რა აღარ მოხდა ამ მატჩში, მაგრამ კულმინაცია მაინც არდა თურანის საქციელი იყო, რომელმაც ბუცი გაიძრო და ლაინსმენს გაუქანა. ეს ამბავი მეორე ტაიმის დასაწყისში მოხდა, როცა მთელი ქარტეხილი ჩავლილი იყო, "ბარსა" 3:2-ს იგებდა და "ატლეტიკო" 10 კაცით იყო. მოკლედ, თამაშის გადარჩენის შანსიც აღარ რჩებოდა.
დანი ალვეშთან ორთაბრძოლაში თურქ ნახევარმცველს ბუცი გასძვრა. არდა ჯარიმას ითხოვდა და ამას რომ ვერ მიაღწია, ფეხსაცმელი ლაინსმენს დაუმიზნა... მთავარ მსაჯს ეს ამბავი "გამორჩა" და არც პროტოკოლში დაუფიქსირებია.
მოკლედ, ხესუს ხილ მანსანომ საძაგლად იმსაჯა. განსაკუთრებით აღსანიშნავია ეპიზოდი, როცა ალბას მიერ ხელით თამაში ვერ შეამჩნია, პენალტი არ დანიშნა და არ გააძევა "ბარსას" მცველი. არადა, იმ კონტრშეტევით "ბარსელონამ", ალბათ, გადამწყვეტი გოლი გაიტანა.
დიეგო სიმეონე (ატლეტიკო): "გაბის გაძევების შემდეგაც გვქონდა შანსი ორთაბრძოლის მოგების. გაბის სურდა, აეხსნა მსაჯისთვის, რომ ის ცდებოდა, პენალტი დასანიშნი იყო და "ბარსელონას" ფეხბურთელი გასაძევებელი. კაპიტანს ამის უფლება აქვს, თუმცა... ის გააძევეს. პირველი ტაიმის შემდეგ ჩემთვის თამაში დასრულდა. საერთო ჯამში, საოცარი, მეტად რთული თამაში იყო, ბიჭების თამაშით კი ვამაყობ, ჩვენ კარგად გამოვიყურებოდით".
ლუის ენრიკე (ბარსელონა): "მინდვრის საფარი საშინელი იყო, მაგრამ მაინც დიდებულად ვითამაშეთ. მგონი, უკვე გავხდით ასეთ მოედნებზე თამაშის სპეციალისტები. ბურთი ისე დახტოდა, როგორც კურდღელი ტყეში. ნეიმარმა დიდებულად ითამაშა, ის განსაკუთრებით მნიშვნელოვან მატჩებზე განსაკუთრებული განწყობით თამაშობს. როცა ვითარება დაიძაბა მოედანზე, ნეიმარი უკან გამოვიხმე. პროფესიონალებმა სისულელეები არ უნდა ჩაიდინონ".
* * *
ერთი ინციდენტი თამაშამდეც მოხდა - "ატლეტიკოს" არგენტინელი მცველი კრისტიან ანსალდი, რომელიც "ზენიტიდან" იჯარით თამაშობს, პოლიციის განყოფილებაში მიიყვანეს. 28 წლის ფეხბურთელი განაცხადში ვერ მოხვდა და სტადიონზე რიგითი მაყურებელივით შედიოდა, როცა ის პოლიციამ გააჩერა. ანსალდის თან არ ჰქონდა რაიმე დოკუმენტი, კამათისას კი მან პოლიციელს ხელი მოაყოლა მანქანის კარში.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
კურიოზი: არბიტრმა "ბარსელონას" მცველი "დააგდო" [VIDEO]
ხუანფრანმა ნეიმარს მატჩის დროს "ჯოჯოხეთი" შეახსენა [VIDEO]