საინტერესო იყო ისიც, რომ სევილიურმა გუნდებმა - აუტსაიდერმა "ბეტისმა" და მოყოჩაღებულმა "სევილიამ" გვარიანად წაუკრეს ხელი "ბილბაოს". პირველმა გასვლაზე "ვილიარეალთან" არ წააგო, ხოლო მეორემ "სოსიედადს" მოუგო. შედეგად, ბილბაოელებმა მნიშვნელოვნად
ანჩელოტის ყველაფერი გათვლილი აქვს
კრიშტიანო რონალდო მატჩამდე ამბობდა, ჩვენ ვართ მადრიდიო და სწორედ პორტუგალიელმა უშველა "რეალს" და 82-ე წუთზე გაათანაბრა. იქამდე "ატლეტიკო" იგებდა და ახლოს იყოს 1999 წლის მერე "ვისენტე კალდერონზე" "რეალის" წინააღმდეგ პირველი გამარჯვების მოპოვებასთან.
თვალშისაცემი გახლდათ ისიც, რომ დიეგო სიმეონემ მხოლოდ ერთი ცვლილება გამოიყენა, ისიც ბოლოსკენ. მან საერთოდ არ ათამაშა დავიდ ვილია, რომელსაც მცირე ტრავმაც აწუხებდა და თან ეს "ჩოლოს" ტაქტიკური ჩანაფიქრიც გახლდათ. სიმეონემ კინაღამ ჩემპიონატის მეორე მატჩიც მოუგო კარლო ანჩელოტის, რომელიც საკმაოდ შემტევი შემადგენლობით თამაშობდა. ბოლოდროინდელი სათამაშო ფორმისა და შედეგების გათვალისწინებით, უმეტესობა "სამეფო გუნდის" გამარჯვებას ელოდა, მაგრამ...
"თავიდანვე გავუშვით, მაგრამ კარგი რეაქცია გამოვავლინეთ. მეორე ტაიმშიც მშვენივრად ვითამაშეთ და შეგვეძლო ანგარიში 3:1 გაგვეხადა, რაც გადამწყვეტ უპირატესობას მოგვიტანდა. საბოლოოდ, მთავარი შედეგია, რომელიც ფიქსირდება და ვფიქრობ, 12 მატჩით ადრე პირველ ადგილთან 3 ქულაში ყოფნა ცუდი არ არის. "ატლეტიკომ" ყველას დაუმტკიცა, რომ ცოცხალია" - თქვა სიმეონემ.
კარლო ანჩელოტი: "მეტოქე უხეშად და აგრესიულად თამაშობდა, რაც ჩვენი სტილი არ გახლავთ. ჩვენ, უბრალოდ, ფეხბურთის თამაშზე ვფიქრობთ. ფრე უნდა მივიღოთ, რადგან რთული მატჩი იყო, და შეხვედრაში, რომელსაც ვაგებდით, ქულა ავიღეთ, ცუდი არ არის. თანაც, "ატლეტიკო" ძალიან კარგი გუნდია, განსაკუთრებით, საკუთარ კედლებში. გოლის შემდეგ მეტოქეს ადვილად მივეცით თამაშის საშუალება და ამიტომაც გაგვიჭირდა.
მეორე ნახევარში უკეთ გამოვიყურებოდით და "ატლეტიკოს" პრობლემებიც შევუქმენით. არბელოა და კოენტრაო დასვენებულნი იყვნენ და ამიტომ ვათამაშე, ხოლო როდესაც ფლანგების გააქტიურება იყო საჭირო, მარსელო და კარვახალი შევიყვანე. შევცდი თუ არა შემადგენლობის დაყენებისას? იმდენს სასტარტო თერთმეტეულზე არავინ ფიქრობს, რამდენსაც მე. ცხრილის სათავეში ვრჩებით და გასათვალისწინებელია ისიც, რომ დარჩენილი 12 მატჩიდან 5 გასვლაზე გვაქვს, 7 კი შინ".
ტრადიციულ გაწევ-გამოწევებსაც ვერ ავცდით; ცხადია, ვერც საკამათო ეპიზოდებსა და მსაჯების შეცდომებს. ჩვეულ სტილში, წყობიდან გამოვიდა სიმეონეს ასისტენტი ხერმან "მონო" ბურგოსი, რომელიც მინდვრიდან მიაბრძანეს. თუმცა "ჩოლომ" თქვა, ხერმანს არაფერი ცუდი არ უთქვამს და არ გაუკეთებია, სანამ გააძევებდნენო.
მთელი მატჩის განმავლობაში გრძელდებოდა სერხიო რამოსისა და დიეგო კოშტას დუელი. ერთ ეპიზოდში რამოსმა "ატლეტიკოს" ფორვარდი და ამიერიდან ნაკრებში მისი თანაგუნდელი წააქცია კიდეც და პენალტი არ დაინიშნა. მათ შორის მცირე უთანხმოებაც იყო.
"ჩემი აზრით, დიეგო კოშტა შესანიშნავი არჩევანია და მას შეუძლია ესპანეთის ნაკრებისთვის სარგებლის მოტანა. ფეხბურთი გუნდური სპორტია, ჩვენ ახლა თანაგუნდელები ვართ და ერთმანეთთან არანაირი პრობლემა არ გვაქვს. რაც შეეხება მატჩს, ყველა თავისი კლუბის ინტერესებს იცავს.
ვიცით, რომ "ატლეტიკო" მტკიცე ხასიათის გუნდია და დიდი შემართებით თამაშობს. ისინი თავიანთი სტილით ცდილობდნენ თამაშს, ჟინითა და სპორტული აგრესიით, ჩვენ კი ჩვენი სტილით, ბურთის გაკონტროლებას ვცდილობდით. მეორე ტაიმში კარგად ვითამაშეთ და მოგებაც შეგვეძლო. კარგია, რომ "ატლეტიკოს" სახით კიდევ ერთი, ჩემპიონობისთვის მებრძოლი კლუბი გამოჩნდა" - თქვა რამოსმა.
"ცოტა გულდაწყვეტილი დავრჩი, რადგან გამარჯვებაც შეიძლებოდა. ღია და კარგი მატჩი გახლდათ, რომელშიც შანსი ორივე გუნდს ჰქონდა.
გულშემატკივრებისთვის დადებითი მუხტის მიცემა გვინდოდა და ვფიქრობ, გამოგვივიდა. ვიღებთ და მიჩვეულნი ვართ, კრიტიკასაც და შექებასაც. იმავე შემართებით გავაგრძელებთ მუშაობას. არ დაგვავიწყდეს, რომ "კლასიკო" კიდევ ჩასატარებელია, ლიდერს მხოლოდ 3 ქულით ჩამოვრჩებით და შანსი არის" - ეს კი "რეალის" კარში სამეფო გოლის ავტორის, "ატლეტიკოს" კაპიტნის, გაბის სიტყვებია.
"ათლეტების" მცველი ხუანფრანი: "მოგებას ვიმსახურებდით. კარგად ვითამაშეთ, ბევრი მომენტი გვქონდა და ფრე უსამართლო შედეგია. გუნდი ცოცხალია. ზოგი ამბობს, რომ ზედმეტად აგრესიულები ვართ და გადავიღალეთ, გადავიწვით, მაგრამ აქ არავინ გადამწვარა".
ყველაფერი "ბარსას" ხელშია
"ბარსელონამ" საბოლოოდ 4:1 კი მოიგო, მაგრამ თამაში მთლად იოლი არ იყო. ეს მატჩის შემდეგ სერხიო ბუსკეტსმაც აღიარა. თუმცა, მთავარია, კატალონიელებმა სამი ქულა აიღეს. საკუთარ აქტივს თითო გოლი მიამატეს ალექსის სანჩესმა და ლიონელ მესიმ. არგენტინელმა ჯადოქრული ჯარიმა გაიტანა მოჭრილი დარტყმით. "ალმერიას" რიგებში კი ისევ ძალიან კარგი იყო მცველი ალეხანდრო ტრუხილიო, რომელმაც "კამპ ნოუზე" გოლიც კი შეაგდო.
სესკ ფაბრეგასი: "ჩემი აზრით, ყველაფერი ჩვენზეა დამოკიდებული. გუნდი ტოპ-კლასის ფეხბურთელებით არის დაკომპლექტებული და დანარჩენი ჩვენი თავების და ჩვენი ფეხების საქმეა, თუ როგორ დავიხარჯებით და ვითამაშებთ. არცერთ გუნდს არ ჰყავს ისეთი ნიჭიერი შემადგენლობა, როგორც ჩვენ".
"რეალურად არანაირი საშიშროება არ დამდგარა, მატჩის მსვლელობას ვაკონტროლებდით. თუმცა ვიცით, რომ უნდა მოვუმატოთ, მათ შორის - დაცვაშიც. ფანები ბოლომდე გვამხნევებდნენ. 15-16 შანსი გვქონდა და მხოლოდ 4 გამოვიყენეთ. მომენტების რეალიზაცია დასახვეწია, მაგრამ მთავარია, მათი მრავლად შექმნა გავაგრძელოთ. ნეიმარი აუცილებლად მოუმატებს და სტაბილურად, კიდევ უფრო კარგად ათამაშდება" - განაცხადა ხორხე პაუტასომ, რომელიც დისკვალიფიცირებული ხერარდო მარტინოს ნაცვლად საუბრობდა მატჩისშემდგომ პრესკონფერენციაზე.
საუკეთესო ბომბარდირები:
23 - კრიშტიანო რონალდო (რეალი)
21 - დიეგო კოშტა (ატლეტიკო)
16 - ალექსის სანჩესი (ბარსელონა)
15 - ქარიმ ბენზემა (რეალი), ანტუან გრიზმანი (სოსიედადი), ლიონელ მესი (ბარსელონა)
საუკეთესო ასისტენტები:
12 - სესკ ფაბრეგასი (ბარსელონა)
11 - კოკე (ატლეტიკო)
10 - გარეთ ბეილი (რეალი)
9 - კარლოს ველა (სოსიედადი), ივან რაკიტიჩი (სევილია)
8 -ლიონელ მესი (ბარსელონა), ნეიმარი (ბარსელონა), პედრო (ბარსელონა), სუსაეტა (ბილბაო)
გოლი + პასი:
29 - კრიშტიანო რონალდო (რეალი) - 23+6
24 - დიეგო კოშტა (ატლეტიკო) - 21+3
23 - ლიონელ მესი (ბარსელონა) - 15+8
22 - ალექსის სანჩესი (ბარსელონა) - 16+6
21 - ქარიმ ბენზემა (რეალი) - 15+6, პედრო (ბარსელონა) - 13+8
20 - სესკ ფაბრეგასი (ბარსელონა) - 8+12, გარეთ ბეილი (რეალი) - 10+10
XXVI ტურის სიმბოლური ნაკრები:
მეკარე: კ. ნავასი (ლევანტე)
მცველები: ირაოლა (ბილბაო), გურპეგი (ბილბაო), ლაგო (ხეტაფე)
ნახევარმცველები: სუსაეტა (ბილბაო), ჩავი (ბარსელონა), არდა თურანი (ატლეტიკო), გაბი (ატლეტიკო), კარლეს ხილი (ელჩე)
თავდამსხმელები: მესი (ბარსელონა), ადურისი (ბილბაო)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"