"ანოეტა" - გრანდების სასაფლაო

AutoSharing Option
"ანოეტაზე" დევიდ მოიესის მიერ დამუხტულ "რეალ სოსიედადთან" სათამაშოდ ლუის ენრიკემ "ბარსა" თავიდან ლეო მესის და ნეიმარის გარეშე გაიყვანა და უსახელოდ დამარცხდა - 0:1. ეს კატალონიური კლუბის მესამე მარცხია სეზონში. "

"ბარსასთვის" საბედნიეროდ, სეზონში 3-3 მარცხი ესპანური პრიმერას მოწინავე ხუთეულის ყველა გუნდს აქვს. კატალონიის დედაქალაქში კი ყველაფერში ლუის ენრიკეს ადანაშაულებენ...

ხალხი ლუის ენრიკეს წინააღმდეგ
ბარსელონურმა ტაბლოიდმა "სპორტმა" თავისი ინტერნეტ-მომხმარებლების გამოკითხვა მოაწყო "რეალ სოსიედადთან" თამაშის შემდეგ. შედეგი ლუის ენრიკესთვის მეტად უსიამოვნო უნდა იყოს - გამოკითხულთა 95% მარცხში დამნაშავედ სწორედ "ბარსას" მწვრთნელს მიიჩნევს.

მართლაც,
"ბარსამ" რომ წლის პირველი ტესტი ჩააფლავა და ლიდერობის შანსი ხელიდან გაუშვა, დიდწილად ლუის ენრიკეს ბრალია. სან სებასტიანში ინიციატივას, რა თქმა უნდა, "ბარსელონა" ფლობდა, მაგრამ ჟორდი ალბას მიერ თამაშის დასაწყისშივე დაშვებული შეცდომა ვეღარ გამოასწორა. ესპანეთის ნაკრების მარცხენა მცველმა კარგად ვერ გათვალა სერხიო კანალესის ჩაწოდებულის ტრაექტორია და ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრა.

იმ დროისთვის ფანებს ბასკეთის ცივ და წვიმიან ამინდში ჯერ ხეირიანად არც დაეკავებინათ თავიანთი სკამები. მანამდე კი ყველა ლუის ენრიკემ გააკვირვა, როცა სასტარტო შემადგენლობაში ვერ გამოძებნა ლეო მესის და ნეიმარის ადგილები. ეს ორი ფეხბურთელი საშობაო არდადეგების შემდეგ ყველაზე გვიან შეუერთდა გუნდს.

ლუის ენრიკე: "ჩვენ აშკარად იმაზე მეტს ვიმსახურებდით, რაც მივიღეთ. ცოტა არ გაგვიმართლა, რომ ანგარიშის გათანაბრება ვერ შევძელით. მინდა შევაქო "რეალ სოსიედადი", მეტოქემ სრულყოფილად ითამაშა. მეკითხებით, რატომ არ ვათამაშე თავიდან მესი, ნეიმარი და ალვეში? მოდი, ამ გადაწყვეტილებას ნუ დავაბრალებთ მარცხს, ყველაფერსგუნდის საკეთილდღეოდ ვაკეთებ".

როგორც ხედავთ, ლუის ენრიკეს ტონზეც ეტყობა, რომ თავადაც გაღიზიანებულია და მარცხს საკუთარ თავზე არ იღებს.

უფრო ტრადიცია, ვიდრე სენსაცია
"ბარსელონასთვის" წარუმატებლობა "ანოეტაზე" უჩვეულო მოვლენა კი არა უკვე ტრადიციაა - გუნდმა აქ ვერ შეძლო ბოლო ექვსი თამაშის მოგება. ბოლოს "ბარსამ" "რეალ სოსიედადს" სტუმრად 2007 წელს აჯობა. სხვათა შორის, სწორედ 2007 წლის მერე პირველად მოხდა, რომ "ბარსამ" ზედიზედ ორ საგარეო შეხვედრაში ვერ გაიტანა გოლი. შეგახსენებთ, რომ მე-15 ტურის მატჩი "ხეტაფესთან" მადრიდში 0:0 დასრულდა. სხვათა შორის, საგარეო მატჩებში კრიზისი აქვს ლეო მესისაც - მას ჩემპიონატში სტუმრად სამი თვეა, არ გაუტანია გოლი. ბოლოს მან გოლი 4 ოქტომბერს "რაიო ვალეკანოს" გაუტანა.

ბასკური კლუბი კი, რომელიც დევიდ მოიესის მოსვლის მერე ოდნავ გამოყოჩაღდა, მაგრამ მაინც მე-13 (!) ადგილზეა, "ანოეტაზე" "რეალის", "ატლეტიკოს" და "ბარსას" სკალპებით ამაყობს ამ სეზონში.

სხვათა შორის, ამ შეხვედრამდე ლეო მესის ლა ლიგის ყველა მატჩის ყველა წუთი ჰქონდა ნათამაშები. არგენტინელი შესაძლოა, კარიერის პიკზე არაა, მაგრამ არასოდეს ყოფილა ასე ჯანმრთელი და კარგ ფიზიკურ ფორმაში, როგორც ახლაა. ასე რომ, მისთვის შეკრებაზე მოგვიანებით ჩართვა დიდი პრობლემა არ უნდა ყოფილიყო. ახლა "ბლაუგრანას" ხუთშაბათს კოპა დელ რეიზე "ელჩესთან" დაპირისპირება ელის.

ბუსკეტსი: გვაკლია ტაქტიკური სიმდიდრე
მატჩის შემდეგ "ბარსას" ფეხბურთელებმა მცირე კომენტარები გააკეთეს, რომელთაგანაც განსაკუთრებით სერხიო ბუსკეტსის ფრაზაა ნიშანდობლივი.

ანდრეს ინიესტა: "რეალთან" რბოლაში დიდი მნიშვნელობა ჰქონდა ამ მატჩს. თავიდან ყველაფერი ცუდად წარიმართა, თუმცა შემდეგ ჩვენ ვაკონტროლებდით თამაშს. ერთადერთი, რაც ვერ შევძელით, გოლის გატანაა, მაგრამ ეს ფეხბურთში მთავარია. გუნდი კარგად თამაშობდა, რიტმი შესანიშნავი იყო, პასების გაკეთება არ გვიჭირდა, მაგრამ დაგვირგვინების ფაზაში ვცოდავდით. ადრე იყო, რომ ჩაწოდებებით პრობლემები გვექმნებოდა. წინ კიდევ ბევრი მატჩია".

სერხიო ბუსკეტსი: "ჩვენ გულდაწყვეტილები ვართ, რადგან წელიწადი ცუდად დავიწყეთ. ახლა დროა, სარკეში ჩავიხედოთ. როცა მეტოქე დაცვიდან გეთამაშება, მისი გატეხვა უფრო ძნელია. სამწუხაროდ, ჩვენ თამაშის მიმდინარეობისას გადაწყობის საკმარისად ბევრი ტაქტიკური სქემა არა გვაქვს".

ჩავი: "ბურთს უბრალოდ არ სურდა მეტოქის კარში შესულიყო. ბევრი შანსი გვქონდა და მათ შორის თითქმის 100%-იანი. ეტყობა ცუდ ფეხზე ავდექით დღEეს".

შოტლანდიელის ბედნიერი საღამო
ბუნებრივია, სან სებასტიანში ყურადღების ცენტრშია "ბარსას" დამმარცხებელი დევიდ მოიესი. აი, რა თქვა შოტლანდიელმა სპეციალისტმა: "რაც სან სებასტიანში ჩამოვედი, ეს ჩემი ყველაზე ბედნიერი საღამოა. დიდებული სამუშაო გავწიეთ მოედანზე. ბიჭებმა თავიანთი ძალების ირწმუნეს და ბრწყინვალედ ითამაშეს დაცვაში".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული