ლა ლიგა. XXII ტურის Winners & Losers

AutoSharing Option
ესპანური ლა ლიგის 22-ე ტური დასრულდა. გთავაზობთ ტურის Winners & Losers-ს, რომელიც არცთუ ზუსტად შეეფერება ქართულ მოგებულებს და წაგებულებს. ამიტომაც ორიგინალურ სახელწოდებას შევუნარჩუნებთ.

ტურში ბევრი რამ მოხდა, რისი გაანალიზებაც საინტერესო იქნება.

winners: ატლეტიკო, სიმეონე, გრიზმანი, ტიაგო, სიკეირა
რა თქმა უნდა, ტურის გამორჩეული მატჩით ვიწყებთ. "ვისენტე კალდერონზე" ლიდერ "რეალს" სასტიკად მოექცნენ - "ატლეტიკომ" მადრიდული დერბი 4:0 მოიგო.

"ატლეტიკომ" უბურთო პრესინგის კლასიკური გაკვეთილი ჩაუტარა "რეალს". დიეგო სიმეონეს გუნდი სწრაფად გადადიოდა შეტევაზე, მისი უკანა და შუა ხაზის ფეხბურთელები მოულოდნელად ერთვებოდნენ შეტევაში და "რეალის" დაცვას
აწიოკებდნენ. მოკლედ, გუნდი შეუჩერებელი იყო. ყველა სახის გოლი ვიხილეთ. დიეგო სიმეონეს შესანიშნავი გეგმა თამაშზე მისმა ფეხბურთელებმა ბრწყინვალედ გადაიტანეს მოედანზე.

თავი არა მარტო "ატლეტიკოს" ვარსკვლავებმა გამოიჩინეს - მარცხენა მცველ გილერმო სიკეირას სეზონში საუკეთესო მატჩი ჰქონდა, ტიაგო ნახევარდაცვას ამუშავებდა, შეტევის წყვილი ერთად დიდებულად ირჯებოდა. საბოლოოდ კი, მივიღეთ "ატლეტიკოს" ტოტალური დომინაცია.

losers: რეალი, ანჩელოტი, რონალდო, ბეილი, კროოსი, კასილიასი...
"რეალის" ფეხბურთელებს და მწვრთნელს მატჩის ბოლოს მხოლოდ ერთი სიტყვა შეეფერებოდათ - კაპიტულაცია. ჯერ კიდევ გოლამდე კარგად ჩანდა, რომ "ათლეტებზე" ჩვეულებრივზე უფრო მონდომებულად ქმნიდნენ მომენტებს, მაგრამ ლიდერმა საპასუხოდ ვერაფერი მოიფიქრა.

თითქოს, "რეალი" დანებდა ბრძოლაში მეტოქეს, რომელიც ამისთვის უფრო მომზადებული აღმოჩნდა. კარლო ანჩელოტიმ ვერაფერი შეცვალა, ხოლო მისი პირველი ხარისხის ვარსკვლავები, საუკეთესო შემთხვევაში, მოედანზე არ ჩანდნენ, უარეს შემთხვევაში, კი შეცდომებს უშვებდნენ და მეტოქეს ხელს უწყობდნენ. ვერც შემტევმა სამეულმა (ბეილი, ბენზემა, რონალდო), შეცვლაზე შესულმა ფორვარდებმა (ხესე, ჩიჩარიტო) შეძლეს ერთხელ მაინც "ატლეტიკოს" კარში ზუსტად დარტყმა!

winners: ბარსას შემტევი ტრიო
მადრიდული დერბის ფურორის შემდეგ "ბარსელონაში" კარგად იცოდნენ, რომ ლიდერთან ქულამდე მიახლოების შესანიშნავი შანსი გაუჩნდათ და კვირას მათ ეს მოახერხეს, ბილბაოში "ატლეტიკი" 5:2 გაანადგურეს.

კიდევ ერთხელ ამ ჩემპიონატში, დიდებულად გამოიყურებოდა კატალონიური გრანდის შემტევი ტრიო (მესი, სუარესი, ნეიმარი). სამეულში მესის გამოვყოფთ, არგენტინელმა ერთხელ გაიტანა და ის ბასკთა დაცვის კოშმარად იქცა, პერიოდულად აწყობდა რეიდებს მათ საჯარიმოში. თანაც, მას ნებისმიერ ფლანგზე (აგრეთვე, ცენტრში) იხილავდით. "ბარსამ" ახლა ლა ლიგაში ზედიზედ მეხუთე მატჩი მოიგო, ხოლო ყველა შეჯიბრებაში - ზედიზედ მეცხრე.

losers: ანდალუსიელთა იმედგაცრუება
ჩემპიონთა ლიგის მე-4 საგზურისთვის (ვფიქრობთ, პირველი სამის ბედი, ფაქტობრივად, გადაწყვეტილია) ერთბაშად რამდენიმე გუნდი იბრძვის. ორ მათგანს ამ ტურში ხელი მოეცარა, ანდალუსიურ "სევილიას" და "მალაგას". "მალაგას" შანსები სულ უფრო ქრება. სხვას რას უნდა ელოდოს გუნდი, რომელიც აუტსაიდერთან 1:4 ნადგურდება?

"ვალენსიას" დამარცხების შემდეგ ეს დიდი დარტყმა იყო გუნდისთვის. ასე რომ, ჩვენ უკვე თამამად შეგვიძლია გამოვრიცხოთ "მალაგა" ლიგის საგზურისთვის მებრძოლი გუნდებიდან.

"სევილია" მადრიდში პედრო ლეონის გოლით დაამარცხა "ხეტაფემ" - 2:1. "ხეტაფე", ძირითადად, აუტსაიდერთა წრეში ტრიალებს. ამიტომაც ეს ცუდი წაგებაა უნაი ემერის გუნდისთვის, რომელიც აშკარად ვეღარ არის ძველებურად შემართული - "სანჩეს პისხუანის" მკვიდრებმა ლა ლიგის ბოლო 4 მატჩიდან 3 წააგეს და მეოთხე უკვე "ვალენსიაა".

winners: ელიტაში ადგილის შენარჩუნებისთვის დიდი ბრძოლები გველის
ლამის ყოველ ტურში იცვლება ლა ლიგის ბოლო სამეული და ეს კარგია, რადგან ესპანეთის ჩემპიონატში უიმედო აუტსაიდერები არ არიან და წინ ფიცხელი ბრძოლები გველის. გავიხსენოთ, სად იყვნენ "დეპორტივო" და "ხეტაფე", რომლებიც ახლა თითქოსდა, სამშვიდობოს არიან. თუ ბილბაოს "ატლეტიკი" თამაშს არ გამოასწორებს, მასაც მოუწევს ამ ბრძოლებში ჩაბმა, რადგან ის მე-14 ადგილზეა.

ამ უქმეებზე გამოვარჩევთ "ლევანტეს" დიდ გამარჯვებას და "ალმერიას" 6-ქულიან მოგებას კორდობაში.

losers: არასტაბილურობა, რომელიც მოიესის გუნდის პროგრესს აფერხებს
"რეალ სოსიედადისა" და "სელტას" მატჩი ლოგიკური ფრით დასრულდა (1:1). ორივე გუნდი ცდილობს კრიზისიდან გამოსვლას და ორივეს ხან გამოსდის ეს და ხან არა. დევიდ მოიესის "სოსიედადმა" ვერ შეძლო კარგი მატჩების "გადაბმა" - ბასკებს სტაბილურობა აკლიათ, ეს კი პროგრესს გამორიცხავს.

ამ კატეგორიაში შეგვიძლია გამოვყოთ "რაიო ვალეკანოც", რომელიც ბოლოადგილოსან "ელჩეს" ხვდებოდა და გამარჯვების შემთხვევაში, ხუთი საფეხურით დაწინაურდებოდა - "ელვებმა" 0:2 წააგეს...

საუკეთესო: დავიდ ბარალი (ლევანტე)
31 წლის ფორვარდმა დავიდ ბარალმა "მალაგას" კარში ჰეთ-თრიკი შეასრულა, ამით თავისი გოლების მონაგარი სეზონში გააორმაგა და "ლევანტესთვის" ელიტაში დარჩენის შანსი გაზარდა. ამიტომაც არა "ატლეტიკოს" რომელიმე ფეხბურთელი, არამედ ვალენსიური კლუბის ვეტერანი შემტევი მივიჩნიეთ ტურში საუკეთესოდ, მიუხედავად იმისა, რომ სამიდან ორი გოლი პენალტის ნიშნულიდან გაიტანა. სხვათა შორის, თამაშის მერე თავად ბარალმა აღიარა, რომ ეს მის კარიერაში პირველი ჰეთ-თრიკი იყო.

ტურის მსხვერპლი: სამი, ენცო, კოკე და პაკო
მადრიდის "ატლეტიკოს" ლიდერი კოკე დერბის პირველსავე წუთებზე დააკლდა. ტესტირებამ აჩვენა, რომ 23 წლის ნახევარმცველის ტრავმა სერიოზულია. კოკეს კუნთის მოსარჩენად ერთი თვე დასჭირდება.

შედარებით იოლად გადარჩა "ვალენსიას" ფორვარდი პაკო ალკასერი, რომელიც "ესპანიოლთან" მატჩში დაშავდა და შესაცვლელი გახდა. ესპანეთის ნაკრების ფორვარდმა მუხლი დაიზიანა და 2 კვირით უქმობა მოუწევს. ამ შეხვედრაში კიდევ ერთმა ვალენსიელმა მიიღო ტრავმა - ენცო პერესმა, რომელიც შესვენებაზე შეცვალეს. ლა ლიგის ზამთრის სატრანსფერო ბაზრის რეკორდსმენი (25 მილიონი ევრო "ბენფიკადან") სერიოზულ ტრავმას გადაურჩა და მომდევნო ტურში თამაშს შეძლებს.

სამი ხედირა მადრიდის "რეალს" 2-3 კვირით დააკლდება.

ტურის რეკორდები
* "ბილბაოს" მეკარე გორკა ირაისოსი დიდხანს დაიმახსოვრებს "ბარსასთან" მატჩს, მაგრამ არა იმიტომ, რომ 5 გოლი გაუშვა. ის "ბილბაოს" ისტორიაში მესამე გოლკიპერი გახდა, ვინც 250 მატჩი ჩაატარა.

* ამ სეზონში "რეალს" "ატლეტიკოსთვის" არ მოუგია. არადა, უკვე 6-ჯერ (!) ითამაშეს ერთმანეთში (2 ლა ლიგაში, 2 სუპერთასზე, 2 კოპა დელ რეიზე): 2 ფრე, 4 მარცხი.

* ლიონელ მესი დაეწია ლუიშ ფიგუს ლა ლიგაში საგოლე პასების რაოდენობით - 105. მესამე ადგილზეა ჩავი ერნანდესი 95 საგოლე პასით.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
საქართველოს სიმეონეს ნაირი მწვრთნელი სჭირდება, ისეთი რო ყოველ მონაკვეთზე იბრზოლებს სწრაფ ტემპში, იმიტომ რომ საქართველოს ფეხბურთელები კლასით დაბალი დონის არიან და მხოლოდ ბრძოლისუნარიანობა გვიშველის.
gaga
16:05 11-02-2015
0

სიახლეები პოპულარული