"მარკამ" ლა ლიგის 2013/14 წლების სეზონის საუკეთესოები დააჯილდოვა

AutoSharing Option
10 ნოემბერს მადრიდის "ლა გალერია დე კრისტალში" ესპანეთის ყველაზე პოპულარულმა გაზეთმა "მარკამ" 2013/14 წლების სეზონის საუკეთესოთა გალა-დაჯილდოება მოაწყო.

გალა-დაჯილდოება ჟურნალისტებს, ედუ გარსიას და ოლგა ვისას მიჰყავდათ. ცერემონიალის დროს პატივი მიაგეს ალფრედო დი სტეფანოს და ლუის არაგონესის ხსოვნას.

ლა ლიგის საუკეთესო ფეხბურთელისთვის დაწესებული დი სტეფანოს ტროფეი მადრიდის "რეალის" ვარსკვლავმა კრიშტიანო რონალდომ მიიღო, რომელსაც ერგო "პიჩიჩიც", პრიზი ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირობისთვის.

კრიშტიანო რონალდო (რეალი): "მოხარული ვარ, რომ ეს ჯილდოები მე შემხვდა. გეტყვით, რომ მომავალ წელსაც მე მსურს ამ პრიზების მოგება. ეს იქნება ნათელი
დასტური, რომ მოედანზე კარგად ვითამაშე. ჩემი მიზანია ტიტულების მოგება, როგორც გუნდური, ასევე ინდივიდუალურის.

ყველას თავისი მოსაზრება და მიზნები აქვს. მე ყველაზე კარგად ფეხბურთის თამაში მეხერხება. მე ეს საქმე მიყვარს და მსურს, ბევრს მივაღწიო. არასოდეს დავიღლები ტიტულების მოგებით.

შესაძლოა, ახლა მართლაც კარიერის საუკეთესო ფორმაში ვარ, მაგრამ ჩემი მიზანი ყოველთვის გაუმჯობესებაა. რა თქმა უნდა, ერთხელაც მოვა დრო, როცა მე ვეღარ შევძლებ ამას, მაგრამ ახლა ბედნიერი ვარ, "რეალი" დიდებულად თამაშობს, ჩვენ წინ მივდივართ. ჩემი სტატისტიკაც არ არის ცუდი, მინდა ეს ფორმა შევინარჩუნო".

ზარას პრიზი მიიღო დიეგო კოშტამ, რომელიც ახლა "ჩელსიში" თამაშობს, როგორც ყველაზე მეტი გოლის გამტანმა ესპანელმა ფეხბურთელმა.

დაჯილდოვდა სეგუნდა დივიზიონის ბომბარდირი ბორხა ვიგერაც, რომელმაც 39 შეხვედრაში 25 გოლი გაიტანა. მან სეგუნდა დივიზიონის ორი პრიზი - პიჩიჩი და ზარა ჩაიბარა. "ალავესის" ყოფილი ფეხბურთელი ახლა ბილბაოს "ატლეტიკში" თამაშობს.

ზამორას ტროფეი ლა ლიგის საუკეთესო მეკარე ტიბო კურტუას ერგო, რომელიც უკვე "ჩელსიში" თამაშობს. ბელგიელმა პრიზი ზედიზედ მეორედ მოიგო და ისტორიაში პირველი მეკარე გახდა, ვინც ეს შეძლო.

მეორე ლიგაში ასეთივე პრიზი "ეიბარის" მეკარე ჩაბიერ ირურეტამ მიიღო, რომელმაც 39 თამაშში მხოლოდ 26 გოლი გაუშვა. "ეიბარის" მწვრთნელი გაისკა გარიტანო კი სეგუნდა დივიზიონის საუკეთესო მწვრთნელად დაასახელეს. ტოპ-კატეგორიაში, რა თქმა უნდა, ეს პრიზი (მიგელ მუნიოსის ტროფეი) დიეგო სიმეონეს (ატლეტიკო) ერგო.

საუკეთესო მსაჯად ვალენსიელი მატეო ლაოსი ზედიზედ მეორედ დასახელდა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული