ტური ორშაბათს დასრულდება. პირველობის სამ ლიდერს შედარებით იოლი მატჩები ელის: "ატლეტიკო" "ვალიადოლიდს" უმასპინძლებს, "ბარსელონა" - "რაიო ვალეკანოს".
კვირას კი "ალფონსო პერესზე" მცირე მადრიდული დერბი გაიმართება...
გამარჯვების დროა
მადრიდის "ატლეტიკო", რომელმაც ყველა ტურნირზე გამართული ბოლო სამი მატჩი ისე წააგო, რომ გოლიც არ გაუტანია, "ვალიადოლიდს" შეხვდება.
ამ მეტოქესთან "როხიბლანკოს" ზედიზედ ხუთი მატჩი აქვს მოგებული და თუ მადრიდელებს სურთ, რომ საჩემპიონო რბოლას არ ჩამოშორდნენ, ეს სერია ექვსამდე უნდა გაზარდონ.
კვლავ ტრავმირებულია ფილიპე ლუიში, ხოლო ახალგაზრდა ხავიერ მანკილიო "რეალთან" სათასო შეხვედრაში სიკვდილს ბეწვზე გადაურჩა - 19 წლის ფეხბურთელი ძალიან ცუდად დაეცა. ექიმების თქმით, მცირე უიღბლობა და მანკილიო დღეს ცოცხალი აღარ იქნებოდა. საბედნიეროდ, ახალგაზრდა მარჯვენა მცველი გადარჩა და ფეხბურთს 4-6 კვირის შემდეგ დაუბრუნდება.
მიუხედავად კარგ ფორმაში ყოფნისა, სტუმართა შანსები მინიმალურია, რადგან ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, პრიმერას მასშტაბით, საგარეო შეხვედრებში მოპოვებული ქულების მიხედვით, ხუან იგნასიო მარტინესის გუნდზე უარესი შედეგი მხოლოდ სევილიის "ბეტისს" აქვს.
მზადება "სიტისთვის"
გასავარდნი ზონის კიდევ ერთი ბინადარი, "რაიო ვალეკანო" "ბარსელონას" ესტუმრება და 99-პროცენტიანი ალბათობით, შინ უქულოდ გამობრუნდება.
კატალონიელებმა "ფუტკრებს" ბოლო 6 მატჩი მოუგეს და მართლაც სასწაული უნდა მოხდეს, მადრიდელებმა თუნდაც ქულას რომ გამოჰკრან ხელი.
"რაიოსთან" შეხვედრის შემდეგ კატალონიელებს "მანჩესტერ სიტისთან" უმნიშვნელოვანესი დაპირისპირება ელით. ამიტომ არაა გამორიცხული, ხერარდო მარტინომ როტაციას მიმართოს და რამდენიმე ლიდერი დაასვენოს.
საინტერესოა, რომ "ვალეკანო" არის ერთადერთი გუნდი ბოლო 5 წლის განმავლობაში, რომელმაც "ბარსას" ბურთის ფლობაში აჯობა. ეს ყველაფერი პირველი წრის შეხვედრაში მოხდა, რომელიც მადრიდელებმა, ტერიტორიული უპირატესობის მიუხედავად, 0:4 წააგეს.
როგორც უკვე აღვნიშნეთ, "ფუტკრები" მეტოქესთან ზედიზედ 6 მატჩში დამარცხდნენ, თანაც ამ შეხვედრებში მადრიდელებმა საკუთარ კარში 26 გოლი გაუშვეს და მხოლოდ ერთი გაიტანეს.
ხერარდო მარტინოს ახალი არავინ გამოკლებია - ტრავმირებულთა სიაში კვლავ ნეიმარი, ჯონათან დოს სანტოსი და ოიერი არიან. აი, პაკო ხემესს კი ამ მხრივ სერიოზული პრობლემები აქვს, თუმცა სულ რომ ყველა ფეხბურთელი ჯანმრთელი ჰყავდეს, მისი გუნდის შანსი მაინც მინიმალურზე მინიმალური იქნებოდა.
მცირე დერბი
"ხეტაფე" "კერკეტი კაკალია", განსაკუთრებით, საკუთარ მოედანზე. "ალფონსო პერესზე" თამაში ყველა გუნდს რომ უჭირს, ამას თუნდაც ის ფაქტი ადასტურებს, რომ მადრიდელებმა 2011/12 წლების სეზონში შინ "ბარსელონას" მოუგეს, 2012/13 წლების სეზონში კი "რეალს".
ორივე შეხვედრაში გოლი მარჯვენა მცველმა ხუან ვალერამ გაიტანა, რომელმაც კვირას ტრავმის გამო არ უნდა ითამაშოს, მისი გუნდის მეტოქე კი სწორედ "სამეფო კლუბია".
"ხეტაფე" საკუთარ მოედანზე კი სახიფათოა, მაგრამ ამჟამად გუნდი ძალიან ცუდ ფორმაშია - ლუის გარსიას შეგირდებს ჩემპიონატში 8-მატჩიანი მოუგებელი სერია აქვთ, "რეალი" კი პირიქით, შესანიშნავად თამაშობს და 2014 წელს წაუგებლად ასპარეზობს.
კარლო ანჩელოტის განკარგულებაში კვლავ არ იქნება კრიშტიანო რონალდო, რომელიც სამმატჩიან დისკვალიფიკაციას იხდის. სამაგიეროდ, საბოლოოდ გამოჯანმრთელდა რაფაელ ვარანი და "ატლეტიკოსთან" სათასო შეხვედრაში მოედანს დაუბრუნდა კიდეც.
რაც მთავარია, შესანიშნავ ფორმაში არიან ხესე როდრიგესი და გარეთ ბეილი - ახალგაზრდა ესპანელმა და უელსელმა "ვილიარეალთან" წინა ტურის შეხვედრაში გაიბრწყინეს და საკუთარი გუნდის ქომაგებს რონალდოს არყოფნა არ აგრძნობინეს.
გუნდების მდგომარეობის გათვალისწინებით, წესით, "რეალმა" მორიგი გამარჯვება უნდა მოიპოვოს, თუმცა ისიც არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ მათი ყოფილი ფეხბურთელის (ალფონსო პერესს "რეალშიც" უთამაშია და "ბარსელონაშიც") სახელობის არენაზე აქამდე არაერთი სენსაცია მომხდარა...
ორშაბათი მართლაც ბასკების დღეა
ტური სამი საინტერესო მატჩით დასრულდება. კვირას, მეოთხე ადგილისთვის მებრძოლი ბილბაოს "ატლეტიკი" "ესპანიოლს" უმასპინძლებს და 5-მატჩიანი წაუგებელი სერიის გაგრძელებას ეცდება. თუმცა მხოლოდ წაუგებელი სერიის გაგრძელება ერნესტო ვალვერდეს შეგირდებისთვის დიდი ვერაფერი შედეგი უნდა იყოს.
ბასკებმა ბოლო ორი მატჩი ფრედ დაასრულეს და ამჯერად, "სან მამეს ბარიას" მომთხოვნ პუბლიკას მხოლოდ მოგება თუ დააკმაყოფილებს.
ტურის ერთ-ერთი გამორჩეული მატჩი კი "სანჩეს პისხუანზე" გაიმართება: "სევილია" ბრწყინვალედ ათამაშებულ "ვალენსიას" დაუხვდება. უნაი ემერი ყოფილ გუნდს დაუპირისპირდება, რომელმაც ჯერ ბარსელონაში მოიგო, შემდეგ კი "ბეტისი" ხუთი უპასუხო გოლით დააჯილდოვა.
თავად "სევილიას" კი აშკარად ჩავარდნა აქვს - ანდალუსიელებმა ზედიზედ სამი მატჩი წააგეს, რის გამოც მათი მომავალი მეტოქე უკვე ქულებით გაუთანაბრდა.
ორშაბათს კი, უკვე ჩამოყალიბებული ტრადიციის თანახმად, ბასკები ითამაშებენ, ოღონდ ამჯერად არა "ატლეტიკი", არამედ "სოსიედადი" გაირჯება, რომელსაც მალაგაში საკმაოდ რთული გასვლა ელის.
ესპანეთი. ლა ლიგა. XXIV ტური
14 თებერვალი
ელჩე-ოსასუნა 0:0
15 თებერვალი
ატლეტიკო-ვალიადოლიდი 19:00
დისკვალიფიკაცია: არანსუბია (ატლეტიკო) - ხესუს რუედა (ვალიადოლიდი)
ტრავმა: ვილია, ფილიპე ლუიში - ოსკარი
ბოლო 6 მატჩი
+3 =2 -1 (10-5) +1 =3 -2 (5-10)
ურთიერთშეხვედრები
სულ 29 თამაში: +17 =4 -8 (59:28)
ლევანტე-ალმერია 21:00
დისკვალიფიკაცია: ვინტრა, ივანშიტჩი (ლევანტე) - სორიანო (ალმერია)
ტრავმა: - როდრი, ნელსონი
ბოლო 6 მატჩი
+2 =3 -1 (5-5) +3 =0 -3 (7-9)
ურთიერთშეხვედრები
სულ 15 თამაში: +7 =4 -4 (24:22)
ბარსელონა-ვალეკანო 23:00
დისკვალიფიკაცია: ნაჩი მარტინესი (რაიო ვალეკანო)
ტრავმა: ნეიმარი, ოიერი, ჯონათან დოს სანტოსი - ხ. ვიერა, გალვესი, ა. პერეა, სება ფერნანდესი, ხოსე კარლოსი
ბოლო 6 მატჩი
+3 =2 -1 (14-5) +2 =1 -3 (9-12)
ურთიერთშეხვედრები
სულ 19 თამაში: +12 =4 -3 (52:15)
ვილიარეალი-სელტა 01:00
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: ხუან კარლოსი, ი. უჩე, პაბლო ინიგესი, ოლივერ ტორესი, კანი (ყველა "ვილიარეალი").
ბოლო 6 მატჩი
+4 =0 -2 (17-9) +3 =1 -2 (8-8)
ურთიერთშეხვედრები
სულ 17 თამაში: +4 =5 -8 (19:22)
16 თებერვალი
გრანადა-ბეტისი 15:00
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: მაინსი, იგალო - პაულაო, ა. ვადილიო, ხავი ტორესი
ბოლო 6 მატჩი
+1 =1 -4 (5-8) +1 =1 -4 (5-16)
ურთიერთშეხვედრები
სულ 8 თამაში: +3 =1 -4 (11:14)
ხეტაფე-რეალი 20:00
დისკვალიფიკაცია: კრიშტიანო რონალდო (რეალი)
ტრავმა: ხუან ვალერა, მოსკერა, ს. ესკუდერო - ხედირა
ბოლო 6 მატჩი
+0 =2 -4 (2-9) +5 =1 -0 (16-3)
ურთიერთშეხვედრები
სულ 19 თამაში: +5 =2 -12 (20:38)
ბილბაო-ესპანიოლი 22:00
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: ბენიატი, ტოკერო - კაპდევილა
ბოლო 6 მატჩი
+3 =2 -1 (16-7) +2 =1 -3 (4-6)
ურთიერთშეხვედრები
სულ 41 თამაში: +10 =14 -17 (49:64)
სევილია-ვალენსია 00:00
დისკვალიფიკაცია: დ. ფიგეირაში (სევილია)
ტრავმა: მბია - ორიოლ რომეუ, ვიქტორ რუისი
ბოლო 6 მატჩი
+1 =2 -3 (10-12) +3 =2 -1 (13-6)
ურთიერთშეხვედრები
სულ 40 თამაში: +16 =5 -19 (45:53)
17 თებერვალი
მალაგა-სოსიედადი 01:00
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: ხესუს გამესი, ტისონე, სანტა კრუსი, ველიგტონი - ესტრადა, დე ლა ბელია, გრანერო
ბოლო 6 მატჩი
+1 =1 -4 (4-11) +2 =2 -2 (9-11)
ურთიერთშეხვედრები
სულ 25 თამაში: +6 =6 -13 (32:44)
ბომბარდირები:
22 - კრიშტიანო რონალდო (რეალი); 20 - დიეგო კოშტა (ატლეტიკო); 14 - ანტუან გრიზმანი (სოსიედადი), ალექსის სანჩესი (ბარსელონა); 13 - ქარიმ ბენზემა (რეალი); 12 - პედრო (ბარსელონა), იკეჩუკვუ უჩე (ვილიარეალი); 11 - ხავი გერა (ვალიადოლიდი), ლიონელ მესი (ბარსელონა), დავიდ ვილია (ატლეტიკო)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"