ლიონელ მესის ტორპედო "წყალქვეშა ნავს", მამა-შვილი პიკეები და ჩერიშევები

AutoSharing Option
AUTO PLAY
9 ნოემბერს "ვილიარეალი" ბარსელონას ეწვია და "ესპანიოლთან" 1:1 ითამაშა. ამით "ყვითელმა წყალქვეშა ნავმა" მისთვის ერთობ უსიამოვნო სამმატჩიანი წაგებათა სერია შეწყვიტა.

მას შემდეგ, 18 შეხვედრის განმავლობაში "ვილიარეალმა" წაგება არ იცოდა. ძალიან ბევრმა იწინასწარმეტყველა, რომ ეს სერია ბარსელონაში შეწყდებოდა და საბოლოოდ, ასეც მოხდა, მაგრამ ვერავინ იფიქრებდა, რომ მოგებამდე "ბარსა" ორჯერ მდევრის როლში იქნებოდა და მხოლოდ ლეო მესის გადამწყვეტი დარტყმის შემდეგ შეძლებდა მეტოქის გატეხვას.

ყველაფერი კი იმით დაიწყო, რომ დენის ჩერიშევმა 30-ე წუთზე ზუსტად დაუხვედრა ბურთს ფეხი და კლაუდიო ბრავოს კარი დალაშქრა.

დენისი
ცნობილი რუსი ფეხბურთელის, დმიტრი ჩერიშევის შვილია, 1998 წლის 1-ელ თებერვალს "ბარსელონას" დმიტრი ჩერიშევმა გაუტანა და ზუსტად 17 წლის შემდეგ ეს მისმა ვაჟმა გაიმეორა. შეგახსენებთ, რომ დენისი "რეალის" ფეხბურთელია და ვალენსიურ კლუბში იჯარით თამაშობს.

ჩერიშევის გოლის პასუხი ნეიმარის გოლი იყო, თუმცა მეორე ტაიმის დასაწყისში მექსიკელმა ჯოვანი დოს სანტოსმა მარჯვენა ფლანგზე ვიზავის თავბრუ დაახვია და ყოფილი გუნდის წინააღმდეგ საგოლე პასით გამოირჩა. გოლი არგენტინელმა ლუსიანო ვიეტომ გაიტანა, რომელიც შედეგიან ფორვარდად ჩამოყალიბდა და ტოპ-კლასის არგენტინელ შემტევთა კოჰორტას შეუერთდა. მაგრამ ამ გოლსაც უპასუხა "ბარსამ" რაფაელ ალკანტარას გოლით.

დაბოლოს, საქმეში ლეო მესი ჩაერთო, რომელმაც გამარჯვების გოლი გაიტანა. ეს იყო მისი 22-ე გოლი ჩემპიონატში. მესი ახლა კრიშტიანო რონალდოს 6 გოლით ჩამორჩება.

ლუის ენრიკე (ბარსელონა):
"პირველი გოლის შემდეგ 10 წუთს თუ არ ჩავთვლით, დღეს ჩვენ კარგად ვითამაშეთ. ლეო მესი ფლანგზე აშკარად ძალიან სასარგებლოა გუნდისთვის, მაგრამ მესის ჩემგან აქვს პოზიციის არჩევის თავისუფლება მინიჭებული. ჩვენ გვინდა, ის, რაც შეიძლება, მეტჯერ შეეხოს ბურთს თამაშში.

ლუისს აკრიტიკებენ და კითხულობენ, რა მოაქვს სუარესს გუნდისთვის? მე გიპასუხებთ - ძალიან ბევრი.

ყოველთვის მნიშვნელოვანია, რომ მეტოქე გუნდის ცენტრალური მცველები ზეწოლას გრძნობდნენ. სუარესი ამის დიდოსტატია, გოლები კი დიდხანს აღარ დაახანებს. ამაში ეჭვიც კი არ მეპარება".

მარსელინო გარსია ტორალი (ვილიარეალი):
"დღეს ჩვენ შევძელით, "ბარსელონასთვის" ბრძოლა გაგვემართა. "ბარსას" კონკურენცია ჩვენი მთავარი იარაღის წყალობით გავუწიეთ - კონტრშეტევებზე ვიყოჩაღეთ. თუმცა ჩვენი მეტოქე მსოფლიოში ყველაზე ძლიერი წინახაზის მქონე გუნდია, ამიტომაც 1-2 წუთში ორი გოლი გაგვიტანეს".

ფაქტები და ციფრები
* რაფაელ ალკანტარამ (რაფინია) ლა ლიგაში პირველი გოლი გაიტანა. ეს მისი პირველი გოლია "კამპ ნოუზე", თუმცა მეორე "ბარსელონას" ძირითადი გუნდის შემადგენლობაში. უმცროსმა ალკანტარამ აქამდე "უესკას" გაუტანა სამეფო თასზე.

* რაფინიამ ნოემბრის შემდეგ პირველად ითამაშა სასტარტოში. მას, სუარესსა და დანი ალვეშს მეტოქის კარში 4-4 დარტყმა ჰქონდათ.

* კლაუდიო ბრავომ "ბარსელონას" მაისურით "კამპ ნოუზე" თამაშში ერთ გოლზე მეტი პირველად გაუშვა.

* ლეო მესი უახლოვდება ლა ლიგაში მე-300 მატჩს. ახლა მის ანგარიშზე 298 თამაშია (264 გოლი).

* ანდრეს ინიესტამ ზედიზედ მეორედ ითამაშა შეუცვლელად. ეს ამ სეზონში პირველად მოხდა.

* ჟერარდ პიკემ ახალი რეკორდი დაამყარა ახალ წელს - ზედიზედ ხუთი მატჩი შეუცვლელად ითამაშა. მატჩამდე პიკეს ვაჟი შეეძინა, რომელსაც საშა დაარქვეს, მატჩის მეორე დღეს კი ის 28 წლის გახდა.

* პიკემ ყველაზე მეტი, 17 ართმევა გააკეთა.

რატომ გააცდინა მესიმ ვარჯიში?
მატჩის მეორე დღეს "ბარსელონას" აღმდგენი ვარჯიში ჰქონდა. ლუის ენრიკეს გუნდმა დაიწყო ბილბაოს "ატლეტიკთან" მატჩისთვის მზადება, რომელიც კვირას "სან მამეს ბარიაზე" გაიმართება.

ალბათ, ამას ყურადღებას არც მივაქცევდით, რომ არა მესის არყოფნა ვარჯიშზე.

"ბარსელონას" ოფიციალური საიტის თქმით, მესიმ ნებართვა მიიღო და ვარჯიში გააცდინა, რათა პირადული პრობლემა მოეგვარებინა.

ნეიმარის ტრანსფერი, "ბარსას" შავი ლაქა
ესპანეთის საბაჟო სამსახურის მონაცემებით, "ბარსელონამ" ნეიმარის ტრანსფერიდან ხაზინას, საერთო ჯამში, 12 მილიონი ევრო დააკლო.

შეგახსენებთ, რომ ეს ტრანსფერი 2013 წელს შედგა და მისი საერთო ხარჯი 95 მილიონ ევროს შეადგენდა.

ოფიციალურად კი გაცილებით პატარა რიცხვი დასახელდა. ნეიმარის საქმეზე "ბარსელონამ" უკვე გადაიხადა დამატებით 13,5 მილიონი ევრო, მაგრამ ეს ყველაფერი მას მერე მოხდა, რაც საქმეში სასამართლო ჩაერია.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
„კამპ ნოუზე“-ო. დადგება მაგათთანაც ცოტაღა დარჩა :)
sooooooos-ს
05:24 03-02-2015
0
და რეალთან ვინ იდგა კარში?????????
sooooooos
00:48 03-02-2015
0

სიახლეები პოპულარული