დეკემბერში "კამპ ნოუზე" "ბარსელონამ" სულ 4 მატჩი გამართა, მაგრამ 21 გოლი გაიტანა. ეს კი თამაშში ხუთ გოლზე მეტია!
"ბარსამ" ჯერ ლა ლიგაში ბარსელონური დერბი მოიგო - 5:1, შემდეგ ჩემპიონთა ლიგაზე დაამარცხა "პარი სენ-ჟერმენი" - 3:1, მერე კოპა დელ რეიზე "უესკას" განადგურება მოყვა - 8:1 და ბოლოს, "კორდობას" არანაკლები დღე ელოდა ლა ლიგაში - 5:0. საშუალო მაჩვენებელი "ბარსასთვისაც"
კიდევ ერთი მომენტი, რომელიც შესაძლოა, ბევრს გამორჩა - ლეო გვაკვირვებს, როცა ისეთ ასპექტებში უმატებს, სადაც თითქოსდა წინასწარ განწირულია - ბოლო 8 გოლიდან მან 5 მარჯვენა ფეხით გაიტანა, რომელიც მისთვის "მუშა" სულაც არ არის. არგენტინელმა ამ სეზონში 23 გოლი გაიტანა და, რა თქმა უნდა, კლუბის საუკეთესო ბომბარდირია.
არ წყდება ხმები "მანჩესტერ სიტიში" ლეო მესის შესაძლო გადაბარგების და საერთოდ, "ბარსელონადან" წასვლის შესახებ. ცეცხლზე ნავთივით მოუვიდა სესკ ფაბრეგასს, რომელმაც ახლახან განაცხადა, რომ სიამოვნებით იხილავდა მესის ნისლიან ალბიონზე, ოღონდ "ჩელსის" რიგებში.
ახლა ინგლისური გუნდები ჟორდი ალბას გადასწვდნენ. ყოველ შემთხვევაში, ახალი სპეკულაციების მიხედვით, შესაძლოა, მცველმა "ბარსელონას" მაისურა "მანჩესტერ სიტისაზე" გაცვალოს. ალბას კონტრაქტი 2017 წლამდე აკავშირებს კლუბთან. მისი ხელფასი დაახლოებით 3,5 მილიონი ევროა სეზონში.
პროგრესი და ანდრესი
"ბარსა ტვ"-ის გადაცემა "ელ მარკადორში" სტუმრად გუნდის ვეტერანი ნახევარმცველი ანდრეს ინიესტა იყო მიწვეული. "მიზანი ამ ბოლო მატჩებში მიღწეულია, ჩვენ მოგებებს დავუბრუნდით. ძალიან პოზიტიურია, როცა წელიწადს მაჟორულ ნოტზე ასრულებ. ჩვენი მიზანი ყოველ მატჩში სამი ქულის მოპოვებაა. ახლა გუნდში აშკარად პროგრესია თითოეულ ასპექტში. რიტმი უნდა შევინარჩუნოთ და ყველაფერი კარგად იქნება. ახლა მცირე დრო გვაქვს სულის მოსათქმელად და ეს დრო კარგად უნდა გამოვიყენოთ. 2015-ში კარგ ფეხბურთს ვითამაშებთ და ფანებს გავახარებთ, ეს კი ტიტულებს მოგვიტანს. ჩემი მოვალეობა კი ისევ ისაა - ბევრი ვიშრომო, რომ გუნდს წარმატების მოპოვებაში დავეხმარო", - განაცხადა ანდრესმა.
სხვათა შორის, "კორდობასთან" მატჩში ჩავი ერნანდესი "რეალის" ლეგენდა რაულს გაუთანაბრდა - მას ახლა "ბარსას" მაისურით 741 მატჩი აქვს ჩატარებული, იმდენი, რამდენიც რაულს "რეალის" მაისურით.
ნეიმარი 2022-მდე?
ესპანური მედიის ცნობით, "ბარსელონას" ხელმძღვანელობა ხშირად ეკონტაქტება ნეიმარის მამას, რათა ბრაზილიელი ფორვარდი კიდევ უფრო დიდხანს დარჩეს კატალონიურ გრანდში, ვიდრე ეს მიმდინარე კონტრაქტით არის განსაზღვრული. მოქმედი ხელშეკრულებით, ნეიმარი "ბარსას" 2018 წლის ივნისამდე ეკუთვნის. კლუბს სურს, მას კონტრაქტი 2022 წლამდე გაუგრძელოს. რა თქმა უნდა, ახალი ხელშეკრულება თავისთავად გულისხმობს პირობების გადახედვას, გაუმჯობესების კუთხით. შეგახსენებთ, რომ ნეიმარი მხოლოდ 22 წლისაა. ამჟამად ბრაზილიელი ფორვარდი ტრავმირებულია, კლუბის ხელმძღვანელობამ ის საშობაო არდადეგებზე სამშობლოში გაუშვა.
მესის კიდევ ერთი აღიარება
ამასობაში ლიონელ მესი ლათინური ამერიკისა და კარიბის ზღვის აუზის ქვეყნების წლის საუკეთესო სპორტსმენად დაასახელეს. ამ გამოკითხვას, ტრადიციულად, კუბური სააგენტო "პრენსა ლატინა" აწარმოებს. მეორე ადგილზე გავიდა მადრიდის "რეალის" კოლუმბიელი ახალწვეული ჯეიმს (ხამეს) როდრიგესი. შეგახსენებთ, რომ მესის არგენტინის ნაკრები მუნდიალის ფინალში გავიდა, ხოლო თავად მესი ტურნირის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს. "პრენსა ლატინამ" 137 მედიასაშუალება გამოჰკითხა რეიტინგის შესადგენად.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"