერხიო რამოსი, მარსელო -მოდრიჩი, ილიარამენდი -ბეილი (90. ხესე როდრიგესი), დი მარია (73. ჩაბი ალონსო), კრიშტიანო რონალდო -ბენზემა (77. ისკო)
მაყურებელი: 18 050

იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

მადრიდელი და ბასკი ათლეტები
დღეს თასის ამ ეტაპის ცენტრალური და ყველაზე საინტერესო მატჩი უნდა გაიმართოს -"ატლეტიკო" "ატლეტიკის" წინააღმდეგ. ორივე გუნდი ამ სეზონში შესანიშნავ ფეხბურთს თამაშობს და რაც მთავარია, თამაშის ხარისხი შედეგშიც ადეკვატურად აისახება.

"ატლეტიკომ" ბოლო ორ ტურში 4 ქულა დაკარგა, მაგრამ გასათვალისწინებელია, რომ დიეგო სიმეონეს გუნდის მეტოქეები "ბარსელონა" და შესანიშნავ ფორმაში მყოფი "სევილია" იყვნენ. შესაბამისად, რაიმე სახის კრიზისზე ან ჩავარდნაზე საუბარიც არ შეიძლება.

"ატლეტიკის" ბანაკში კი მკვეთრად დადებითი განწყობაა. ბასკები ლა ლიგაში მეოთხე ადგილზე არიან, რაც, წინა სეზონის გათვალისწინებით, იმაზე დიდი მოულოდნელობაა, ვიდრე "ატლეტიკოს" ასეთი კარგი თამაში. "ბილბაომ" ჩემპიონატში ბოლო ორი მატჩი მოიგო, თანაც ჯამში 10 გოლი გაიტანა. კარგ ფორმაშია იბაი გომესი, რომელმაც ამ 10-დან 4 ბურთი საკუთარ ანგარიშზე ჩაიწერა.

მიმდინარე სეზონში "ათლეტები" ერთმანეთს მეორედ შეხვდებიან. პირველი დაპირისპირება ასევე "ვისენტე კალდერონზე", ჩემპიონატის ეგიდით გაიმართა და ის მადრიდელთა გამარჯვებით, ანგარიშით 2:0 დასრულდა. გოლები მასპინძელთა მხრიდან დავიდ ვილიამ და დიეგო კოშტამ გაიტანეს.

იქიდან გამომდინარე, რომ თასისთვის ბრძოლა გადამწყვეტ ფაზაში შედის და გუნდებსაც ძლიერი მეტოქე ჰყავთ, ძირითად შემადგენლობებში ცვლილებები მოსალოდნელი არაა.

სავარაუდო შემადგენლობები:
ატლეტიკო (4-4-2): კურტუა -ხუანფრანი, გოდინი, მირანდა, ფილიპე ლუიში -კოკე, ტიაგო, გილავოგი, არდა თურანი -ვილია, დიეგო კოშტა
ბილბაო (4-2-3-1): ირაისოსი -ირაოლა, გურპეგი, ლაპორტი, ბალენსიაგა -იტურასპე, ერიკ მორანი -სუსაეტა, ანდერ ერერა, იბაი გომესი -ადურისი

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული