ლიონელ მესი: ტალახს გვესვრიან, რომელიც მადრიდიდან არ მოდის

AutoSharing Option
AUTO PLAY
კვირა საღამოს "ბარსელონამ" უმნიშვნელოვანესი მატჩი მოუგო ესპანეთის ჩემპიონ "ატლეტიკოს" - 3:1. ამ გამარჯვებით ლუის ენრიკემ დროებით მაინც გადაიბერტყა მის თავზე შეგროვილი შავი ღრუბლები. დიეგო სიმეონეს გუნდის კარში "ბარსას" სუპერვარსკვლავური ტრიოს სამივე წევრმა თითო გოლი გაიტანა.

ახლა "ბარსა" სამი ქულით უსწრებს "ატლეტიკოს", რომელიც დაკარგული ქულების რაოდენობით, მესამე ადგილზეც აღარ არის ("სევილია" უსწრებს). განსაკუთრებული ყურადღების ქვეშ იყო ლიონელ მესი, რომელმაც ბრწყინვალედ ითამაშა, გოლი და საგოლე პასი მიითვალა, თუმცა მისთვის უჩვეულო ყვითელი ბარათიც მიიღო და პენალტიც "აიკიდა".

სხვათა შორის, ეს პირველი შემთხვევაა არგენტინელის
კარიერაში, როცა მან საკუთარ საჯარიმოში წესი დაარღვია. არადა, მის ანგარიშზე უკვე 547 ოფიციალური მატჩია კლუბსა და ნაკრებში.

ლეომ ლუის სუარესს საგოლე პასი გაუკეთა და ეს პრიმერაში მისთვის საიუბილეო მე-100 საგოლე გადაცემაა. უკანასკნელ 20 წელიწადში (მანამდე საგოლე პასებს ზუსტად არ ითვლიდნენ) ლეო ესპანეთის ჩემპიონატში მეორეა, თუმცა პირველადგილოსან ლუიშ ფიგუს არგენტინელი ძალიან მალე დაეწევა, პორტუგალიელის ანგარიშზე 107 საგოლე პასია. შესაძლოა, ეს მესიმ სეზონის დასრულებამდეც მოასწროს. სხვათა შორის, ფიგუმ 58 პასი "ბარსას" მაისურით გააკეთა, ხოლო 49 - "რეალის".

მატჩის შემდეგ
ლუის ენრიკე (ბარსელონა): "დღეს ჩვენ მოვერიეთ გუნდს, რომელსაც შარშან ვერაფრით ვაჯობეთ. ალბათ, ყველაფერი სწორად გავაკეთეთ. ეს მოგება თვითრწმენას შეგვმატებს, მაგრამ არ უნდა დავივიწყოთ, რომ ამ გამარჯვებისთვის ისეთივე სამი ქულა მივიღეთ, როგორსაც რომელიმე აუტსაიდერის დამარცხებაში მივიღებდით. ამიტომ შემდეგ მატჩზე უნდა ვიფიქროთ. ერთი მოგება არ ნიშნავს კრიზისის დასასრულს. კიდევ თუ დაგვიცდა ფეხი, ისევ დაიწყებენ ლაპარაკს, რომ "ბარსელონაში" ყველაფერი კარგად არ არის. ჩვენს სიტუაციაში ყოველთვის ასეა".

დიეგო სიმეონე (ატლეტიკო): "დღეს "ბარსელონამ" გვაჯობა. კატალონიელები კარგად თამაშობდნენ ართმევაში, რითაც კონტრშეტევების შანსს გვისპობდნენ. შეტევაში კი ისინი ყველაფერს სწრაფად და ლამაზად აკეთებდნენ. ამის მიუხედავად, ჩვენ მაინც გვქონდა შანსი, ფრისთვის მიგვეღწია, სანამ მესამე გოლი არ გაგვიტანეს. ჩემი აზრით, მესიმ ხელით ითამაშა იმ ეპიზოდში, როცა სუარესმა გაგვიტანა. კარგად დავინახე ეს მომენტი, თუმცა გოლი იმ ეპიზოდში მეტოქეს მართლაც მაღალი კლასის გამოუვიდა".

მესიმ ამოხეთქა
ბოლო დროს, ძალიან ბევრს საუბრობდნენ მესისა და ლუის ენრიკეს დაპირისპირებაზე, ლეოს შესაძლო წასვლაზე "ბარსადან". დროც იყო, რომ თავად 27 წლის არგენტინელს ეთქვა რამე ამ საკითხებზე, თორემ დუმილი კიდევ უფრო მეტი ეჭვის საფუძველს ქმნიდა და მესიმაც ხმა ამოიღო:

"არასოდეს მინდოდა "ბარსელონადან" წასვლა. ამბობდნენ, რომ ჩემი ტრანსფერი გადაწყვეტილი იყო "მანჩესტერ სიტიში", "ჩელსიში"... ტყუილია ეს ყველაფერი. რა აღარ დაუბრალებიათ ჩემთვის, თითქოს, ცუდი ურთიერთობა მქონდა იბრაჰიმოვიჩთან, გვარდიოლასთან, ეტოოსთან, ბოიანთან. თითქოს ეს ხალხი მე ჩამოვიშორე "ბარსელონადან". ეს, რა თქმა უნდა, ასე არ არის - მე მხოლოდ ფეხბურთელი ვარ და არასოდეს მითხოვია მწვრთნელის გაგდება ან ვინმე სხვის", - განუცხადა ლეომ "ბარსელონას" ოფიციალურ საიტს.

არგენტინელი ამაზე არ გაჩერდა და უფრო შორს წავიდა: "რაც მე მომაწერეს, არაფერი მითქვამს. ლუის ენრიკესთან ჩემი დაძაბული ურთიერთობა მოგონილი ჭორია. ტალახი, რომელსაც ჩვენ გვესვრიან, მადრიდიდან სულაც არ მოდის, ის ბარსელონაში ბუდობს", - ციტირებს არგენტინელს "დიარიო AS"-ი.

"ატლეტიკოს" კარში პირველი გოლის ავტორი ნეიმარიც იმავე აზრზეა: "ყველაფერი წარსულს ჩაბარდა, გუნდში ფეხბურთელებს ბრწყინვალე ურთიერთობა აქვთ ლუის ენრიკესთან. ჩვენ ისევ ერთ მუშტად ვართ შეკრულნი. თავად ძალიან კმაყოფილი ვარ და ყველანაირად ვცდილობ, კლუბს ჩემი ერთგულება მოედანზე დავუმტკიცო. დღეს კარგად ვითამაშეთ".

ლუის სუარესი (ბარსელონა): "ატლეტიკო" "ბარსას" ერთ-ერთი უმთავრესი მეტოქეა. ეს გამარჯვება ძალიან საჭირო იყო, რათა ისევ გგვერწმუნა საკუთარი ძალების. თავად კი ვცდილობ, ჩემზე დაკისრებულ მოვალეობებს თავი კარგად გავართვა. "ატლეტიკოს" თამაშის სტილიდან გამომდინარე, ვიცოდით, რომ უნდა "გადაგვერბინა" მეტოქისთვის და მეტად გაგვეთამაშებინა ბურთი. პირველ ტაიმში კარგად ვითამაშეთ, მეორე ტაიმში "ატლეტიკომ" მეტი პრობლემა შეგვიქმნა".

ხავიერ მასკერანო (ბარსელონა): "ჩვენ არანაირი პრობლემა არა გვაქვს მწვრთნელთან. ცუდია, როცა ჟურნალისტები არ ამბობენ, ვინ აძლევთ მათ ასეთ ინფორმაციას. სინამდვილეში, ყველაფერი, რაც ბოლო დღეებში "ბარსაზე" დაიწერა, სიცრუეა".

საუკეთესო დასწრება პრიმერაში
"ბარსელონა"-"ატლეტიკოს" 81 658 ადამიანი დაესწრო. ეს სეზონში მეორე მონაცემია "კამპ ნოუსთვის" - ჩემპიონთა ლიგის მატჩს "პარი სენ-ჟერმენთან" 82 570 ფანი დაესწრო. ლა ლიგაში კი ეს "ბარსას" საუკეთესო დასწრებაა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული