ესპანეთი. ლა ლიგა. XXII ტურის შეჯამება და სიმბოლური: ათლეტების ტური

AutoSharing Option
22-ე ტურის მთავარი მოვლენა ლიდერის შეცვლა გახლავთ - დიეგო სიმეონეს "ატლეტიკომ" კონკურენტების ფეხის დაცდენით ისარგებლა და ერთპიროვნულად გალიდერდა. "როხიბლანკო" შთამბეჭდავ სეზონს ატარებს და ალბათ, ცოტა თუ მოიძებნება ისეთი ადამიანი, რომელიც ამ გუნდის მიმართ დადებითად არ არის განწყობილი.

შესანიშნავი "ატლეტიკო"
მორიგ შეხვედრაში მადრიდელებს "სოსიედადის" სახით საკმაოდ სერიოზული მეტოქე ჰყავდათ და ბასკებიც დედაქალაქელებს დიდი ხნის განმავლობაში თანაბრად ეთამაშებოდნენ. მატჩის დასრულებამდე 18 წუთით ადრე "ატლეტიკო" მინიმალური სხვაობით იგებდა, მაგრამ დიეგო კოშტას გოლმა მასპინძელთა ქომაგები დაამშვიდა, სტუმრები კი ისე გაანაწყენა, რომ არასატეს შეგირდებმა დარჩენილ
წუთებში ბურთი საკუთარი კარიდან კიდევ ორჯერ გამოიტანეს.

კვლავ გამორჩეული იყო დიეგო კოშტა, რომელმაც ძალიან მნიშვნელოვანი გოლის გარდა, ბევრი იშრომა, ბევრი იჭიდავა და საგოლე პასიც მიითვალა. "ატლეტიკოს" მეოთხე გოლი კი ცვლილებაზე გამოსულმა დიეგომ გაიტანა, რომელიც მადრიდულ გუნდს რამდენიმე დღის წინ დაუბრუნდა.

კარგი "ატლეტიკი"
არანაკლებ გაოცებას იწვევს ბილბაოს "ატლეტიკის" კარგი თამაში. ბასკებმა შარშანდელი სეზონი ჩააგდეს და დიდი ხნის განმავლობაში გასავარდნ ზონასთან იტრიალეს, ამ სეზონის დაწყების წინ კი ფერნანდო ლორენტეც დაკარგეს. ბევრი "ბასკეთის სიამაყეს" სერიოზულად არ უყურებდა, მაგრამ გავიდა 22 ტური და ერნესტო ვალვერდეს გუნდი მე-4 ადგილზეა, თანაც "ახალ სან მამესზე" გუნდი, პრაქტიკულად, შეუჩერებელია.

მიმდინარე ჩემპიონატში ამ სტადიონზე "ბარსელონამ" სამივე ქულა დატოვა, "რეალს" კი ძალიან გაუჭირდა, განსაკუთრებით პირველ ტაიმში, როდესაც არანორმალურ ტემპში მოთამაშე მასპინძლებმა "სამეფო კლუბს" არაერთი პრობლემა შეუქმნეს.

ხესეს გოლით დაწინაურებულ სტუმრებს მოგებამდე ძალიან ცოტა რჩებოდათ, მაგრამ იბაი გომესმა კიდევ ერთხელ გაიბრწყინა და პირველივე შეხებით (ცვლილებაზე გამოვიდა) ძალიან ლამაზი გოლი გაიტანა.

გაშვებული ბურთის გარდა, მადრიდელებისთვის კიდევ ერთი დარტყმა კრიშტიანო რონალდოს გაძევება იყო - პორტუგალიელი გამოცდილი კარლოს გურპეგის პროვოკაციას წამოეგო და უმკაცრესად დაისაჯა.

ხესე და ხოსე
უნიჭიერესმა ხესე როდრიგესმა ისევ ძალიან კარგად ითამაშა და მორიგი გოლი გაიტანა. 20 წლის ფორვარდის ანგარიშზე სულ 3 ბურთია, მაგრამ სამივე გოლი მან გრანდების კარში, თანაც, მათ სტადიონებზე გაიტანა. ხესემ ჯერ "ნოუ კამპზე" იხეირა, შემდეგ "მესტალიაზე", ამჯერად კი "სან მამეს ბარიაზე".

ამავე ტურში, სეგუნდა დივიზიონში იმარჯვა "რეალ კასტილიამ", რომლის რიგებშიც თავი ხოსე როდრიგესმა გამოიჩინა. 19 წლის ფეხბურთელი მადრიდული კლუბის ქომაგისთვის უკვე საკმაოდ კარგად ნაცნობი ფიგურაა.

ხოსემ და ხესემ ერთად ნაკრებშიც ითამაშეს - 19-წლამდელთა რიგებში მათ ევროპის ჩემპიონატზე იმარჯვეს. ამ ტურნირზე გაცილებით კარგად ხოსე გაისარჯა, ვინც 6 შეხვედრაში 1 გოლი გაიტანა; აი, ხესემ კი მინდორზე ფეხი მხოლოდ ერთხელ შედგა. მიუხედავად ამისა, დღეს ხესე უკვე ამომავალი ვარსკვლავია, ხოსე კი კვლავ "რეალის" დუბლებში ირჯება.

დაველოდოთ, ალბათ, მალე მოვა დრო, როდესაც "რეალის" შემადგენლობაში მოედანზე ხესე როდრიგესი და ხოსე როდრიგესი გამოვლენ და გულშემატკივრებს გოლებით გაახარებენ.

პიცის რევანში
არგენტინელ მწვრთნელთა დაპირისპირება ხუან ანტონიო პიცის გამარჯვებით დასრულდა. "ვალენსიამ" "ნოუ კამპზე" "ბარსელონას" სძლია და ტურის მთავარი სენსაციის შემოქმედი გახდა. ამ შეხვედრაზე ორშაბათის ნომერში საკმაოდ ვრცლად ვისაუბრეთ, ამიტომ ამჯერად მხოლოდ მწვრთნელთა კომენტარებს შემოგთავაზებთ:

"ისეთი შთაბეჭდილება შეიქმნა, თითქოს ნახევარი საათის შემდეგ თამაშს თავი დავანებეთ. როდესაც ასეთი სერიოზული მეტოქე გყავს, ერთი გოლის გატანის შემდეგ არ უნდა გაჩერდე, ისევ წინ უნდა წახვიდე და ინტრიგის მოკვლა სცადო. ჩვენ ეს ვერ გავეკეთეთ, რის გამოც დავისაჯეთ კიდეც. მარცხი, რა თქმა უნდა, ძალიან ცუდია, მაგრამ ახლა დამწუხრების დრო არ არის, წინ რთული შეხვედრები გველის,"
- განაცხადა თამაშის შემდეგ ხერარდო მარტინომ, რომლის გუნდიც მომდევნო ტურში "სანჩეს პისხუანს" ეწვევა.

თანამემამულესგან განსხვავებულ ხასიათზე იყო ხუან ანტონიო პიცი, რომლის ხელშიც "ვალენსიამ" 2 თამაში მოიგო, 2 ფრედ დაასრულა და მხოლოდ ერთი წააგო:

"ეს ძალიან მნიშვნელოვანი და საჭირო გამარჯვებაა. ჩვენ საკმაოდ არასტაბილურად ვასპარეზობთ და ამ სიტუაციაში, ქულების მოგროვება და სატურნირო ცხრილში წინსვლა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. ამ სტადიონზე მოპოვებული სამი ქულა "ვალენსიას" ფსიქოლოგიურადაც გააძლიერებს,
" - მიაჩნია პიცის.

როგორც იქნა
დიახ, დიახ, "ბეტისმა" მოიგო! თითქოს დაუჯერებელია, მაგრამ ფაქტია: სევილიელებმა 14-მატჩიანი მოუგებელი სერია შეწყვიტეს და სექტემბრის შემდეგ პირველი გამარჯვება მოიპოვეს.

მატჩის გმირი, რა თქმა უნდა, რუბენ კასტრო გახდა, რომელმაც დუბლი ზედიზედ მეორე შეხვედრაში შეასრულა, მაგრამ ამჯერად მისი გოლები ქულების ასაღებად საკმარისი იყო. მიუხედავად ნანატრი გამარჯვების მოპოვებისა, მთავარი მწვრთნელი გაბრიელ კალდერონი ბოლომდე კმაყოფილი მაინც ვერ იქნებოდა, რადგან არგენტინელმა ამ შეხვედრაში ტრავმამოშუშებული ნოსა იგიებორი გამოიყვანა, რომელიც რამდენიმე წუთში შესაცვლელი შეიქნა.

ასევე, აღსანიშნავია სევილიელთა დაცვის ხაზის კარგი თამაში - "ბეტისის" მცველები იმდენად დამაჯერებლად ირჯებოდნენ, რომ სამი მათგანი ტურის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა.

საინტერესო ფაქტები:
- "სელტამ" გრანადაში მეცამეტე ცდაზე იმარჯვა (2 ფრე, 10 წაგება)

- "ვალენსიამ" "ნოუ კამპზე" 6-მატჩიანი წაგებათა სერია დაასრულა.

- ბოლო სამ სეზონში მესიმ ყველაზე მეტი გოლი "ვალენსიას" და "ოსასუნას" (9-9) გაუტანა.

- "ატლეტიკო" არის ერთადერთი გუნდი, რომელსაც ამ სეზონში საჯარიმოს გარედან გოლი არ გაუტანია.

- "ბილბაომ" "რეალთან" 8-მატჩიანი წაგებათა სერია შეწყვიტა.

- "ბილბაოს" ამჟამად 43 ქულა აქვს, წინა სეზონში, 38 ტურის შემდეგ კი 45 ქულა ჰქონდა.

- "რეალმა" 2014 წელს გოლი პირველად გაუშვა.

- "რეალმა" პირველად ვერ მოიგო ამ სეზონში მატჩი, რომელშიც ანგარიში გახსნა; "ბილბაომ" კი ისეთ შეხვედრებში, რომლებშიც თავიდან გაუშვა, უკვე 19 ქულა მოაგროვა, რაც საუკეთესო შედეგია ლა ლიგაში.

- ორად-ორი გუნდი, რომლებსაც გოლის გაშვების შემდეგ ქულაც კი არ მოუპოვებიათ, "ოსასუნა" და "ბეტისი" არიან.

ბომბარდირები:
22 - კრიშტიანო რონალდო (რეალი)
20 - დიეგო კოშტა (ატლეტიკო)
14 - ანტუან გრიზმანი (სოსიედადი)
13 - ალექსის სანჩესი (ბარსელონა)
12 - პედრო (ბარსელონა), იკეჩუკვუ უჩე (ვილიარეალი)
11 - ქარიმ ბენზემა (რეალი), ხავი გერა (ვალიადოლიდი), დავიდ ვილია (ატლეტიკო)
10 - კარლოს ბაკა (სევილია), ივან რაკიტიჩი (სევილია)

ასისტენტები:
10 - სესკ ფაბრეგასი (ბარსელონა)
9 - კოკე (ატლეტიკო)
8 - კარლოს ველა (სოსიედადი), ნეიმარი (ბარსელონა)
7 - არიც ადურისი (ბილბაო), გარეთ ბეილი (რეალი), ჯოვანი დოს სანტოსი (ვილიარეალი), ივან რაკიტიჩი (სევილია)

გოლს + პასი:
28 - კრიშტიანო რონალდო (რეალი) - 22+6
23 - დიეგო კოშტა (ატლეტიკო) - 20+3
17 - ალექსის სანჩესი (ბარსელონა) - 13+4, პედრო (ბარსელონა) - 12+5, ივან რაკიტიჩი (სევილია) - 10+7, კარლოს ველა (სოსიედადი) - 9+8, სესკ ფაბრეგასი (ბარსელონა) - 7+10
16 - ანტუან გრიზმანი (სოსიედადი) - 14+2, ქარიმ ბენზემა (რეალი) - 11+5

XXII ტურის სიმბოლური ნაკრები
მეკარე: კ. ნავასი (ლევანტე)
მცველები: ხუანფრანი (ბეტისი), ხ. ფიგერასი (ბეტისი), ამაია (ბეტისი), ედუ ალბაკარი (ალმერია)
ნახევარმცველები: ფეგული (ვალენსია), ტრიგეროსი (ვილიარეალი), დუდა (მალაგა), დიეგო კასტრო (ხეტაფე)
თავდამსხმელები: დიეგო კოშტა (ატლეტიკო), რუბენ კასტრო (ბეტისი)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული