ლუკა მოდრიჩის მძიმე ტრავმა და ფიფას კომპენსაცია

AutoSharing Option
უკვე ვწერდით, რომ ევრო 2016-ის შესარჩევ მატჩში იტალიისა და ხორვატიის ნაკრებებს შორის შეხვედრის პირველ ტაიმში დაშავდა სტუმართა ლიდერი ლუკა მოდრიჩი. პირველადი მონაცემებით, ნახევარმცველს 3-4 კვირა უნდა გამოეტოვებინა, მაგრამ მადრიდის "რეალის" ექიმების მიერ ჩატარებულმა ტესტირებამ სამწუხარო რეალობა გამოავლინა - ხორვატის ტრავმა გაცილებით მძიმეა.

უკვე გამოცხადდა, რომ ლუკა ფეხბურთს სამი თვით დააკლდება ბარძაყის ტრავმის გამო. საუკეთესო შემთხვევაში, მას მოედანზე თებერვლის საწყის დეკადაში ვიხილავთ. მარცხენა ბარძაყზე კუნთი გაწყვეტილია, მის შეხორცებას კი დიდი დრო უნდა. მოდრიჩი ოპერაციას არ გაიკეთებს, ის კონსერვატიული მეთოდებით იმკურნალებს. ლუკა
"რეალს" საკლუბო მსოფლიოს ჩემპიონატზე დააკლდება.

ამასობაში გაირკვა, რომ ფიფა მადრიდის "რეალს" ლუკა მოდრიჩის ტრავმისთვის კომპენსაციას გადაუხდის, რადგან მან ფიფას დღეებში მიიღო დაზიანება. კომპენსაცია არცთუ მცირეა - 1,6 მილიონი ევრო.

მოდრიჩის ტრავმა ისკოს სასტარტო შემადგენლობისკენ გზას უხსნის. ესპანელი დიდებულ ფორმაშია. ასე რომ, კარლო ანჩელოტის საფიქრალად მხოლოდ ის რჩება, რომ ნახევარდაცვის ხაზში სასტარტო ფეხბურთელებს სრულფასოვანი შემცვლელები აღარ ჰყავთ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული