ესპანეთი. ლა ლიგა. XIII ტურის წინ: რეკორდსმენი "მესტალიაზე"

AutoSharing Option
ლა ლიგის მე-13 ტურის მშვენება-მატჩი "მესტალიაზე" გაიმართება, სადაც "ვალენსია" "ბარსელონას" მასპინძლობს.

დღეისათვის მე-4 ადგილზე მყოფი "ღამურები" 4 ქულით ჩამორჩებიან სახელოვან მეტოქეს. "რეალი" კი მოგებათა სერიის გაგრძელებას "მალაგასთან" გეგმავს, გუნდთან, რომელიც "რეალის" შემდეგ ლა ლიგაში საუკეთესო ფორმაშია.

რას წარმოადგენს "ვალენსია"
კვირას "ბარსელონა" "მესტალიას" სტუმრობს, ლეო მესი ვალენსიაში ორი დიდი რეკორდით ხელდამშვენებული ჩადის - 27 წლის არგენტინელმა წინა ტურში ბასკი ლეგენდის, ტელმო ზარას 59-წლიანი რეკორდი დაამხო და ახლა 253 გოლით ლა ლიგის ყველა დროის საუკეთესო მეგოლეა. მეორე რეკორდი მესიმ კვიპროსზე დაამყარა, იქაც ჰეთ-თრიკი
შეასრულა და ახლა ჩემპიონთა ლიგის ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირია 74 გოლით.

მოკლედ, "ღამურებმა" კარგად იციან, ვის უნდა უფრთხოდნენ, ბოლო დღეებში ლეომ 6 გოლი გაიტანა და მსოფლიო ყურადღების ცენტრშია.

"ვალენსიამ" კი წინა ტურში ვერ იყოჩაღა - "ღამურები" ბაყაყების გუბურაში ჩაიხრჩვნენ. უფრო გასაგებად რომ ვთქვათ, "ვალენსია" ქალაქის დერბიში დამარცხდა "სიუტატ დე ვალენსიაზე" "ლევანტესთან", რომელსაც "ბაყაყებს" უძახიან. ამით გუნდმა მესამე ადგილი ესპანეთის ჩემპიონ "ატლეტიკოს" გადაულოცა.

"ვალენსია" ხშირად ამწარებს ხოლმე კატალონიურ გრანდს.

გასახსენებლად შორს წასვლა არც დაგვჭირდება, ბოლო დაპირისპირება ამ გუნდებს შორის თებერვალში "კამპ ნოუზე" შედგა და "ვალენსიამ" პარეხოს, პიატის და ალკასერის გოლებით საოცნებო გამარჯვება ჩაიწერა სტუმრად - 3:2.

ნუნუს გუნდი გამალებით ემზადება მატჩისთვის "სიუდად დეპორტივაზე". დანი პარეხოს და პაკო ალკასერის თამაში ჯერაც საეჭვოა, თუმცა - არა გამორიცხული. თუ ალკასერი ითამაშებს, ნუნუმ უნდა აარჩიოს, ვინ იქნება სასტარტო ცენტრფორვარდი - ის თუ ალვარო ნეგრედო.

"ბარსა" დიდი გუნდია და, რა თქმა უნდა, თითოეული ჩვენგანისათვის მასთან გაბრძოლება მოვლენაა. სწორედ საუკეთესოთა წინააღმდეგ გვსურს, დავამტკიცოთ, რას წარმოვადგენთ და "ვალენსია" ამას გააკეთებს", - ეს სიტყვები ანდრე გომეშს ეკუთვნის.

მწვრთნელმა ნუნუმ კი განაცხადა, რომ თუ "ვალენსია" ჩემპიონთა ლიგის საგზურს ვერ მოიპოვებს, ეს დიდი წარუმატებლობა იქნება.

"ვალენსიასთან" თამაშის წინ პირველი ოფიციალური გოლი გაიტანა "ბარსას" ახალწვეულმა ლუის სუარესმა, ხოლო ნეიმარი იმ ფაქტით დარჩენილა უკმაყოფილო, რომ აპოელ-თან თამაში არ მოუწია. "ბარსას" ბანაკში კვლავ ტრავმირებულია ბელგიელი თომას ვერმალენი. ექიმის განცხადებით, ის მხოლოდ სამი თვის შემდეგ შეძლებს ფეხბურთის თამაშს.

"ვალენსიასთან" თამაშის წინ კლუბის სპონსორმა "აუდიმ" ფეხბურთელებს ავტომანქანები დაურიგა. ლეომ A7 Sportback შეარჩია, რომლის ფასიც 70 ათასი ევროა.

ბუნებრივია, "ვალენსიას", შინაური კედლების გარდა, კიდევ ერთი უპირატესობა აქვს - მოსამზადებლად გაცილებით მეტი დრო ჰქონდა, ვიდრე კვიპროსიდან დაბრუნებულ ლუის ენრიკეს გუნდს.

ანჩელოტის სერია
შაბათს "სამეფო კლუბი" ანდალუსიაში ჩადის "მალაგასთან" სათამაშოდ. მართლაც, "რეალის" შემდეგ "მალაგა" ყველაზე კარგ ფორმაშია პრიმერაში - ბოლო 6 შეხვედრიდან 5 მოიგო და მხოლოდ წინა ტურში დამარცხდა "ატლეტიკოსთან".

ამის მიუხედავად, კარლო ანჩელოტის გუნდი ამ დაპირისპირებაში აშკარა ფავორიტია. "ბაზელთან" გამარჯვება იტალიელი თავკაცისთვის ზედიზედ მე-15 იყო. ეს კლუბის რეკორდის გამეორებაა - აქამდე ზედიზედ 15-ჯერ "რეალს" მიგელ მუნიოსმა და ჟოზე მოურინიომ მოაგებინეს.

თუკი კარლეტოს გუნდი ანდალუსიაშიც იყოჩაღებს, იტალიელი ერთპიროვნული რეკორდსმენი გახდება, "რეალი" კი ისტორიაში ყველაზე გრძელ მოგებათა სერიას გამოაცხობს.

"რეალი" მოგებით კი იგებს, მაგრამ თავისი ჯვარი დაკარგა - ყოველ შემთხვევაში, სპონსორის, აბუ დაბის ბანკის მიერ გამოშვებულ ბარათებზე, "რეალის" მუსლიმი ფანები რომ არ გაბრაზდნენ, "რეალის" ტრადიციულ ლოგოს თავზე ჯვარი აღარ აქვს გამოსახული.

"მალაგაში", პირველ რიგში, კრიშტიანო რონალდოს უნდა უფრთხოდნენ, რომელიც საოცარი ტემპით მიიწევს წინ პიჩიჩისკენ - 12 ტურის შემდეგ 20 გოლი აქვს გატანილი.

"შვეიცარიაში ჩვეული სტანდარტით ვერ ვითამაშეთ, ეს არ იყო "რეალის" საუკეთესო შეხვედრა. ცოტა უფრო ნელები ვიყავით, ვიდრე ჩვეულებრივ ვთამაშობთ ხოლმე, მაგრამ გოლის შემდეგ მოვლენებს ჩვენ ვაკონტროლებდით და თამაში ალალად მოვიგეთ. გამარჯვება კი ყველაზე მნიშვნელოვანია.

ზედიზედ 15 მოგება კარგია, მაგრამ წინ გრძელი სეზონია. ჩვენ მხოლოდ მომდევნო შეხვედრაზე უნდა ვიფიქროთ. მიხარია, რომ "რეალის" ისტორიაში მეც ჩავეწერე, მაგრამ ეს დიდწილად ფეხბურთელების დამსახურებაა", - განაცხადა კარლო ანჩელოტიმ.

შვეიცარიაში გატანილი გამარჯვების გოლი კრიშტიანოსთვის 50-ეა "რეალის" მაისურით წლეულს. აქედან 33 მან ლა ლიგაში გაიტანა, 12 ჩემპიონთა ლიგაზე, 3 კოპა დელ რეიზე, 2 ევროპის სუპერთასზე.

ძვირი ფასი
კვირას "ატლეტიკო"-"დეპორტივოა". ეს შეხვედრა წლების წინ ტურის ცენტრალური მატჩის წოდებასაც "გაქაჩავდა", თუმცა არც ამჟამად უნდა იყოს ინტერესმოკლებული, იმის მიუხედავად, რომ "დეპორტივო" გასავარდნ ზონაშია.

"ატლეტიკოს" ტიტულის დათმობა არ სურს და როგორც კლუბის ერთ-ერთმა ფუნქციონერმა თქვა, საამისოდ ის ბრჭყალებით და კბილებით იბრძოლებს.

"როხიბლანკო" მხოლოდ 4 ქულით ჩამორჩება "რეალს", რომელსაც უშუალო დაპირისპირება მოუგო და მხოლოდ 2 ქულით - "ბარსელონას". ასე რომ, დიეგო სიმეონესთვის ჯერ არაფერია დაკარგული, თუმცა ტიტულის მოპოვება შარშან გაცილებით უფრო იოლი იყო, ვიდრე წლეულს მისი შენარჩუნება იქნება.

ჩემპიონთა ლიგის პლეი ოფში გასვლის შემდეგ "ატლეტიკო" ლა ლიგაზე გადმოერთო, ოღონდ გუნდმა ვარჯიში ტრავმირებული ცენტრალური მცველის, ჟოაო მირანდას გარეშე განაახლა.

ტრავმა მიიღო პორტუგალიელმა ნახევარმცველმა ტიაგო მენდეშმაც. ასე რომ, სიმეონეს და კომპანიას ლიგის პლეი ოფში გასვლა საკმაოდ ძვირი დაუჯდათ.

მოიესმა ჩაკეტა
დევიდ მოიესი პირველად გაიყვანს "რეალ სოსიედადს" მშობლიურ "ანოეტაზე". შოტლანდიელ მწვრთნელს დიდი გეგმები აქვს და ბასკურ კლუბში ბევრ ცვლილებასაც აპირებს, თუმცა კონკრეტულად რა სურს მას, ჟურნალისტები ასე იოლად ვერ გაიგებენ, რადგან მან ზუბიეტას ბაზა გარეშე პირებისთვის ჩაკეტა.

"ჩური ურდინი" დღეს, 28 ნოემბერს თამაშობს და მისი მეტოქე ვალენსიური "ელჩეა".

მოკლედ ტურის სხვა შეხვედრებზეც ვთქვათ - ერნესტო ვალვერდეს "ბილბაო" კარგ ფორმაში ხვდება მადრიდულ მატჩს "ხეტაფესთან". "ბილბაომ", როგორც იქნა, ჩემპიონთა ლიგაზეც იმარჯვა.

ტურში კიდევ ერთი კატალონიურ-ვალენსიური დუელია - ბარსელონაში "ესპანიოლთან" სათამაშოდ "ლევანტე" ჩადის; ვიგოში "სელტა" ბასკურ "ეიბარს" მასპინძლობს და ბოლო დროს გაფუჭებული სიტუაციის გამოსწორებას ეცდება;

ანდალუსიური დერბია "სანჩეს პისხუანზე" - "სევილია"-"გრანადა"; "ყვითელი წყალქვეშა ნავიც" ანდალუსიაში ამოყვინთავს.

დაბოლოს, ტური ორშაბათს ისევ ესპანეთის ამ მხარეში დასრულდება - "ალმერია" მადრიდული "ელვების" წინააღმდეგ ითამაშებს.

ესპანეთი. ლა ლიგა. XIII ტური
პარასკევი. 28 ნოემბერი
სოსიედადი-ელჩე 23:45
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: გონსალესი (?), ზალდუა (?), მარტინესი (?) - ხიმენესი, ერერა (?), მუდინგაი (?), ნიგესი
ბოლო 6 მატჩი
+1=2-3 +1=3-2
ურთიერთშეხვედრები
სულ 8 თამაში: +3=3-2 (10-8)

შაბათი. 29 ნოემბერი
ხეტაფე-ბილბაო 19:00
დისკვალიფიკაცია: ალექსისი (ხეტ)
ტრავმა: სარაბია (?), ვალერა (?), ვასკესი - ფერნანდესი
ბოლო 6 მატჩი
+2=2-2 +3=2-1
ურთიერთშეხვედრები
სულ 20 თამაში: +7=7-6 (19-18)

ესპანიოლი-ლევანტე 21:00
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: მონტანიესი (?) - მარტინსი
ბოლო 6 მატჩი
+1=2-3 +2=2-2
ურთიერთშეხვედრები
სულ 14 თამაში: +5=4-5 (16-18)

მალაგა-რეალი 23:00
დისკვალიფიკაცია: სამუელ, კამაჩო (მალ)
ტრავმა: ჩენი, ამრაბატი, ხიმენესი, ტისონე, ფერეირა - მოდრიჩი, ხედირა (?), პეპე (?)
ბოლო 6 მატჩი
+5=0-1 +6=0-0
ურთიერთშეხვედრები
სულ 28 თამაში: +1=6-21 (28-70)

სელტა-ეიბარი 01:00
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: პლანასი (?), ერნანდესი (?), ოუბინია - პიოვაკარი, ვილა
ბოლო 6 მატჩი
+2=2-2 +1=2-3
ურთიერთშეხვედრები
სულ 6 თამაში: +0=1-5 (4-9)

30 ნოემბერი. კვირა
ატლეტიკო-დეპორტივო 15:00
დისკვალიფიკაცია: გაბი - ლოპო
ტრავმა: მირანდა - კანელია (?), ფარინია (?), ლუკასი (?)
ბოლო 6 მატჩი
+4=0-2 +1=3-2
ურთიერთშეხვედრები
სულ 35 თამაში: +15=9-11 (51-39)

სევილია-გრანადა 20:00
დისკვალიფიკაცია: ანდუხარი (სევ)
ტრავმა: ტრემულინა (?), ნავარო (?), იბორა (?) - მაჩისი, ექტორი (?), მაინსი (?), როჩინა, მურილიო (?)
ბოლო 6 მატჩი
+3=1-2 +0=3-3
ურთიერთშეხვედრები
სულ 6 თამაში: +4=1-1 (14-4)

კორდობა-ვილიარეალი 22:00
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: როსი (?), კამპაბადალი (?), კრესპო - მუსაჩიო, სორიანო (?), სანტოსი, იოკიჩი, პერესი, ტრიგეროსი (?)
ბოლო 6 მატჩი
+0=4-2 +3=1-2
ურთიერთშეხვედრები
სულ 4 თამაში: +0=0-4 (3-10)

ვალენსია-ბარსელონა 00:00
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: ალკასერი (?) - ინიესტა (?), ვერმალენი
ბოლო 6 მატჩი
+3=1-2 +4=0-2
ურთიერთშეხვედრები
სულ 46 თამაში: +11=12-23 (57-90)

ორშაბათი. 1 დეკემბერი
ალმერია-ვალეკანო 23:45
დისკვალიფიკაცია: აზეეზი - ბაენა
ტრავმა: ვერსა (?), კორონა (?) - ტონიო, ინსუა
ბოლო 6 მატჩი
+0=2-4 +2=0-4
ურთიერთშეხვედრები
სულ 6 თამაში: +2=1-3 (8-8)

ბომბარდირები:
20 - კრიშტიანო რონალდო (რეალი); 11 - ნეიმარი (ბარსელონა); 10 - ლიონელ მესი (ბარსელონა); 7 - კარლოს ბაკა (სევილია), ქარიმ ბენზემა (რეალი), ხოაკინ ლარივეი (სელტა).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული