ურუგვაელი "ბარსელონაში" 81 მლნ ევროს ფასად გადავიდა, თუმცა მოლოდინი აქამდე ვერ გაამართლა. ეგ კი არა, კატალონიური გრანდის მაჩვენებლები მისი გადასვლის დღიდან გაუარესდა.
ქულების რაოდენობა
ლუისმა დისკვალიფიკაციის გამო ესპანეთის ჩემპიონატის სასტარტო მონაკვეთი გამოტოვა. სუარესის დახმარების გარეშე კი "ბარსელონამ" ქულათა 91% მოაგროვა, ხოლო ურუგვაელის ათამაშების დღიდან - მხოლოდ 59%. "ლივერპულის" ყოფილ თავდამსხმელთან ერთად "ბარსამ" წააგო "რეალთან", "სელტასთან", "რეალ სოსიედადთან" და ვერ მოუგო "ხეტაფეს".
გოლების რაოდენობა
შემადგენლობაში ინგლისის პრემიერლიგის წინა სეზონის საუკეთესო ჩემპიონატის სასტარტო მონაკვეთში კატალონიელები საშუალოდ თამაშში 2,75 გოლს იტანდნენ, შემდეგ კი - 2,1-ს. ლუის ენრიკეს გუნდმა ბოლო სამ გასვლით მატჩში სულაც მხოლოდ 1 გოლი გაიტანა.
ცუდი გავლენა ნეიმარზე
პირველ რვა შეხვედრაში, როდესაც სუარესი პარტნიორებს გვერდიდან უყურებდა, ნეიმარმა 8 გოლი გაიტანა. შემადგენლობაში ურუგვაელის ჩართვის შემდეგ კი ბრაზილიელი ლიონელ მესისგან "მოწყვეტილი" აღმოჩნდა და მისმა მაჩვენებლებმაც იკლო - 3 გოლი 7 მატჩში. სეზონის სტარტზე ნეიმარი და ლეო ბრწყინვალედ შეთანხმებულ თამაშს აჩვენებდნენ, ახლა კი მათი კოლექტიური მოქმედებები მოედანზე იდეალურისგან ძალიან შორსაა.
ერთადერთი, რითაც სუარესს თავის მოწონება შეუძლია, ეს საგოლე გადაცემების რაოდენობაა. 9 შეხვედრაში ასისტენტად ის ხუთჯერ მოგვევლინა.
ოღონდ ეგაა, 2014 წლის მუნდიალის ანტიგმირში კატალონიელებმა 81 მლნ ევრო, პირველ რიგში, იმიტომ გადაიხადეს, რომ გოლები გაეტანა... ფორვარდის ანგარიშზე კი პრიმერა დივიზიონში გატანილი მხოლოდ ერთი ბურთია.