მფრინავი ბასკები
პრიმერას 21-ე ტური სან სებასტიანში,"სოსიედადის" და "ელჩეს" შეხვედრით დასრულდა, რომელშიც მასპინძლებმა ვალენსიელები შეარცხვინეს და ოთხი უპასუხო გოლი გაუტანეს. კვლავ შესანიშნავად გაისარჯა ანტუან გრიზმანი - ფრანგმა დუბლი შეასრულა, შეხვედრის დებიუტში კი მისი დარტყმის შემდეგ ბურთი საკუთარ კარში დამიან სუარესმა ჩაჭრა.
არასატეს გუნდი შესანიშნავად გამოიყურება და ორ ჩავარდნას თუ არ ჩავთვლით
ასევე მხოლოდ საქებარ სიტყვებს იმსახურებს ბილბაოს "ატლეტიკი", რომლისგანაც შარშანდელი ჩავარდნის შემდეგ ასეთი კარგი თამაში მოსალოდნელი ნამდვილად არ იყო. რაც მთავარია, ერნესტო ვალვერდეს შეგირდებმა თამაშების მოგება სტუმრადაც დაიწყეს და მორიგ ტურში პამპლონაში იმარჯვეს, სადაც 3 ქულის მოპოვება ამ სეზონში ვერც "ბარსელონამ" შეძლო (0:0) და ვერც "რეალმა" (2:2).
ბასკურ დერბის რამდენიმე გმირი ჰყავდა: იბაი გომესი, რომელმაც ზედიზედ მესამე შეხვედრაში გაიტანა და გუნდის საუკეთესო ბომბარდირი გახდა; ანდერ ერერა, რომელმაც ორი საგოლე პასი მიითვალა; მარკელ სუსაეტა, ვინც მატჩის მესამე წუთზე უმნიშვნელოვანესი გოლი გაიტანა და რა თქმა უნდა, არიც ადურისი - 32 წლის ფორვარდმა დუბლი შეასრულა და საგოლე პასიც მიითვალა.
ბოლო 9 ტურში "ატლეტიკმა" მხოლოდ ერთი მარცხი განიცადა და ისიც კიდევ ერთ ბასკურ დერბიში, "სოსიედადთან".
გრიზმანი და ველა
22 წლის ფრანგსა და 24 წლის მექსიკელზე ცალკე უნდა ვისაუბროთ. ანტუან გრიზმანი და კარლოს ველა დიდი ხანია, ამომავალ ვარსკვლავებად მიიჩნევიან. შარშანდელ სეზონში ორივემ კარგი შთაბეჭდილება დატოვა და "სოსიედადის" მიერ მეოთხე ადგილის დაკავებაში დიდი წვლილიც შეიტანა, მაგრამ ამ სეზონში ისინი გუნდის ნამდვილი ლიდერები გახდნენ.
გრიზმანის ანგარიშზე უკვე 14 გოლია, რაც მისი პირადი რეკორდი გახლავთ; თანაც, ყველა გოლი მან ბოლო 15 ტურში გაიტანა. აქამდე ფრანგისთვის საუკეთესო სწორედ წინა სეზონი იყო, როდესაც მეტოქეთა კარი 10-ჯერ აიღო.
ველას ანგარიშზე შედარებით ნაკლები, 9 გოლია. სამაგიეროდ, მექსიკელმა აქტივში უკვე 8 საგოლე პასი მიითვალა, რაც პრიმერას მასშტაბით ერთ-ერთი საუკეთესო მაჩვენებელია და ამ კომპონენტში ველა მხოლოდ სესკ ფაბრეგასს ჩამორჩება.
ბოლო პერიოდში მათ ტრანსფერებზე ბევრი ჭორი გავრცელდა. რა თქმა უნდა, ბასკური კლუბის ხელმძღვანელობა დუეტის შესანარჩუნებლად ყველაფერს გააკეთებს, მაგრამ ძნელი წარმოსადგენია, ერთი ან მეორე ზაფხულის მერეც "ანოეტაზე" ვიხილოთ. თუ ასე გააგრძელეს, მომავალ სეზონში გრიზმანიც და ველაც გრანდებში უნდა აღმოჩნდნენ.
დაცემული მადრიდელები
საუბარი, რა თქმა უნდა, არა "რეალსა" და "ატლეტიკოზე", არამედ "ხეტაფესა" და "რაიო ვალეკანოზე" გვაქვს, რომლებმაც ბოლო 8 ტურში მხოლოდ 4-4 ქულა მოაგროვეს. "ხეტაფემ" ოქტომბრის შემდეგ ერთადერთი მატჩი მოიგო, როდესაც ნოემბრის ბოლოს შინ "ლევანტეს" სძლია, "რაიომ" კი ამავე პერიოდში სწორედ თანაქალაქელის დამარცხება მოახერხა (1:0 "ალფონსო პერესზე").
ასეთი ცუდი შედეგი უფრო მეტად მაინც "რაიოსგან" არის გასაკვირი, რომელიც ბურთის ფლობის მხრივ ლა ლიგაში მეორე ადგილზეა და ამ კომპონენტში მხოლოდ "ბარსელონას" ჩამორჩება. "ფუტკრების" რიგებში რამდენიმე საკმაოდ ცნობილი ფეხბურთელიც თამაშობს. რაულ ბაენა, ტრაშორასი, ხონათან ვიერა, სება ფერნანდესი, ნერი კასტილიო, იაგო ფალკე, რუბენ როჩინა - ამ მოთამაშეებს ერთი რამ აერთიანებთ: თავის დროზე ყველა ამომავალი ვარსკვლავი იყო, მაგრამ იმედები ვერავინ გაამართლა.
მოკლედ, "რაიო" "ჰოლივუდის" საუკეთესო ტრადიციების მიხედვით გადაღებული ფილმის გუნდს ჰგავს, სადაც იმედისმომცემი, მაგრამ ვერგახსნილი, ე.წ. ლუზერები იკრიბებიან, ფინალში გადიან და იქ ხან მარცხდებიან, ხან კი იგებენ, გააჩნია ფილმის სცენარისტს და რეჟისორს როგორი გათვლა ჰქონდათ. სხვაობა მხოლოდ ისაა, რომ "ვალეკანო" არათუ ფინალში ვერ გავა, ასე თუ გააგრძელა, საერთოდ ლიგიდან გავარდება.
საინტერესო ფაქტები:
- რუბენ კასტროს ანგარიშზე ამ სეზონში სამი გოლია და სამივე ბურთი მან "სელტას" გაუტანა - ერთი პირველ წრეში, ორი - ამ ტურში.
- ასეთივე შედეგი აქვს არდა თურანს - სამი გოლი, სამივე "რაიო ვალეკანოს" კარში (ერთი პირველ წრეში, ორი - ამ ტურში).
- 14-მატჩიანი მოუგებელი სერია "ბეტისმა" საკუთარ ისტორიაში პირველად დააფიქსირა.
- დიეგო ლოპესის (რეალი) მშრალი სერია უკვე 388 წუთია, გრძელდება.
- "ვალიადოლიდმა" "ვილიარეალს" ბოლო 9 საშინაო მატჩიდან მეექვსედ მოუგო (2 ფრე და 1 წაგება). ამ 9 შეხვედრიდან "ყვითელმა წყალქვეშა ნავმა" გოლი მხოლოდ ერთხელ გაიტანა და ის მატჩი 2:0 მოიგო (2010 წელს).
- სერხიო გარსიამ (ესპანიოლი) სეზონში თავისი მე-9 გოლი გაიტანა და პირადი რეკორდი გაიმეორა. აქამდე ამდენი გოლი 30 წლის ფორვარდმა მხოლოდ ერთხელ, 2008/09 წლების სეზონში, "ბეტისში" გაიტანა.
- "სევილიას" "ლევანტესთან" უკვე 6 მატჩია, არ მოუგია (3 ფრე, 3 წაგება).
- "ატლეტიკომ" ზედიზედ ოთხი მადრიდული დერბი მოიგო. ასეთი შედეგი "როხიბლანკოს" აქამდე მხოლოდ ერთხელ, 1950-51 წლებში ჰქონდა.
- ალექსის სანჩესმა საკუთარი 12 გოლიდან 10 "ნოუ კამპზე" გაიტანა.
- "რეალ სოსიედადმა" ზედიზედ 6 საშინაო მატჩი მოიგო და ამ შეხვედრებში მეტოქეთა კარში 23 გოლი გაიტანა.
ბომბარდირები:
22 - კრიშტიანო რონალდო (რეალი)
19 - დიეგო კოშტა (ატლეტიკო)
14 - ანტუან გრიზმანი (სოსიედადი)
12 - ალექსის სანჩესი (ბარსელონა), პედრო (ბარსელონა), იკეჩუკვუ უჩე (ვილიარეალი)
ასისტენტები:
10 - სესკ ფაბრეგასი (ბარსელონა)
8 - კარლოს ველა (სოსიედადი), კოკე (ატლეტიკო), ნეიმარი (ბარსელონა)
7 - არიც ადურისი (ბილბაო), გარეთ ბეილი (რეალი)
გოლს + პასი
27 - კრიშტიანო რონალდო (რეალი) - 22+5
21 - დიეგო კოშტა (ატლეტიკო) - 19+2
17 - პედრო (ბარსელონა) - 12+5, კარლოს ველა (სოსიედადი) - 9+8, სესკ ფაბრეგასი (ბარსელონა) - 7+10.
XXI ტურის სიმბოლური ნაკრები
მეკარე: კურტუა (ატლეტიკო)
მცველები: კოკე (სევილია), რუედა (ვალიადოლიდი), პიკე (ბარსელონა), მარსელო (რეალი)
ნახევარმცველები: ფ. ორელიანა (სელტა), ანდერ ერარა (ბილბაო), ფაბრეგასი (ბარსელონა), გრიზმანი (სოსიედადი)
თავდამსხმელები: შარლესი (სელტა), ადურისი (ბილბაო)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"