დანილო რეალელია: ექვსწლიანი კონტრაქტი და 31,5 მილიონი ევრო

AutoSharing Option
* ბრაზილიელი დანილო "რეალის" ისტორიაში ყველაზე ძვირად ღირებული მცველი იქნება.

* "რეალის" 113-წლოვან ისტორიაში დანილო 24-ე ბრაზილიელია.

31 მარტს "პორტუს" და "რეალის" ოფიციალურმა საიტებმა გამოაქვეყნეს განცხადება, რომლის თანახმადაც, ბრაზილიელი მცველი დანილო კარიერას მადრიდულ გრანდში გააგრძელებს. ეს მომავალი ზაფხულის სატრანსფერო სეზონის პირველი ხმაურიანი ტრანსფერია ევროპაში. დანილო "რეალთან" კონტრაქტს 2021 წლის 30 ივნისამდე ვადით მოაწერს.

ოფიციალური წყარო თავიდან სატრანსფერო თანხას არ ამხელდა, მაგრამ გუშინ ესეც გაცხადდა - "რეალი" "პორტუს" 31,5 მილიონ ევროს გადაუხდის დანილოს სანაცვლოდ. ბრაზილიელი წელიწადში 2 მილიონ ევროს მიიღებს. ეს
თითქმის სამჯერ მეტია, ვიდრე "პორტუში" მისი ჯამაგირი. დანილო პორტუგალიაში 2012 წელს გადავიდა "სანტოსიდან".

მისით ისეთი კლუბები იყვნენ დაინტერესებულნი, როგორებიც "ბარსელონა" და "მანჩესტერ იუნაიტედია", მაგრამ "რეალმა" იყოჩაღა. ამდენი "სამეფო კლუბს" მცველში არასოდეს გადაუხდია, აქამდე ლიდერები ფაბიო კოენტრაო და პეპე იყვნენ, რომელთა სანაცვლოდაც "რეალმა" 30-30 მილიონი ევრო გაიღო.

ვინ არის დანილო
მაშ ასე, ვინ არის "რეალის" ახალწვეული? დანილო ლუის და სილვა 23 წლისაა. ასაკის მიუხედავად, მას უკვე დამკვიდრებული აქვს თავი ბრაზილიის ეროვნულ ნაკრებში. დანილო მარჯვენა მცველია, რომელიც ფლანგზე უზარმაზარ სამუშაოს ასრულებს. ის სწრაფია, ტექნიკური და კარში კარგი დარტყმითაც გამოირჩევა.

დიდებული ფიზიკური მონაცემები მას უმაღლესი კლასის ფლანგის მცველად აქცევს. "ამერიკა მინეიროდან" "სანტოსში" 2010 წელს გადავიდა, 2011-ში მან ლიბერტადორესის თასი მოიგო - ფინალში "პენიაროლთან" გადამწყვეტი გოლი მის ანგარიშზეა. შემდეგი ნაბიჯი იყო "პორტუ", სადაც ხულიენ ლოპეტეგის თქმით, დანილო ყველაფერს უმალ ისრუტავს და დიდი ნაბიჯებით უმატებს კლასში. დანილოს 2011 წელს 20-წლამდელთა მუნდიალი აქვს მოგებული, მომდევნო წელს კი მან ლონდონის ოლიმპიადაზე ვერცხლის მედალი მოიპოვა.

ამჟამად დანილო მადეირაზეა, სადაც "პორტუს" გაჰყვა "მარიტიმუსთან" პორტუგალიის ლიგის თასის ნახევარფინალის სათამაშოდ.

რას ნიშნავს მისი გადასვლა "რეალში"
დანილოს მადრიდში გადასვლა თითქმის ავტომატურად ნიშნავს ესპანეთის ნაკრების ყოფილი მარჯვენა მცველის, ალვარო არბელოას მადრიდული კარიერის დასასრულს, ხოლო "ფურია როხას" ამჟამინდელი მარჯვენა მცველისთვის, დანიელ კარვახალისთვის სერიოზული კონკურენტის გამოჩენას. საერთო ჯამში, არა გვგონია, დანილოს ტრანსფერი ესპანეთის ნაკრების თავკაც ვისენტე დელ ბოსკეს გახარებოდეს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
საპირველაპრილო ხუმრობა იყო,თქვენ რა ჭურში სხედხართ?
0

სიახლეები პოპულარული