ლა ლიგა. XXXIII ტურის წინ: დერბი საჩემპიონო გზაზე

AutoSharing Option
ფოტოზე: ესპანიოლი-ბარსელონა, ხავი ლოპესი ნეიმარის წინააღმდეგ
მიქრის "ბარსელონა" და მისდევს "რეალი", არა მარტო ჩემპიონთა ლიგაზე, არამედ პრიმერაშიც. "ბარსას" საჩემპიონო გზაზე მორიგი წინაღობაა - "ესპანიოლი". ამ გუნდს კი "ბლაუგრანას" წინააღმდეგ ზედმეტი მოტივაცია სულაც არ სჭირდება.

აი, მდევარი კი ვიგოში ჩადის. ქულების კარგვა სასტიკად აკრძალულია, უკვე ფინიშის სწორია...

დერბი ბარსელუნი
შაბათს ქალაქ ბარსელონას კოხტა "კორნელია ელ პრატი" ქალაქის დერბის, ანუ კატალონიურად რომ გამოვთქვათ, "დერბი ბარსელუნის" მასპინძლობს. "ესპანიოლი" და "ბარსელონა" ერთმანეთს 162-ედ დაუპირისპირდებიან. ამ ქალაქის დერბის ყოველთვის ჰყავდა ფავორიტი - "ბლაუგრანა", რომელსაც თამაშების 57%-ზე
მეტი აქვს მოგებული, ანუ 92. "ბარსას" მეტოქის კარში 301 გოლი აქვს გატანილი. 2008/09 წლების სეზონში "ესპანიოლმა" "კამპ ნოუზე" "ბარსას" 2:1 მოუგო.

არადა, იმ სეზონში "ბლაუგრანამ" ყველა ტიტული მოიგო, რისი მოგებაც შეიძლება. ამ მატჩის შემდეგ "ბარსა" ყოველთვის სჯის "ესპანიოლს" - 12 მატჩიდან 10 მოუგო და 2 ფრედ დაასრულა. I წრეში "ბარსამ" "კამპ ნოუზე" 5:1 გაილაღა. ასე რომ, "ესპანიოლს" შური აქვს საძიებელი.

ლა ლიგის დასრულებამდე დერბის შემდეგ ხუთი ტური დარჩება, "ესპანიოლი" მეათეა და ევროპაზე მოხვედრის მცირე შანსს ისევ ინარჩუნებს.

სერხიო გონსალესისა და ლუის ენრიკეს გუნდების შედარებისას ყველაზე ნათელი მაგალითი მათ შორის სხვაობაზე შემტევი ტრიდენტების სტატისტიკაა: სერხიო გარსია (11 გოლი), სტუანი (9) და კაისედო (9) გვარიანად ჩამორჩებიან მესის (35), ნეიმარს (18) და ლუის სუარესს (11).

"ბარსას" სამივე შემტევი ბრწყინვალე ფორმაშია - ნეიმარ ჯუნიორმა უკვე 30 ოფიციალური გოლი გაიტანა, რაც შარშანდელი სეზონის მონაგარზე ორჯერ მეტია; დიდებულად ათამაშდა ლუის სუარესი, ხოლო მესიმ ახლახან გაიტანა "ბლაუგრანას" მაისურით მე-400 გოლი.

გუნდები საკადრო პრობლემების გარეშე ხვდებიან დერბის. ბელგიელი მცველის, თომას ვერმალენის არყოფნა დანაკლისად ვერ ჩაითვლება. ამ ფეხბურთელს ჯერ "ბლაუგრანას" რიგებში დებიუტიც არ ღირსებია. ჩავი ერთი დღით ვარჯიშისგან დაასვენეს და არის მცირე ეჭვები ინიესტას მზადყოფნაზე. სულ ეს არის.

ცოტა რამ ლუის ენრიკეზეც ვთქვათ - პსჟ-სთან მატჩში ტრიბუნებიდან ხშირად ისმოდა შეძახილები: "ლუის ენრიკე, ლუის ენრიკე". 44 წლის სპეციალისტმა "ბარსას" ფანების საყოველთაო სიყვარული მოიპოვა, რომელიც არც მანამდე აკლდა.

მას უკეთესი სტარტი გამოუვიდა, ვიდრე პეპ გვარდიოლას - "ბარსელონას" მწვრთნელის რანგში პირველი 50 მატჩიდან 42 მოიგო. გუნდი სამივე ტიტულისთვის ბრძოლას აგრძელებს: თასის ფინალშია გასული, ლა ლიგაში 2 ქულით უსწრებს "რეალს", ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო ოთხეულშია.

ბეილის, მოდრიჩის და ბენზემას გარეშე
"ბარსელონასგან" განსხვავებით, ყველაფერი წესრიგში ვერ აქვს მდევარ მადრიდის "რეალს". "სამეფო კლუბს" დარჩენილ 6 ტურში 2 ქულა აქვს ამოსაქაჩი, მაგრამ აქვე უნდა დავაზუსტოთ, რომ თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში ჩემპიონი "რეალი" გახდება.

"რეალი" კვირას "სელტას" სტუმრობს აშკარა საკადრო პრობლემებით, მაგრამ ამაღლებული განწყობით, რადგან, როგორც იქნა, ამ სეზონში დაამარცხა "ატლეტიკო" და ხავიერ ერნანდესის ერთადერთი გოლის წყალობით ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში გავიდა.

გალისიაში "რეალს" არ ეყოლება გარეთ ბეილი, ქარიმ ბენზემა და ლუკა მოდრიჩი. ასეთი დანაკარგით დასვენებულ "სელტასთან" სტუმრობა, რომელსაც ღია შემტევი თამაშის ჩვენება შეუძლია, სულაც არ მოჩანს ხუმრობად.

ცალკე აღსანიშნავია, რომ ლუის ენრიკესგან განსხვავებით, კარლო ანჩელოტი აშკარად სტრესულ სიტუაციაშია - ამბობენ, რომ მან აუცილებლად უნდა მოიგოს ჩემპიონთა ლიგა და ლა ლიგა, თუკი პოსტის შენარჩუნება სურს. იტალიელი კი აცხადებს, რომ კონტრაქტის დასრულებამდე (2016 წლის ზაფხული) არსად წასვლას არ აპირებს.

იმავეს ამბობს იკერ კასილიასიც - სულ რომ სათადარიგო გოლკიპერად ვიქცე, "რეალიდან" არ წავალო.

მოკლედ, "სამეფო კლუბისთვის" "სელტასთან" მატჩით ძალიან მნიშვნელოვანი კვირები იწყება სეზონში.

ფეხბურთი და სულ სხვა რამ
სხვა მატჩებზეც ვთქვათ - "ატლეტიკო" მიწაზე დაანარცხეს და დიეგო სიმეონესთვის საბედნიეროდ, "კოლჩონეროსს" იოლი ტური ელის - "ვისენტე კალდერონზე" "ელჩეს" წინააღმდეგ.

"ატლეტიკო" გამოვარდა ჩემპიონთა ლიგიდან, ესპანეთის თასიდან და ვეღარც ჩემპიონის ტიტულს შეინარჩუნებს (6 ტურში 9 ქულის "ამოქაჩვა" შეუძლებელი გვგონია) და ზურგსუკან "ვალენსიას" სუნთქვაც ესმის.

ამას ემატება საყოველთაო კრიტიკა "ატლეტიკოს" მიერ ნაჩვენები ფეხბურთის გამო - "რეალთან" საპასუხო ნახევარფინალის შემდეგ კარლ-ჰაინც რუმენიგემ პირდაპირ თქვა, ის, რასაც "ატლეტიკო" თამაშობს, ფეხბურთი არ არის, ფეხბურთი ცოტა სხვა რამეაო.

"ათლეტებს" კიდევ ერთი საზრუნავი აქვთ - 20 გოლის გამტანი ანტუან გრიზმანის შენარჩუნება. ფრანგი რომ არ წავიდეს, მას ახალ კონტრაქტს შესთავაზებენ გაუმჯობესებული პირობებით. სამაგიეროდ, ახალ კონტრაქტში ჩაიწერება, რომ გრიზმანის საყიდლად მოლაპარაკების დაწყება კლუბებს 70 მილიონი ევროდან შეეძლებათ მხოლოდ.

მამაცი წაგებული
"ვალენსია" შინ ანდალუსიურ "გრანადას" იღებს, რომელთანაც ჯერ არ წაუგია.

სიმეონეს გუნდის საპირისპიროდ, ნუნუ ესპირიტუ სანტუს გუნდს ყველა აქებს - "ბარსელონასთან" თამაში (განსაკუთრებით, პირველი ტაიმი) "ლოს ჩეს" აქტივში ჩაეთვალა, მიუხედავად იმისა, რომ დამარცხდა.

თურმე შესაძლებელია "ბარსას" წინააღმდეგ გახსნილი ფეხბურთის თამაში მისსავე მოედანზე. ასეთ გმირობაზე ამ სეზონში ძალიან ცოტა გუნდი წავიდა.

ასეა თუ ისე, "ვალენსიასთვის" ყოველი ქულა ოქროდ ფასობს, რადგან ის "ატლეტიკოს" და შესაბამისად, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის საგზურის მომტან მესამე ადგილს 4 ქულით ჩამორჩება. ამასთან, ზურგსუკან "სევილიაა", სხვაობა სულ ორი ქულაა და მეოთხე ადგილიც (ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო პლეი ოფის საგზური) დასაცავია.

უნაი ემერის გუნდი ვახსენეთ და ვთქვათ, რომ "სევილია" შინ "რაიო ვალეკანოს" მასპინძლობს.

ლა ლიგა. XXXIII ტური
პარასკევი. 24 აპრილი
კორდობა-ბილბაო 22:45
დისკვალიფიკაცია: პინილიოსი, გარსია - დე მარკოსი
ტრავმა: ბუსონი, ვიკო, ლოპესი - მუნიაინი, იტურასპე, ბალენსიაგა
ბოლო 6 მატჩი
+0=2-4 +3=1-2
ურთიერთშეხვედრები
სულ 1 თამაში: +1=0-0, (1-0)

შაბათი. 25 აპრილი
ესპანიოლი-ბარსელონა 18:00
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: - ვერმალენი, ინიესტა (?), ჩავი (?)
ბოლო 6 მატჩი
+2=4-0 +5=1-0
ურთიერთშეხვედრები
სულ 48 თამაში: +5=12-31, (34-84)

ატლეტიკო-ელჩე 20:00
დისკვალიფიკაცია: გაბი (ატლ)
ტრავმა: სუარესი, მანჯუკიჩი - ალბაკარი, როდრიგესი (?), პელეგრინი
ბოლო 6 მატჩი
+4=2-0 +2=1-3
ურთიერთშეხვედრები
სულ 7 თამაში: +5=0-2, (14-7)

ხეტაფე-ლევანტე 22:00
დისკვალიფიკაცია: ნალდო (ხეტ)
ტრავმა: ლაფიტა, ვასკესი, იოდა, ვალერა - დიოპი
ბოლო 6 მატჩი
+2=1-3 +1=1-4
ურთიერთშეხვედრები
სულ 25 თამაში: +7=11-7, (25-24)

სოსიედადი-ვილიარეალი 00:00
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: ფინბოგასონი, მარტინესი - მარინი, სორიანო, მუსაჩიო, დორადო
ბოლო 6 მატჩი
+2=2-2 +0=4-2
ურთიერთშეხვედრები
სულ 27 თამაში: +6=10-11, (25-40)

კვირა. 26 აპრილი
მალაგა-დეპორტივო 14:00
დისკვალიფიკაცია: ველიგტონი - ბორხესი
ტრავმა: რესკალდანი, ფერეირა, ალბერტო, კამაჩო - ლუკასი (?), ვილკი
ბოლო 6 მატჩი
+1=2-3 +0=3-3
ურთიერთშეხვედრები
სულ 25 თამაში: +4=9-12, (20-35)

ალმერია-ეიბარი 19:00
დისკვალიფიკაცია: სორიანო (ალმ)
ტრავმა: მიჩელი, ველესი, ვერსა - ხიმენესი, ნავასი (?), გარსია (?)
ბოლო 6 მატჩი
+1=1-4 +1=1-4
ურთიერთშეხვედრები
სულ 11 თამაში: +4=2-5, (10-14)

სევილია-ვალეკანო 21:00
დისკვალიფიკაცია: იბორა (სევ)
ტრავმა: კრისტოფორო, კარიშო, ბარბოსა - ლეო, ბაენა, ალვარესი
ბოლო 6 მატჩი
+4=2-0 +4=0-2
ურთიერთშეხვედრები
სულ 25 თამაში: +15=4-6, (47-28)

სელტა-რეალი 23:00
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: პლანასი, ოუბინია - ბეილი, მედრანი, ბენზემა, მოდრიჩი
ბოლო 6 მატჩი
+3=1-2 +5=0-1
ურთიერთშეხვედრები
სულ 33 თამაში: +11=3-19, (39-58)

ორშაბათი. 27 აპრილი
ვალენსია-გრანადა 22:45
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: პიატი - ბაბენი, მარკესი, მურილიო, სილვესტრი, კოლუნგა, მარე
ბოლო 6 მატჩი
+3=2-1 +0=3-3
ურთიერთშეხვედრები
სულ 7 თამაში: +6=1-0, (9-3)

შენიშვნა: + მოგება, = ფრე, - წაგება () ბურთების სხვაობა
შენიშვნა: ურთიერთშეხვედრები ჩემპიონატისა და თასის მატჩები 1994 წლიდან

ბომბარდირები:
39 - კრიშტიანო რონალდო (რეალი); 35 - ლიონელ მესი (ბარსელონა); 20 - ანტუან გრიზმანი (ატლეტიკო); 18 - ნეიმარი (ბარსელონა); 17 - კარლოს ბაკა (სევილია); 16 - ალბერტო ბუენო (რაიო ვალეკანო).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული