რა ემუქრება კრიშტიანო რონალდოს? პორტუგალიელი ფრანგულს სწავლობს

AutoSharing Option
კრიშტიანო რონალდოს სამმატჩიანი დისკვალიფიკაცია ემუქრება.

მადრიდის "რეალის" პორტუგალიელი ლიდერი "ბილბაოსთან" დაძაბული და ნერვული მატჩის 75-ე წუთზე გააძევეს მინდვრიდან, რადგან მან კარლოს გურპეგის სახეში ხელი მიარტყა.

გურპეგი იქამდე ეუხეშა რონალდოს, შემდეგ კი ინციდენტი გააფორმა, მაგრამ მსაჯ მიგელ აისას "ოქროს ბურთის" მფლობელის გაძევების საფუძველი ჰქონდა.

ახლა ვთქვათ ის, თუ რატომ შეიძლება რონალდოს მთელი 3 მატჩის გამოტოვება მოუხდეს და არა მხოლოდ "ვილიარეალთან" შეხვედრის. საქმე ისაა, რომ გასახდელისკენ მიმავალ რონალდოს რამდენჯერმე თავში ხელი წაუშენია და არბიტრის ოქმში ესეც აღწერილია. მისი აზრით, რონალდოს ეს ჟესტები
მეოთხე მსაჯისკენ იყო მიმართული და მისი შეურაცხყოფა გახლდათ.

თუ დისციპლინარული კომიტეტი ამ მოსაზრებას გაიზიარებს, პორტუგალიელს "ხეტაფესთან" და "ელჩესთან" გასამართი მატჩების გამოტოვებაც მოუწევს. თუმცა განაჩენს "სამეფო გუნდი" ყველა ვარიანტში გაასაჩივრებს. მადრიდელებს სამმატჩიანი დისკვალიფიკაციის კი არა, ერთმატჩიანის გაუქმებაც უნდათ, რადგან მიიჩნევენ, რომ მათი ლიდერი გაძევებას საერთოდ არ იმსახურებდა.

"რთული მატჩი იყო. "ბილბაოსთან" გასვლაზე თამაში ადვილი არასდროს არის და ქულა მოვიპოვეთ, მაგრამ ჩვენ ყოველთვის მოგება გვინდა.

კრიშტიანო გაძევებას არ იმსახურებდა. ასეთი მნიშვნელოვანი ფეხბურთელის უსამართლოდ დაკარგვა ძალიან დასანანია. თუმცა მსაჯზე დეტალურად ლაპარაკს და მისი მოქმედებების განხილვას არ ვაპირებ"
, - თქვა მარსელომ.

ჩაბი ალონსო: "რონალდოს საქციელი არასწორად შეფასდა, ზედმეტად აგრესიულად. მას არ ეკუთვნოდა წითელი ბარათი. გურპეგიმ ძალიან გააფორმა და ფანები მთელი მატჩის მანძილზე ზეწოლას ახდენდნენ მსაჯზე. ამან საბოლოოდ იმოქმედა კიდეც. ასეთი რაღაცები ხშირად ხდება, ახალი არაფერია.

კრიშტიანოს არ უნდა ექნა ის, რაც გააკეთა, მაგრამ მისი გაძევება გადამეტებული გახლდათ. კარგი მატჩი გამოვიდა, იბაიმაც მშვენიერი გოლი გაგვიტანა. საბოლოოდ, ფრე სამართლიანი შედეგი იყო.

მართალია, არბიტრმა რამდენიმე შეცდომა დაუშვა, მაგრამ ესეც ჩვეულებრივი ამბავია. სამწუხაროა, რომ მნიშვნელოვან მომენტში დავკარგეთ ორი ქულა. თუმცა ვიცოდოთ, რომ მძიმე მატჩი გველოდა და ბოლოს, რიცხობრივი უმცირესობის მიუხედავად, კარგად ვითამაშეთ.

ვფიქრობ, სხვების თამაშს ზედმეტ ყურადღებას არ უნდა ვაქცევდეთ და საკუთარ თავზე უნდა ვიყოთ კონცენტრირებულნი. წინ კიდევ ბევრი მატჩია და ჩვენი ბედი ჩვენს ხელშია"
.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

ამასობაში, თავად რონალდო ამბობს, რომ ერთ დღეს საფრანგეთის ჩემპიონატში თამაშს არ გამორიცხავს. ალბათ, ახლა ყველა, პირველ რიგში, პსჟ-ს გაიფიქრებდით და მერე "მონაკოს", მაგრამ როგორც ჩანს, ეს ცოტა შორეული პერსპექტივაა...

"შესაძლოა, ერთ დღეს საფრანგეთის ჩემპიონატში ვითამაშო ან საფრანგეთში ვიცხოვრო, ვნახოთ. ერთადერთი, რაც ნამდვილად ვიცი, ის არის, რომ ფრანგულის სწავლა ძალიან მინდა და შემართული ვარ.

33 წლის ასაკამდე კონტრაქტით "რეალში" ვარ და მინდა ეს პერიოდი მადრიდში გავატარო, სადაც ძალიან ბედნიერად ვგრძნობ თავს"
, - განაცხადა რონალდომ.

რასაკვირველია, საუბარი "ოქროს ბურთსაც" შეეხო და პორტუგალიელმა აღნიშნა, რომ ეს ჯილდო ლიონელ მესისაც ეკუთვნოდა და ფრანკ რიბერისაც, მაგრამ ასევე მასაც და დამსახურებულად მოიპოვა კიდეც.

იგი კარლო ანჩელოტისაც შეეხო და ილაპარაკა სამწვრთნელო შტაბში ზინედინ ზიდანის ყოფნის მნიშვნელობაზეც:

"წინა წელს 69 გოლი გავიტანე და ამ შედეგის გაუმჯობესება ძალიან რთული იქნება, მაგრამ შევეცდები, შეუძლებელი არაფერია. ისევე, როგორც ყოველთვის, კვლავ ბოლომდე ვიხარჯები და იმედი მაქვს, რომ ტრავმებს ავცდები. სტაბილური თამაში და მუდამ ფორმაში ყოფნა მნიშვნელოვანია.

69 გოლზე მეტის გატანა მართლაც ძნელია, მაგრამ ვცდი, ამაზე ვმუშაობ და ვფიქრობ, შეიძლება გამომივიდეს. "ოქროს ბურთს" რაც შეეხება, რიბერიმაც და მესიმაც დაიმსახურეს მისი მოპოვება, რადგან მოიგეს ტიტულები და გაიტანეს გოლები, მაგრამ ჩემი ჯერი იყო. მე ამირჩიეს და მე მათსავით კარგი წელი მქონდა.

ვფიქრობ, წარმატებული სეზონი გვექნება. კარლო ანჩელოტი დიდებული სპეციალისტია და მიხარია, რომ ზიდანიც ჩვენთან არის, ისიც ბრწყინვალედ მუშაობს, ძალიან დიდი და მდიდარი გამოცდილება აქვს. მართლაც ბედნიერებაა მასთან მუშაობა, რადგან იცის, როგორ უნდა ფეხბურთელებთან ლაპარაკი და ურთიერთობა.

ვოცნებობ ტიტულებზე, მაგალითად, ჩემპიონთა ლიგაზე. კარლოსა და ზინედინთან ერთად ჩვენი შანსები ერთიორად იზრდება"
, - აღნიშნა პორტუგალიელმა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
დაალაგეთ წინადადებები, ციტატები და მთლიანად სტატია ))
dato
11:37 04-02-2014
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული