ინგლისი. ასოციაციის თასი. გადათამაშება: 231 > 0

AutoSharing Option
"მანჩესტერ იუნაიტედს" კემბრიჯის დასამარცხებლად გადათამაშება დასჭირდა და კინაღამ "ოლდ ტრაფორდზეც" ანერვიულა ქომაგი. "წითელი ეშმაკების" ძირითადი შემადგენლობა 231 მილიონი გირვანქის ღირებულებისა იყო, ხოლო კემბრიჯელების - 0 ფუნტის... მათ სასტარტოში 10 უფასოდ დამატებული და ერთი ნათხოვარი ფეხბურთელი ჰყავდათ.

მეორე მხრივ, კემბრიჯელებს ფული რად უნდათ, როდესაც მათი მთავარი მწვრთნელი თავად ფულია - რიჩარდ მანი (money). ლიგებს ქრონოლოგიურად რომ მივყვეთ, მანჩესტერელები 79 ადგილით უფრო წინ არიან "კემბრიჯზე". მიუხედავად ამისა, დეილი ბლინდის შეცდომის მერე ტომ ელიოტს "ოლდ ტრაფორდის" სტუმრები, წესით, მე-2 წუთზევე უნდა გაეყვანა წინ, მაგრამ
ძელს გაარტყა. ამის მერე მანჩესტერელები დომინირებდნენ.

ხუან მატამ თავისივე დაწყებული მშვენიერი კომბინაცია დააგვირგვინა, როდესაც ბურთი ანხელ დი მარიასა და მარუან ფელაინის გავლით დაუბრუნდა. აღსანიშნავია, რომ თავი გამოიჩინა მარკოს როხომ, არგენტინელს რობინ ვან პერსიმ უპასა და მანაც მოხდენილი თავურით ჩაჭრა ბურთი. წერტილი გამოზომილი, ეფექტური, დაბალი დარტყმით ჯეიმს უილსონმა დასვა.

"მე არ ვარ კაზინოს და აზარტული თამაშების მოყვარული, არც ფსონების კეთების უფლება მაქვს და არც მოგიწოდებთ და გირჩევთ. თუმცა ახლა უკვე რეალური შანსი გვაქვს ასოციაციის თასის მოგების და ფავორიტთა შორის ვართ. ამ ტიტულის მოგება გვინდა, მაგრამ გათამაშებას სხვა ძლიერი გუნდებიც შემორჩნენ, თუნდაც "არსენალი" და ასე შემდეგ. ქვედალიგელებთან თამაში მირჩევნია, რადგან დაძაბული გრაფიკის ფონზე ასე მართლაც მეტი შანსი გვაქვს ბოლომდე მისვლის.

ასოციაციის თასი ტიტულია და მე ტიტულებისთვის ვცხოვრობ. ყველა გუნდში, სადაც აქამდე მიმუშავია, პირველ სეზონში ერთ ტიტულს მაინც ვიგებდი" - თქვა ვან გაალმა.

შემდეგ ეტაპზე, ანუ მერვედფინალში მანჩესტერელები ინგლისის პირველ ჩემპიონს, "პრესტონს" შეხვდებიან. პრესტონელები "შეფილდ იუნაიტედთან" გასვლაზე აგებდნენ, მაგრამ 3:1 იმარჯვეს. ეს პოლების თამაში იყო - შოტლანდიელმა პოლ გალაჰერმა თავის ყოფილ გუნდს 2 გოლი გაუტანა და ყვითელი ბარათიც მიიღო; მესამე გოლი მეტოქეს პოლ ჰანტინგტონმა შეუგდო და ყვითელი მანაც მიიღო.

მოკლედ, ყველაფერი სეხნიებმა გააკეთეს, სხვა ვინმეს გაფრთხილებაც კი არ მიუღია.

კიდევ ერთი გადათამაშება გუსტავო პოიეტის "სანდერლენდმა" ძალიან დაძაბულ, ნერვიულ და ქაოსურ დუელში მოუგო "კრევენ კოტეჯზე" "ფულემს". გარდამტეხი მომენტი ის გახლდათ, როდესაც "კოტეჯელების" მეკარემ, მარკუს ბეტინელიმ ბურთი ვერ შეიმაგრა და მეტოქეს კურიოზულად გაათანაბრებინა. ამის მერე "შავმა კატებმა" იძალეს.

ფულემი-სანდერლენდი 1:3
გოლები: 1:0 როდალეგა (28), 1:1 ბეტინელი (61), 1:2 ალვარესი (75), 1:3 ხორდი გომესი (90+3)

შეფილდ იუნ.-პრესტონი 1:3
გოლები: 1:0 ჯ. მერფი (38), 1:1 გალაჰერი (63), 1:2 ჰინტინგტონი (69), 1:3 გალაჰერი (73-პენ.)

მანჩესტერი-კემბრიჯი 3:0
გოლები: 1:0 მატა (25), 2:0 როხო (32), 3:0 ჯ. უილსონი (73)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული