ლიონელ მესი - მიზანი ამართლებს საშუალებას

AutoSharing Option
პლანეტის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი ლიონელ მესი სიტყვაძუნწი კაცია. ამიტომ, ჩვენ შესაძლებლობა ხელიდან აღარ გავუშვით და "ბარსელონას" საკლუბო ჟურნალთან მის ექსკლუზიურ ინტერვიუს გთავაზობთ...

- როგორც ჩანს, მოედანზე და მის გარეთ თავს ბედნიერად გრძნობთ. ალბათ, ეს თქვენს თამაშზეც ისახება...

- დიახ, თავს ნამდვილად ბედნიერად ვგრძნობ. სიმართლე ისაა, რომ სეზონი თავიდან წინა სეზონიდან გამოყოლილი ემოციებით დავიწყე. ცოტა რთული დროება მედგა როგორც მოედნის გარეთ, ისე ტრავმებისა და ფორმის დაკარგვის გამო. მაგრამ ახლა თავს ბრწყინვალედ ვგრძნობ.

- ამ სეზონში თქვენ 38 თამაშში 41 გოლი გაიტანეთ
და მხოლოდ ამ დროში გაიმეორეთ გასული სეზონის მაჩვენებელი. შეიძლება ითქვას, რომ მესი საუკეთესო დროებას დაუბრუნდა?
- როგორც ვთქვი, წინა სეზონში სტაბილური ვერ ვიყავი. ტრავმების გამოც ბევრი გამოვტოვე, როცა დავბრუნდი, თავს მაინცდამაინც კარგად ვერ ვგრძნობდი. ეს იყო წელი, რომლის დავიწყებაც რაც შეიძლება მალე მსურს. ბევრი შრომის შემდეგ ახლა ისევ ძველ ფორმას დავუბრუნდი.

- ნუთუ არაფერი იყო გასულ წელს, რაც პოზიტიურად დაგამახსოვრდათ?
- ყველანაირი გამოცდილება სასარგებლოა, ყოველი სეზონიდან რამე სასარგებლოს ვსწავლობ და სულ ვცდილობ, მომდევნო სეზონში უკეთესი ვიყო. თუნდაც ეს წარუმატებელი სეზონი იყოს.

- ახლა თქვენ გვერდით ორი ისეთი ფორვარდი თამაშობს, როგორებიც ლუის სუარესი და ნეიმარი არიან, რამაც ალბათ, მხრებიდან ჩამოგხსნათ გოლების გატანის აუცილებლობის სიმძიმე - ისე ჩანდა, თუ მესის ვერ გაჰქონდა, "ბარსა" ვერ იგებდა...
- საკითხს ასე არ ვუყურებ, არა მგონია, რომ თუ მესის გოლები ვერ გააქვს, "ბარსა" ვერ მოიგებს. "ბარსას" ყოველთვის დიდებული ფორვარდები ჰყავდა, არა მხოლოდ ახლა. ნეი და ლუისი ორივე მსოფლიო კლასის ფეხბურთელია, ისინი კლუბს მხოლოდ გოლებით არ ეხმარებიან. ამიტომაც, დიახ, მე უფრო მშვიდად ვარ.

- როგორი გოლების გატანა უფრო გიყვართ, შორეული დარტყმებით, საჯარიმო დარტყმებით, კომბინაციის შემდეგ, თუ როცა ინდივიდუალურად არღვევთ მეტოქის დაცვის ხაზს?
- არ ვარჩევ. გოლის გატანა ძალიან მიყვარს, თანაც ნებისმიერი ხერხით. არ მაინტერესებს, როგორ ვაღწევ მიზანს, მთავარი მიზანია.

- როცა ჰეთ თრიკი გაგაქვთ, ბურთი ყოველთვის სახლში მიგაქვთ თანაგუნდელთა ხელმოწერებით დამშვენებული, ეს ბურთები თქვენთვის სპეციალური სუვენირებია?
- ბიჭებს ხელს ყოველთვის ვაწერინებ, რადგან გოლები და წარმატება მთელი გუნდის დამსახურებაა. ჩემი გუნდელების დახმარების გარეშე ვერასოდეს მივაღწევდი ინდივიდუალურ დონეზე იმას, რასაც მივაღწიე. როცა ჰეთ თრიკი გამაქვს, ეს დახმარება მაშინ განსაკუთრებით საგრძნობია.

- და სად ინახავთ "ჰეთთრიკოსან" ბურთებს?
- სახლში, სადაც ჩემი სხვა ტროფეებიცაა, თუმცა მიფიქრია მათთან დაკავშირებით, რაიმე საინტერესო და სასარგებლო გამეკეთებინა. ახლა ისინი შუშის ყუთებშია შენახული, თუმცა მათთვის სპეციალური ადგილის გამოყოფას ნამდვილად ვაპირებ.

- ყველა ჰეთ თრიკი გახსოვთ?
- ახლა, როცა ჩვენ ვსაუბრობთ, რა თქმა უნდა, არა. მჭირდება მათი ხელახლა ნახვა, ან ვინმემ შემახსენოს სპეციალური დეტალი.

- მაგრამ ალბათ არის ერთი, რომელიც განსაკუთრებით გახსოვთ...
- ის ჰეთ თრიკი, რომელიც "კამპ ნოუზე" "რეალთან" მატჩში (3:3) შევასრულე, ჩემთვის ძალზე მნიშვნელოვანია. ეს ჩემი პირველი ჰეთ თრიკი იყო, თანაც ამ ფრემ ისევ ლიდერებად დაგვტოვა. მართალია, ბოლოს ჩემპიონობა ვერ მოვიგეთ, მაგრამ იმ მომენტში ჩემთვის ეს გოლები ძალიან მნიშვნელოვანი იყო.

- როცა კარში ურტყამთ, ეს ინსტინქტურია, თუ გააზრებული?
- ინსტიქტურად ვურტყამ, რადგან ყველაფერი ძალიან სწრაფად ხდება და არ არის დრო ფიქრისთვის, რომელი ფეხით სჯობს დარტყმა, რომელ მომენტში და ასე შემდეგ, გადაწყვეტილება მყისიერად უნდა მიიღო.

- რომელი მეტოქის შეფასება ან მილოცვა, ან კომენტარი დაგამახსოვრდათ ყველაზე მეტად?
- 2007 წლის კლასიკო მახსენდება. თამაში დასრულდა და ჩემთან რაული მოვიდა მოსალოცად. მან სულ რამდენიმე ფრაზა მითხრა, რომლებსაც ჩემთვის იმ მომენტისთვის ძალზე დიდი მნიშვნელობა ჰქონდა. იმის გათვალისწინებით, როგორ ქუხდა მაშინ რაულის სახელი... დიახ, ეს ფრაზები დღესაც კარგად მახსენდება.

- თქვენ 27 წლის ხართ და როგორც ფეხბურთელი, ფორმის პიკზე ხართ. ახლა, როცა იხსენებთ თქვენს თავს 13 წლის ასაკში, როცა "ლა მასიას" შეუერთდით, რა გახსენდებათ პირველად?
- სპორტული თვალსაზრისით ცხოვრება ისეთი სწრაფია, იმდენი რამ ხდება, რომ უკან არც იხედები. მაგრამ, როცა სახლში ვარ ჩემს ოჯახთან, ჩემს შვილთან ერთად, როცა მე და ჩემი მეუღლე ერთად ვრჩებით, წარსულსაც ვიხსენებთ ხოლმე, ჩვენ ხომ ბავშვობიდან ვიცნობდით ერთმანეთს. ვიხსენებთ, როგორ ვიზრდებოდით, როგორი ცხოვრება გვქონდა. რაც შეეხება სპორტს, ალბათ, როცა კარიერას დავასრულებ, უკან მერე მოვიხედავ და შევაფასებ, რას მივაღწიე კარიერაში.

- თქვენი შვილი ტიაგო ახლა ორი წლისაა. უკვე გამოცდილი მამა ხართ, როგორ შეგცვალათ თქვენს ცხოვრებაში ტიაგოს გამოჩენამ, აისახა ეს მოედანზეც?
- რა შეიცვალა? ყველაფერი! როცა გადაღლილი ვარ, მაინც პირველი ტიაგოა ჩემთვის და მერე დასვენება. ის არის ერთი მიზეზი იმისა, თუ როგორ შევცვალე დამოკიდებულება ფეხბურთისადმი. ადრე, როცა წავაგებდი ან რამეს არასწორად გავაკეთებდი, სამი-ოთხი დღე გადიოდა, სანამ დავწყნარდებოდი და ვინმეს დაველაპარაკებოდი. ახლა, როცა ვაგებ, შინ მივდივარ და შვილი ყველაფერს მავიწყებს. მამობამ ძალიან გამზარდა, როგორც ადამიანი, ასევე, როგორც პროფესიონალი. ახლა ფეხბურთის გამო აღარ "ვგიჟდები", რადგან ვიცი, რომ ცხოვრებაში კიდევ ბევრი კარგი რამ არის...

ყოველკვირეული ჟურნალი "ლელო week"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული