ესპანეთი. ლა ლიგა. XII ტურის წინ: ანჩელოტის საშიში გუნდი

AutoSharing Option
კაცი, რომელიც შარშან ამ დროს საფეხბურთო სამყაროს ყურადღების ცენტრში იყო, შაბათს "რიასორზე" კარიერის ახალ ფურცელს გადაშლის. რა თქმა უნდა, შოტლანდიელ სპეციალისტ დევიდ მოიესზე ვამბობთ, რომელსაც "მანჩესტერ იუნაიტედის" შემდეგ ბედმა "რეალ სოსიედადის" გაწვრთნა არგუნა.

კიდევ რა გველის მე-12 ტურში? მნიშვნელოვანი ვალენსიური დერბი, ერთიც ნაკლებად მნიშვნელოვანი ანდალუსიური დერბი, "სამეფო კლუბის" სტუმრობა ბასკ "მეთოფეებთან", "ვისენტე კალდერონზე" სათამაშოდ შესანიშნავ ფორმაში მყოფი "მალაგა" მიდის და, რა თქმა უნდა, ტურის მშვენება "ბარსელონა" "სევილიის" წინააღმდეგ - ივან რაკიტიჩი ყოფილ გუნდს პირველად დაუპირისპირდება.

რონალდოს მთელი გუნდით უნდა ვეთამაშოთ
ლა
ლიგის ისტორიაში პირველად მადრიდის "რეალი" "ეიბარს" იპურუაში ესტუმრება. გათამაშების ლიდერი შესანიშნავ ფორმაში ხვდება ამ მატჩს - კარლო ანჩელოტის გუნდმა ბოლოს 13 სექტემბერს წააგო შინ "ატლეტიკოსთან" და მას მერე ზედიზედ 13 მატჩში იმარჯვა! აქედან რვა ჩემპიონატის შეხვედრაა.

ცხრილის შუაში მყოფი ბასკური გუნდი მეტისმეტად მცირეკალიბრიანად გვეჩვენება, რომ "რეალის" შეჩერება შეძლოს, თუმცა "სამეფო კლუბი" გარკვეული პრობლემით ეგებება ტურს.

ხორვატიის ნაკრებში ტრავმა მიიღო და 3 თვეს ფეხბურთს ვეღარ ითამაშებს კლუბის მოწინავე ნახევარმცველი ლუკა მოდრიჩი, მაგრამ კარლეტო იმედიანადაა:

"ეს ამბავი ძალიან საწყენია. მე ვნახე ლუკა და ხასიათი ნელ-ნელა გამოუკეთდა. მოდრიჩი "რეალისთვის" მნიშვნელოვანი ფეხბურთელია, მაგრამ ჩვენ ამ პრობლემას აღმოვფხვრით, როგორც ეს შარშან შევძელით".

რა გეგმები აქვს ანჩელოტის ამ მხრივ?

"პრობლემა სახეზეა, მაგრამ ჩვენ ის უნდა გადავჭრათ. კროოსი და ხედირა დიდებულად ეწყობიან ერთმანეთს. გვყავს ისკოც. ისკო ყველაფრისთვის მზადაა, მას ნებისმიერ პოზიციაზე შეუძლია თამაში".

სხვათა შორის, პროგრამა "რადიოგასეტა დე ლოს დეპორტესში" "რეალის" იტალიელმა თავკაცმა განაცხადა, რომ კლუბში მუშაობა მას მერეც სურს, როცა ამჟამინდელი კონტრაქტი დაუსრულდება:

"ჩემი კონტრაქტი "რეალთან" 2016 წლის ზაფხულში სრულდება. არ ვიცი, როდის მოვაწერ ახალ კონტრაქტს ხელს, მაგრამ მე ეს ძალიან მსურს", - კარლეტო ოპტიმისტია.

შესანიშნავ ფორმაში მყოფ "რეალს" შესაშურ ფორმაში ჰყავს მთავარი გოლეადორი კრიშტიანო რონალდო. მან გაიტანა ამ ჩემპიონატის თითოეულ ტურში (ერთი ტრავმის გამო გამოტოვა) და უკვე 18 გოლი დაუგროვდა. კრიშტიანომ ესპანეთის ჩემპიონატის მატჩში ბოლოს გოლი 7 მაისს ვერ გაიტანა "ვალიადოლიდის" კარში. ისიც ალბათ იმიტომ, რომ უკვე მე-9 წუთზე შეცვალეს ტრავმის გამო.

რონალდოს ტყუილად არ უფრთხის "ეიბარის" თავკაცი გაისკა გარიტანო:

"რეალს" თამაშში 4-5 გოლი გააქვს. ამიტომ ჩვენ, უპირველესად, საკუთარი კარის უსაფრთხოებაზე უნდა ვიზრუნოთ, თუმცა გატანაზეც უნდა ვიფიქროთ - რატომაც არა.

კრიშტიანო შეუჩერებელია. მის წინააღმდეგ ინდივიდუალური თამაში წარმატებას ვერავის მოუტანს, ჩვენ პორტუგალიელს კოლექტიურად უნდა ვებრძოლოთ. მაგრამ ერთს გააჩერებ და თავს მეორე წამოყოფს - "რეალი" საშიში გუნდია".

ივანის სპეციალური დაპირისპირება
"კამპ ნოუზე ტურის მატჩია - ივან რაკიტიჩის ამჟამინდელი გუნდი "ბარსელონა" ძველს, "სევილიას" მასპინძლობს. ამ ორ გუნდს შორის სხვაობა მხოლოდ ორი ქულაა, რაც დამატებითი ინტრიგაა.

ბარსელონელთა ირგვლივ ორი მთავარი თემაა სალაპარაკო - რა მოუვიდა ლეო მესის, რატომ გააკეთა მან არგენტინულ მედიასთან ორაზროვანი კომენტარები და რატომ აფიქრებინა ხალხს, რომ "ბარსადან" წასვლა სურს და როდის გაიტანს პრიმერაში ლუის სუარესი.

ლეოს მამა ხორხე მესიმ თითქოს, გაფანტა ეჭვები, აქედან წასვლას არ ვგეგმავთ, ჩემი შვილი კატალონიაში ბედნიერიაო, თუმცა სპეკულაციები ამან ვერ შეაჩერა.

თუკი სუარესი გაიტანს, ეს არ იქნება პირველი შემთხვევა, როცა ის თავს "სევილიას" კარში გოლით გამოიჩენს - ერთხელ მონტევიდეოს "ნასიონალისა" და "სევილიას" ამხანაგურ მატჩში ურუგვაელთა მე-13 ნომერმა გაიტანა. მაშინ ლუისი ამ ნომრით ასპარეზობდა და მხოლოდ 18 წლის იყო.

ბარსელონურ-სევილიურ დაპირისპირებაში მარტო ივან რაკიტიჩის თემა არ არის აქტუალური. "სევილიაში" თამაშობენ ჟერარდ დეულოფეუ და დენის სუარესი, რომლებიც "ბარსას" ეკუთვნიან. კიდევ ერთი, ლუის სუარესი და სევილიელი იაგო ასპასი "ლივერპულში" თანაგუნდელები იყვნენ.

და მაინც, ყველაზე სპეციალური ეს დაპირისპირება ხორვატი ნახევარმცველისთვისაა, რომელმაც "სევილიას" მაისურით 149 მატჩში 32 გოლი გაიტანა. შარშან, როცა "სევილია" "კამპ ნოუს" ეწვია, რაკიტიჩმა "ბარსას" კარში გოლი გაიტანა.

ბაყაყები VS ღამურები
"სიუტატ დე ვალენსია" ვალენსიურ დერბის მასპინძლობს - გათამაშების ერთ-ერთი აუტსაიდერი "ლევანტე" მესამეადგილოსან "ვალენსიას" ხვდება.

აი, რას ამბობს "ვალენსიას" ახალგაზრდა მარცხენა მცველი ხოსე გაია, რომელმაც "ღამურების" გულშემატკივრებს კარგი თამაშით ჟორდი ალბა დაავიწყა:

"რაც მეტი ჩვენი ფანი დაესწრება თამაშს, მით უკეთესი - დერბი ყოველთვის სპეციალური თამაშია, რომელშიც არ არსებობს ფავორიტი.

მთავარი მაინც სამი ქულაა, რომლის მოპოვებასაც შევეცდებით, მაგრამ ეს არ იქნება იოლი საქმე. "ლევანტე" ბოლო დროს კარგად თამაშობს, მეტოქეს დაცვიდან თამაში კარგად ეხერხება.

ჩემი აზრით, თუ ბურთს მეტოქეს წავართმევთ, თამაშის მოგება უფრო გაგვიადვილდება".

ესპანეთი. ლა ლიგა. XII ტური
პარასკევი. 21 ნოემბერი
ბილბაო-ესპანიოლი 23:45
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: ფერნანდესი, ირაოლა (?) -
ბოლო 6 მატჩი
+2=3-1 +1=3-2
ურთიერთშეხვედრები
სულ 42 თამაში: +10=14-18, (50-66)

შაბათი. 22 ნოემბერი
ატლეტიკო-მალაგა 19:00
დისკვალიფიკაცია: სუარესი, სიკეირა (ატლ)
ტრავმა: კორეა, გამესი (?), მირანდა, მანჯუკიჩი (?) - ამრაბატი, ფერეირა, როსალესი (?), ჩენი, ტისონე
ბოლო 6 მატჩი
+4=0-2 +5=0-1
ურთიერთშეხვედრები
სულ 22 თამაში: +11=5-6, (34-24)

ეიბარი-რეალი 21:00
დისკვალიფიკაცია: ლილიო, ნავასი (ეიბ)
ტრავმა: ლეკიჩი, პიოვაკარი (?), ვილა, ანიბარიო (?) - მოდრიჩი, ილიარამენდი (?)
ბოლო 6 მატჩი
+1=3-2 +6=0-0
ურთიერთშეხვედრები
არ უთამაშიათ

ბარსელონა-სევილია 23:00
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: მატიო (?), რობერტო (?), ინიესტა (?), მონტოია (?), რაფინია (?) - იბორა (?), ტრემულინა (?)
ბოლო 6 მატჩი
+4=0-2 +3=1-2
ურთიერთშეხვედრები
სულ 43 თამაში: +24=9-10, (82-45)

დეპორტივო-რეალ სოსიედადი 01:00
დისკვალიფიკაცია: პოშტიგა (დეპ)
ტრავმა: ინსუა (?), ლუკასი, კავალეირო (?), ტოჩე (?), კანელია (?), ფარინია - კასტრო (?), გონსალესი (?), ზურუტუზა (?), გონსალესი (?), პრიეტო (?)
ბოლო 6 მატჩი
+1=2-3 +1=2-3
ურთიერთშეხვედრები
სულ 32 თამაში: +14=9-9, (40-32)

კვირა. 23 ნოემბერი
ვალეკანო-სელტა 15:00
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: ტონიო, ინსუა - პლანასი (?), ოუბინია
ბოლო 6 მატჩი
+2=0-4 +3=2-1
ურთიერთშეხვედრები
სულ 24 თამაში: +12=7-5, (32-19)

ლევანტე-ვალენსია 20:00
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: გავილანი (?), მარტინსი (?) - პარეხო
ბოლო 6 მატჩი
+1=2-3 +3=2-1
ურთიერთშეხვედრები
სულ 16 თამაში: +3=5-8, (13-27)

ელჩე-კორდობა 22:00
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: ნიგესი (?), ხიმენესი, ერერა - კრესპო
ბოლო 6 მატჩი
+1=2-3 +0=4-2
ურთიერთშეხვედრები
სულ 25 თამაში: +8=6-11, (25-28)

ვილიარეალი-ხეტაფე 00:00
დისკვალიფიკაცია: ალექსისი (ხეტ)
ტრავმა: მუსაჩიო, პაულისტა (?), პერესი, იოკიჩი - ვალერა (?), ვასკესი
ბოლო 6 მატჩი
+2=1-3 +3=2-1
ურთიერთშეხვედრები
სულ 20 თამაში: +12=3-5, (31-23)

ორშაბათი. 24 ნოემბერი
გრანადა-ალმერია 23:45
დისკვალიფიკაცია: პარტეი (ალმ)
ტრავმა: საქსესი (?), მაჩისი, მარე, რობერტო (?) -
ბოლო 6 მატჩი
+0=2-4 +1=1-4
ურთიერთშეხვედრები
სულ 3 თამაში: +0=1-2, (1-6)

შენიშვნა: + მოგება, = ფრე, - წაგება () ბურთების სხვაობა
შენიშვნა: ურთიერთშეხვედრები ჩემპიონატსა და თასის მატჩებში 1994 წლიდან

ბომბარდირები:
18 - კრიშტიანო რონალდო (რეალი); 10 - ნეიმარი (ბარსელონა); 7 - კარლოს ბაკა (სევილია), ხოაკინ ლარივეი (სელტა), ლიონელ მესი (ბარსელონა).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული