"ბარსას" ოქროს ტრიდენტი: ნეიმარი, მესი, სუარესი ევროპაში საუკეთესო შემტევი ტრიოა

AutoSharing Option
ის, რომ "ბარსელონა" "ხეტაფეს" მოუგებდა, მოსალოდნელი იყო, თუმცა პირველ 47 წუთში 6 გოლის გატანა მაინც ნამეტანია. ლუის ენრიკეს გუნდმა ექვსჯერ შეარხია ვისენტე გუაიტას კარის ბადე და მხოლოდ მერე შეეშვა საბრალო "ხეტაფეს".

საუკეთესო ტრიო ისტორიაში
ამ "ბარსელონას" მთავარი პლუსი შემტევი ტრიდენტია (ტრიო), რომელიც მართლაც სუპერვარსკვლავურია: არგენტინელი ლიონელ მესი, ბრაზილიელი ნეიმარი და ურუგვაელი ლუის სუარესი (MSN).

"ხეტაფესთან" მატჩის ჩათვლით, ამ ტრიომ ერთად ყველა შეჯიბრებაში 102 გოლი გაიტანა! ლომის წილი, რა თქმა უნდა, მესიზე მოდის - 49 გოლი. შემდეგ მოდის ნეიმარი (32) და ბოლოს
სუარესი (21), რომელსაც სეზონის დასაწყისი დისკვალიფიკაციის გამო გაუცდა. ვინ იცის, რომ არა ეს, რა შედეგს მიაღწევდა ამ დროისთვის "ბარსას" ტრიდენტი.

ისე კი, 102 გოლი თავდამსხმელთა ტრიოზე უკვე არის "ბარსელონას" ისტორიაში და ამჟამად ევროპაში საუკეთესო შედეგი. აქამდე "ბარსას" ისტორიაში საუკეთესო შედეგი 100 გოლი იყო, 2008/09 წლების სეზონში მესიმ, სამუელ ეტო'ომ და ტიერი ანრიმ ერთად 100 გოლი გაიტანეს. ეს რეკორდი სამშაბათს დაემხო. წლეულს მესიმ, ნეიმარმა და სუარესმა ერთად ლა ლიგაში 70 გოლი გაიტანეს, ეს პრიმერას 18 გუნდზე უკეთესი შედეგია! მხოლოდ "რეალმა" გაიტანა მეტი გოლი.

MSN-ის მისია კი "რეალის" ტრიდენტის (კრიშტიანო რონალდო, ქარიმ ბენზემა, გონსალო იგუაინი) 2011/12 წლების სეზონის მიღწევის - 118 გოლის დამხობაა. 4 ტურში ეს ნამდვილად შესაძლებელია.

82%!
ლუის ენრიკემ ბარსელონური დერბის შემდეგ 4 ცვლილება გააკეთა - როტაცია, ძირითადად, დაცვის ხაზს შეეხო, მოედანზე ვიხილეთ მატიო და ბარტრა და ადრიანო (ეს უკანასკნელი ალბას დისკვალიფიკაციის გამო); ნახევარდაცვის ხაზს კი დაემატა ჩავი.

სწორედ ვეტერანმა შემოგვთავაზა ნამდვილი მასტერკლასი და დიდებული თამაში ჩაატარა. გარდა იმისა, რომ ულამაზესი გოლი გაიტანა და ანგარიში 4:0 გახადა, ჩავიმ 59 წუთში მოასწრო და ყველა თანაგუნდელს გადააწოდა ზუსტი პასი. ჩავიმ მოედანი "კამპ ნოუს" ოვაციების ფონზე დატოვა.

"ბარსა" თითქმის უნაკლო იყო პირველ ტაიმში: ხუთი გოლი გაიტანა და ბურთს 82%-ით ფლობდა. "ბარსას" შემტევმა ტრიდენტმა ამ შეხვედრაში 6-დან 5 გოლი გაიტანა (ჩავის გოლის გარდა) და მატჩის ბედიც ამან გადაწყვიტა. სოციალურ მედიაში განსაკუთრებით დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია ლეოს პანენკას სტილში გატანილმა პენალტმა.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

ლუის ენრიკე: ასეთი რამ არ მინახავს
ლუის ენრიკე (ბარსელონა): "არ მახსენდება თამაში, სადაც ამდენი ლამაზი გოლი გასულიყოს. როცა გუნდი ასე ეფექტურად თამაშობს, ის შეუჩერებელია. შეიძლებოდა, დღესაც გაგვჭირვებოდა, მაგრამ ფეხბურთელებმა ეს არ დაუშვეს. დღეს გუნდმა უამრავი საგოლე შანსი შექმნა და ყველაზე მეტად ეს მახარებს. რა თქმა უნდა, იმის გარანტია, რომ მუდამ ტოპ-ფორმაში ვიქნებით, არ მაქვს, რადგან ფეხბურთი სიურპრიზებითაა აღსავსე.

არც ველით, რომ ყოველ თამაშში ასე გაგვიიოლდება, წინ კიდევ ოთხი ტურია და კონკურენტიც ძალიან ძლიერი გვყავს - მადრიდის "რეალი". "ბარსამ" დღეს აჩვენა, რომ არა მარტო დიდებულად უტევს, არამედ მან კარგად იცის კარის დაცვაც. ჩვენ სოლიდურები ვიყავით დაცვაში. კიდევ შეიძლება მოვუმატოთ, ეჭვიც არ მეპარება, რომ ამის რესურსი კიდევ არის. ჩავის ვიცნობ იმ დროიდან, როცა ის ახალგაზრდული გუნდიდან გადმოდიოდა.

ის სულ სხვა გალაქტიკის ფეხბურთელია და მას "ბარსელონაში" იქამდე შეუძლია თამაში, სანამ ამის სურვილი ექნება. ჩავი ფიზიკურად ძლიერია და ის არ კარგავს ხარისხს. მიეცით ბურთი ჩავის და მან იცის, რა გააკეთოს შემდგომში. ჩვენ კარგად ვიცით, როგორ უყვარს თავად ჩავისაც "ბარსა".

* * *
- ამ სეზონში "ბარსელონამ" მეათედ შეძლო ხუთი და მეტი გოლის გატანა ერთ თამაშში.

-
ნეიმარ ჯუნიორმა 84 თამაშში 47 გოლი გაიტანა, რითაც ბრაზილიელი რონალდოს მიღწევა გაიმეორა.

- პედრო როდრიგესმა ლა ლიგაში მე-200 მატჩი ჩაატარა.

- ჟერემი მატიომ ყველაზე მეტჯერ მოუპოვა ბურთი "ბარსელონას" - 15-ჯერ.

- ყველაზე მეტი პასი თამაშში... ადრიანო კორეიამ გააკეთა - 94.

- "ბარსამ" ლა ლიგაში ყველაზე ცოტა გაუშვა - 34 თამაშში 19 გოლი, კლაუდიო ბრავომ კარი მშრალად 20-ჯერ შეინახა.

- ლეო მესიმ ოფიციალურ მატჩებში მე-60 პენალტი გამოიყენა. მან სულ 75 პენალტი დაარტყა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
უშანსოდაა ბაიერნი ამ ბარსასთან. გველის ესპანური ფინალი ბერლინში
nika
15:56 02-05-2015
0
რისი იმედი აქვს ნეთავ ბაიერნს!!
გენო
15:55 30-04-2015
0

სიახლეები პოპულარული